“ორბანმა პოლონეთი დაკარგა და პუტინთან გაფრინდა” – Reflex

108
spot_img

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, პოლონეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ევროპის მინდორზე მთავარი მოკავშირე დაკარგა – იაროსლავ კაჩინსკის პარტია „კანონისა და სამართლის“ სახით, როცა მან, მართალია, ყველაზე მეტი ხმები მიიღო, მაგრამ მთავრობის ჩამოყალიბებას მაინც ვერ შეძლებს, – ნათქვამია ჩეხურ გამოცემა „რეფლექსში“ () გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ორბანმა პოლონეთი დაკარგა და პუტინთან გაფრინდა. „ვიშეგრადის ოთხეული“ ისეთი, როგორიც ვიცოდით, აღარ არსებობს“ (ავტორი – ოლივერ ადამეკი). „ბუდაპეშტი, ისევე როგორც ვარშავა, ევროკავშირში განცალკევებულად მჯდარი „თეთრი ყვავებივით“ იყვნენ, თითქოსდა სხვებისგან გარიყულები და მხოლოდ ერთმანეთის იმედი ჰქონდათ, ახლა კი ვიქტორ ორბანი მარტო დარჩა. ამ კონტექსტში სიმბოლურია ის დრო, რომელიც ვიქტორ ორბანმა ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად აირჩია, – აღნიშნავს ავტორი.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პოლონეთის არჩევნები ლიბერალურმა ოპოზიციამ მოიგო. კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართალი“ მთავრობას ვერ შექმნის. ცენტრალური ევროპისათვის ეს მოვლენა პრინციპულ ცვლილებებს ნიშნავს და პირველ რიგში, ვიქტორ ორბანისათვის. უნგრელმა პრემიერ-მინისტრმა ევროპულ მინდორზე, პოლონეთის მთავრობის სახით, მთავარი მოკავშირე დაკარგა და მისი ადგილი ვიქტორ ორბანის ძველმა მეტოქემ დონალდ ტუსკმა დაიკავა. როგორც კი ეს ფაქტი გახდა ცნობილი, ვიქტორ ორბანი ჩინეთში წავიდა და იქ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

„ოთხეულიდან“ „ორეულამდე“

პოლონეთის არჩევნებს უნგრეთის მმართველი პარტია „ფიდესი“ ყურადღებით აკვირდებოდა. მართალია, მან „კანონს და სამართალს“, მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით, პირველი ადგილის დაკავება მიულოცა, მაგრამ საბოლოო ჯამში „ფიდესი“ მაინც იმედგაცრუებული დარჩა. რა აზრი აქვს პირველი ადგილის დაკავებას, როცა მთავრობის შექმნა და ძალაუფლების განხორციელება შეუძლებელი ხდება?

ერთადერთი სანუგეშო მოვლენა ვიქტორ ორბანისათვის სლოვაკეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებია – პრორუსული ორიენტაციის მქონე რობერტ ფიცო, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი იქნება და კრემლისადმი ლოიალურ პოლიტიკას გაატარებს.

მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, რომ „ვიშეგრადის ოთხეული“ (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი) დღეისათვის „ორეულად“ რჩება (უნგრეთი და სლოვაკეთი).

ორბანი და ტუსკი: მტრები თუ მოყვარეები?

დონალდ ტუსკი და ვიქტორ ორბანი ერთმანეთის მიმართ აშკარა ანტიპათიას გამოხატავენ. როცა შარშან უნგრეთში არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, ბუდაპეშტში დონალდ ტუსკი ჩავიდა და ოპოზიციას მხარი დაუჭირა, რითაც ვიქტორ ორბანის უკმაყოფილება გამოიწვია. ახლა მათთვის რთული იქნება ურთიერთობის განვითარება. დონალდ ტუსკი ვიქტორ ორბანს უკრაინასთან დაკავშირებითაც რეგულარულად აკრიტიკებს: „უნგრეთი უკრაინას არ ეხმარება, ამიტომ ორბანს და სიარტოს (საგარეო საქმეთა მინისტრს) ვლადიმერ პუტინი მალე „გაზპრომში“ წაიყვანს და თბილ ადგილებზე დანიშნავსო“, – მწარედ წერს „იქს“-ქსელში (ყოფილ „ტვიტერში“) დონალდ ტუსკი.

ბოლო წლებში პოლონეთის ევროპულ პოლიტიკას უნგრეთისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ბუდაპეშტი და ვარშავა სინქრონულად გამოდიოდნენ ბრიუსელის „დირექტივების“ წინააღმდეგ. ახლა ვიქტორ ორბანს, სავარაუდოდ, სლოვაკეთთან მოუწევს დაახლოება, სადაც პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო იქნება – მსგავსი პოზიციების მქონე პოლიტიკოსი. და თუ ჩეხეთში პრემიერად, ვთქვათ და ანდრეი ბაბიში დაბრუნდება, ვიქტორ ორბანისათვის ეს საუკეთესო სიტუაცია იქნება.

პუტინთან ნახევარი მსოფლიოს გავლით

გარემოებათა დამთხვევის შედეგად, როცა პოლონეთის არჩევნების შედეგები გამოცხადდა და როცა ცნობილი გახდა, რომ იაროსლავ კაჩინკის პარტიამ მთავრობის შესაქმნელად საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ მიიღო, ვიქტორ ორბანი პეკინში გაფრინდა ჩინეთის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში „აბრეშუმის ახალ გზაში“ (ანუ „გზა და სარტყელში“) მონაწილეობისათვის. ეს ეკონომიკური ფორუმი, როგორც დამკვირვებლები თვლიან, მოწოდებულია ჩინეთის ეკონომიკური გავლენის გასაძლიერებლად. ვიქტორ ორბანი ერთადერთი პრემიერ-მინისტრი იყო ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომელიც პეკინში ჩავიდა.

ვიზიტის პროგრამის ჩარჩოებში იგი შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და ამრიგად, მეორე პოლიტიკოსი გახდა ევროკავშირიდან, რომელმაც უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ რუსი ლიდერისთვის ხელის ჩამორთმევა გადაწყვიტა. არცერთ მხარეს არ გაუკეთებია კომენტარი, თუ ვისი ინიციატივა იყო მათი შეხვედრა. ყურადღება ორმა დეტალმა მიიპყრო: პირველი – პუტინთან საუბრისას ორბანს არასდროს არ უთქვამს სიტყვა „ომი“, ხოლო უკრაინასთან კონფლიქტს „სამხედრო ოპერაციას“ უწოდებდა – როგორც ეს რუსეთშია ოფიციალურად მიღებული. მეორე – პრეზიდენტთან შეხვედრის დროს მან რუს საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსაც ხელი ჩამოართვა. ადრე ასეთი ჟესტები ვიქტორ ორბანს თითქმის არ ახასიათებდა.

ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთისათვის აუცილებელია მიგრანტების ნაკადის შემცირება, ანტირუსული სანქციების გაუქმება და კონფლიქტის შეწყვეტა. სხვათა შორის, დღეისათვის უნგრეთში მხოლოდ 30 ათასი ლტოლვილია დარჩენილი (ათჯერ ნაკლები, ჩეხეთთან შედარებით!), სხვები უკვე ევროპის ქვეყნებში გადანაწილდნენ.

ის, რომ უნგრეთი, ვიქტორ ორბანის პრემიერობის პერიოდში, ევროპის მზის ქვეშ თავის ადგილს ეძებს, ეს ახალი არ არის – ასევე ისიც, რომ უკრაინის კონფლიქტში ბუდაპეშტს დე-ფაქტო პრორუსული პოზიცია აქვს. მაგრამ პოლონეთის არჩევნების შედეგად მოკავშირის დაკარგვის შემდეგ უნგრეთი სულ უფრო შორდება ევროპას. ამას წინათ ვიქტორ ორბანმა საბჭოური ოკუპაცია, როცა ყველაფერი მოსკოვიდან იმართებოდა, ბრიუსელის მმართველობის სტილს შეადარა, რითაც ევროპელი ლიდერების გაღიზიანება გამოიწვია. მართალია, ჟოზეპ ბორელმა (უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში) განაცხადა, რომ უნგრეთს ევროკავშირში არავინ იჭერსო, მაგრამ ბუდაპეშტის გასვლა ევროკავშირიდან არარეალურია.

წყარო