Home Blog Page 2009

“ვეტოს დაძლევა ნიშნავს ეროვნულ ბანკში ისეთივე კლანის არსებობას, როგორიც სასამართლოშია” – რომან გოცირიძე

ვეტოს დაძლევა ფაქტობრივად ნიშნავს ეროვნულ ბანკში ისეთივე კლანის არსებობას, როგორიც სასამართლოშია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, ქვეყანაში საფინანსო კლანი ყალიბდება.

„ეროვნული ბანკის საბჭოში წარმოდგენილი იქნებიან ყოფილი და მოქმედი მინისტრები, რომელთაც გავლილი ექნებათ „ქართული ოცნების“ ცუდი, მორჩილების სკოლა. არის სავალიტო ფონდის მკაცრი განცხადება. ისინი ამბობენ, რომ გაოგნებული არიან, მსგავსი რამ არ უნახავთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში სავალუტო ფონდის პროგრამა დაიხურება და ამით ქვეყნის საინვესტიციო გარემო უფრო გაუარესდება. საქართველოს ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს გადაემტერა, ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს და ამ ფონზე საფინანსო ინსტიტუციების გადამტერება რას ნიშნავს? – ფაქტობრივად, შეგნებულად მიდიან დაპირისპირებაზე და ეჭვი ჩნდება, რომ ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანება მართლაც არ უნდა“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობამ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილება მიიღო. ვეტოს დაძლევის პროცედურა საქართველოს პარლამენტში დღეს დაიწყო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

“საერთოდ არსებობს ოპოზიცია? ერთადერთი, რითაც შემოიფარგლებიან ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული განცხადებებია”

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ოპოზიცია ევროინტეგრაციის გზაზე მხოლოდ საბოტაჟით გამოირჩევა.

როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განმარტა, ოპოზიცია ცდილობს, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, რასაც შემდეგ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებენ.

„საერთოდ არსებობს ოპოზიცია? ერთადერთი რითაც შემოიფარგლებიან – განცხადებებია ქვეყნის წინააღმდეგ. მათი ქმედებები საბოტაჟისკენაა მიმართული. ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს სტატუსის მიღებაში ხელი შეუშალონ, ისევე როგორც ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისას. ყველაფერს აკეთებენ, როგორმე ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. შემდეგ ექნებათ მცდელობა, რომ ეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციის ქმედებებს, მმართველ პარტიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

„ოპოზიცია წვალობს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დღეს „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, რადგან ვატარებთ ქვეყნის ინტერესებს, უზრუნველვყოფთ, რომ იყოს მშვიდობა და ეკონომიკური გაძლიერება. დაწყებული გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები. მათ ვესაუბრებით ხედვებზე, რა უნდა გაკეთდეს ამა თუ იმ მიმართულებით. ვესაუბრებით გამოწვევებზე. არასდროს დაგვიკარგავს კომუნიკაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან. ეს მმართველი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ფონდ „ქართუს” მიერ აბასთუმნის სრული განახლება მიმდინარეობს” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი აბასთუმანში  ფონდ „ქართუს“ მიერ განხორციელებულ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებას გამოეხმაურა და ჟურნალისტებს მოუწოდა, საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდონ.

კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი, ვინც ამ საკურორტო ქალაქში ინვესტიცია განახორციელა.

„შეგიძლიათ ინფორმაცია მარტივად გადაამოწმოთ. ჩემი თხოვნა იქნება, სისულელეზე და სიცრუეზე არ გააკეთოთ სიუჟეტები და საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში. ძალიან მარტივად შეიძლება უაზრო ბრალდებების  გადამოწმება. აბასთუმნის სრული განახლება მიმდინარეობს. ეს კურორტი წლების განმავლობაში მიგდებული იყო. რამეს ხომ არ ვაჭარბებ?! – ხომ ასე იყო. არანაირი ყურადღება არ ექცეოდა. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით და უშუალო ჩართულობით დაიწყო რეაბილიტაცია. პირველი იყო, ვინც კონკრეტული ინვესტიცია განახორციელა. იქ მცხოვრებთა საკუთრებაში არსებულ სახლებსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ გააკეთა და თქვენ გვეუბნებით ახლა, რომ ვიღაცას თურმე აბასთუმანში არ უშვებენ. ეს ხომ სასაცილოა და ლოგიკაში საერთოდ არ ჯდება. ამიტომ, გთხოვთ, არ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში, გადაამოწმეთ ინფორმაცია და სიმართლე უთხარით მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მზე, ზღვა და მთები: საქართველო გველოდება – რა ვიდეოსიუჟეტი გავიდა „როსსია-1“-ის ეთერში საქართველოს შესახებ

რუსეთის ფედერალური ტელეკომპანიის „როსსია-1“-ის (Россия-1) პროგრამა „ვესტი ნედელით“ (Вести недели) ეთერში გადაიცა 9-წუთიანი ვიდეოსიუჟეტი საქართველოს შესახებ, რომლის ტექსტური ვერსია ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სათაურით „მზე, ზღვა და მთები: საქართველო გველოდება“.

„ბოლო წლების განმავლობაში ქართველები ჩიოდნენ, რომ არ ჰყავდათ ყველაზე საყვარელი და სასურველი, მთავარი სტუმარი – რუსი ტურისტი, თუმცა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების შემდეგ გაჩნდა არამარტო ფულის გამომუშავების, არამედ კარგ ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ყველაზე პოზიტიური კი ისაა, რომ უკვე სამთავრობო დონეზე იხსნება ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტები – თბილისში, ბათუმში და ქუთაისში“. რას გვთავაზობენ სტუმართმოყვარე ქართველები?, – ამბობს ვიდეოსიუჟეტის შესავალში „ვესტი ნედელის“ წამყვანი დიმიტრი კისელიოვი და სიტყვას გადასცემს ალექსანდრე ბუზალაძეს, „როსია-1“-ის ტელეკორესპონდენტს საქართველოში.

თავის მხრივ, ჟურნალისტი რუსეთის ტელემაყურებელს აცნობს ბათუმელი ავთანდილ სირაბიძის ოჯახის მიერ მოწეულ მარწყვის და რიგი სუბტროპიკული ხილის მოსავალს, ეზოში დარგულ ყვავილებს, ადგილობრივი კლიმატის წყალობით. „ავთანდილის ვაჟი იოსები ჩემს პატივსაცემად სუფრას შლის, სხვათა შორის, უკრაინულ ღორის ქონსაც (сало) ჭრის და უნებლიედ უკრაინაზეც ვლაპარაკობთ: „რა თქმა უნდა, რიგითი უკრაინელებისადმი ნორმალური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ პოლიტიკოსების მიმართ ცუდი – იმიტომ, რომ მათ საკუთარ ხალხს უღალატეს და ხორცსაკეპში გაგზავნეს“. გამოდის, რომ ამერიკელები რუსეთს უკრაინელების ხელით ეომებიან, ახლა ცდილობენ, რომ ომში მსგავსი სახით საქართველოც ჩაითრიონ“. საუბარი ასევე ეხება უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტსაც, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და განხილვიდან მოიხსნა: მასპინძლის თქმით, „უცხოელი აგენტები არა მარტო საქართველოს ანგრევენ, არამედ ნებისმიერ ქვეყანას“.

ბათუმის რესტორნებში და პლაჟებზე რუს ტურისტებს მოუთმენლად ელოდებიან. ამავე დროს, თვითონ ქართველებსაც სურთ რუსეთში წასვლა და რუსული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, რომელიც ახლა, უვიზო რეჟიმის შემოღების შედეგად, სრულიად შესაძლებელი გახდა – ეს აზრი დომინირებს ბათუმის ბულვარზე და პლაჟზე მოქალაქეებთან შეხვედრის დროს.

ტელესიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება საქართველო-რუსეთისა და საქართველო-უკრაინის პოლიტიკური ურთიერთობის საკითხებს. ის პირები, რომლებსაც კორესპონდენტი ალექსანდრე ბუზალაძე ესაუბრება, იწონებენ მოსკოვ-თბილისს შორის ურთიერთობის გაფართოებას და აკრიტიკებენ იმ დესტრუქციული ძალების მოქმედებას, რომლებიც ხელს უშლიან ამ პროცესს. „ყველა მოხარულია და მხარს უჭერს მოსკოვთან თანამშრომლობის გაჯანსაღებას. „თუ ჩვენ რუსეთთან ვიმეგობრებთ, საქართველოს პერსპექტივა ყოველთვის ექნება“, – ამბობენ ბათუმელები.

„როსია-1“-ის კორესპონდენტი რეპორტაჟს თბილისიდან აგრძელებს და ესაუბრება გიორგი ქარდავას, რომლის თქმით, [პრეზიდენტ პუტინის ბრძანებულებებით] ორ მეზობელ ქვეყანას შორის გარდამტეხი მომენტი მოხდა“. საქართველოს პატრიოტი პოლიტიკოსი შოთა მარტინენკო კი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ანტირუსული მცდელობის მიუხედავად, ქართველებისა და რუსების მეგობრობა არ დაიკარგება. „ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ დასავლეთს, უკრაინის მსგავსად, ჩვენი მსხვერპლად შეწირვა სურს“, – ამბობს შოთა მარტინენკო და ვარაუდობს, რომ შეიძლება ამერიკულმა სპეცსამსახურებმა საქართველოში „უკრაინული მაიდანი“ მოაწყონ.
რეპორტაჟის დროს ალექსანდრე ბუზალაძე იმყოფება აგრეთვე „ქართული ტელეარხის „ალტ-ინფოს“ (Alt-Info) სტუდიაშიც, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობს და კონსერვატიული ფასეულობების პოპულარიზებას ახორციელებს“. Alt-Info აჩვენებს ორსაათიან გადაცემას უკრაინის შესახებ: ეკრანზე ვხედავთ კიევის არმიის კონტრშეტევის შედეგებს – განადგურებულ გერმანულ ტანკებს, ცნობილ „ლეოპარდებს“.

„როსია-1“-ის ჟურნალისტი ესაუბრება თბილისელ მხატვარს, 75 წლის ხატმწერ ანატოლი რიაბოშენკოს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთებს ასრულებს: „რუსეთი პურია, ქრისტეს სხეული, საქართველო კი – ღვინო, ქრისტეს სისხლი. ეს ყველაფერი მთლიანობაა, რომელთა დაშორება საშინელების მომტანია“, – ამბობს ანატოლი რიაბოშენკო, რომელსაც ქართველი და რუსი ხალხების ერთად ყოფნის მომხრეა და მათი დაშორება ვერ წარმოუდგენია. იგი მოლბერტზე ხატს წერს სახელწოდებით „მოულოდნელი სიხარული“, რომელზეც ღვთის მშობელი მარიამია გამოსახული და რომელიც, საქართველოსა და რუსეთის ერთმანეთთან დაახლოების კვალობაზე, ორივე ქვეყნის მფარველი იქნება.

წყარო

“მინდა მჯეროდეს, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ”

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს და ამასთან დაკავშირებით, სამართლიანი გადაწყვეტილეება იქნება მიღებული.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიის შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მინდა მჯეროდეს, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და მოგვცემენ სტატუსს. თუ ისევ არასამართლიანი – ის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომლის მცდელობაც წინაზე ჰქონდათ, რათა იგი ქვეყანაში არასწორად გამოეყენებინათ, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ამ ყველაფერს დაინახავს. არ მინდა, რომ უსამართლო გადაწყვეტილებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში იმედგაცრუება და ევროპის მიმართ სკეპტიციზმი გაჩნდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ

86 წლის ასაკში სილვიო ბერლუსკონი გარდაიცვალა

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბერლუსკონი 9 ივნისიდან მილანში, სან რაფაელის საავადმყოფოში იმყოფებოდა. მას ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემია ჰქონდა.

სილვიო ბერლუსკონიმ იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველად 1994 წელს დაიკავა და მას შემდეგ 2011 წლამდე ოთხ მთავრობას ხელმძღვანელობდა.

“ევროპელი პარტნიორებისთვის მიმზიდველია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პროფილი”- ილია დარჩიაშვილი

გავაგრძელებთ ევროპულ პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობას, რათა განვავითაროთ ეკონომიკური, სატრანსპორტო და ლოგისტიკუტი თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ ჰასლერთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მხარეები თანხმდებიან, რომ ორ ქვეყანას აქვს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების  პოტენციალი.

„ამისთვის მყარ საფუძველს ქმნის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რომლის წევრიც არის ლიხტენშტაინი. მისასალმებელია, რომ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოსა და FTA-ს ქვეყნებს შორის ვაჭრობის მზარდი დინამიკა გვაქვს, რაც დარწმუნებული ვართ, მომავალშიც გაგრძელდება. ამას გარდა, ევროპელი პარტნიორებისთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პროფილი, საქართველოს რეგიონულ-სატრანსპორტო კვანძის ფუნქცია და როლი, საიმედო პარტნიორული ქვეყნის როლი. მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან ამ მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას, რათა განვავითაროთ ეკონომიკური, სატრანსპორტო და ლოგისტიკუტი თანამშრომლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობისთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია განათლების სფერო და ამ მიმართულებითაც ვისაუბრეთ ჩვენს ორმხრივ შეხვედრაზე“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ნახევარი მილიარდი დოლარი შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის პირველ კვარტალში 496.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებს 53.3 პროცენტით აღემატება.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის პირველ კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 17.0 პროცენტით გაიზარდა და 300.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.5 პროცენტია. რეინვესტიციამ 189.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი 38.2 პროცენტით განისაზღვრა.

საანგარიშო პერიოდში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზეა ნიდერლანდები – 239.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.2 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია – 63.2 მლნ. აშშ დოლარით (12.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ – 54.7 მლნ. აშშ დოლარით (11.0 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.1 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, 2023 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 226.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი – 90.7 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 43.3 მლნ. აშშ დოლარით (8.7 პროცენტი).

რეჯეფ ერდოღანის გამარჯვება რეგიონში დემოკრატიისთვის ძალიან უარყოფითი მოვლენაა – უცხოური პრესა

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“, რედაქციით ვაშინგტონში) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „თურქეთში რეჯეფ ერდოღანის გამარჯვება რეგიონში დემოკრატიისთვის ძალიან უარყოფითი მოვლენაა“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ანალიტიკოსების აზრით, თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემდეგ, საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები ჩვეულებრივად გაგრძელდება. 69 წლის თურქი ლიდერი უკვე 20 წელია ხელისუფლებაშია, ხოლო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, იგი ხელისუფლებაში დარჩება სულ მცირე 2028 წლის მაისის ჩათვლით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჯერ კიდევ ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე მიულოცა რეჯეფ ერდოღანს მესამე ვადით არჩევა. კვირის დასაწყისში კი ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.
„ზოგადად, რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის, თურქეთში ერდოღანის მორიგი გამარჯვება ძალიან უარყოფითი მოვლენაა“ – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე. მისი თქმით, „საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მიჰყვება, ევროპული მემარჯვენე, ავტორიტარული, პოპულისტური რეჟიმების გზას და ქვეყანაში ცდილობს არჩევნებიანი, ავტორიტარული რეჟიმის აშენებას, შესაბამისად, მათი მხრიდან ერდოღანის მხარდაჭერა, რომელიც ასეთი რეჟიმების წინამორბედად და მნიშვნელოვან წარმომადგენლად მიიჩნევა, სავსებით მოსალოდნელი და ლოგიკურია.

ამ მხარდაჭერის კონტექსტში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ფაქტორია, სანქციების არიდება. ვფიქრობ, თურქეთის და საქართველოს ურთიერთობები ჩვეულებრივად გაგრძელდება“ – აღნიშნა ბაკურაძემ.

ანალიტიკოსების აზრით, ანკარა ახლო მომავალში, პოზიციას არც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ შეიცვლის, ანუ ისევ გააგრძელებს ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკურ მხარდაჭერას და საზღვაო მიმოსვლას, დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე.

„თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს ღიად აქვს ოკუპირებულ აფხაზეთში წარმომადგენლობა და იგივე, 2009 წელს თუ გავიხსენებთ, თურქული გემის კაპიტნის საქმეს და თურქეთის რეაქციას, შეგვიძლია ვთქვათ, თურქეთის ხელისუფლება თვალს კი არ ხუჭავს, არამედ, პრინციპულად მხარს უჭერს ამ ტიპის ურთიერთობებს თურქეთსა და აფხაზეთს შორის გავიხსენოთ, რომ 2009 წელს, საქართველოს სანაპირო დაცვამ, ტრაბზონის პორტიდან ოკუპირებული სოხუმის პორტისკენ მიმავალი, 3000 ტონა საწვავით დატვირთული თურქული გემი დააკავა და გემის კაპიტანს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც თურქეთის მკაცრი დემარში და კაპიტნის გათავისუფლება მოჰყვა. მაგრამ, რაიმე სახის ოფიციალურ აღიარებაზე უახლოეს მომავალში საუბარი არ იქნება და ამას არაერთი მიზეზი აქვს, იგივე სატრანზიტო და ენერგო დერეფნებით დაწყებული და ქურთული საკითხით დამთავრებული . თუმცა, ჩრდილოეთ კვიპროსის მაგალითიც გვაჩვენებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, თურქეთი სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერისგან თავს არ იკავებს“ – ამბობს სანდრო ბაკურაძე.

რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების არნახული გააქტიურების ფონზეც კი, თურქეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. 2022 წლის მონაცემებით, თურქეთის წილი მთლიან იმპორტში, თითქმის – 18% იყო. თურქეთიდან 2 მილიარდ 370 მლნ დოლარის იმპორტი განხორციელდა, ზრდამ წინა წელთან შედარებით, თითქმის, 30 პროცენტი შეადგინა. შედარებისთვის, 2022 წელს, საქართველოდან თურქეთში 435 მლნ დოლარის ექსპორტი გავიდა, ზრდა 35%, თურქეთის წილი მთლიან ექსპორტში მხოლოდ 8% იყო.
მიმდინარე წელს 15 წელი სრულდება, რაც საქართველოს და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა. 2007 წელთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, მილიარდ 907 მილიონით არის გაზრდილი, თუმცა, საქართველო თურქეთიდან თითქმის 6-ჯერ მეტს ყიდულობს, ვიდრე ყიდის. უარყოფითი სავაჭრო სალდო კი წლიდან წლამდე იზრდება.

„თურქეთი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც ძალიან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები გვაკავშირებს. დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი ვადის პირობებში თურქეთის პრეზიდენტი კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას გასწევს ჩვენთან ერთად, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაახლოვდნენ, კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა“ – აღნიშნა ანკარაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

თურქეთი NATO-ს ერთადერთი წევრია, რომელიც უკრაინაში შეჭრის მიუხედავად, არ მიუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სავაჭრო-ეკონომიკურ სანქციებს. საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ასევე არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ბოლო დროს, ხშირად მოჰყავს მაგალითად თურქეთი, რომელიც დასავლეთთან არაპროგნოზირებადი, ხისტი და აგრესიული საგარეო პოლიტიკით გამოირჩევა.

„რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვს… თურქეთს, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი ქვეყანა და უზარმაზარი სახელმწიფო, დიდი ეკონომიკით, ნატო-ს წევრი ქვეყანა და ქვეყანა, რომელსაც აქვს უკვე ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი“ – ეს არგუმენტი მოიყვანა, მაისის დასაწყისში პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა, დასავლეთის დემარშის მიუხედავად, რუსეთმა და საქართველო ორმხრივი ავიამიმოსვლა აღადგინეს.

„ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიის „ხალხის ძალის“ პროპაგანდისტულმა არხმა „პოსტ ტვ“-იმ რეჯეფ ერდოღანს გამარჯვება სპეციალური განცხადებით მიულოცა, სადაც აღნიშნავს, მისმა გამარჯვებამ “ნათლად აჩვენა, რომ მომავალი სწორედ საკუთარ ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკას და პოლიტიკოსებს აქვთ, პოლიტიკოსებს, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობას და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევენ. სწორედ ეს პოლიტიკა აირჩიეს დღეს ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის მოქალაქეებმა“.

ანალიტიკოსი დავით ძიძიშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ საქართველოს მმართველი ძალის გადაწყვეტილება – იყოს რეჯეფ ერდოღანის ხელისუფლებასავით „ხისტი“ და „აგრესიული“ (გარეთ) და „ავტორიტარული“ და „პოპულისტური“ (შიგნით), შედეგს ვერ მოიტანს.

„თურქეთს აქვს ჩვენთან რაღაც საკითხები, რომელზეც შეუძლია გვევაჭროს, საქართველოს ხელისუფლებას კი სავაჭრო არაფერი არ დარჩა, ყველაფრით ივაჭრა უკვე, რითაც შეიძლებოდა. ერთადერთი რაც სავაჭრო დარჩა, არის ის, იქნება თუ არა საქართველო რუსულ ორბიტაზე. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, დასავლურ ცნობიერებაში უკვე გადალაგდა რაღაცეები და მათ თქვეს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენგან ბენეფიტები არ უნდა, ჩვენ ამ ბენეფიტებს არ მივცემთ, მიუხედავად იმის, რომ ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ფული ჩავდეთ. საქართველოს ხელისუფლებას ამ წუთას არაფერი ისეთი აღარ დარჩა, რაც შეიძლება საინტერესო იყოს დასავლეთისთვის ახალ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც შეიქმნება რუსეთის დამარცხების შემდეგ. ისეთი ვითარება, რომელშიც საქართველოს ექნება სტრატეგიული მნიშვნელობა, შეიძლება უკვე გაფლანგული იყოს – იმიტომ, რომ ამ სტრატეგიულ მნიშვნელობას სხვა ბევრი სახელმწიფო შეიძენს“, – ამბობს დავით ძიძიშვილი, სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსი.

წყარო

“პარტიებს ვუთხარი, რომ თავად გაერთიანდნენ, ჩვენთან გაერთიანებაზე არავინ დაგვიპატიჟებია” – ლევან ხაბეიშვილი

მე პარტიებს ვუთხარი, რომ თავად გაერთიანდნენ, ჩვენთან გაერთიანებაზე არავინ დაგვიპატიჟებია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, ითქვა საერთო სტრატეგიასა და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებაზე და არა ის, თითქოს პარტიამ ვინმეს კოალიცია ან რამე მსგავსი შესთავაზა.

„მე როდესაც ვთქვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ძალაა, დიახ, ეს ასეა. „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებულის ფორმულაა. მე სხვა პარტიებს ვუთხარი, რომ თავად გაერთიანდნენ, ჩვენთან გაერთიანებაზე არავინ დაგვიპატიჟებია. ჩვენ ვთქვით, რომ გვქონდეს საერთო სტრატეგია და გავერთიანდეთ საერთო მიზნის გარშემო, რაც გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას და არა ისე, თითქოს კოალიცია შევთავაზეთ ან მსგავსი. იმ ინტერვიუში ხაზგასმით ვთქვი, რომ მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, გაძლიერდნენ პროდასავლური პარტიები, რომ მომავალში შევქმნათ კოალიცია. ჩვენ იგივე პოზიცია გვაქვს. რუსული რეჟიმია დასამარცხებელი“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

“ბახმუტის შიგნითაც იბრუნებენ პოზიციებს ჩვენები!” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

“ამ 12 ივნისს, ურდოსტანის დამოუკიდებლობის დღეზე ყველამ ერთად #bუკაdეილიnიუსი თან ერთად, პუტლერს, მის რეჟიმს, სრულიად ურდოსტანს და მათ მყვარებლებს მსოფლიოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით ჩემს მშობლიურ საქართველოში ვუსურვოთ რააა? ფეთქებააა…

ჩვენებმა კი შეუსრულეს: ზაპოროჟეს ტოკმაკში და ბერდიანსკში ისეთი დააბაბანა გუშინ, შეენძრა ბუნკერში მიწა პუტლერს; ზაპოროჟიეში ერთი მნიშვნელოვანი ხიდი იყო იაკიმივკაში. მაგაზე გადიოდა ყირიმიდან მომავალი შეიარაღებით დატვირთული ეშელონები. ბუუუუმ – აღარ არის ხიდიიი; თვითონ ყირიმში ჯანკოის მიდამოებში, კიროვსკოეში რკინიგზა თავის სატვირთო ვაგონებით – ბუუუუმ და მოერღვა ურდოს ლოჯისტიკაა ყირიმსა და მელიტოპოლს შორის, ვენაცვალე ჩვენს პარტიზანებს;

ახლა შეტევა – მოკლედ, ძალიან ბევრ დასახლებულ პუნქტზე იწერება ტვიტერზე და ტელეგრამებზე, რომ გაათავისუფლეს ჩვენებმა; თუ დავხედავთ რუკას, გამოვა, რომ ურდოს პირველი ზღუდე მორღვეულია და აღებულია; ოფიციალურად ანა მალერმა დაადასტურა, რომ ნესკუჩნოე, ბლაჰოდატნე და მაკაროვკა გათავისუფლებულია, თუმცა, ასევე ვიზუალური დადასტურებით, უკრაინული წყაროები იუწყებიან, რომ გათავისუფლებულია ლობკოვოე, ლევადნოე, უროჟაინე, ლუჰოვე, რუხ ზონაშია ჟერებიანკა, პიატიხატკა, სტარომაიორსკი, ზავიტნე ბაჟანია, სტარომლინოვკა და კრემენჩუკი! დიდი შერღვევააა სიღრმეში! ყველაზე სერიოზული ურდოსი ვაენკორებიც კი მაგრად მოთქვამენ, ძალიან სერიოზულ პოზიციებს ვკარგავთო! ეს ყველაფერი წვიმების ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენების მომზადებული ბრიგადების უდიდესი ნაწილი საერთოდ არ ჩართულა ჯერ ბრძოლაში! მარტო ამ 5 დღეში 1 ბახმუტის ტერიტორია, ანუ 40 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს ჩვენებმა!

ბახმუტის ფლანგებზეც გვაქვს კარგი წინსვლა – ბერხოვკის წყალსაცავიდან კიდევ 250 მეტრით დახიეს უკან ურდოსები, ხოლო სამხრეთით კაი 1300 მეტრითაც. ბახმუტის შიგნითაც იბრუნებენ პოზიციებს ჩვენები! ბრიტანულმა დაზვერვამ დაიანგარიშა: ბახმუტის ყოველ 48 სანიტმეტრზე 1 ურდოსია მკტარი ისიც ვაგნერელბი სულ!

აუფ, ვაგნერზე ამბავი გორდება! შოიგუ მეჯოგემ ბრძანება გამოსცა, ყველა ჩევეკა ჩემთანო, ანუ თავდაცვის სამინისტროსთან გააფრომებს კონტრაქტს და შემოვა საერთო შეადგენლობაშიო! კუხარკა პრიგოჟინმა ყველაზე მაღალი წერტილი გამოქანებისკენ მოუწოდა მეჯოგეს! მოკლედ, კუხარკა და მეჯოგე უახლოვდებიან კულმინაციას, როცა ჯარები და ვაგნერცები მართლა დაცხებენ ერთმანეთს! ვის გაწირავს პუტლერი, ჩემთვის პირადად, ერთი კანჭია! რაც მეტს ჩახოცავენ ერთმანეთს მით უკეთესი!

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლომ დაიწყო გამოძიება კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით! ნაძირალა რუსებმა გაეროს წარმომადგენლები არ შეუშვეს ოკუპირებულ ნაწილში ხალხის დასახმარებლად! თვითონ კიდევ მაგ მართლა ტერორისტებმა ხერსონში საევაკუაციო პუნქტი და ნავები დაბომბებს. 3 კაცია დაღუპული და 20-ზე მეტი დაჭრილი! რუსეთი არის ტერორისტი ქვეყანა! პუტლერი არის ნომერ პირველი ტერორისტი! ტერორისტებთან მოლაპარაკებაზე არ მიდიან!

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის მიჰაილო პოდოლიაკის განცხადებით, ახლა პუტლერთან მოლაპარაკება არის უაზრო, სახიფათო და მომაკვდინებელი უკრაინისთვის და ევროპისთვის. არ არსებობს არავითარი ინდონეზიური, აფრიკული და ბრაზილიური ფუნდამენტები! ძალიან დიდი ამბები მოდის! მოლაპარაკებები არ იქნება! უკრაინის სამხრეთი და ყირიმი მალე გათავისუფლდება!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო, უნდა გაიხარო 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს ალექსი პეტრიაშვილი.

15 წლის გოგონა, რომელიც კორპუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

ბათუმში, კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავებული 15 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ბათუმში, ლორიასა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე მდებარე კორპუსიდან 15 წლის გოგო გვიან ღამით გადმოვარდა. მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

თვითმხილველების თქმით, 15 წლის მოზარდი მსუბუქ ავტომობილს დაეცა.