Home Blog Page 2010

პროკურატურამ საგარეჯოში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ვალთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების დროს ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

“მოკლულია 21 ტერორისტი, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ისრაელის ძალებს ღაზას საავადმყოფოდან” – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ჯარებმა მოკლეს ტერორისტული ჯგუფის წევრები, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ისრაელის ძალებს ღაზას ქალაქ ალ-კუდსის საავადმყოფოდან.

IDF-ის ცნობით, „ჰამასის“ ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნა 188-ე ჯავშანტექნიკის ჯარებს მსუბუქი იარაღით იმ დროს, როცა ჰოსპიტალის შესასვლელთან მშვიდობიანი მოქალაქეების ჯგუფში იმყოფებოდა.

ისრაელი აცხადებს, რომ სამხედროებმა, საჰაერო მხარდაჭერით, საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს „ჰამასის“ ტერორისტებს, რის შედეგადაც მათი 21 წევრი დაიღუპა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

“რეალურად წინა არჩევნებზე ბარიერის დაწევას არანაირი პოზიტივი არ მოუტანია” – გურამ მაჭარაშვილი

რეალურად წინა არჩევნებზე ბარიერის დაწევას არანაირი პოზიტივი არ მოუტანია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრაქტიკულად ნულოვანი იყო ბარიერი, როდესაც 14 პოლიტიკური პარტია შევიდა პარლამენტში, მაგრამ ჯერ არ შედიოდნენ, მერე კი ერთმანეთს ასწრებდნენ პარლამენტიდან გასვლას.

„პრაქტიკულად ნულოვანი იყო ბარიერი, როდესაც 14 პოლიტიკური პარტია შემოვიდა პარლამენტში. ჯერ არ შემოდიოდნენ, მერე რომ შემოვიდნენ ერთმანეთს ასწრებდნენ პარლამენტიდან გასვლას. ვინც დარჩა ისინი ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ. ამიტომაც, რეალურად წინა არჩევნებზე ბარიერის დაწევას არანაირი პოზიტივი არ მოუტანია“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.

“ავიაკომპანია Pegasus-ის ოპერირება დამატებით სტიმულს მისცემს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კიდევ უფრო გაძლიერებას და მგზავრთნაკადის ზრდას”

ძალიან სასიხარულოა, რომ ავიაკომპანია Pegasus-მა გადაწყვიტა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენების ოპერირება კვირაში სამი ფრენის სიხშირით თურქეთის მიმართულებით. ეს, რა თქმა უნდა, დამატებით სტიმულს მისცემს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კიდევ უფრო გაძლიერებას და მგზავრთნაკადის ზრდას, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა თურქული ავიაკომპანიის მიერ ქუთაისის აეროპორტში ფრენების დაწყება.

Pegasus-ი ქუთაისში ოპერირებას 22 დეკემბრიდან სტამბოლი-ქუთაისის მიმართულებით დაიწყებს. მარიამ ქვრივიშვილი ამ ფაქტს მორიგ წარმატებას უწოდებს – მისი ინფორმაციით, ავიაკომპანიის გადაწყვეტილებას წინ საკმაოდ გრძელვადიანი მოლაპარაკება უძღოდა. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, Pegasus-ის ქუთაისის აეროპორტში ოპერირება ასევე ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას, რაც, იმერეთის რეგიონს განსაკუთრებით გააძლიერებს.

„მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კვლავ განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტი – წელს იანვარ-სექტემბერში აეროპორტის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 93%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რეალურად, ეს შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის საუკეთესო წელი. დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს მომავალში აქ კიდევ უფრო მეტ ავიაკომპანიას ვიხილავთ“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

კერძოდ, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებას აწარმოებს იმისთვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მეტი პირდაპირი ავიარეისები შედგეს ქვეყნისთვის სტრატეგიული სამიზნე მიმართულებებით – ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც ყურის ქვეყნებთან და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა

85 წლის ასაკში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ ოჯახის ახლობლები.

ცნობისთვის, თენგიზ კიტოვანი. 990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1991 წლის 2 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის დადგენილებით ვადამდე შეუწყდა დეპუტატობის მანდატი. იყო საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალი. არ დაემორჩილა ზვიად გამსახურდიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ და გამოაცხადა დაუმორჩილებლობა. 24 აგვისტოს გვარდიის 15 000-იან შენართთან ერთად დაბანაკდა რკონის ხეობაში. მონაწილეობა მიიღო ქვეყანაში დაწყებულ სამოქალაქო ომსა და გამსახურდიას ჩამოგდებაში. სამხედრო გადატრიალების შემდეგ იყო საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი.

1992-1993 წლებში მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. კიტოვანი შევიდა აფხაზეთში ქართული ჯარით 1992 წლის აგვისტოში. არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა კიტოვანს მიღებული ბრძანება სოხუმში შესვლის შესახებ, თუ მოქმედებდა დამოუკიდებლად, თბილისთან შეუთანხმებლად.[2] 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბოლნისის მაჟორიტარი). 1996 წლის ოქტომბერში თენგიზ კიტოვანი დააკავეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით და 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 1999 წლის 22 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა კიტოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და პატიმრობიდან დაიხსნა. 2000-იან წლებში კიტოვანი მოსკოვში ცხოვრობდა. საქართველოში 2012 წელს დაბრუნდა.

პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში რატი ბრეგაძეს მოუსმენს

მიმდინარე სასესიო კვირას, 17 ნოემბერს პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტზე იმსჯელებს. ასევე დაჩქარებული წესით განიხილავს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებას.

ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს და სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები განსაზღვრეს.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი „რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისა და მათზე ეფექტური რეაგირების შესახებ“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს გადაეცემა განსახილველად.

ბიურომ საორგანიზაციო საკითხებიც განიხილა.

მომავალი არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩასატარებლად აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რომელიც თაროზეა შემოდებული-გოცირიძე

ევროოპტიმისტების” წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, მომავალი არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩასატარებლად აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რომელიც თაროზეა შემოდებული.

მისი თქმით, ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტში გაიმართა, ავსტრიულმა მხარემ სამი მნიშვნელოვანი საკითხი გამოყო, რა მიმართულებითაც რეფორმები უნდა განხორციელდეს და ერთ – ერთი სწორედ არჩევნებს ეხება. გოცირიძის თქმით, თავად ბარიერის დაწევის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„მათი მხრიდან სამი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა გამოკვეთილი, რა უნდა გააკეთოს საქართველომ დაწესებული 9 ვალდებულების შესასრულებლად და აქედან სამი იყო გამოყოფილი, როგორც მთავარი საკითხი. ეს იყო საარჩევნო ცვლილებები და მომავალი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, სასამართლო რეფორმა და მედიის თავისუფლება. ჩემი მხრიდან დასმული იქნა საკითხი იმის თაობაზე, რომ 5 პროცენტიანი ბარიერი არ შეესაბამება არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და საზოგადოების განწყობილებას, უდიდესი ნაწილი ამომრჩევლებისა იქნება დაკარგული ამ წესით ჩატარებული არჩევნების შედეგად. ის, რომ მოატყუა თავის ამომრჩეველი, მოქალაქეები, ოპოზიცია, ევროკავშირი, როცა შარლ მიშელის პროცესი დაიწყო და პირველი მოსმენით მიღებული კონსტიტუცია, სადაც გათვალისწინებულია დაბალი ბარიერი და ბლოკების შესაძლებლობა, არის თაროზე შემოდებული. ამ კონსტიტუციური ცვლილებების მიღება არის აუცილებელი მომავალი არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებისთვის“, – განაცხადა გოცირიძემ.

აფხაზეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის შესაძენად 60 მილიონი რუბლი გამოყო

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის წევრებმა 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს და რუსული ელექტროენერგიის შესაძენად 60 მილიონი რუბლი (650 ათასი დოლარი) გამოჰყვეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იტყობინება.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება 5 ნოემბერს დაიწყო. კომპანია „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა ტიმურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ წინასწარი შეთანხმება 30 მილიონი კილოვატ/საათის იმპორტზე მიღწეულია.

მან ასევე თქვა, რომ დეფაქტო აფხაზეთის დელეგაცია, ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით, ამ საკითხზე მოსკოვში მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„თუ ისინი პროდუქტიული იქნება, მაშინ ამ წლის ბოლომდე [2023] დაგვჭირდება დაახლოებით 250-370 მილიონი კილოვატ საათი“, – განაცხადა ჯინჯოლიამ.

“სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ”

ზურაბიშვილისთვის კონსტიტუცია არის მაკულატურა და გასაკვირი არაა, რომ მისი მოქმედებები ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგაა – პარტნიორებმა იციან, რომ ის არ წარმოადგენს ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს, მით უმეტეს ქართველი ხალხის ინტერესებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ ზურაბიშვილის განცხადებას და აღნიშნა, რომ მისი საჯარო განცხადებები დამაზიანებელია, აცდენილია ხალხის ინტერესებს და უხერხულობას ქმნის.

“როცა ადამიანი წავა საკუთარი ერის ინტერესების წინააღმდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოხატა იმით, რომ დაარღვია საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია, არა მხოლოდ დაარღვია, არამედ, როდესაც მხილებულ იქნა კონსტიტუციის დარღვევაში, მან თქვა, რომ არაფრად მიაჩნია, მისთვის ეს არის მაკულატურა და გათელა ფეხით, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ მისი საქციელი და მოქმედებები ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიდის. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად დამაზიანებელია მისი ასეთი საჯარო ქმედებები, გვახსოვს ლატვიაში რომ იმყოფებოდა, მთავარი შედეგი, რაც ამან მოიტანა, იყო მოწოდებები, რომ დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, ანუ ჩაგვეგდო ჩვენი ხალხი პრობლემებში. ამ ინტერვიუს მთავარი შედეგი ვნახეთ, რომ შეშფოთებულია ჩინეთის ელჩი, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი განცხადებები, მოწყვეტილია რეალობას და აცდენილია ქართველი ხალხის ინტერესს. ქალბატონი სალომე უკვე პირდაპირ მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ და გასაკვირი არ არის, რომ უღალატა საკუთარ ამომრჩევლებს, გათელა კონსტიტუცია და კარგს არაფერს უნდა ველოდოთ მისგან.

უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ქართველ ხალხს, როცა აბსოლუტურ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს ქვეყნის მიღმა, როცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერზე საუბრობს ასეთ სტილში, ასეთ ტონში. ამანაც აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება და საპარლამენტო უმრავლესობის ლეგიტიმაციის ჩამორთმევა მისთვის, ამით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ლეგიტიმაციის ჩამორთმევა და ამან პრევენციულ მიზანსაც მიაღწია იმისთვის, რომ იციან ყველამ, ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ქალბატონი სალომე არ წარმოადგენს ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს და მით უმეტეს არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი კოალიციაზე და 2024 არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებებსაც გამოეხმაურა და ურჩია, როგორც მას, ასევე, მსგავსი “თეორიებით გატაცებულებს” გაერკვნენ დემოკრატიაში და ნუ დაუკვეთენ ქართველ ხალხს არჩევნების შედეგებს “ესეც აჩვენებს, რომ ქალბატონ სალომეს არ ესმის, როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია. პათოსი კონსტიტუციის მიმართ, ვთქვი, რომ მაგონებდა ლუი მეთოთხმეტეს პათოსს, მას ჰგონია, რომ არჩევნების შედეგები წინასწარ უნდა შევუკვეთოთ ქართველ ხალხს და ვუთხრათ, რომ სასურველი შედეგი ქალბატონ სალომესი ან მისი მფარველების, ახლა უკვე „ნაციონალური მოძრაობიდან“ იქნება, აი, ეს, რომ პარლამენტში იყოს 5 პარტია და ქართველო ხალხო, ახლა რამენაირად მოახერხეთ, ხმები ისე გაანაწილეთ, რომ ასე მოხდეს. ეს ხომ არის დამამცირებელი და არა მხოლოდ ცოტა ზემოდან, არამედ კარგად ზემოდან ყურება ქართველი ხალხისადმი, რომ თავად ვერ გადაწყვეტს ხალხი ვინაა მისი რჩეული და სჭირდება კარნახი ვიღაცების მხრიდან. შევახსენებ ქალბატონ სალომეს და სხვებსაც, ვინც გატაცებულია ამ თეორიებით, დაუხვეწოს ქართველ ხალხს 2024 წლის არჩევნების შედეგები, რომ ერთი ამომრჩეველი, ერთი ხმა გულისხმობს იმას, რომ შედეგებიდან გამომდინარე გვაქვს რეალობა, რომელიც შეიძლება მოითხოვდეს კოალიციას, შეიძლება – არა. თუ არ ითხოვს და ქართველი ხალხი კონსოლიდირებულია არჩევანში, ეს კიდევ უფრო კარგია, როცა ქართველი ხალხის არჩევანი არ არის დაქსაქსული. ამიტომ გაერკვნენ , რას ნიშნავს დემოკრატია და ნუ დაუკვეთენ ქართველ ხალხს არჩევნების შედეგებს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის ძმის განცხადებას, რომ “რთულია პრეზიდენტის ციხეში ყოფნა” და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს.

“რთული დამნაშავე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა კი არ არის, რთული ის 9 წელია, როცა ის დამნაშავე პრეზიდენტი იყო ხელისუფლებაში და ადამიანის ღირსების შემლახველი, მათთვის ქონების წართმევის სისტემა ჩამოაყალიბა, ყველა ის უბედურება დამართა ქართველ ხალხს, რა დანაშაულების გამოც იხდის სასჯელს და რა თქმა უნდა, ბოლომდე უნდა მოიხადოს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ისრაელის პრეზიდენტის ვაჟი ღაზის სექტორში იბრძვის

ისრაელის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის სამი ვაჟიდან ერთ-ერთი ღაზის სექტორში იბრძვის. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ისრაელის პირველმა ლედიმ, მიხალ ჰერცოგმა განუცხადა.

„გარკვეული დროის განმავლობაში მასთან არანაირი კონტაქტი არ გვქონია, თუმცა იმედს არ ვკარგავთ“, – განაცხადა ისრაელის პირველმა ლედიმ.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

“ნატო-საქართველოს თანამშრომლობა დღეს უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა” – ირაკლი ბერაია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში თავდაცვის სფეროში ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე, თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს მოუსმინეს. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე მოსმენა დახურულ ფორმატში წარიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ნატო-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის თაობაზე და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს ურთიერთობებზე დეპუტატებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.

„თავდაცვის სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის მეხუთე ვიზიტის შემდეგ. შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები განვიხილეთ და თავდაცვის სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა საკითხი დავფარეთ. მინისტრის პირველი მოადგილის მხრიდან დეპუტატების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გაეცა. უნდა აღინიშნოს, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა დღეს უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა და განსაკუთრებით ეს თავდაცვის სფეროს შეეხება. კანონმდებლების მხრიდან, თავდაცვის უწყებას და ნატო-საქართველოს თანამშრომლობას, მის განმტკიცებას ყოველთვის მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო იმ სტატუს-კვოს, რაც ნატო-საქართველოს თავდაცვის თანამშრომლობის კუთხით არსებობს.

„აღნიშნულ თემებზე საუბრისას, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და დინამიკას შევეხეთ. დეპუტატებს სამინისტროს გამოცდილება გავუზიარეთ და იმ პერსპექტივებზე ვესაუბრეთ, რომლებიც თავდაცვის სფეროში ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობას ახლავს“, – განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და სამინისტროს თანამშრომლების დაესწრნენ.

5% არის ადეკვატური ბარიერი – ახლა მათხოვრობა იმაზე, რომ დაიწიოს ბარიერი, მე მგონი არის შეუსაბამო -შალვა პაპუაშვილი

სამწუხაროდ, ოპოზიციას ბევრი რამ აქვს არეული, მათ შორის, კალენდარიც. ყველას კარგად ახსოვს, საარჩევნო ბარიერზე ნათქვამი იყო შარშან, 2022 წლის ივლისში და ეხებოდა 2022 წლის დეკემბერს. ახლა გვაქვს 2023 წელი. კალენდარში უნდა ჩაიხედონ, შარშანდელ თოვლს ნუ ეძებენ წლევანდელ დეკემბერში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა იმ კითხვის პასუხად, რომლის თანახმადაც: „ოპოზიცია ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევას ითხოვს და იხსენებენ ირაკლი კობახიძის განცხადებას, კანდიდატის სტატუსს დეკემბერში თუ მოგვცემენ, არჩევნები 2-პროცენტიანი ბარიერით ჩატარდება“.

პაპუაშვილის თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად უსუსურია ოპოზიცია. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევაზე ოპოზიციის მოთხოვნას არანაირი შინაარსი არ აქვს.

„მათ ჰქონდათ შანსი. „ქართულმა ოცნებამ“, მათ შორის, პატარა პარტიებს მისცა შანსი, ერთპროცენტიანი ბარიერით მოხვედრილიყვნენ პარლამენტში და გაძლიერებულიყვნენ, ეჩვენებინათ ამომრჩევლისთვის საკუთარი, ინდივიდუალური დღის წესრიგი, ამით გაეზარდათ მხარდაჭერა ან გამსხვილებულიყვნენ და ეძებნათ პარტნიორები სხვა პარტიებში, გაერთიანებულიყვნენ და აქედან გამომდინარე გასულიყვნენ შემდეგ 5-პროცენტიანი ბარიერით, რომელიც, უკვე წლებია, კონსტიტუციაში წერია. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ გამოეყენებინათ ეს შესაძლებლობა, დღეს, ფაქტობრივად, გადასული არიან თხოვნაზე, იქნებ რამენაირად დაუწიონ ბარიერი, რომ კიდევ ერთხელ წახალისდეს მათი საქციელი. არანაირი შინაარსი ამ მოთხოვნას არ აქვს. 2024 წლის არჩევნები ოქტომბერში ჩანიშნულია, დიდი ხანია, ყველამ კარგად იცის, რომ ბარიერი არის 5%-იანი. მოემზადონ ამ არჩევნებისთვის და თან ისიც განგვიმარტონ, როგორ ეთანხმება ერთმანეთს, რომ, ერთი მხრივ, ამბობენ, რომ ისინი იგებენ, მოდიან ხელისუფლებაში და, მეორე მხრივ, რითი იგებენ, 3 პროცენტით აპირებენ ქვეყნის მართვას?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ვინ მოხვდება პარლამენტში, ეს დამოკიდებულია პარტიების აქტიურობაზე, ხალხის მხარდაჭერის მოპოვებაზე.

„„ქართული ოცნებისთვის“ არცერთი ბარიერი პრობლემა არ არის. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ერთპროცენტიანი ბარიერით „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა უმრავლესობა და, სხვათა შორის, მაშინ რომ ყოფილიყო სრულად პროპორციული არჩევნები, მაინც უმრავლესობას მოიპოვებდა „ქართული ოცნება“ იმ 1%-იანი ბარიერით. პრობლემა არის ოპოზიციაში, რომ მათ, სინამდვილეში, არ სურთ, ხალხს დაანახონ საქმე, მათ სურთ, რომ იყვნენ პარლამენტის წევრები, ჰქონდეთ კაბინეტები და ა.შ. ატყობენ ხოლმე, რომ არ არიან იმ პირობებში, მიიღონ მხარდაჭერა და ცდილობენ, რაღაცნაირად დააწევინონ ბარიერი. არასერიოზულია, არ მინდა, დამაკნინებელი ტერმინები გამოვიყენო, მაგრამ როდესაც პარტია, ერთი მხრივ, ამბობს, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბრობს და შემდეგ აღმოჩნდება, თურმე 3%-ის იმედად არიან ეს პარტიები, უკვე აჩვენებს, რამდენად არასერიოზულია მათი საქციელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, 5 პროცენტი არის ადეკვატური ბარიერი, რომელიც არსებობს ბევრ ქვეყანაში და რომელიც საქართველოში კონსტიტუციაში, უკვე წლებია, წერია.

„ყველას მოვუწოდებ, გადაშალოს კალენდარი და დაფიქრდეს, რა განსხვავებაა 2022 წლის დეკემბერსა და 2023 წლის დეკემბერს შორის. ალბათ ამოიკითხავს პასუხს ამ მარტივ კითხვაზე. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ნათქვამი იყო მარტივი სიტყვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2022 წლის დეკემბერში იქნებოდა პოზიტიური გადაწყვეტილება – და ამას ხომ თავისი შინარსი ჰქონდა, აქ საკითხი იყო არა ბარიერზე, არამედ იმასთან დაკავშირებით, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება და კანდიდატის სტატუსი დაწევდა პოლარიზაციას – დაწეული პოლარიზაციის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა კიდევ ამაზე ფიქრი. საერთო ჯამში, ჩვენ ვნახეთ ჯანჯღარის ერთი დამატებითი წელი და მომავალ წელს რა მოგველის, შევხედოთ. მგონი, ოპოზიციას არაფერი ეტყობა, რომ ისინი მზად არიან, რადიკალური დღის წესრიგიდან გავიდნენ. 5 პროცენტი არის ადეკვატური ბარიერი, რომელიც არსებობს ბევრ ქვეყანაში და რომელიც საქართველოში, მათ შორის, კონსტიტუციაში, უკვე წლებია, წერია და მოწონებული არის საერთაშორისო დონეზეც. ვენეციის კომისიის დასკვნაც არსებობს ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ახლა მათხოვრობა იმაზე, რომ დაიწიოს ბარიერი, მგონი, შეუსაბამოა. პარტიებს თუ აქვთ პრეტენზია, რომ წარმოადგენენ ხალხს და უნდათ, ქვეყანა მართონ, იმის იმედიც უნდა ჰქონდეთ, რომ რამდენიმე ათას ხმას მიიღებენ. პრობლემები ეძებონ საკუთარ თავში. წინ კიდევ არის ერთი წელი, არის დრო, ნაცვლად იმისა, რომ ყოველ ჯერზე „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ იყვნენ, გამოიჩინონ ინდივიდუალობა, ნაცვლად იმისა, რომ გაემიჯნონ ერთმანეთს, გაერთიანდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.