Home Blog Page 2013

“გამწარებულ მშობლებს სრული უფლება აქვთ უნდობლობა გამოხატონ ქვეყნის სამინისტროს მიმართ”

„საქართველოში წლებია ფუნქციონირებს გაეროსთან არსებული ორგანიზაცია UNICEF-ის წარმომადგენლობა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულებაა: ბავშვთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი სამსახურების ხელშეწყობა მათი განვითარების საქმეში. ამ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ნამდვილად შეუძლია დატანჯულ და იმედგაცრუებულ მშობლებს მიაწოდოს საკუთარი კომპეტენტური დასკვნა, რა თქმა უნდა, საკითხის პროფესიონალურ დონეზე ყოველმხრივი შესწავლის შემდეგ“, – სოციალურ ქსელში წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, „აქონდროპლაზიის“ სინდრომის მქონე ბავშვების თემა ძალიან სენსიტიურია და გასაგებია მშობლების პროტესტიც. რადგან ჯერ კიდევ ჯანმო-ს მიერ დამტკიცებული მედიკამენტი არ არსებობს, აუცილებელია ამ საკითხში კარგად გარკვევა და შემდეგ გადაწყვეტა.

„როდესაც საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის იკვეთება გარკვეული გაუგებრობა, სამოქალაქო სექტორის ჩართულობას პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ბავშვების ჯანმრთელობას.

მერამდენე დღეა სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან შიმშილობენ იშვიათი დაავადება „აქონდროპლაზიით“ სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები. საუბარი მიდის ჯერჯერობით კვლევების სტადიაზე არსებული პრეპარატ „ვოსორიტიდ“-ის საქართველოში შემოტანის შესაძლებლობაზე. გამწარებულ მშობლებს, რა თქმა უნდა, აქვთ სრული უფლება, უნდობლობა გამოხატონ ქვეყნის ჯანმრთელობის სამინისტროს მიმართ, რა ტიპის ობიექტური მიზეზებიც არ უნდა ჰქონდეს აღნიშნული პრეპარატის ამ ეტაპზე შესყიდვებისაგან თავის არიდებას.

ვინაიდან არც ჩვენ ვართ სპეციალისტები აღნიშნულ საკითხებში, შესაძლებლობა გვაქვს კონსულტაციებისა და რეკომენდაციებისთვის მივმართოთ საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენელს, ბატონ სილვიუ დომენტეს, რომლის კომპეტენტური განმარტებით ამ მომენტისთვის „ვოსორიტიდი“ არ შედის ჯანმო-ს სამედიცინო პრეპარატების ოფიციალურ რეესტრში.

სილვიუ დომენტეს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ესპანეთი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც დაუშვა „ვოსორიტიდის“ გამოყენება. საფრანგეთმა დაუშვა პრეპარატთან „პილოტური“, სატესტო წვდომა. იტალიამ „ვოსორიტიდის“ საცდელი გამოყენებისას, დააფიქსირა ზომიერი წინსვლა, მაშინ როდესაც გერმანიაში სასურველი შედეგი დაფიქსირებული ვერ იქნა. სილვიუ დომენტეს განმარტებით, ცალკეული „საპილოტე“ პროგრამების მიუხედავად, ჯანმო-ს არა აქვს შემუშავებული რეკომენდაციები აღნიშნული პრეპარატისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს მისი ჩართვა დაფინანსების სქემებში. 2020 წელს „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით საექსპერტო შეფასების პროცესი შეაჩერა ინგლისმა და უელსმა, თუმცა უკვე წელს შესაძლოა ეს სამუშაოები განახლდეს. ირლანდიამ ეს პროცესი დაიწყო გასული წლის მიწურულს, თუმცა დღემდე ვერ მივიდა დასკვნების გამოტანამდე.

სილვიუ დომენტეს ინფორმაციით, ევროპის მიღმა, მაგალითად აშშ-ს-ა და იაპონიაში ამ პრეპარატის ეფექტურობის შესწავლა არც დაწყებულა და აღნიშნულ დაავადებას კურნავენ ქირურგიული ჩარევით და ზრდის ჰორმონალური თერაპიით. სავსებით შესაძლებელია, რომ ჯანმო-ს ესოდენ ამომწურავი ოფიციალური პოზიცია, ასევე უნდობლობას იწვევდეს დაავადებული ბავშვების მშობლებში. ამიტომ ალბათ ჩნდება აღნიშნულ პროცესებში სამოქალაქო სექტორიდან კიდევ ერთი ავტორიტეტული არბიტრის ჩართვის საჭიროება.

საქართველოში წლებია ფუნქციონირებს გაეროსთან არსებული ორგანიზაცია UNICEF-ის წარმომადგენლობა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულებაა: ბავშვთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი სამსახურების ხელშეწყობა მათი განვითარების საქმეში. ამ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ნამდვილად შეუძლია დატანჯულ და იმედგაცრუებულ მშობლებს მიაწოდოს საკუთარი კომპეტენტური დასკვნა, რა თქმა უნდა, საკითხის პროფესიონალურ დონეზე ყოველმხრივი შესწავლის შემდეგ. სხვათა შორის, „ხალხის ძალის“ მიერ „უცხოური გავლენების შესახებ” კანონპროექტის შემუშავება მიზნად ისახავდა სწორედ ისეთი ტიპის გამჭვირვალობაზე ფარდის ახდას, სადაც უფრო კონკრეტული იქნებოდა სამოქალაქო სექტორის სექტორული და ფუნქციონალური დატვირთვებისადმი წვდომა. UNICEF Georgia-ს შემთხვევაში ჩვენი არჩევანი ემყარება უფრო ინტუიციას, ვიდრე ფაქტობრივ ცოდნას, რომ ჩვენი მიმართვის ადრესატი დაგვეხმარება ამ მეტად ფაქიზი და მგრძნობიარე დილემის გადაჭრაში“, – წერს ფეისბუკგვერდზე დავით ქართველიშვილი.

“რუსეთის ჯერ კიდევ დაუბადებელი თაობებიც კი გადაიხდიან იმისთვის რაც ხდება”

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთში თაობები გადაიხდიან ფასს იმ ქმედებებისთვის, რასაც მათი ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ სჩადის.

„როდესაც ვსაუბრობთ ეკოლოგიურ ზიანზე, რომელსაც რუსეთი მუდმივად აყენებს უკრაინას თავდასხმების შედეგად, რუსებს გარკვევით უნდა ვუთხრათ: მათ მოუწევთ ყველაფრის გადახდა. ტერიტორიების დანაღმვისთვის, ობიექტებზე დარტყმისთვის, ასევე ადამიანების მკვლელობისა და ბავშვების გატაცებისთვის. დაუბადებელი მომავალი თაობები გადაიხდიან და მათ არჩევანი არ ექნებათ. მეტიც, ამ თაობებს სერიოზული პრობლემა შეექმნებათ, რადგან ისტორიაში შევლენ, როგორც რუსი ტერორისტების შთამომავლები, რომლებმაც ჩაიდინეს უკრაინელი ხალხის გენოციდი და ამისგან დამალვა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ იქნება შესაძლებელი“, – დაწერა ერმაკმა „ტელეგრამზე“.

დღეს ქუთაისში „ქუთაისქალაქობა 2023-ს“ აღნიშნავენ

დღეს ქუთაისში „ქუთაისქალაქობა 2023-ს“ აღნიშნავენ. ქალაქის ცენტრში, მთელი დღის მანძილზე, გაიმართება გამოფენა-გაყიდვები, შეხვედრები, ფორუმები, პრეზენტაციები, საბავშვო და სპორტული აქტივობები, კონცერტები. აირჩევენ ქუთაისის საპატიო მოქალაქეებს.

დღესვე მოხდება ევროპის 21-წლამდე ნაკრებთა ფეხბურთის ჩემპიონატის გარდამავალი თასის წარდგენა – ქუთაისი უეფას 21-წლამდე ასაკის ნაკრებთა ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქია.

დღის ბოლოს, მესხიშვილის თეატრში თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, შეასრულებს სიმღერებს ქართული კინო-ფილმებიდან.

2 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებები დასრულდება გალა-კონცერტით, სადაც თბილისის ბიგ-ბენდი და პოპულარული ქართველი შემსრულებლები წარდგებიან მაყურებლის წინაშე.

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე გამომძიებელი სერგო შუბითიძე დაიბარა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სერგო შუბითიძის გამოკითხვა მის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოხდება, რასაც „შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“.

„29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის – სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691-ე მუხლით. გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვის მიზნით დაუყოვნებლივ იქნა დაბარებული სერგო შუბითიძე, რომლის წარმომადგენელი 1-ელ მაისს დაუკავშირდა თბილისის პროკურატურას და შესაბამისად, მისი გამოკითხვა, დღეს, 2 მაისს შედგება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მისი გაუჩინარების ფაქტზე, 2020 წლის 19 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში დაიწყო. 2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი საკუთარ ავტომანქანაში იქნა აღმოჩენილი.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნით, გამოძიების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, 2020 წლის 29 ივლისს, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო 2020 წლის 17 აგვისტოს, ვინაიდან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები უნდობლობას უცხადებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს და ითხოვდნენ საქმის გადაცემას პროკურატურისთვის, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გაგრძელდა თბილისის პროკურატურაში.

საქართველოს პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, პროკურატურის გამომძიებლების მიერ ჩატარდა 1000-ზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი, ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა. დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეო ჩანაწერები, რის შედეგადაც დადგინდა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტები, ასევე დამუშავდა სატელეფონო ზარები. აღდგა და შესწავლილი იქნა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შენახული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით სოციალურ ქსელ “facebook”-დან და „Instagram“-იდან გამოთხოვილი იქნა თამარ ბაჩალიაშვილის “facebook და Instagram ანგარიშებთან“ დაკავშირებული სრული ინფორმაცია. გარდა ამისა, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არამხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ბოლო დღეების ქრონოლოგია, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ბოლო წლების გარემოებები და ფაქტები. სწორედ პროკურატურის გამომძიებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლივმა ანალიზმა უტყუარად დაადასტურა ის ფაქტი, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები. იხ. ბმული: https://pog.gov.ge/news/saqa-1

საზოგადოებას ასევე შევახსენებთ, რომ გამოძიების დაწყების დღიდან საგამოძიებო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატები, რომელთა მოთხოვნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, გადამოწმდა მათ მიერ დასახელებული თუ საჯაროდ გავრცელებული ყველა ვერსია, თუმცა საქმეზე მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ არც ერთი მათგანი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

რაც შეეხება გამომძიებელ სერგო შუბითიძეს, რომელიც იმ პერიოდისთვის იკავებდა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობას, მან აღნიშნულ საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხა მხოლოდ 3 პირი, შეადგინა ნიმუშის აღების 11 ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის 2 ოქმი, დათვალიერების 4 ოქმი და ამოღების 2 ოქმი. თუმცა მის მიერ არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე.

აქვე, აღვნიშნავთ, რომ მოხდება სერგო შუბითიძის გამოკითხვა მის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რასაც მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

2 მაისს ქუთაისში +17 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთში გამოიდარებს. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში იწვიმებს. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +14 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მოსალოდნელია ნალექი, დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეში წვიმს, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +11 ღამის ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი დღე და +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღე იქნება ომალოში, სადაც დღისით +7, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +20 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +21 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამა უფროსკლასელებისთვის

თიბისი მოსწავლეებს მთელი საქართველოდან თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ, საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს.

თანამედროვე სამყარო, სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების მეშვეობით, ბევრ ახალ და საინტერესო პროფესიას გვთავაზობს. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ ადამიანებისთვის დღეს უკვე შესაძლებელია საერთო პროექტებზე მუშაობა ისე, რომ შენი მშობლიური ქალაქის დატოვება არ მოგიწიოს. თანამედროვე ტექნოლოგიები ამცირებს მანძილებს, აახლოებს ადამიანებს და აჩენს ახალ შესაძლებლობებს ისეთ კარგად ნაცნობ სფეროებშიც, როგორიცაა მედიცინა, მრეწველობა, ფუნდამენტური მეცნიერებები, მომსახურების სფერო და ა.შ.

დღეს ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მიღწევის განმსაზღვრელია. სწორედ ამიტომ, თიბისი გთავაზობთ განათლების პროგრამას სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც შედგება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობებისგან. ესენია: ონლაინ კურსები, ვორქშოფები, კონკურსები, ჰაკათონები და სხვა.

პროგრამის პირველ ეტაპზე გთავაზობთ ტექნოლოგიის სხვადასხვა მიმართულებების გაცნობით და სასწავლო კურსებს. კურსების რაოდენობა და მათი შინაარსის მრავალფეროვნება ეტაპობრივად გაიზრდება.

სასწავლო პროგრამები განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის. კურსებზე დასწრება სრულიად უფასოა, საჭიროა მხოლოდ ინტერნეტი, კომპიუტერის/მობილურის გამოყენების საბაზისო ცოდნა და სწავლის დიდი სურვილი.

მოსწავლეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ შემოთავაზებული 4 კურსიდან ერთ-ერთზე:

ტექნოლოგიების საფუძვლების – ტექნოლოგიების გაცნობითი კურსი: ეს არის 7 შეხვედრიანი, ერთთვიანი კურსი, რომლის განმავლობაშიც, მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას ვებგვერდების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტები) და კომპიუტერული თამაშების შექმნის შესახებ. აღნიშნული კურსი მოსწავლეებში გაზრდის თვალსაწიერს და  უმაღლესი განათლების მიმართულების არჩევაში დაეხმარება.

გარდა მოკლე შემეცნებითი კურსისა, გთავაზობთ სამთვიან სასწავლო კურსებს შემდეგი მიმართულებებით:

აღნიშნული, სამთვიანი სასწავლო კურსები, ხარისხიან საბაზისო ცოდნას მისცემს უფროსკლასელებს, შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.

„თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას, იქნებოდა ეს ნიჭიერი ახალგაზრდების სასტიპენდიო პროგრამები, სამეცნიერო და ტექნოლოგიური კონკურსები, საგანმანათლებლო – შემეცნებითი ტურები სკოლის მოსწავლეებისათვის, ტრენინგები ბიზნესებისთვის და სხვა. წელს კი ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად ვაქციეთ. ვინაიდან, თანამედროვე ტექნოლოგიების სათანადო ცოდნა არის გზა ახალი შესაძლებლობების სამყაროსკენ, ჩვენ, თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამით, გვინდა გავუმარტივოთ ახალ თაობას გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება და ათასობით ახალგაზრდას მივცეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე,“ – ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი.

თიბისის საგანმანათლებლო პროგრამა შექმნილია სანდრო ასათიანთან ერთად. იგი ტექნოლოგიების სფეროს ინოვატორი, ლექტორი და არაერთი სტარტაპის დამფუძნებელია.

თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის, უნილაბის, ექსპლორიუმის, USAID-ისა და PH International-ის პარტნიორობით.

ტექნოლოგიური განათლების პროგრამა სრულად ფინანსდება თიბისის მიერ.

კურსებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 2-დან 12 მაისი ჩათვლით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და სასურველ კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.tbceducation.ge

 

R

ბოლო დღე-ღამეში, რეგიონში 140-მდე აფეთქება დაფიქსირდა – ომის 433-ე დღე

უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. ღამით საოკუპაციო ძალების სამიზნეში სუმის ოლქი მოექცა. რეგიონში 140-მდე აფეთქება დაფიქსირდა.

რუსულმა არმიამ საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი გაუხსნა ოლქის საზღვრის გასწვრივ მდებარე დასახლებებს. ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილად დონეცკის ოლქი, კერძოდ კი, ბახმუტი რჩება.

ღამით, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 100-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და სახლი, ცხრა საგანმანათლებლო დაწესებულება და ხუთი მაღაზია დაზიანდა.

ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

„პავლოგრადში 24 მრავალსართულიანი შენობა, 80 კერძო სახლი, 9 სკოლა და სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულება და 5 მაღაზია დაზიანდა“, – აღნიშნულია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 31 აპრილისა და 1 მაისის ღამეს, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში აფეთქებების ხმა გაისმა.

უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტების 41 შეტევა მოიგერიეს. ბახმუტი და მარინკა ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებად რჩება – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვის ოლქის ლიზუნოვკას დასახლებაზე მართვადი ბომბებით საჰაერო დარტყმა განახორციელეს. თავდასხმას ბავშვი ემსხვერპლა. ამასთან, რუსებმა ჩერნიგოვის ოლქის კიდევ რამდენიმე დასახლება დაბომბეს.

„ლიმანის მიმართულებით მტერმა წარუმატებელი შეტევა განახორციელა ნოვოსელოვკისა და ბელოგოროვკის რაიონებში. რუსებმა ავიადარტყმა მიაყენეს ბელოგოროვკას, გრიგოროვკასა და სპორნოეს. რუსეთის ფედერაციის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა ლუგანსკის ოლქის მაკიივკას, დიბროვასა და ბელოგოროვკას დასახლებები და ვერხნეკამენოესა და სპორნოეს დასახლებები დონეცკის ოლქში“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგე შეტევის განხორციელებას ცდილობს და ბახმუტში ბრძოლა გრძელდება. ამასთან, რუსებმა სცადეს წინსვლა პრედტექინოს დასახლების მიმართულებით და საჰაერო დარტყმა განახორციელეს ბახმუტსა და ბელაია გორაზე.

„ავდიივკას მიმართულებით მტერმა შეტევა წამოიწყო სევერნოესა და პერვომაისკოეს დასახლებების რაიონებში, მაგრამ წარუმატებლად. დამპყრობლებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს ავდიივკაზე და დონეცკის ოლქის ლასტოჩკინოს, სევერნოიეს, პერვომაისკოესა და კარლოვკას დასახლებები დაბომბეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

რაც შეეხება მარინკას მიმართულებას, გენშტაბის ცნობით, რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინის პოზიციებზე შეტევის განხორციელებას და მარინკასთვის ბრძოლები გრძელდება.

“ეს სუვერენიტეტის დასაცავად გამოსული ხალხი ვისგან იცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს? “- თინა ხიდაშელი

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში 30 აპრილს გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის ორგანიზებით გამართულ აქციას ეხმიანება.

„ეს სუვერენიტეტის დასაცავად გამოსული ხალხი ვისგან იცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს? და გვერდში გუშინ ევროკავშირის დროშას რომ წვავდა ის ხალხი რომ გიდგათ რა მესიჯის მატარებელი ხართ? ევროკავშირი გვართმევს სუვერენიტეტს?

და მერე გაოცებულები რომ წერთ რუსეთუმეებს რატომ გვეძახიანო?

კი ვიცი არაფრის მომცემი სტატუსია, მაინც ვერაფერს გაიგებენ და ეს კითხვებიც არაფრის მომცემი და არაფრისმთქმელია მათთვის მაგრამ ნეიტრალიტეტიო, ამერიკული ჩექმაო და ასეთი კრეტინობები რომ მოვისმინე შევეცადე მშვიდად დამეწერა“, – წერს ხიდაშელი.

30 აპრილს თბილსში, რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართა სახელწოდებით – „მოვდივარ!“ შეკრების სლოგანი იყო – „არა ომს!“ „მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“.

 

https://www.facebook.com/khidasheli.tinatin/posts/pfbid0FgSHH6KT74DeaeMJjzCA3597M7MwCiupX15kYmsDrb9D5okNGBRibswNoKhgNMekl

ბახმუტთან ორი კანადელი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა

ბახმუტისთვის ბრძოლაში ორი კანადელი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას კანადური მედია ავრცელებს.

დაღუპულები 27 წლის კაილ პორტერი და 21 წლის კოულ ზელენკო არიან. ისინი უკრაინის ინტერნაციონალურ ლეგიონში იბრძოდნენ. არსებული ცნობებით, კანადის მოქალაქეები ბახმუტთან 26 აპრილს საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაიღუპნენ.

კანადელი მოხალისეები უკრაინელ სამხედროებთან ერთად ბახმუტში მომარაგების საკვანძო გზის შენარჩუნების ოპერაციაში მონაწილეობდნენ. როგორც კანადურ მედიასთან მათი ჯგუფის მეთაური აცხადებს, პორტერთან და ზელენკოსთან ერთად სულ მცირე, სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

კანადურ გამოცემა CBC News-თან  ბოლო მიმოწერაში კაილ პორტერი ბახმუტის გარშემო შექმნილ რთულ ვითარებაზე საუბრობდა და არსებულ ვითარებას „ხორცსაკეპ მანქანას“ ადარებდა. CBC News-ის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში კანადის ხუთი მოქალაქე დაიღუპა.

საფრანგეთში, საპროტესტო აქციებზე შეტაკებების შედეგად, 108 პოლიციელი დაშავდა

საფრანგეთში, საპროტესტო აქციებზე შეტაკებების შედეგად, 108 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა განაცხადა.

მინისტრის ცნობით, პარიზში სერიოზული დაზიანებები ერთმა პოლიციელმა მიიღო, რომელსაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს. მას ხელებისა და სახის არეში დამწვრობები აქვს მიღებული.

პირველ მაისთან დაკავშირებით საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა, რომლებიც საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას მოითხოვენ.

საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებებისას, სულ მცირე, 108 სამართალდამცველი დაშავდა.

არეულობის დროს პოლიციამ 291 ადამიანი დააკავა.

რადიკალურმა ჯგუფებმა საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკა და „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლეს, რის შემდეგაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

მედიის ცნობით, არეულობისას რამდენიმე დემონსტრანტი დაშავდა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

პარიზის გარდა, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები იყო ლიონში, ნანტში, მარსელში, ტულუზასა და რენში.  მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს, დაარბიეს მაღაზიები და ოფისები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომიტინგეებმა გარკვეული დროით დაიკავეს სასტუმრო ქალაქ მარსელში.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს, საფრანგეთის მთავრობამ სადავო საპენსიო რეფორმის კანონი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიიღო. ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის კონსტიტუციაში გაწერილი სპეციალური უფლებამოსილებით ისარგებლა, რომლითაც მას შეუძლია პრემიერ-მინისტრს სთხოვოს, კანონი კენჭისყრის გარეშე მიიღოს.

ახალი საპენსიო რეფორმის მიხედვით, საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-იდან 64 წლამდე გაიზრდება.

 

თურქეთში, სტუდენტებით სავსე ავტობუსი ამობრუნდა – 3 ადამიანი დაიღუპა

თურქეთის ქალაქ ბურსაში, სტუდენტებით სავსე ავტობუსი ამოტრიალდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ტურისტული ავტობუსი, რომელიც ჩანაქკალედან ანკარას მიმართულებით მიემგზავრებოდა, ბარიერს შეეჯახა.

ბურსას გუბერნატორის, იაკუპ ჯანბოლათის განცხადებით, ავარიის დროს ავტობუსში 47 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 3 მასწავლებელი და 2 მძღოლი იყო.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

https://www.haberturk.com/bursa-da-ogrencileri-tasiyan-tur-otobusu-devrildi-olu-ve-yaralilar-var-3587772

აშშ-ში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინიტრების შეხვედრა გაიმართა

აშშ-ში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინიტრების შეხვედრა გაიმართა.

ორმხრივ შეხვედრამდე ჯეიხუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს შორის მოლაპარაკებები გაიმართა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შუამავლობით. მანამდე კი ბლინკენმა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

როგორც სომხური მედია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხები. მხარეები შეეხნენ ჰუმანიტარულ სიტუაციას, რომელიც აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკირების შედეგად შეიქმნა.

შეხვედრა არლინგტონში, ჯორჯ შულცის ცენტრში გაიმართა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მხარეც ავრცელებს.