Home Blog Page 2012

მრავალსართულიანი სახლი ხერსონიდან ოდესის სანაპიროებამდე „მიცურდა“ (ვიდეო)

ინტერნეტში გავრცელდა მრავალსართულიანი შენობის ვიდეო, რომელიც ხერსონიდან ოდესის სანაპიროებთან „მიცურდა“. ვიდეოს და ინფორმაციას Ukraina.ru ტელეგრამის არხზე აქვეყნებს.

„წყალდიდობის შედეგები: ხერსონიდან ოდესის ნაპირებისკენ მრავალსართულიანი შენობა მიცურავდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში. ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ სამსართულიანი შენობა, რომელიც ტალღებზე ცურავს.

6 ივნისს რუსეთმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქა. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს, მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ კიევმა “საბოტაჟი მოაწყო”

.

,,ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის ძალიან საინტერესო გამოკითხვა ჩატარდა” – ქართველიშვილი

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ევროსაბჭოს მიერ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების ნაწილს აქვეყნებს.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, გამოკითხვა ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანაში ჩატარდა და ეხებოდა ამ ქვეყნებში საზოგადოების განწყობებს რუსეთთან მიმართებით.

„ევროსაბჭოს მიერ ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანაში (ავსტრია, ბულგარეთი, დანია, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, ესპანეთი, იტალია და შვედეთი) ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის ძალიან საინტერესო გამოკითხვა, რომლის ზოგიერთ შედეგსაც წარმოგიდგენთ:

✔️ EU-ს მოქალაქეების 4% – თვლის რუსეთს მოკავშირედ, 19% – აუცილებელ პარტნიორად, 9% – მოწინააღმდეგედ, 55% – მტრად, 13% – გაუჭირდა პასუხის გაცემა

✔️ ბულგარეთში 18% – თვლის რუსეთს მოკავშირედ, 47% – აუცილებელ პარტნიორად, 3% – მოწინააღმდეგედ, 17% – მტრად

✔️ დანიაში რუსეთს მტრად თვლის – 74%, პოლონეთში – 71%, შვედეთში – 70%, ნიდერლანდებში – 67%, ავსტრიასა და უნგრეთში – 46%, იტალიაში – 37%

✔️ ერთ-ერთი შეკითხვა შემდეგნაირად ჟღერდა: „რუსეთიდან ენერგომატარებლებისა და ბირთვული საწვავის შესყიდვისას – რა დომინირებს: სარგებელი თუ რისკები“. პასუხები: ძირითადად რისკები – 23%, უფრო რისკები – 26%, სარგებელი აღემატება რისკებს – 9%, ძირითადად სარგებელი – 6%, რისკებთან ერთად სარგებელიც – 20%, გაუჭირდა პასუხის გაცემა – 16%

✔️ შემდეგი საინტერესო შეკითხვა: „ომის, სამშვიდობო ზავით დასრულების შემთხვევაში, რა ტიპის ურთიერთობები უნდა დაალაგონ ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსეთთან“: გაწყვიტონ მასთან ყველა ურთიერთობა – 18%, დაამყარონ შეზღუდული ურთიერთობები – 48%, აღადგინონ სრული ურთიერთობები – 21%, გაუჭირდათ პასუხის გაცემა – 13%

✔️ ურთიერთობების სრული გაწყვეტის მომხრეა: პოლონეთში – 39% (სრული აღდგენის მომხრე – 8%), დანიაში – 26% (სრული აღდგენის მომხრე – 9%), შვედეთში – 26% (სრული აღდგენის მომხრე – 8%), ესტონეთში – 23% (სრული აღდგენის მომხრე – 13%)

✔️ ურთიერთობის სრული აღდგენის მომხრეა – ბულგარეთში 51% (სრული გაწყვეტის მომხრე – 3%), ავსტრიაში – 36% (სრული გაწყვეტის მომხრე – 13%), უნგრეთში – 32% (სრული გაწყვეტის მომხრე – 5%)

✔️ „უკრაინის რუსეთზე გამარჯვების შესაძლებლობა“: დიდი ალბათობა – 8%, სავსებით შესაძლებელი – 25%, უფრო შეუძლებელი – 28%, თითქმის შეუძლებელი – 17%, გაუჭირდათ პასუხის გაცემა – 22%“ , – წერს, ქართველიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბოლო დროს ისეთ მდგომარეობაშია, რომ ყველაფრის გასაღები დაკარგული აქვთ”- მდინარაძე

ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბოლო დროს ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ ყველაფრის გასაღები დაკარგული აქვთ. სიტყვა „ნაცი“ არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოიცავს, არამედ სხვა პარტიებს, რომლებიც მათი კლასტერები არიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რაიმე რისკი არსებობს, ამაში დამნაშავეები „გარე დავალებების შემსრულებლები“ არიან.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბოლო დროს ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ ყველაფრის გასაღები დაკარგული აქვთ. პრობლემა მხოლოდ პარტიაში არ არის, პრობლემა „ნაცობაშია”, რაც უფრო ფართო ცნებაა. ეს ტერმინი არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოიცავს, არამედ სხვა პარტიებს, რომლებიც მათი კლასტერები არიან. მათი საერთო ნიშანი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, დავალებების შესრულება და უსამშობლობაა. ამ სართო ნიშანში გაერთიანებულ ადამიანებს ვეძახით „ნაცებს“. რამდენად არ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო, რომ ამბობდე, კანდიდატის სტატუსისთვის არაფერი კეთდებაო, მაშინ, როდესაც კეთდება. ოდნავ მაინც რისკი თუ არსებობს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რაც შეიძლება განვიხილოთ, ამაში დამნაშავეები გარე დავალებების შემსრულებლები არიან. ამას საზოგადოება კარგად ხედავს, თორემ დღეს „ქართულ ოცნებას“ 11 წლის მმართველობის შემდეგ მზარდი რეიტინგი არ ექნებოდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ასევე შეაფასა ოპოზიციის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა „დაიბარა“.

მდინარაძის განცხადებით, თავმოყვარეობამ არ უნდა მოგცეს იმის საშუალება, რომ საკუთარი ქვეყნის პირველ პირზე მსგავსი კომენტარი გააკეთო, რომ ის სხვა ქვეყანაში დაიბარეს.

„ალბათ, თავმოყვარეობამ არ უნდა გაგიშვას ადამიანი, რომ როგორც არ უნდა უარყოფითი განწყობა გქონდეს შენი ქვეყნის, მისი ლიდერის თუ სახელისუფლებო გუნდის მიმართ, რომ აკადრო საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას, რომ მის პირველ პირს ვინმე სადმე იბარებს. ეს უბრალოდ არ უნდა აკადრო არც ჟურნალისტმა, არც პოლიტიკოსმა და არცერთმა მოქალაქემ, რომ შენი ქვეყნის ლიდერი სადმე დაიბარეს. მათ ლიდერებს, მათ პარტიულ ლიდერებს იბარებდნენ, ეს აკადრეს საკუთარ ქვეყანას და ამ ძველი ნაკადრებიდან გამომდინარე, დღესაც იგივე ფსიქოლოგიით დარჩნენ. ამას ლაპარაკობს ყველა ობიექტურად მოფიქრალი ადამიანი და მეც იგივე აზრზე ვარ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, თუ ბრიუსელში პოლიტიკურად ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ და ამისთვის მათ საკმარისი საფუძველი აქვთ.

„ამბავი, რომელიც გაგაცნობს ღმერთს“ – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ახალ პროექტს იწყებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იწყებს მორიგ პროექტს: „ამბავი, რომელიც გაგაცნობს ღმერთს“.

პროექტის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული უნარი გააჩნიათ მოზარდებთან ურთიერთობისა და მათთვის ცოდნის გადაცემისა.

🔴 პროექტში მონაწილეობა საშუალებას მოგცემთ, გახდეთ სულიერი მეგობარი და ფასეულობათა გზამკვლევი ახალგაზრდა თაობისთვის.

🔴 თუ შეგიძლია მარტივად და ნათლად გადმოსცე ქრისტიანული სწავლების მთავარი ღირებულებები.

🔴 შეგიძლია მოზარდებისთვის ნაცნობი ლიტერატურიდან, იგავებიდან, ფილმებიდან ან ზღაპრებიდან პარალელების მოყვანა მნიშვნელოვანი თემების შესახებ, როგორებიცაა: რწმენა, ერთგულება, სამშობლო, სიყვარული, თანადგომა, თანაგრძნობა, მეგობრობა, სამყარო და სხვა.

🔴 თუ შეგიძლიათ დააინტერესოთ მოზარდი და ჩართოთ შემეცნებით პროცესში, მაშინ მოამზადე 5-10-წუთიანი ვიდეოჩანაწერი, რომლითაც გაგვიზიარებ იმიტირებული საგაკვეთილო პროცესის მცირე მაგალითს, პრეზენტაციას ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებით.

🔴 ეს პროექტი დაგვეხმარება სამომავლო აქტიურ ურთიერთთანამშრომლობაში, ცოდნის გაღრმავებაში, ჩართული იყოთ სხვადასხვა ერთობლივ აქტივობაში და რაც ყველაზე მთავარია, გაგიჩნდებათ საშუალება შეაყვაროთ მოზარდებს ის, რაც თავად გიყვართ.

რეგისტრაციისა და ვიდეოს გამოსაგზავნად გადადით ქვემოთ მითითებული ბმულზე:

https://forms.gle/hbYqpGSjTUX3uewC9

რეგისტრაციის ვადა სრულდება 23.06.2023 18:00-ზე.

საუკეთესო პრეზენტაციების ავტორები დაჯილდოვდებიან 27.06.2023.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: 55697793

რამდენიმე „ფორმულასთან“ აფილირებული ახალგაზრდა იყო, რომელთა ორიენტაცია ყველანაირად არის არეული- კობახიძე

ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია, ისინი იყვნენ მოსული და იღებდნენ ამ ე.წ. ინციდენტს. სინამდვილეში, მოსული იყო რამდენიმე ფორმულასთან აფილირებული ახალგაზრდა, რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტს.

კობახიძის განცხადებით, აღნიშნული ახალგაზრდები, რომლებიც ტელეკომპანია „ფორმულასთან“ არიან დაკავშირებული, რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ პარლამენტის წინ გამართული აქციიდან. “ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ახალგაზრდების გადარჩენა, მე მგონია, რომ მათი გადარჩენა შესაძლებელია, დარწმუნებული ვარ, მათი ორიენტაციის სწორ რელსებზე მოქცევა შესაძლებელია. ეს ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის წინ იდგნენ, რამდენიმე დღის წინ და პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ, არაფერ შუაშია მათი სტუდენტობა ამ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მათი ორიენტაცია, სამწუხაროდ, ყველანაირად არის არეული.

მგონია, რომ ეს ადამიანები სწორ რელსებზე უნდა მოექცნენ, საჭიროა, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგონები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის, ამ ახალგაზრდების გადასარჩენად.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საჭიროა, ამ ახალგაზრდების ორიენტაცია სწორ რელსებზე დადგეს და ისინი ჩადგნენ არა უცხოელი აგენტების, არამედ ქვეყნის სამსახურში. “როცა ხარ “ნაცი”, “გირჩელი” და ა.შ.

ეს ნიშნავს პოლიტიკური ორიენტაციის არევას, ჩვენი მიზანია, რომ ეს ახალგაზრდები სწორ გზას დაადგნენ, ჩადგნენ საკუთარი ქვეყნის სამსახურში და არა იმ პოლიტიკური ძალების სამსახურში, რომლებიც არიან უცხოელი აგენტები და ასევე, მათი ყველანაირი ორიენტაცია არის გამოსასწორებელი, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, სწორ ჩარჩოებში მოვაქციოთ.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,დღეს ისინი ითხოვენ იმავეს საჯარო მოხელეებისგან, რასაც ასე აქტიურად გაურბოდნენ”- კობახიძე

წელს დაინიცირდა კანონი, რომელიც ითვალისწინებდა არასამთავრობო ორგანიზაციების, „კოლექტიური გიგაურების“ გამჭვირვალობას და ამ კანონს დაარქვეს რუსული კანონი. დღეს ისინი ითხოვენ იმავეს საჯარო მოხელეებისგან, რასაც ასე აქტიურად გაურბოდნენ თავის დროზე, როცა რუსულ კანონად მონათლეს ამერიკულიკანონი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ეს მეტყველებს მათ პოლიტიკურ მიზნებზე: თვითონ არ სურთ გამჭვირვალობა და მათი ფინანსური საქმიანობა ბუნდოვანი უნდა დარჩეს. დღეს ვერავინ იტყვის, თუ ვინ, რისთვის და საიდან იღებს დაფინანსებას. ეს არის სამწუხარო მოვლენა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით გვაქვს ასეთი მოცემულობა. ამ დროს, როდესაც თვითონ გაურბიხარ გამჭვირვალობას და ითხოვ მეტ გამჭვირვალობას საჯარო მოხელეებისგან, ეს არის ორმაგი სტანდარტი, ძალიან რბილად რომ ვთქვათ“, – აცხადებს კობახიძე.

ჭიათურაში მე-4 დღეა, რაც მაღაროელები გაფიცულები არიან

ჭიათურაში 3 ათასზე მეტი მაღაროელი მე-4 დღეა გაფიცულია.

მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

გაფიცულები აქციას ჭიათურის ცენტრში მართავენ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანიას კრიზისის გამო, თანამშრომლების მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლია.

მაღაროელები მათი მოთხოვნების შესრულებამდე, მუშაობის განახლებას არ აპირებენ.

,,შეიძლება ასობით საიდუმლო საბუთის დაკარგვის შესახებ ამ დროის მანძილზე არ სცოდნოდათ?”- სალუქვაძე

სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალდების წარდგენას სოციალურ ქსელში აფასებს.

სალუქვაძის განმარტებით, ნაკლებად სავარაუდოა, ტრამპის აგარაკზე, მის მიერ თანამდებობის დატოვებიდან 2 წლის შემდეგ აღმოეჩინათ საიდუმლო დოკუმენტები და ბაიდენის ადმინისტრაციას მანამდე არაფერი სცოდნოდა. ექსპერტი ასევე პარალელს ავლებს სააკაშვილის საქმესთან და სვამს კითხვას, გადახედონ, თუ რა დანაშაულებს აარიდეს თავი მესამე პრეზიდენტმა და მისმა მაღალჩინოსნებმა კოჰაბიტაციის საშუალებით.

„ტრამპს 400 წელი ციხე ემუქრება. ბრალდება 38 პუნქტისგან შედგება. 400 წელი საიდუმლო საბუთების არასწორად შენახვის და სავარაუდო შპიონაჟის გამო. საიდუმლო საბუთს როცა შემომიტანდა გასაცნობად/სამუშაოდ საიდუმლო ნაწილის უფრისი, სანამ უკან არ დავუბრუნებდი, სახლში არ მიდიოდა. აშშ-ში როგორაა საიდუმლო საქმისწარმოება ორგანიზებული, არ ვიცი. ეჭვი მეპარება, რომ ბაიდენი მის მიერ წაკითხული საიდუმლო საბუთების შენახვაზე ზრუნავდეს. როგორც ამ თვეების მანძილზე გაირკვა, წინა ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებსაც უპოვეს „ბღუჯა-ბღუჯა“ საბუთები, ზოგს აგარაკზე, ზოგს ავტოფარეხში.

შეიძლება თანამდებობიდან წასვლიდან 2 წლის შემდეგ აღმოაჩინონ, რომ ათობით, შეიძლება ასობით (ტრამპის აგარაკზე ათობით მუყაოს ყუთი აჩვენეს) საიდუმლო საბუთის დაკარგვის შესახებ ამ დროის მანძილზე არ სცოდნოდათ? საიდუმლო საბუთებზე მკაცრი აღრიცხვა და კონტროლია. უზარმაზარი ადმინისტრაცია, პლუს სპეცსამსახურები… ხმაური ატყდა ძველი ადმინისტრაციის წასვლიდან 2 წლის შემდეგ. ერთდროულად აღმოუჩინეს ყოფილ პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს და ა.შ. ცალკე საკითხია კაპიტოლიუმის შტურმისთვის 900-ზე მეტი პირის გასამართლება და ძალიან დიდი სასჯელების გამოტანა. ჰოდა, იქნებ სააკაშვილის ბრალდებები უკეთ გადაიკითხონ და თქვან 6 წელი ხომ არ ეცოტავებათ? ასევე გადახედონ რა დანაშაულებს აარიდეს თავი სააკაშვილმა და მისმა მაღალჩინოსნებმა დასავლეთიდან თავსმოხვეული თანაცხოვრების (კოჰაბიტაციის) გამო?! ახლა მეორე სერიაა დაწყებული, დეპოლარიზაციის სახელით“, – წერს სალუქვაძე Facebook-ზე.

,,ხაბეიშვილი არის დაშლის გასაღები”- სუბარი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ხაბეიშვილი არის დაშლის გასაღები – თუ როგორ უნდა დაშალოს პარტია, სხვა გასაღები მას არ აქვს და ვერავის ვერაფერს ასწავლის.

„მართლა რა საცოდავ დღეშია ვაშაძე-მანჯგალაძის ჯგუფი. ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი დარჩა, რომელიც დღემდე რაღაცნაირად ებღაუჭება „ნაცმოძრაობას“. პარტიების უმრავლესობა საღად აფასებს იმას, რომ „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანება არ გამოვა. ალბათ დაიწყებენ რაღაც ახალი ალიანსების ძებნას, თუმცა ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ, ეს არის „მკვდარი მკვდარს აეკიდა“, იმიტომ რომ არანაირი რეიტინგი, შანსი და იდეა მათგან არ მოდის“, – აცხადებს სოზარ სუბარი.

პუტინის განცხადებით, ბელარუსში ბირთვული იარაღი 7-8 ივლისის შემდეგ განთავსდება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ბელარუსში ბირთვული იარაღი 7-8 ივლისის შემდეგ განთავსდება.

პუტინმა აღნიშნა, რომ რუსული ბირთვული იარაღის განთავსება ბელარუსში დაიწყება მას შემდეგ, რაც 7-8 ივლისს ობიექტების მომზადება დასრულდება.

„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მოგეხსენებათ, 7-8 ივლისს დასრულდება შესაბამისი ობიექტების მომზადება და ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ღონისძიებებს თქვენს ტერიტორიაზე შესაბამისი ტიპის იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით”,- განაცხადა პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე.

ბორის ჯონსონი სადეპუტატო მანდატს ტოვებს

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დეპუტატის მანდატს ტოვებს.

როგორც BBC წერს, ამის მიზეზი ე.წ. Partygate-ის საქმეზე საპარლამენტო კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიშია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს, ქვეყანაში გამოცხადებული „ლოქდაუნის“ პირობებში, დაუნინგ სტრიტზე წვეულებების გამართვას შეეხებოდა.

ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ თემთა პალატის წევრებმა აღნიშნული გამოძიება მისი პარლამენტიდან გაძევების მიზნით წამოიწყეს.

მისი თქმით, კომიტეტის პოზიცია, მან აღნიშნულ წვეულებებთან დაკავშირებით თემთა პალატა შეცდომაში შეიყვანა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მათ ჯერ კიდევ არ წარმოუდგენიათ არც ერთი მტკიცებულება, რომ მე გამიზნულად შევიყვანე შეცდომაში [თემთა პალატა]“, – აცხადებს ჯონსონი.

მისივე თქმით, კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა „სავსეა უზუსტობებით“.

შეგახსენებთ, ბორის ჯონსონმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2022 წელს დატოვა. ის ამ დრომდე, თემთა პალატის წევრი იყო, თუმცა მანდატის დატოვების შემდეგ, მის ოლქში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.

,,იმ შემთხვევაში, თუკი, საქართველო რუსეთს დაამარცხებდა, აუცილებლად გავხდებოდით NATO-ს წევრებიც- ქართველიშვილი

„ხალხის ძალასთან“ ერთად საზოგადოებამ სიმართლეს ფარდა ახადა და იმ საერთაშორისო ძალებს, შიდა მტრებს, მავნებლებს, იმ უკრაინის „ნაცების“ ფილიალს დაანახა, რომ ვიცით თითოეული პუნქტი მათი მზაკვრული გეგმისა, რომელშიც ხელისუფლების აყირავება, მავნებლური, გენმოდიფიცირებული მთავრობის დაბრუნება და საქართველოს დამოუკიდებლობის საბოლოოდ დასამარება შედის“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა გადაცემა „ უცნობის კიდობანში“ განაცხადა

მისი თქმით, „ის პასუხი, რომელიც შარშან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან, ხოლო წელს, NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით მიიღო უკრაინამ, საქართველოსაც ეხება, რადგან არანაირი წყალგამყოფი ამ პოზიციებს შორის არ არსებობს“:

„ანუ, შარშან რომ ომში შევსულიყავით და მეორე ფრონტი გაგვეხსნა, სასწრაფო წესით მოგვანიჭებდნენ ამ არაფრისმომცემ კანდიდატის სტატუსს; ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი, საქართველო რუსეთს დაამარცხებდა, აუცილებლად გავხდებოდით NATO-ს წევრებიც. ე.ი. რამხელა საფრთხეს ავცდით. ამის არდაფასება მართლა სექტანტურ, არანორმალურ ტვინში შეიძლება დაიბადოს. მართლა კბილებით უჭირავს პატარა საქართველოს თავი და ყველა საფრთხეს ვიგერიებთ. ჩვენი, „ხალხის ძალის“ შექმნის იდეაც ეგ იყო, რომ ეს საინფორმაციო ვაკუუმი გაგვერღვია და საზოგადოებასთან ყველაფერზე ღიად გველაპარაკა. იმიტომ, რომ დიპლომატიური, კულუარული თუ პოლიტკორექტული ტონი ისეთ თემებთან, რომლებიც შენს საქართველოს, შენს სამშობლოს ემუქრება, უკვე არ შეიძლებოდა.

ჩვენთან ერთად საზოგადოებამ სიმართლეს ფარდა ახადა და იმ საერთაშორისო ძალებს, შიდა მტრებს, მავნებლებს, იმ უკრაინის „ნაცების“ ფილიალს დაანახა, რომ ყველაფერი ვიცით. ვიცით თითოეული პუნქტი მათი მზაკვრული გეგმისა, რომელშიც შედის ხელისუფლების აყირავება, მავნებლური, გენმოდიფიცირებული მთავრობის ხელისუფლებაში დაბრუნება და საქართველოს დამოუკიდებლობის საბოლოოდ დასამარება. არაფერი გამოუვათ – საზოგადოება, ქართველი ერის უმრავლესობა არ გავჩერდებით და ვერავინ გაგვაჩერებს. როგორ შეიძლება გააჩერო ერი, რომლის ძირითადი საყრდენი ძალა არის ღმერთი, ღვთისმშობელი და ჩვენი ზეციური, ასობით, ათასობით წმინდანთა დასი. ყველას ეპატარავება ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რადგან ვერ ტვინავენ, ასეთი პატარა ქვეყანა როგორ ახერხებს ამ დოზით ურჩობას, მაშინ, როდესაც თავიანთი გეგმები უკრაინაში ან სხვაგან გამოსდით. მაგრამ, საქართველოში, იგივე, ნაცადი მეთოდებით ხელისუფლების აყირავება, ჩვენი დაჩოქება თუ ცალ ფეხზე დგომა გამორიცხულია“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.