Home Blog Page 2011

“ზოგი დაუკრეფავშიც გადასულა, ისეთს დაგიკომენტარებ, სტატუსი კი არა, თავიც რომ დაგავიწყდეს”-რომან გოიცირიძე

ბოიკოტზე და ანტიშარლმიშელზე რომ ატყდა ისტერიკა და დრომ რომ გვაჩვენა, ვინ იყო მტყუანი და ვინ მართალი, ასე გამოჩნდება ცოტა დროის გასვლის შემდეგ სტატუსთან დაკავშირებული პოზიციებიც, – წერს  სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე.

“არა ვარ საქართველოში და ბოლომდე ახლა გავერკვიე რა მსგავსი სახის ისტერია ამტყდარა და თანაც იმ ადამიანებისაგან, ვინც შარლ მიშელს გმობდა, ბოიკოტს უჭირდა მხარს და აჭარის დეპუტატზე სანაგვე ყუთის თავზე დამხობას ზეიმობდა. ზოგი დაუკრეფავშიც გადასულა. ვნახე რაღაც კომენტარები.

ისეთს დაგიკომენტარებ, სტატუსი კი არა, თავიც რომ დაგავიწყდეს.

ვინც სტატუსის წინააღმდეგია და ამას არც მალავს, მცდარ პოზიციაზე მყოფი, მაგრამ წესიერი ადამიანია. ვინც ჩუმ-ჩუმელობს, არის მშიშარა და ორპირი”, – წერს გოცირიძე.

“ორბანმა პოლონეთი დაკარგა და პუტინთან გაფრინდა” – Reflex

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, პოლონეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ევროპის მინდორზე მთავარი მოკავშირე დაკარგა – იაროსლავ კაჩინსკის პარტია „კანონისა და სამართლის“ სახით, როცა მან, მართალია, ყველაზე მეტი ხმები მიიღო, მაგრამ მთავრობის ჩამოყალიბებას მაინც ვერ შეძლებს, – ნათქვამია ჩეხურ გამოცემა „რეფლექსში“ () გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ორბანმა პოლონეთი დაკარგა და პუტინთან გაფრინდა. „ვიშეგრადის ოთხეული“ ისეთი, როგორიც ვიცოდით, აღარ არსებობს“ (ავტორი – ოლივერ ადამეკი). „ბუდაპეშტი, ისევე როგორც ვარშავა, ევროკავშირში განცალკევებულად მჯდარი „თეთრი ყვავებივით“ იყვნენ, თითქოსდა სხვებისგან გარიყულები და მხოლოდ ერთმანეთის იმედი ჰქონდათ, ახლა კი ვიქტორ ორბანი მარტო დარჩა. ამ კონტექსტში სიმბოლურია ის დრო, რომელიც ვიქტორ ორბანმა ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად აირჩია, – აღნიშნავს ავტორი.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პოლონეთის არჩევნები ლიბერალურმა ოპოზიციამ მოიგო. კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართალი“ მთავრობას ვერ შექმნის. ცენტრალური ევროპისათვის ეს მოვლენა პრინციპულ ცვლილებებს ნიშნავს და პირველ რიგში, ვიქტორ ორბანისათვის. უნგრელმა პრემიერ-მინისტრმა ევროპულ მინდორზე, პოლონეთის მთავრობის სახით, მთავარი მოკავშირე დაკარგა და მისი ადგილი ვიქტორ ორბანის ძველმა მეტოქემ დონალდ ტუსკმა დაიკავა. როგორც კი ეს ფაქტი გახდა ცნობილი, ვიქტორ ორბანი ჩინეთში წავიდა და იქ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

„ოთხეულიდან“ „ორეულამდე“

პოლონეთის არჩევნებს უნგრეთის მმართველი პარტია „ფიდესი“ ყურადღებით აკვირდებოდა. მართალია, მან „კანონს და სამართალს“, მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით, პირველი ადგილის დაკავება მიულოცა, მაგრამ საბოლოო ჯამში „ფიდესი“ მაინც იმედგაცრუებული დარჩა. რა აზრი აქვს პირველი ადგილის დაკავებას, როცა მთავრობის შექმნა და ძალაუფლების განხორციელება შეუძლებელი ხდება?

ერთადერთი სანუგეშო მოვლენა ვიქტორ ორბანისათვის სლოვაკეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებია – პრორუსული ორიენტაციის მქონე რობერტ ფიცო, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი იქნება და კრემლისადმი ლოიალურ პოლიტიკას გაატარებს.

მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, რომ „ვიშეგრადის ოთხეული“ (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი) დღეისათვის „ორეულად“ რჩება (უნგრეთი და სლოვაკეთი).

ორბანი და ტუსკი: მტრები თუ მოყვარეები?

დონალდ ტუსკი და ვიქტორ ორბანი ერთმანეთის მიმართ აშკარა ანტიპათიას გამოხატავენ. როცა შარშან უნგრეთში არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, ბუდაპეშტში დონალდ ტუსკი ჩავიდა და ოპოზიციას მხარი დაუჭირა, რითაც ვიქტორ ორბანის უკმაყოფილება გამოიწვია. ახლა მათთვის რთული იქნება ურთიერთობის განვითარება. დონალდ ტუსკი ვიქტორ ორბანს უკრაინასთან დაკავშირებითაც რეგულარულად აკრიტიკებს: „უნგრეთი უკრაინას არ ეხმარება, ამიტომ ორბანს და სიარტოს (საგარეო საქმეთა მინისტრს) ვლადიმერ პუტინი მალე „გაზპრომში“ წაიყვანს და თბილ ადგილებზე დანიშნავსო“, – მწარედ წერს „იქს“-ქსელში (ყოფილ „ტვიტერში“) დონალდ ტუსკი.

ბოლო წლებში პოლონეთის ევროპულ პოლიტიკას უნგრეთისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ბუდაპეშტი და ვარშავა სინქრონულად გამოდიოდნენ ბრიუსელის „დირექტივების“ წინააღმდეგ. ახლა ვიქტორ ორბანს, სავარაუდოდ, სლოვაკეთთან მოუწევს დაახლოება, სადაც პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო იქნება – მსგავსი პოზიციების მქონე პოლიტიკოსი. და თუ ჩეხეთში პრემიერად, ვთქვათ და ანდრეი ბაბიში დაბრუნდება, ვიქტორ ორბანისათვის ეს საუკეთესო სიტუაცია იქნება.

პუტინთან ნახევარი მსოფლიოს გავლით

გარემოებათა დამთხვევის შედეგად, როცა პოლონეთის არჩევნების შედეგები გამოცხადდა და როცა ცნობილი გახდა, რომ იაროსლავ კაჩინკის პარტიამ მთავრობის შესაქმნელად საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ მიიღო, ვიქტორ ორბანი პეკინში გაფრინდა ჩინეთის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში „აბრეშუმის ახალ გზაში“ (ანუ „გზა და სარტყელში“) მონაწილეობისათვის. ეს ეკონომიკური ფორუმი, როგორც დამკვირვებლები თვლიან, მოწოდებულია ჩინეთის ეკონომიკური გავლენის გასაძლიერებლად. ვიქტორ ორბანი ერთადერთი პრემიერ-მინისტრი იყო ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომელიც პეკინში ჩავიდა.

ვიზიტის პროგრამის ჩარჩოებში იგი შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და ამრიგად, მეორე პოლიტიკოსი გახდა ევროკავშირიდან, რომელმაც უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ რუსი ლიდერისთვის ხელის ჩამორთმევა გადაწყვიტა. არცერთ მხარეს არ გაუკეთებია კომენტარი, თუ ვისი ინიციატივა იყო მათი შეხვედრა. ყურადღება ორმა დეტალმა მიიპყრო: პირველი – პუტინთან საუბრისას ორბანს არასდროს არ უთქვამს სიტყვა „ომი“, ხოლო უკრაინასთან კონფლიქტს „სამხედრო ოპერაციას“ უწოდებდა – როგორც ეს რუსეთშია ოფიციალურად მიღებული. მეორე – პრეზიდენტთან შეხვედრის დროს მან რუს საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსაც ხელი ჩამოართვა. ადრე ასეთი ჟესტები ვიქტორ ორბანს თითქმის არ ახასიათებდა.

ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთისათვის აუცილებელია მიგრანტების ნაკადის შემცირება, ანტირუსული სანქციების გაუქმება და კონფლიქტის შეწყვეტა. სხვათა შორის, დღეისათვის უნგრეთში მხოლოდ 30 ათასი ლტოლვილია დარჩენილი (ათჯერ ნაკლები, ჩეხეთთან შედარებით!), სხვები უკვე ევროპის ქვეყნებში გადანაწილდნენ.

ის, რომ უნგრეთი, ვიქტორ ორბანის პრემიერობის პერიოდში, ევროპის მზის ქვეშ თავის ადგილს ეძებს, ეს ახალი არ არის – ასევე ისიც, რომ უკრაინის კონფლიქტში ბუდაპეშტს დე-ფაქტო პრორუსული პოზიცია აქვს. მაგრამ პოლონეთის არჩევნების შედეგად მოკავშირის დაკარგვის შემდეგ უნგრეთი სულ უფრო შორდება ევროპას. ამას წინათ ვიქტორ ორბანმა საბჭოური ოკუპაცია, როცა ყველაფერი მოსკოვიდან იმართებოდა, ბრიუსელის მმართველობის სტილს შეადარა, რითაც ევროპელი ლიდერების გაღიზიანება გამოიწვია. მართალია, ჟოზეპ ბორელმა (უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში) განაცხადა, რომ უნგრეთს ევროკავშირში არავინ იჭერსო, მაგრამ ბუდაპეშტის გასვლა ევროკავშირიდან არარეალურია.

წყარო

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ლევან დარახველიძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ახლად შექმნილი დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ლევან დარახველიძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ალექსანდრე დარახველიძეს ამ დრომდე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ლევან დარახველიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

“მაუწყებლობის შესახებ” პროექტი ევროკომისიასთან კომუნიკაციით შემუშავდა, იმედია, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის დირექტივას ვეტოს არ დაადებს -შალვა პაპუაშვილი

„მაუწყებლობის შესახებ“ პროექტი ევროკომისიასთან კომუნიკაციით შემუშავდა. იმედია, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის დირექტივას ვეტოს არ დაადებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მადლობას უხდის საქართველოში ევროკავშირის ელჩს იმისთვის, რომ მან ხაზი გაუსვა პროგრესს, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე მუშაობას ეხება.

„ბრიუსელში სხვადასხვა ადამიანთან კონტაქტი ოპოზიციასაც აქვს და ძალიან კარგად იციან, რომ ეს პროექტი ევროკომისიასთან კომუნიკაციით შემუშავდა და კანონპროექტი სიტყვასიტყვით ისე იყო გაწერილი, როგორც ევროკომისიასთან კომუნიკაცია იყო. მინდა, ევროკავშირის ელჩს მადლობა გადავუხადო, რომ მან ამ პროგრესს ხაზი გაუსვა. იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს ეს საკითხიც იყო ნახსენები და მან ქალბატონ სალომეს კანონთან დაკავშირებული საკითხი აუხსნა, რადგან ვიცით, რომ ოპოზიციის მხრიდან მოწოდებაა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის დირექტივას ვეტო დაადოს. იმედია, ევროკავშირის ელჩთან ამ თემაზე საუბარი ჰქონდა და ისეთ ვითარებას და პარადოქსს არ ვნახავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის დირექტივას ვეტოს დაადებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „გასული კვირების განმავლობაში, განსაკუთრებით ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ცხადად არის ბევრი დადებითი მოვლენა, მათ შორის „მაუწყებლობის კანონზე“ მუშაობა“.

“ევროკავშირი ერთიანია ჩვენი პრინციპების, ღირებულებების დაცვაში და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ისრაელს” – შარლ მიშელი

მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ ევროკავშირი ერთიანია. ერთიანები ვართ ჩვენი პრინციპების, ღირებულებების დაცვაში და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ისრაელს, მის უფლებას, რომ დაიცვას თავი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მიშელის თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები დაცულები უნდა იყვნენ ყველგან და ყოველთვის.

„ჩვენ ვგმობთ „ჰამასს“ და მის სასტიკ ტერორისტულ თავდასხმას. ვიმსჯელებთ ასევე ჰუმანიტარულ დახმარებაზე. ვფიქრობთ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაცულები უნდა იყვნენ ყველგან და ყოველთვის, გვექნება კარგი დებატები ლიდერებთან ერთად. ვისაუბრებთ უკრაინაზე, რა თქმა უნდა ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ვიმსჯელებთ იმაზე, როგორ შეგვიძლია მეტი დახმარების აღმოჩენა“, – განაცხადა მიშელმა.

სასიამოვნოა “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” მასპინძლობა, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს საკვანძო როლს ევროპასა და აზიას შორის არსებული ხიდის რანგში -პრემიერი

სასიამოვნოა “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” მასპინძლობა, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს საკვანძო როლს ევროპასა და აზიას შორის არსებული ხიდის რანგში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე” წერს.

“სასიამოვნოა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მასპინძლობა, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს საკვანძო როლს ევროპასა და აზიას შორის არსებული ხიდის რანგში.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2023 წელს აქცენტს გააკეთებს გლობალური და რეგიონალური დაკავშირებადობის უნარის გაძლიერებაზე, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებაზე და უფრო მედეგი მომავლის შესაძლებლობების გამოვლენაზე”, – აღნიშნავს პრემიერი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. ყურადღება გამახვილდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელობაზე.

აღინიშნა, რომ ფორუმზე წარმართული დისკუსიები სამომავლოდ უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის მყარ ნიადაგს შექმნის. განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები; ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას; საუბარი შეეხო ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს; ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში იმყოფება.

“საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს არამხოლოდ ვაჭრობის, არამედ საქონლის წარმოების კერა” -“მსოფლიო ბანკის” რეგიონალური დირექტორი

„დაკავშირებადობის შესახებ საუბარი ძალიან დროულია და კარგია, რომ საქართველომ იპოვა თავისი როლი. „დაკავშირებადობა” აერთიანებს სხვადასხვა საკითხებს და ქვეყნებს”, –  განაცხადა – „მსოფლიო ბანკის” ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონალური დირექტორმა ჩარლზ ჯეი კორმიერმა, რომელმა მონაწილეობა მიიღო „აბრეშუმის  გზის ფორუმის” სადისკუსიო პანელში – Meaningful Connectivity Enabler for Global Growth.

ჩარლზ ჯეი კორმიერის თქმით, დაკავშირებადობა არის ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს შეუძლია გამოიყენოს ეფექტური ვაჭრობისთვის. ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს აქვს ენერგეტიკის დიდი პოტენციალი და შეუძლია განავითაროს ახალ ბაზრებზე გასვლა. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც აკავშირებს სამხრეთ კავკასიას ევროპასთან საქართველოსა და რუმინეთის გავლით.

„ამ ფორუმის კიდევ ერთი მთავარი დღის წესრიგია დიგიტალიზაცია, მას აქვს უზარმაზარი ტრანსფორმაციის პოტენციალი რეგიონისთვის და ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით, დიგიტალიზაციაზე წვდომა შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და განავითარებს ინოვაციებს. ამ დერეფნის განვითარება ნიშნავს წარმოების განვითარებას. ამრიგად, ქვეყანას აქვს პოტენციალი, გახდეს არა მხოლოდ ვაჭრობის, არამედ საქონლის წარმოების კერა. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან შავი ზღვის კაბელის პროექტზე, უნდა გავუწიოთ სრული ტექნიკური დახმარება და უზრუნველვყოთ, რომ პროექტს ჰქონდეს სათანადო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და ზღვის ფსკერი მდგომარეობის სწორი შეფასება, დავრწმუნდეთ, რომ პროექტი ეკონომიკურად მომგებიანი იქნება ბაზარზე გასატანად “, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა.

კონცერტები ორი როიალისა და ორკესტრისთვის

თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით, 6 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში „კონცერტები ორი როიალისა და ორკესტრისთვის“, დათუნა ალადაშვილისა და მარიანა აჩბას მონაწილეობით გაიმართება.

 

არტისტები გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან და სპეციალურად მოწვეულ სტუმარ, ლუი შვიცბეგელ ვანგთან ერთად მოცარტისა და პულენკის ნაწარმოებებს შეასრულებენ.

 

კონცერტს დირიჟორობას დიანა იმერი ილკოსკა გაუწევს.

კონცერტის პროგრამა:

  • ვ.ა. მოცარტი – „დონ ჯოვანი“, უვერტიურა, K.527
  • ვ.ა. მოცარტი – კონცერტი ორი ფორტეპიანოსთვის, მი-ბემოლ მაჟორი, KV.365
  • ფ. პულენკი – კონცერტი ორი ფორტეპიანოსთვის, რე მინორი, FP 61

თიბისი კონცეპტის Visa ბარათით გადახდისას ისარგებლებთ 15%-იანი ფასდაკლებით. ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

(R)

“სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური დღის წესრიგის ნაწილია” – შალვა პაპუაშვილი

მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობით იმპიჩმენტი ჩავარდა, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია აღარ აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობისა და საკუთარი ამომრჩევლისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს ერთადერთი ლეგიტიმაცია „ნაციონალური მოძრაობისგან“ აქვს.

„ამ პარტიის დღის წესრიგი ვიცით, რაც არის – ეს არის რადიკალიზმი. ვხედავთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე მზადებაა, რომ რადიკალური დღის წესრიგი იყოს. როგორც ჩანს, ამ რადიკალური დღის წესრიგის ნაწილია, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილიც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თიბისის მხარდაჭერით მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) ბიზნეს სამიტი გაიმართება

საქართველოში პირველად, თიბისის მხარდაჭერით, 3 ნოემბერს, სასტუმრო ბილტმორში CX ბიზნეს სამიტი გაიმართება.

სამიტზე მომხმარებლის გამოცდილების მართვის განსხვავებულ მიდგომებსა და წარმატების ისტორიებს სხვადასხვა ინდუსტრიებში ამ კუთხით გამორჩეული ქართული კომპანიები გააზიარებენ. 

 CX Business Summit-ზე მთავარი სპიკერი საერთაშორისო CX ექსპერტი, კონსულტანტი და არაერთი წიგნის ავტორი – Shaun Belding იქნება. სამიტი კომპანიების მენეჯმენტს და დამსწრე აუდიტორიას მისცემს CX მართვის მიდგომების და სისტემების გაცნობის, ამ კუთხით გამოცდილების გაზიარებისა და ნეთვორქინგის შესაძლებლობას.

 ღონისძიების ორგანიზატორი CX Hub-ია. კომპანიის მიზანია გახდეს ბიზნესის პარტნიორი Customer Experience-ის (CX) სისტემური მართვის ჩამოყალიბებაში და დაეხმაროს ბიზნესს ჯანსაღ ზრდასა და განვითარებაში. ეს კი საბოლოო ჯამში, დამატებითი ბენეფიტის მომტანი იქნება მომხმარებლისთვის კომპანიებთან ურთიერთობაში გამოცდილების გაუმჯობესების სახით.

 სამიტზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ TKT.ge-ზე.

https://tkt.ge/event/370003/momkhmareblis-gamocdilebis-cx-martvis-biznes-samiti-2023

“დავაწესეთ გარკვეული სანქციები და წამოვაყენეთ გარკვეული მოთხოვნები, რეფორმებთან დაკავშირებით” – ჯეიმს ობრაიენი საქართველოს შესახებ

ამერიკული სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის” (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჯეიმს ობრაიენი საქართველოს შესახებ: „ამიტომაც დავაწესეთ გარკვეული სანქციები და წამოვაყენეთ გარკვეული მოთხოვნები, რეფორმებთან დაკავშირებით”. მასში განხილულია საკითხი საქართველოს დასავლური პერსპექტივისა და ორიენტაციის შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„ახლა კითხვა ისაა, ხომ არ გადაწყვეტენ საქართველოში ბიზნესების მცირე ჯგუფი და პოლიტიკური გავლენის მქონე პირები, რომ საქართველო იყოს რუხი ზონა, რუსეთსა და დასავლეთს შორის“ – ეს განცხადება, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, სენატში გამართულ მოსმენაზე გააკეთა.

ჯეიმს ობრაიენმა, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასა და 2024 წლის არჩევნების შესახებ, სენატორ ჯინ შაჰინის კითხვაზე პასუხად, 25 ოქტომბერს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

“საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთი ახლა ხმაურობს, ცდილობს ეს ტერიტორია სამხედრო პროექციის ბაზად გამოიყენოს. ეს ის არის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ქართველი ხალხის 85-90%-ს სურს იყოს კანონმორჩილი საზოგადოების ნაწილი, მათ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. სურთ, ძალიან ახლოს იყვნენ შეერთებულ შტატებთან. საკითხავია, ბიზნესების მცირე ჯგუფი და სხვები, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, ამჯობინებენ თუ არა [საქართველოს] რუსეთსა და დასავლეთს შორის, რუხ ზონად ყოფნას. ასე რომ, ჩვენი გამოწვევაა, მივუთითოთ ხალხს ყოველ ჯერზე: ახლა არის გარდამტეხი წერტილი, როცა გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ამიტომ, ჩვენ დავაწესეთ გარკვეული სანქციები და წამოვაყენეთ გარკვეული მოთხოვნები რეფორმებთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან ევროკავშირიდან. ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რაც საქართველოს გაუხსნის დაფინანსებასა და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომას. ჩვენ ვთქვით, რომ არის მთელი რიგი ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც საქართველომ უნდა გაატაროს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიღებთ, მაგრამ ვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა ჯეიმს ობრაიენმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები, 2024 წლის არჩევნებისთვის, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის გადაწყვეტილებამდე, გაეროს პირველად მოხსენებას დაელოდება. ეს „გვეტყვის, როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. შემდეგ, ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, ჩვენი შესანიშნავი პარტნიორების, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, რაც მთავარია, ქართველი ხალხის დახმარებით“ – თქვა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ მოსკოვის განცხადებას ასევე გამოეხმაურა რესპუბლიკელი სენატორი პიტ რიკეტსი. მისი თქმით, საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს, მის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების თამაში.

„შავი ზღვა ევროპის მომავლის გრავიტაციული ცენტრი ხდება და ეს ასევე არის რუსეთს, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის, დიდი ძალების კონკურენციაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თეატრი. უკრაინაში პუტინის უკანონო ომმა, რეგიონი ყურადღების ცენტრში მოაქცია, როგორც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ერთ-ერთი ფრონტის ნაწილი. პუტინს შავი ზღვისთვის არაფერი სურს უკეთესი გარდა იმისა, რომ ის რუსეთის ტბად, მისი საჰაერო სივრცე კი ფრენის აკრძალულ ზონად აქციოს. გამამხნევებელია, რომ უკრაინის ბოლო თავდასხმებმა ყირიმს და სევასტოპოლის პორტზე, რუსეთის შავი ზღვის „დიდებულ“ ფლოტს უკან დაახევინა და მისი საზღვაო დომინირება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა იმდენად, რომ ის ახლა აფხაზეთში ეძებს სეპარატისტ მეგობრებს, ახალი საზღვაო ბაზისთვის. საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს, მის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების თამაში“, – განაცხადა სენატორმა პიტ რიკეტსმა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე, ამერიკელმა კანონმდებლებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგია განიხილეს. დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, შესავალ სიტყვაშივე თქვა, რომ საქართველო რეგიონში, „პუტინის რევანშისტული პოლიტიკის“ პირველი სამიზნე იყო.

„საქართველო, რა თქმა უნდა, იყო რეგიონში პუტინის რევანშისტული პოლიტიკის პირველი სამიზნე, მაგრამ სამწუხაროდ, არა უკანასკნელი. შავი ზღვის რეგიონი, ვლადიმირ პუტინისთვის ფოკუსის კრიტიკულ ზონად იქცა, რამდენადაც ის ახორციელებს თავის აგრესიულ დღის წესრიგს. 2008 წელს, პუტინმა განახორციელა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ანექსია, რადგან საქართველო დემოკრატიის გზაზე წინ მიიწევდა. 2014 წელს, მან უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია, როდესაც უკრაინელებმა მკაფიოდ აიმაღლეს ხმა ევროკავშირის წევრობის მხარდასაჭერად და 2022 წელს, რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრა უკრაინაში, როდესაც გააცნობიერა, რომ ჩაგვრის მისი ტაქტიკა არ იმუშავებდა. შავი ზღვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან პუტინი მას თავის ორბიტაზე ხედავს. რუსეთში ზოგი მას საკუთარ ტბადაც კი მოიხსენიებს. ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი], შავ ზღვას ისტორიულად და სტრატეგიულად, თავისი იმპერიის ნაწილად მიიჩნევს. [შავი ზღვის რეგიონი ასევე მნიშვნელოვანია იმის გამო,] რომ შავ ზღვაში ასევე არის ნატოს არაწევრი სამი და ორი ასპირანტი ქვეყანა. მათთვის შავი ზღვა კრიტიკული ეკონომიკური დამაკავშირებელია და როცა რუსეთის ქცევა შეუმჩნეველი ან უკონტროლო ხდება, ეს გავლენას ახდენს მათ უსაფრთხოებაზე და ეკონომიკებზე“, – განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, შავი ზღვის რეგიონზე მსჯელობა საათზე მეტი ხანი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, სენატორებმა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, საქართველოს შესახებ რამდენჯერმე ისაუბრეს. ამერიკელმა სენატორებმა, ჯეიმს ობრაიენისგან მოისმინეს, რა გეგმები აქვს ვაშინგტონს, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული პროცესების ხელშესაწყობად.

წყარო