Home Blog Page 2015

“მთავარია, უკრაინელების გამარჯვებამდე არ დავუშვათ, რომ საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებამ ბოლომდე ჩაგვაბაროს რუსეთს”- სააკაშვილი

მთავარია ჩვენ უკრაინელების გამარჯვებამდე არ დავუშვათ, რომ საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებამ ბოლომდე ჩაგვაბაროს რუსეთს. ჩემთვის ამის მნიშვნელოვანი ნიშანი იქნება, გაუშვებენ, თუ არა ნიკა გვარამიას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას არ გათავისუფლება რუსებისთვის და კადიროვის ყაჩაღებისთვის კარის ფართოდ გაღება იქნება.

„რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში. ეს უკიდურესად პანიკის ნიშანია, რაც ნიშნავს, რომ ომში მოვლენები ძალიან დაჩქარდება. მთავარია, ჩვენ უკრაინელების გამარჯვებამდე არ დავუშვათ, რომ საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებამ ბოლომდე ჩაგვაბაროს რუსეთს. ჩემთვის ამის მნიშვნელოვანი ნიშანი იქნება, გაუშვებენ თუ არა ნიკა გვარამიას. მისი არ გაშვება იქნება კიდევ ერთი კარის გამოჯახუნება და ფართოდ გაღება რუსებისთვის და კადიროვის ყაჩაღებისთვის“, – წერს სააკაშვილი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/pfbid0HtT7Nfw3ciXzHQMcm8ePV8TTr4aTT9rgoDptKJ76SukbPLvbi421F3E6WuWnkPEgl

“თბილისი ათი წლის წინანდელ მოსკოვს ჰგავს” – რას წერს გერმანული ჟურნალი

გერმანულ ყოველკვირეულ ბიზნეს-ჟურნალ „ვირტჩაფტ ვოშეს“ (Wirtschafts Woche – „ეკონომიკური კვირა“, გამოდის 1926 წლიდან დიუსელდორფში) 5 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო: „თბილისი ათი წლის წინანდელ მოსკოვს ჰგავს“ (ავტორი – ანჟელიკა მელხერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროიდან საქართველოში – სამხრეთ კავკასიის პატარა სახელმწიფოში – ეკონომიკური ბუმი მიმდინარეობს, რომელიც ქვეყანაში ათობით ათასი რუსეთის მოქალაქის ჩასვლას უკავშირდება.

ივან სოკოლოვი (გვარი შეცვლილია, რომ რუსეთში დარჩენილი მისი ოჯახის წევრები არ დაზარალდნენ) თბილისის კაფეში მეპატიჟება, რომლის შესასვლელში დიდი ასოებით აწერია – „რუსეთი ოკუპანტია“. აქედან გამომდინარე, უკვე გასაგებია კაფეს მფლობელის პოზიცია. ქართველების გულის სიღრმეში ჯერ კიდევ არ გამქრალა 15 წლის წინანდელი ტკივილი, რომელიც მათ რუსეთმა მიაყენა – ისეთი, რაც ახლა უკრაინაში ხდება.
რუსი მიგრანტები საქართველოში.

ივან სოკოლოვი ერთ-ერთია რუსეთის იმ ათასობით მოქალაქეებს შორის, რომლებიც საქართველოში ბოლო 15 თვის განმავლობაში გაიქცნენ – როგორც უკრაინასთან ომის დაწყების, ასევე ე.წ. „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების დროს.

ომი, სანქციები, თავისუფლების შეზღუდვის შიში – ეს ყველაფერი ახალგაზრდა რუსებს აიძულებთ თავიანთი სახლი დატოვონ და თავშესაფარი სხვა ქვეყნებში ეძებონ. ვლადიმერ პუტინი, უკრაინასთან ომის დაწყებით, სამშობლოდან გაქცევას, უპირველეს ყოვლისა, მაღალკვალიფიციურ ახალგაზრდებს აიძულებს. ისინი მიდიან აგრეთვე ყაზახეთში, უზბეკეთში, სომხეთში, თურქეთში და ევროპის ქვეყნებში.

რუსეთის მიგრანტ მოქალაქეთა უმრავლესობას, ანუ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამშობლოს ტოვებენ, უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული და ინტელექტუალებს წარმოადგენენ, მათგან 60% საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორშია დაკავებული და დისტანციურად აგრძელებენ მუშაობას. მათი საშუალო თვიური ხელფასი დაახლოებით 2600 დოლარს შეადგენს. შედარებისათვის: ქართველების ხელფასი საშუალოდ თვეში მხოლოდ 650-მდე დოლარია.

ბუნებრივია, ასეთმა სიტუაციამ საქართველოს პოზიტიური შედეგი მოუტანა: 2022 წელს 3,7 მილიონიან ქვეყანაში ნამდვილი ეკონომიკური ბუმი დაიწყო – ზრდის ტემპებმა 10%-ს გადააჭარბა. რუსები ბანკებში ანგარიშებს ხსნიან, სარგებლობენ მომსახურებით, ზოგ შემთხვევებში კი თავიანთი ბიზნესი რუსეთიდან საქართველოში გადმოაქვთ. ორგანიზაცია Transparency International-Georgia-ს მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 15 ათასამდე რუსული კომპანია იქნა რეგისტრირებული.

ივან სოკოლოვი თბილისში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა, 2022 წლის მარტში. იგი უკვე თითქმის ერთი წელია დისტანციურად მუშაობს ერთ-ერთ ბლოკჩეინ-კომპანიაში, რომელიც პორტუგალიაში მდებარეობს. საქართველოში უკვე მეგობრებიც გაიჩინა. „თბილისი ათი წლის წინანდელ მოსკოვს ჰგავს“, – ამბობს ივან სოკოლოვი.

მოგების პოზიტიური მხარე

მაგრამ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ ბუმს არამხოლოდ ისეთი მიგრანტები უზრუნველყოფენ, როგორიც ივან სოკოლოვია. საქართველო ისეთ რეგიონში მდებარეობს, სადაც ევროკავშირის მიერ დაწესებული ანტირუსული სანქციები ნაკლებად მოქმედებს. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთში იმატა პროდუქციის ექსპორტმა მესამე ქვეყნებიდან, გაიზარდა აგრეთვე ავტომობილების გატანაც. რადგანაც რუსეთში ევროპულმა კომპანიებმა ღვინის ექსპორტი შეწყვიტეს, 2022 წელს საქართველომ რუსეთის ბაზარზე 23%-ით მეტი ღვინო გაიტანა, წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ტურიზმიც აღორძინების ეტაპზეა: საქართველო დღეისათვის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც რუსეთის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. 2022 წელს საქართველოში ჩასული ტურისტების 20% რუსები იყვნენ, ანუ 4,3%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით. Transparency International-Georgia-ს მონაცემებით, მთლიანობაში საქართველომ გასულ წელს ტურიზმით 3,6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ანუ სამჯერ მეტი, ვიდრე 2021 წელს.

მოგების ბნელი მხარეები

ეს ყველაფერი საქართველოს მნიშვნელოვანწილად რუსეთზე დამოკიდებულს ხდის. ექსპერტები თვლიან, რომ თუ თბილისი ვლადიმერ პუტინის იმპერიასთან ეკონომიკურ ურთიერთობას შეწყვეტს, ასეთი ნაბიჯი მისთვის ეკონომიკური კატასტროფის ტოლფასი იქნება.

რა თქმა უნდა, საქართველოში არ სურთ იმის აღიარება, რომ ქვეყანა უკრაინის ომისაგან სარგებელს იღებს. მთავრობა ცდილობს ომისაგან დისტანცირება მოახდინოს. ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, „ვირტჩაფტვოშესთან“ ინტერვიუში ხაზს უსვამს, რომ ომის ფაქტორი ეკონომიკურ ზრდაში გამონაკლისად უნდა იქნეს განხილული: „დღეს არსებული რთული სიტუაცია [ჩვენგან დამოუკიდებლად] არის შექმნილი. რა ტქმა უნდა, ეს ჩვენთვის სასიხარულო არ არის. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

ეკატერინე გუნცაძე საუბრობს [რუსული მიგრაციის] ნეგატიურ შედეგებზეც: თბილისში საცხოვრებელი ბინების დაქირავებისა და შეძენის ფასები, რუსი მიგრანტების „წყალობით“, რეკორდულად გაიზარდა, ასევე მატულობს ინფლაციაც. „ჩვენთვის უმჯობესი იქნებოდა ტურისტები გვყოლოდა უკრაინიდან ან ბელარუსიდან, ვიდრე ომით გამოწვეული უკრაინელი ლტოლვილები ან რუსი მიგრანტები“, – აღნიშნავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ჟურნალ „ვირტჩაფტვოშესთან“ ინტერვიუში.

მაგრამ რადგანაც რუსეთის პროვოცირებაც საშიში, ამიტომ საქართველო კრემლთან კონფრონტაციას თავს არიდებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხი ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიილტვის, 2008 წელს, როცა რუსეთის ჯარები ქვეყანაში შეიჭრნენ და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება მოახდინეს, საქართველოსთვის არცერთ ევროპულ ქვეყანას ქმედითი და პრაქტიკული დახმარება არ გაუწევია. რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ბაზა, თავისი პირადი შემადგენლობით და სამხედრო ტექნიკით – რაკეტებით და ტანკებით, თბილისიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით არის დისლოცირებული, ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“. კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზა განლაგებულია საქართველოს აფხაზეთის რეგიონში.

უკრაინის ომში ჩართული ვლადიმერ პუტინი ცდილობს საქართველოსთან დაძაბულობა შეარბილოს: რამდენიმე კვირის წინათ რუსეთის პრეზიდენტმა თავისი ბრძანებულებით საქართველოსთან არსებული სავიზო რეჟიმი გააუქმა და ქართულ და რუსულ ავიაკომპანიებს ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა. როგორც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა რუს ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს, „რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ნაბიჯები გადადგას, რაც დამოკიდებული იქნება ჩვენი [ქართველი] პარტნიორების რეაქციაზე“.

წყარო

“ქუთაისის პარალამენტის შენობა გვინდა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ცენტრი ახალგაზრდებისთვის” – პრემიერი

ჩვენი ხედვა არის შემდეგი – ახლა ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს, ძალიან მალე ამის თაობაზე იქნება დეტალური ინფორმაცია, ქუთაისის პარალამენტის შენობა გვინდა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ცენტრი ახალგაზრდებისთვის, აიტი სექტორში მომუშავე ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ, ეს უნდა იყოს მულტიფუნქციური, თანამედროვე, ტექნოლოგიური ქალაქი და ცენტრი, ადგილი, რომელშიც თავს მოიყრის ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა. ამის პროექტს ვამუშავებთ, ძალიან მალე იქნება ამის პრეზენტაცია, დაელოდეთ. ეს ყველაფერი დროს მოითხოვს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შინაარსიანად, ვამზადებთ, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობას შეეხებოდა.

პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ახალი აეროპორტის პროექტზე, რომელიც გუშინ, მთავრობის სხდომაზე დააანონსა.

„გუშინ მე დავაანონსე კიდევ ერთი ძალიან მსხვილი პროექტი, ესაა ახალი აეროპორტის მშენებლობა, ეს იქნება რამდენიმე ასეულ მილიონიანი პროექტი, ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანას ავუშენოთ ახალი საერთაშორისო კლასის, დონის აეროპორტი, ვინაიდან არსებული აეროპორტი ვერ უძლებს კრიტიკას და ზოგადად იმ გამოწვევებს და ამბიციას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენ თუ გვინდა, რომ ქვეყანა გახდეს რეალურად ჰაბი, მათ შორის საავიაციო ჰაბი, აუცილებელია, თანამედროვე აეროპორტის მშენებლობა, თავისი ტერმინალებით, კარგო ტერმინალებით ადა ა.შ. ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ,”- განაცხადა პრემიერმა.

“გვინდა ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის, თანამედროვე, მოვლილ, ლამაზ ქალაქებად, რაიონებად, სოფლებად”

მე ვიცი ძალიან მდიდარი ტრადიციების შესახებ, რომელიც არსებობს ამ ქალაქში. ფეხბურთი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ჩვენთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუათაისში, რამაზ შენგელიას სახელობის გაახლებულ სტადიონზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი.

„ჩვენ კიდევ სხვა მასშტაბური პროექტები გვაქვს გეგმაში. ჩვენ დღეს დავათვალიერებთ ასევე ოლიმპიური სტანდარტების ახალ საცურაო აუზს, რომელიც ჩვენ დაახლოებით 2 წელიწადში დავასრულეთ. მშენებლობა დავიწყეთ 2021 წლის 9 ივნისს და დღეს შეგვეძლება, რომ ერთობლივად გავხსნათ ეს ახალი საცურაო აუზი.

სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც მიმდინარეობს ქუთაისში. განახლებული რეგიონის ფარგლებში ჩვენ ჩავუტარეთ რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვან ობიექტებს, მაგრამ ახლა ჩვენ ვიწყებთ კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტს, ჩვენი ისტორიული ქუთაისის, ისტორიული უბნების რეაბილიტაციას. 200 მილიონი გვაქვს ჩასმული წელს. გვინდა, რომ 10 ქალაქში დავიწყოთ განახლების სამუშაოები. მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა და წელსვე დავიწყებთ სამუშაოებს.

ასე რომ, ჩვენ ეტაპობრივად ვუვლით ქალაქებს, ვალამაზებთ და გვინდა, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ, რეალურად, ევროპული ტიპის, თანამედროვე, მოვლილ, ლამაზ ქალაქებად, რაიონებად, სოფლებად. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი. რაც მთავარია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა რომ არ ყოფილიყო მშვიდობა, მეგობრებო, დამეთანხმებით. მშვიდობა არის მთავარი. ჩვენ ვახერხებთ და შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობაც, განვითარებაც გვაქვს და ეს ყველაფერი, რაც შევძელით, რა თქმა უნდა, არის მშვიდობის დამსახურება და ჩვენი სწორი პოლიტიკის დამსახურება. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ გამარჯვებას. გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს, ჩვენს სპორტსმენებს”, – განაცხადა პრემიერმა.

“ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს, ყველა იქნება სამაგალითოდ დასჯილი” – პრემიერი

ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციას რაიმე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ყველა, ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს, მითუმეტეს როგორც ეს გააკეთეს, ლამის ცოცხლად დაწვა გადაწყვიტეს ამ დესტრუქციულმა, ანარქისტულმა ძალებმა, ყველა ის ადამიანი იქნება სამაგალითოდ დასჯილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პოლიცია და ჯარი არის ხელშეუხებელი.

„ახლა რაც შეეხება თქვენ ახსენეთ ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო, ანტი-ეროვნული, ანტი-ქართული, ნეო-ფაშისტური მოვლენა და სრულიად ამორალური, დეგრადირებული ორგანიზაცია, როგორიცაა გირჩი, რომელმაც თუ რაიმე გააკეთა, ყველაფერი იყო ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ჯერ გახსოვთ, რომ მათი მოგონილი იყო ეს ასე ვთქვათ არ მინდა გავიმეორო, მაგრამ ალტერნატიული ეკლესიების დაფუძნება, „გასაბერი ეკლესიები” მოიგონეს, შემდეგ თქვეს, რომ ე.ი. თურმე ფარისევლური რაღაც ვითომ მღვდელმსახურებას ეწეოდნენ და ა.შ. აღარ მინდა ამაზე, საზოგადოებამ კარგად იცის, 10 000 ახალგაზრდა შეაცდინეს რეალურად მათ იმისთვის, რომ არ წასულიყვნენ ჯარში. ამის შემდეგ ეს ადამიანი გახსოვთ, რომ გამოდიოდა ბოლო პერიოდში და ტრენინგებს უტარებდა ახალგაზრდებს, მათ შორის იარაღის სწავლებას და ა.შ. ავალებდა. ამ ადამიანების, 2%-ანი, 1%-ანი პარტიების ნებისმიერი უსუსური მცდელობა დასრულდება სრული კრახით და სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყველა ასეთი შემთხვევის გამოვლინებისას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ესაა დასაგმობი ფაქტი, ამაზე საზოგადოებამ, ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა. ჩვენი პოლიცია, ჩვენი ჯარი არის ხელშეუხებელი, სპეცსამსახურებზე, რომლებიც აძლიერებენ ჩვენს სახელმწიფოს, ვინც მათზე ახორციელებს თავდასხმას, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი, მე არ მოვერიდები ამის თქმას,”- განაცხადა პრემიერმა.

“შოკირებული ვარ კახოვკაში კაშხალზე უპრეცედენტო თავდასხმით, ჩვენ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ რუსეთს”

ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა.

„შოკირებული ვარ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე უპრეცედენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აშკარად კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული და ჩვენ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ რუსეთსა და მის მარიონეტებს“, – წერს შარლ მიშელი საკუთარ „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა დღეს დილით ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ხერსონიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია.

“სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ მთავრობა ყველა პატიმარს და მათ შორის სააკაშვილს ევროპული სტანდარტების შესაბამისად ეპყრობა“

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა მილიონობით დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, იმიჯი დაეზიანებინათ.

„სააკაშვილმა და მისმა დედამ ლობისტები დაიქირავეს და ოფიციალურად გადაიხადეს მილიონი დოლარი მხოლოდ ერთ კომპანიაში, რომ აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია ეწარმოებინათ, რომ თითქოს ჩვენ სააკაშვილი მოვწამლეთ, ვაწამეთ და ვკლავთ. მთელი ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ერთი ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებით – რომ საქართველოს მთავრობა ყველა პატიმარს და მათ შორის სააკაშვილს ევროპული სტანდარტების შესაბამისად ეპყრობა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 07:21 საათზე დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, ეპიცენტრი თიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით 32 კმ-ში, სოფელი უკანა ფშავი იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.

“ასეთი მასშტაბის ძარცვა მთელს ევროპაში არავის ჩაუდენია”- ირაკლი ღარიბაშვილი კეზერაშვილზე

ასეთი მასშტაბის ძარცვა მთელს ევროპაში არავის ჩაუდენია – დადასტურებულია, რომ 1 მილიარდი ევროა მოპარული ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელის, დავით კეზერაშვილის მიერ და მისი კომპანიების თაღლითური სქემების მეშვეობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ არ მოგვისმენია არავითარი განმარტება, გარდა ვიღაცებისთვის გადაბრალების უსუსური მცდელობებისა. BBC-ის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და მაღალსაიმედო ორგანიზაციაა, გამოძიებით და არა მხოლოდ, მათ შორის, გერმანიის გამოძიებითაც, დადასტურებულია და ჩვენ ამ გამოძიებაში ჩართული ვიყავით ბოლო 2 წელია. ათასობით პენსიონერია გაძარცვული კეზერაშვილის მიერ – „ფორმულა“ და ოპოზიციური არხები ფინანსდებიან მოპარული ფულით, მანამდე ამ კაცმა გაძარცვა ქართული ჯარი, ბიზნესი დაატერორა და გაძარცვა მან და სააკაშვილმა, ახლა მთელი ევროპა გაძარცვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი დავით კეზერაშვილის ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

“მძლავრი სამოქალაქო ძალის შექმნა აუცილებელია” – ვატო შაქარიშვილი

გასულ კვირას ჩვენ გავაჟღერეთ იდეა, რომელიც ეხება ახალი კონსერვატიული საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას სახელწოდებით „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, აღნიშნულმა იდეამ საზოგადოებაში მოიპოვა მხარდაჭერა, არის დაინტერესება და ამავდროულად, გაჩნდა კითხვები, – ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შაქარიშვილის თქმით, მძლავრი სამოქალაქო ძალის შექმნა აუცილებელია.

„კითხვები არ ეხება მიზნებს, ამოცანებს, შექმნის მოტივებს, ვფიქრობ, გასაგებად იყო განმარტებული. ეს არის საფრთხეების წინაშე ადეკვატური რეაგირება. მძლავრი სამოქალაქო ძალის შექმნა, რომელიც იქნება ქმედითი და ეფექტური იმ პოლიტიკური განუკითხაობის წინააღმდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და რომელიც ხშირ შემთხვევაში ორგანიზებულია ქვეყნის გარედან, რომელიც იქნება ასევე ადეკვატურად პასუხის გამცემი იმ ბულინგზე, შეურაცხყოფაზე, გინებაზე, ცილისწამებაზე, რაც ხდება სიტყვის თავისუფლების სახელით იმ ადამიანების მისამართით, ვინც საკუთარ აზრს გამოხატავენ, ეს იქნება საჯარო სივრცეში, სოციალურ მედიაში თუ ა.შ. ისინი ხდებიან ძალიან სერიოზული, ორგანიზებული, ორკესტრირებული შეტევის, ბულინგის, გინების, ცილისწამების, უსაზღვრო შეურაცხყოფების ადრესატები და რეალურად ადამიანები, რომლებიც არიან ანგაჟირებულები, რომლებიც არიან დაფინანსებულები და მოქმედებენ კონკრეტული დავალებებით, უმწარებენ ღმერთისგან ერთხელ ნაბოძებ სიცოცხლეს ჩვენ თანამოქალაქეებს. ძალიან ხშირად ჩვენთან შემოდის შეტყობინებები, როდესაც ადამიანები პირდაპირ ლაპარაკობენ ამაზე და ამბობენ, რომ გვინდა 12 ივნისს მოსვლა, გვინდა ჩვენი აზრის საჯაროდ დაფიქსირება, მაგრამ ვერიდებითო. ცხადია, რა მოსდევს ამ ყველაფერს და რა არის მოსალოდნელი.

ჩვენი ახალი კონსერვატიული ღირებულებების სისტემაზე დაფუძნებული სამოქალაქო მოძრაობა იქნება სწორედ ეფექტური, მძლავრი და მკაფიო პასუხის გამცემი ამ ყველაფერზე. ცხადია ჩვენ არ ვიმოქმედებთ იმ მეთოდებით და გზებით, რა მეთოდებითაც ისინი მოქმედებენ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამახე პასუხი იქნება ადეკვატური, მკვეთრი და მკაფიო ისე რომ, ამ ადამიანებმა იცოდნენ, ჩვენი თანამოქალაქეების ბულინგი, შეურაცხყოფა, ცილისწამება, მუქარა და ძალადობა, მათზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური აღარ დარჩება პასუხგაუცემელი. არის ქვეყანაში საკითხები, რაზეც ცხადია, მმართველი ძალა, ხელისუფლება პასუხისმგებელია, მაგრამ არის საკითხები, რაზეც აუცილებლად საკუთარი მკვეთრი, მკაფიო პასუხო უნდა გასცეს ქართულმა საზოგადოებამ. რაც შეეხება უშუალოდ 12 ივნისის ღონისძიებას, შედგება რუსთაველის თეატრში. გაჩნდა საზოგადოებაში კითხვები დასწრებასთან დაკავშირებით. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო, რომ 12 ივნისის ღონისძიება არის ღია, დასწრება არის თავისუფალი და ეს ღიაობა ეხება ასევე მთლიანად ჩვენს სამოქალაქო მოძრაობას“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

“მამაკაცმა ყოფილი მეუღლე ავტომობილში თოკით გაგუდა და ხევში გადააგდო” – შსს

პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

მათივე ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე – 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა.

ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგო.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ნ.ლ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“გერმანიის კანცლერი ყოველთვის ხმამაღლა აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას”- პრემიერი

მინდა, მადლიერება გამოვხატო გერმანიის კანცლერის მიმართ, ვინაიდან იგი ყოველთვის ხმამაღლა, ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას, პრაქტიკულად, ყველა გამოსვლაში ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას, ასე რომ, მე მადლიერი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გერმანიაში მისი ვიზიტი კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით დაიგეგმა.

„გიდასტურებთ, რომ ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით. მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში უკრაინის ომის შემდეგ შეიქმნა, ომის გავლენებზე, რომელიც ყველას გვეხება და ბუნებრივია, საქართველოზე, რომელიც პირველი იყო მსხვერპლი და ჩვენ 2008 წელს გამოვიარეთ ის უბედურება, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბრები გვექნება ბატონ შოლცთან. მასთან მქონდა არაერთი საუბარი; შარშანაც ვიყავი ოფიციალური ვიზიტით მისი მიწვევით და მინდა, მადლიერება გამოვხატო კანცლერის მიმართ, ვინაიდან იგი ყოველთვის ხმამაღლა ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას. პრაქტიკულად, ყველა გამოსვლაში გერმანიის კანცლერი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. ასე რომ, მე მადლიერი ვარ და შეხვედრების შემდეგ მოგახსენებთ შეხვედრებზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს 9 ივნისს შეხვდება.