ბორის ჯონსონი სადეპუტატო მანდატს ტოვებს

83
spot_img

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დეპუტატის მანდატს ტოვებს.

როგორც BBC წერს, ამის მიზეზი ე.წ. Partygate-ის საქმეზე საპარლამენტო კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიშია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს, ქვეყანაში გამოცხადებული „ლოქდაუნის“ პირობებში, დაუნინგ სტრიტზე წვეულებების გამართვას შეეხებოდა.

ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ თემთა პალატის წევრებმა აღნიშნული გამოძიება მისი პარლამენტიდან გაძევების მიზნით წამოიწყეს.

მისი თქმით, კომიტეტის პოზიცია, მან აღნიშნულ წვეულებებთან დაკავშირებით თემთა პალატა შეცდომაში შეიყვანა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მათ ჯერ კიდევ არ წარმოუდგენიათ არც ერთი მტკიცებულება, რომ მე გამიზნულად შევიყვანე შეცდომაში [თემთა პალატა]“, – აცხადებს ჯონსონი.

მისივე თქმით, კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა „სავსეა უზუსტობებით“.

შეგახსენებთ, ბორის ჯონსონმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2022 წელს დატოვა. ის ამ დრომდე, თემთა პალატის წევრი იყო, თუმცა მანდატის დატოვების შემდეგ, მის ოლქში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.