„უკრაინა მზად არ არის დიდი კონტრშეტევის დაწყებისათვის, მაგრამ კიევს სხვა გზა არ აქვს“

5860
spot_img

ბრიტანული გაზეთის „თაიმსის“ (Times) საკვირაო გამოშვება „სანდი თაიმსი“ (Sunday Times) აქვეყნებს პოლიტოლოგიის პროფესორის მარკ გალეოთის სტატიას სათაურით „უკრაინა მზად არ არის დიდი კონტრშეტევის დაწყებისათვის, მაგრამ კიევს სხვა გზა არ აქვს“.

გთავაზობთ Sunday Times-ის პუბლიკაციის შინაარსს, რომელიც ბრიტანული „ბიბისის“ რუსულმა სამსახურმა (BBC russian) გაავრცელა:

უკრაინის არმიის სარდლობისა და პოლიტიკოსების სურვილის მიუხედავად, კონტრშეტევა, დიდი ალბათობით, რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას არ მოიტანს, მაგრამ მისი დაწყების ვადების გადადება სულ უფრო ძნელი ხდება, მათ შორის პოლიტიკური მიზეზებითაც.

ბრიტანელი ოფიცრები, რომლებიც უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებთან მუშაობენ, იტყობინებიან, რომ ერთი მხრივ, მათი კოლეგები მტკიცედ და გაბედულად არიან ბრძოლისთვის განწყობილნი, მაგრამ მეორე მხრივ, ამერიკული დაზვერვის „გაჟონილი“ დოკუმენტები მოწმობენ, რომ უკრაინის არმიას რაიმე მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა არ შეუძლია – ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, კიევი მხოლოდ მცირე ტერიტორიას თუ დაიკავებს.

„რა თქმა უნდა, უკრაინელი სამხედროები მამაცობისა და პროფესიონალიზმის მაგალითებს გვაჩვენებენ, მათ შეუძლიათ რუსებს უკან დაახევინონ და მოწინააღმდეგე მძიმე სიტუაციაში მოაქციოს – როგორც ოპერატიულ, ისე სტრატეგიული თვალსაზრისით, მაგალითად, როგორც ეს იყო გასულ წელს ხარკოვის მიმართულებით, როცა არმიამ რიგი ქალაქები დაიბრუნა (ტერიტორია დაახლოებით 12 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობით), – წერს ავტორი, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ ამჟამად უკრაინა გარკვეული სიძნელეების წინაშე დგას.

კიევის პრობლემები: „ქორებს“ შეტევა უნდათ…

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები სწრაფად ითვისებენ 230 გარემონტებულ დასავლურ ტანკს და 1550 ჯავშანმანქანას, მათ ჯერ კიდევ არ აქვთ სათანადო ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი შეტევითი საომარი ოპერაციისათვის. გარდა ამისა, დასავლელი ექსპერტები არ არიან დარწმუნებულნი იმაში, რომ უკრაინის არმიის მეთაურები ისევე კარგად არიან ადაპტირებულები ახალ სისტემებთან, როგორც მათი ჯარისკაცები.
„და მაინც, კიევს სხვა რეალური არჩევანი და გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ მსხვილი საგაზაფხულო ან საზაფხულო შეტევა განახორციელოს. უკრაინის ლიდერები საკუთარ თავს სულ უფრო მეტად აქცევენ რაღაც ჩარჩოებში“, – თვლის მარკ გალეოთი, – მართალია, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს მოხერხებულად „მართავს“ მხარდაჭერის შესანარჩუნებლად, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს მხარდაჭერა რომ ბოლომდე მტკიცე იყოს, მან რაღაც ისეთი უნდა აჩვენოს, რასაც ვაშინგტონელი ინსაიდერები „ჩადებული ინვესტიციების უკან დაბრუნებას“ უწოდებენ.
ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწევს აგრეთვე საშინაო პოლიტიკის დაბალანსებაც: ისეთ „ქორებს“, როგორიცაა, მაგალითად, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი, გენერალი კირილ ბუდანოვი, არ სურთ ლაპარაკი მოსკოვთან მოლაპარაკებაზე, თუმცა მთავრობაში ზოგიერთები თვლიან, რომ ახლა სწორედაც რომ მოლაპარაკების დრო დგება.

კიევში მყოფმა ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა უკრაინაში დღეისათვის შექმნილ სიტუაციას „სიურეალისტური“ უწოდა: „საღამოს ჩემთან მოსაუბრეები მოსკოვთან პოტენციური მოლაპარაკების ფორმატზე მსჯელობენ, მომდევნო დილით კი გაჰყვირიან, რომ რუსეთთან არავითარი მოლაპარაკება არ იქნება“.

… უკრაინის არმიაში კი საბრძოლო მასალების უკმარისობაა

დასავლეთის ქვეყნებსაც თავიანთი შემზღუდავი პრობლემები აქვთ. პოლიტიკური ხასიათის სიძნელეების გარდა, არის სირთულეები თანამედროვე შეიარაღების სისტემების მიწოდებაში – უკრაინას არ აძლევენ „ფანტომ-16“ (F-16) ტიპის ავიაგამანადგურებლებს და 300 კილომეტრზე მეტის რადიუსის მქონე ATACMS-ის რაკეტებს. მწვავედ დგას საარტილერიო ჭურვებისა და სხვა საბრძოლო მასალის დეფიციტის საკითხი.

ამჟამად უკრაინელი არტილერისტები თვეში უფრო მეტ 155-მილიმეტრიან ჭურვებს ხარჯავენ, ვიდრე ამერიკას მათი ყოველწლიურად წარმოება შეუძლია. მართალია, დასავლეთი ინვესტიციებს დებს ახალი საწარმოოო სიმძლავრეების შექმნაში, მაგრამ ამას საკმაო დრო ჭირდება.

საბრძოლო მასალები ჰაერიდან ნამდვილად ვერ დამზადდება, საფრანგეთი კი ევროკავშირის ქვეყნების მიღმა მათი შესყიდვის შესაძლებლობას ბლოკავს. ხმამაღალი დაპირებების შემდეგ კიევი იძულებული ხდება დაიწყოს შეტევა რომელიმე ამბიციურ სამიზნეზე, მაგალითად, მელიტოპოლზე, რომელიც საავტომობილო და სარკინიგზო კვანძს წარმოადგენს. ამ ქალაქის გათავისუფლება და აზოვის ზღვის ნაპირზე გასვლა „გადაჭრის“ იმ სახმელეთო დერეფანს, რომელიც ყირიმს რუსეთთან აკავშირებს.

რა თქმა უნდა, მოსკოვში სავარაუდო კონტრშეტევის შესახებ იციან და თავის მხრივ, რუსებიც ემზადებიან უკრაინელების დასახვედრად. უკრაინელების შეფასებით, რომელსაც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს, რუსეთის არმიის დანაკარგები ბოლო დროს თითქმის ერთი მესამედით შემცირდა. კოსმოსიდან თანამგზავრების მეშვეობით გადაღებული ფოტოსურათებზე ჩანს რუსების მიერ გათხრილი დიდი ტრანშეები და გამაგრებული პოზიციები უკრაინელთა შეტევის სავარაუდო მიმართულებით, სამხრეთისაკენ.

არ არის გამორიცხული, რომ კიევი დარტყმას სხვა ადგილებში განახორციელებს, მაგალითად, დონეცკისაკენ, მაგრამ ამას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ექნება: ბრძოლას, დიდი ალბათობით, მძიმე ხასიათი ექნება, მისი პრაქტიკული სარგებლობა კი – საკმაოდ მცირე.

პუტინიც შეზღუდულია ვარიანტების არჩევაში…

პრობლემები რუსებსაც აქვთ – მათაც არ ჰყოფნით საბრძოლო მასალები და ზუსტი დამიზნების რაკეტები. უფრო მეტიც – ვლადიმერ პუტინს წარმატებების მიღწევა სურს, მაგრამ რაც უფრო აგრესიულია რუსეთის ოპერაციები, მით უფრო მეტი დანაკარგები აქვს რუსეთის არმიას და მით უფრო სწრაფად აღმოჩნდება იგი ძნელი არჩევანის წინაშე, თუ რით შეავსოს ცოცხალი ძალა, რით ჩაანაცვლოს დაღუპულები და დაჭრილები.

დანაკარგების შესავსებად საჭირო გახდება ან ახალწვეულების გაგზავნა ფრონტზე, ან შედარებით უფროსი ასაკის მოქალაქეთა შორის ახალი მობილიზაციის გამოცხადება. კრემლმა იცის, რომ ორივე ვარიანტი მოსახლეობაში არაპოპულარული იქნება და ამიტომ ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტილები მიღებას არ ჩქარობს, განსაკუთრებით მიმდინარე წლის სექტემბერში დანიშნული რეგიონული არჩევნების წინ.

ამრიგად, სანამ უკრაინელი „ქორები“ (ანუ ძალები, რომლებსაც ვოლოდიმირ ზელენსკი გარკვეულწილად ვერ აკონტროლებს) პრეზიდენტს შეტევისაკენ უბიძგებენ, მოსკოვი იძულებულია თავდაცვისათვის მოემზადოს იმ იმედით, რომ უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევის ნებისყოფა დაუქვეითდებათ და დასავლეთიც აღარ იქნება მზად უკრაინის ომი დააფინანსოს. ეს პრაქტიკულად ერთადერთი სტრატეგიაა, რომელიც შეიძლება ვლადიმერ პუტინმა მიიღოს.

…ჩინეთი კი ყველა შემთხვევაში მოგებულია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრისხანე განცხადებების მიუხედავად, მოსკოვის საერთაშორისო როლი და გავლენა მცირდება.

კრემლი თავს იკავებს ნატოს მისამართით პირდაპირი პროვოკაციებისაგან, მაგალითად, არ ბომბავს უკრაინაში დასავლური იარაღის შეტანის გზებს და მარშრუტებს. მაშინაც კი, როცა რუსეთის ავიაცია ჰაერში იყო გაბატონებული, მფრინავები ერიდებოდნენ უკრაინის დასავლეთ საზღვრებთან მიახლოებას, რათა შემთხვევით ნატოს საჰაერო სივრცეში არ შეჭრილიყვნენ.

სერგეი ლავროვმა გაეროში გასულ ოთხშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ნატო „რუსეთის დაშლას ცდილობსო“, მაგრამ აშკარაა, რომ მოსკოვისაგან თანდათანობით იმ ქვეყნებმაც კი პირი იბრუნეს, რომლებიც ადრე კრემლთან მეგობრობდნენ. დღეს ის სახელმწიფოებიც კი, რომლებსაც რუსეთი მეორეხარისხოვნად თვლიდა, ცდილობენ, რომ შექმნილ სიტუაციაში რუსეთის სურვილებს ვეტო დაადონ ან უფრო მაღალი ფასი მოითხოვონ მოსკოვისადმი თავიანთი დახმარებისათვის – მაგალითად, თურქეთი და ირანი, რომლის დახმარებით კრემლი სანქციებს თავს არიდებს და „ალტერნატიული იმპორტით“ ინაზღაურებს დასავლურ ემბარგოთი მიყენებულ დანაკლისს.

რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ომი და რაც უფრო მეტი ზიანი მიადგება რუსეთის ეკონომიკას, ამით სულ უფრო მეტად ისარგებლებს ჩინეთი: პეკინი ძალას იკრებს. კრემლისათვის სასიხარულო ერთობლივი კომუნიკეს მიუხედავად, რომელსაც ხელი სი ძინპინის მოსკოვური ვიზიტის დროს მოეწერა, პეკინი კრემლს ძველებურად უარს ეუბნება იარაღის მიწოდებაზე და უსიტყვო პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რომლის მიღება ვლადიმერ პუტინს სურს.

ამის ნაცვლად ამხანაგმა სიმ მოსკოვი ღიად აიძულა ბირთვული მადა შეეკავებინა, ხოლო რამდენიმე დღის წინ ვოლოდიმირ ზელენსკის მთელი ერთი საათი ესაუბრა ტელეფონით.

იმ დროს, როცა მოსკოვს და კიევს მნიშვნელოვანი ტაქტიკური თავისუფლება აქვთ, ისინი სტრატეგიულად შეზღუდულნი არიან. უკრაინა იძულებულია მსხვილი შეტევა განახორციელოს, რუსეთმა კი მას გამარჯვების იმედი წაართვას.

წყაროები: https://www.bbc.com/russian/features-65414103;

https://www.thetimes.co.uk/article/ukraine-isn-t-ready-for-its-big-offensive-but-it-has-no-choice-b7qrq3vcr