რეჯეფ ერდოღანის გამარჯვება რეგიონში დემოკრატიისთვის ძალიან უარყოფითი მოვლენაა – უცხოური პრესა

154
spot_img

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“, რედაქციით ვაშინგტონში) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „თურქეთში რეჯეფ ერდოღანის გამარჯვება რეგიონში დემოკრატიისთვის ძალიან უარყოფითი მოვლენაა“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ანალიტიკოსების აზრით, თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემდეგ, საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები ჩვეულებრივად გაგრძელდება. 69 წლის თურქი ლიდერი უკვე 20 წელია ხელისუფლებაშია, ხოლო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, იგი ხელისუფლებაში დარჩება სულ მცირე 2028 წლის მაისის ჩათვლით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჯერ კიდევ ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე მიულოცა რეჯეფ ერდოღანს მესამე ვადით არჩევა. კვირის დასაწყისში კი ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.
„ზოგადად, რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის, თურქეთში ერდოღანის მორიგი გამარჯვება ძალიან უარყოფითი მოვლენაა“ – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე. მისი თქმით, „საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მიჰყვება, ევროპული მემარჯვენე, ავტორიტარული, პოპულისტური რეჟიმების გზას და ქვეყანაში ცდილობს არჩევნებიანი, ავტორიტარული რეჟიმის აშენებას, შესაბამისად, მათი მხრიდან ერდოღანის მხარდაჭერა, რომელიც ასეთი რეჟიმების წინამორბედად და მნიშვნელოვან წარმომადგენლად მიიჩნევა, სავსებით მოსალოდნელი და ლოგიკურია.

ამ მხარდაჭერის კონტექსტში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ფაქტორია, სანქციების არიდება. ვფიქრობ, თურქეთის და საქართველოს ურთიერთობები ჩვეულებრივად გაგრძელდება“ – აღნიშნა ბაკურაძემ.

ანალიტიკოსების აზრით, ანკარა ახლო მომავალში, პოზიციას არც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ შეიცვლის, ანუ ისევ გააგრძელებს ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკურ მხარდაჭერას და საზღვაო მიმოსვლას, დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე.

„თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს ღიად აქვს ოკუპირებულ აფხაზეთში წარმომადგენლობა და იგივე, 2009 წელს თუ გავიხსენებთ, თურქული გემის კაპიტნის საქმეს და თურქეთის რეაქციას, შეგვიძლია ვთქვათ, თურქეთის ხელისუფლება თვალს კი არ ხუჭავს, არამედ, პრინციპულად მხარს უჭერს ამ ტიპის ურთიერთობებს თურქეთსა და აფხაზეთს შორის გავიხსენოთ, რომ 2009 წელს, საქართველოს სანაპირო დაცვამ, ტრაბზონის პორტიდან ოკუპირებული სოხუმის პორტისკენ მიმავალი, 3000 ტონა საწვავით დატვირთული თურქული გემი დააკავა და გემის კაპიტანს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც თურქეთის მკაცრი დემარში და კაპიტნის გათავისუფლება მოჰყვა. მაგრამ, რაიმე სახის ოფიციალურ აღიარებაზე უახლოეს მომავალში საუბარი არ იქნება და ამას არაერთი მიზეზი აქვს, იგივე სატრანზიტო და ენერგო დერეფნებით დაწყებული და ქურთული საკითხით დამთავრებული . თუმცა, ჩრდილოეთ კვიპროსის მაგალითიც გვაჩვენებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, თურქეთი სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერისგან თავს არ იკავებს“ – ამბობს სანდრო ბაკურაძე.

რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების არნახული გააქტიურების ფონზეც კი, თურქეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. 2022 წლის მონაცემებით, თურქეთის წილი მთლიან იმპორტში, თითქმის – 18% იყო. თურქეთიდან 2 მილიარდ 370 მლნ დოლარის იმპორტი განხორციელდა, ზრდამ წინა წელთან შედარებით, თითქმის, 30 პროცენტი შეადგინა. შედარებისთვის, 2022 წელს, საქართველოდან თურქეთში 435 მლნ დოლარის ექსპორტი გავიდა, ზრდა 35%, თურქეთის წილი მთლიან ექსპორტში მხოლოდ 8% იყო.
მიმდინარე წელს 15 წელი სრულდება, რაც საქართველოს და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა. 2007 წელთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, მილიარდ 907 მილიონით არის გაზრდილი, თუმცა, საქართველო თურქეთიდან თითქმის 6-ჯერ მეტს ყიდულობს, ვიდრე ყიდის. უარყოფითი სავაჭრო სალდო კი წლიდან წლამდე იზრდება.

„თურქეთი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც ძალიან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები გვაკავშირებს. დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი ვადის პირობებში თურქეთის პრეზიდენტი კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას გასწევს ჩვენთან ერთად, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაახლოვდნენ, კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა“ – აღნიშნა ანკარაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

თურქეთი NATO-ს ერთადერთი წევრია, რომელიც უკრაინაში შეჭრის მიუხედავად, არ მიუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სავაჭრო-ეკონომიკურ სანქციებს. საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ასევე არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ბოლო დროს, ხშირად მოჰყავს მაგალითად თურქეთი, რომელიც დასავლეთთან არაპროგნოზირებადი, ხისტი და აგრესიული საგარეო პოლიტიკით გამოირჩევა.

„რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვს… თურქეთს, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი ქვეყანა და უზარმაზარი სახელმწიფო, დიდი ეკონომიკით, ნატო-ს წევრი ქვეყანა და ქვეყანა, რომელსაც აქვს უკვე ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი“ – ეს არგუმენტი მოიყვანა, მაისის დასაწყისში პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა, დასავლეთის დემარშის მიუხედავად, რუსეთმა და საქართველო ორმხრივი ავიამიმოსვლა აღადგინეს.

„ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიის „ხალხის ძალის“ პროპაგანდისტულმა არხმა „პოსტ ტვ“-იმ რეჯეფ ერდოღანს გამარჯვება სპეციალური განცხადებით მიულოცა, სადაც აღნიშნავს, მისმა გამარჯვებამ “ნათლად აჩვენა, რომ მომავალი სწორედ საკუთარ ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკას და პოლიტიკოსებს აქვთ, პოლიტიკოსებს, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობას და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევენ. სწორედ ეს პოლიტიკა აირჩიეს დღეს ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის მოქალაქეებმა“.

ანალიტიკოსი დავით ძიძიშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ საქართველოს მმართველი ძალის გადაწყვეტილება – იყოს რეჯეფ ერდოღანის ხელისუფლებასავით „ხისტი“ და „აგრესიული“ (გარეთ) და „ავტორიტარული“ და „პოპულისტური“ (შიგნით), შედეგს ვერ მოიტანს.

„თურქეთს აქვს ჩვენთან რაღაც საკითხები, რომელზეც შეუძლია გვევაჭროს, საქართველოს ხელისუფლებას კი სავაჭრო არაფერი არ დარჩა, ყველაფრით ივაჭრა უკვე, რითაც შეიძლებოდა. ერთადერთი რაც სავაჭრო დარჩა, არის ის, იქნება თუ არა საქართველო რუსულ ორბიტაზე. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, დასავლურ ცნობიერებაში უკვე გადალაგდა რაღაცეები და მათ თქვეს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენგან ბენეფიტები არ უნდა, ჩვენ ამ ბენეფიტებს არ მივცემთ, მიუხედავად იმის, რომ ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ფული ჩავდეთ. საქართველოს ხელისუფლებას ამ წუთას არაფერი ისეთი აღარ დარჩა, რაც შეიძლება საინტერესო იყოს დასავლეთისთვის ახალ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც შეიქმნება რუსეთის დამარცხების შემდეგ. ისეთი ვითარება, რომელშიც საქართველოს ექნება სტრატეგიული მნიშვნელობა, შეიძლება უკვე გაფლანგული იყოს – იმიტომ, რომ ამ სტრატეგიულ მნიშვნელობას სხვა ბევრი სახელმწიფო შეიძენს“, – ამბობს დავით ძიძიშვილი, სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსი.

წყარო