ბოლო დღე-ღამეში, რეგიონში 140-მდე აფეთქება დაფიქსირდა – ომის 433-ე დღე

100
spot_img

უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. ღამით საოკუპაციო ძალების სამიზნეში სუმის ოლქი მოექცა. რეგიონში 140-მდე აფეთქება დაფიქსირდა.

რუსულმა არმიამ საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი გაუხსნა ოლქის საზღვრის გასწვრივ მდებარე დასახლებებს. ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილად დონეცკის ოლქი, კერძოდ კი, ბახმუტი რჩება.

ღამით, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 100-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და სახლი, ცხრა საგანმანათლებლო დაწესებულება და ხუთი მაღაზია დაზიანდა.

ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

„პავლოგრადში 24 მრავალსართულიანი შენობა, 80 კერძო სახლი, 9 სკოლა და სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულება და 5 მაღაზია დაზიანდა“, – აღნიშნულია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 31 აპრილისა და 1 მაისის ღამეს, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში აფეთქებების ხმა გაისმა.

უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტების 41 შეტევა მოიგერიეს. ბახმუტი და მარინკა ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებად რჩება – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვის ოლქის ლიზუნოვკას დასახლებაზე მართვადი ბომბებით საჰაერო დარტყმა განახორციელეს. თავდასხმას ბავშვი ემსხვერპლა. ამასთან, რუსებმა ჩერნიგოვის ოლქის კიდევ რამდენიმე დასახლება დაბომბეს.

„ლიმანის მიმართულებით მტერმა წარუმატებელი შეტევა განახორციელა ნოვოსელოვკისა და ბელოგოროვკის რაიონებში. რუსებმა ავიადარტყმა მიაყენეს ბელოგოროვკას, გრიგოროვკასა და სპორნოეს. რუსეთის ფედერაციის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა ლუგანსკის ოლქის მაკიივკას, დიბროვასა და ბელოგოროვკას დასახლებები და ვერხნეკამენოესა და სპორნოეს დასახლებები დონეცკის ოლქში“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგე შეტევის განხორციელებას ცდილობს და ბახმუტში ბრძოლა გრძელდება. ამასთან, რუსებმა სცადეს წინსვლა პრედტექინოს დასახლების მიმართულებით და საჰაერო დარტყმა განახორციელეს ბახმუტსა და ბელაია გორაზე.

„ავდიივკას მიმართულებით მტერმა შეტევა წამოიწყო სევერნოესა და პერვომაისკოეს დასახლებების რაიონებში, მაგრამ წარუმატებლად. დამპყრობლებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს ავდიივკაზე და დონეცკის ოლქის ლასტოჩკინოს, სევერნოიეს, პერვომაისკოესა და კარლოვკას დასახლებები დაბომბეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

რაც შეეხება მარინკას მიმართულებას, გენშტაბის ცნობით, რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინის პოზიციებზე შეტევის განხორციელებას და მარინკასთვის ბრძოლები გრძელდება.