“2024 წლის პირველი იანვრიდან ყველა ინდივიდუალური სახლი აშენდება კანონიერად, წინასწარ უნდა იყოს ნებართვა აღებული”

240
spot_img

ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენი ხელისუფლება არის ორიენტირებული ადამიანის ღირსებასა და მისგან მომდინარე ყველა უფლებაზე, შესაბამისად საკუთრების უფლების სრული მასშტაბით უზრუნველსაყოფად და ასევე უკანონო მშენებლობის რისკების სამუდამოდ აღმოსაფხვრელად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ჩვენ შევიმუშავეთ ამნისტიის პროექტი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოში მასიურადაა აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, რომლებზეც არ გაცემულა მშენებლობის ნებართვა ან არ არსებობს სამშენებლო დოკუმენტაცია, სწორედ ამიტომ საჯარო რეესტრის ახალ ამონაწერებში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობები სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარვეზიანია და ეს ობიექტები ვერ იქნება სრული მოცულობით ჩაშვებული ეკონომიკურ ბრუნვაში.

„გარდა ამისა, ამ პრობლემას ასევე უკავშირდება დაჯარიმების ან დემონტაჟის რისკი, რაც მილიონზე მეტ ადამიანს ეხება. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენი ხელისუფლება არის ორიენტირებული ადამიანის ღირსებასა და მისგან მომდინარე ყველა უფლებაზე, შესაბამისად საკუთრების უფლების სრული მასშტაბით უზრუნველსაყოფად და ასევე უკანონო მშენებლობის რისკების სამუდამოდ აღმოსაფხვრელად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ჩვენ შევიმუშავეთ ამნისტიის პროექტი, რაც წარედგინება საქართველოს პარლამენტს, ის გავრცელდება 2024 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც არის სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე და ეს შენობა-ნაგებობები უნდა იყოს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები“, – განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, „ასეთ სახლებში მცხოვრებლებს აღარ დასჭირდებათ ლეგალიზების კომპლექსური პროცედურების გავლა, მათ აღარ ექნებათ დაჯარიმების ან დემონტაჟის რისკი, ისინი სრულად ისარგებლებენ საკუთრების უფლებით, რაც კონსტიტუციით გათვალისწინებული საკუთრების უფლების დაცვის კიდევ ერთი ნათელი დასტური იქნება“.

„ეს იქნება ნათელი მაგალითი იმისა, ხელისუფლება ადამიანებს როგორ უწყობს ხელს უფლებების რეალიზაციაში. ინიციატივა მილიონზე მეტ ადამიანს შეეხება და ეს ინიციატივა გავრცელდება იმ ინდივიდუალურ საცხოვრებლებზე, რომელიც 2024 წლის პირველ იანვრამდე იქნება აშენებული. ამ პერიოდის შემდგომ აშენებული საცხოვრებელი სახლები აღარ დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში, ისინი ვეღარ ჩაეშვება ეკონომიკურ ბრუნვაში და ინფორმაცია მუნიციპალიტეტს მიეწოდება. ეს არამხოლოდ ამნისტიაა, არამედ ეხმიანება უკანონო მშენებლობების პრობლემას. ამ პრობლემის აღმოფხვრის შემდგომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ყველა ის სირთულე, რაც თან ახლავს უკანონო მშენებლობებს. 2024 წლის პირველი იანვრიდან ყველა ინდივიდუალური სახლი აშენდება კანონიერად, რაც გულისხმობს იმას, რომ წინასწარ უნდა იყოს ნებართვა აღებული, შეთანხმებული უნდა იყოს პროექტი და მხოლოდ ასეთ სახლებზე განხორციელდება რეგისტრაცია“, – განაცხადა ბრეგაძემ.