Home Blog Page 2006

თიბისის მხარდაჭერით კომპანია „ნომა“ მოცვის მეურნეობას აფართოებს

2017 წელს, თიბისის მხარდაჭერით გაშენებული მოცვის ბაღებს „ნომამ“ თიბისის დახმარებით 4 ჰა მიწა მიამატა. კომპანიის დამფუძნებელი, როდამ ოქროპირიძე დაარსების ისტორიაზე და წარმატებულ ბიზნესზე გვიყვება:

„ადრინდელი ბიზნესიდან – ხილის გადამამუშავებელი საწარმოდან გამომდინარე, მოცვი ჩვენთვის ნაცნობი პროდუქტი იყო. შესაბამისად, როცა მოცვის ბაღების გაშენებას ვიწყებდით, გვქონდა წინასწარი გათვლები და ვიცოდით, რა რისკებზე მივდიოდით.

2017 წელს, თიბისის იაფი სესხის პროგრამის დახმარებით, ქობულეთში გავაშენეთ  და, შესაბამისად, აღვჭურვეთ 11 ჰა მოცვის ბაღი, სადაც 35 000 ძირი მოცვი ჩავრგეთ. მომდევნო წლებში ამას დავუმატეთ კიდევ 4 ჰა – 15 000 ძირი პოლონეთიდან ჩამოტანილი ნერგები.

მოცვი, ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე, რამდენადაც მოთხოვნადი და მომგებიანი პროდუქტია, იმდენად სარისკო და პრობლემურიცაა მასთან მუშაობა. თავად სამუშაო პროცესის გარდა, რომელიც ყოველდღიურ დაკვირვებას, მოვლას, დაავადებებთან ბრძოლას გულისხმობს, ფერმერებს კიდევ ერთი დიდი პრობლემა აქვთ – ნაყიდი ნერგების ვარგისიანობა. ეს პრობლემა ჩვენც შეგვექმნა – პოლონეთში ვიყიდეთ კონკრეტული ჯიშის ნერგები, რომლებიც, წლების შემდეგ სხვა, გაურკვეველი ჯიშის აღმოჩნდა. ჩვეულებრივ, ძირზე 4-5 კგ. მოსავალს ველოდით, ეს ჯიში კი ნახევარ კილოსაც არ ისხამს.

მოგვიწია მათი ამოყრა და გასულ წელს, ისევ თიბისის მხარდაჭერით, უკვე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიტანეთ ლაბორატორიულად შემოწმებული რამდენიმე ჯიშის 15 000 ნერგი. განაშენიანების პროცესი დაწყებულია და იმედი გვაქვს, შედეგიც ისეთივე გვექნება, როგორიც ჩვენი მონდომებაა.

პირველ წელს 11 ჰა ბაღიდან 10 ტონა მოსავალი ავიღეთ, მეორე წელს – 18 ტონა, შემდეგ –  25 და 30 ტონა. წელს 40 ტონაზე მეტს ველოდებით. ეს ყველაფერი – 35 000 ძირზე. ახალი, 4 ჰა-ზე გაშენებული 15 000 ძირიც რომ დაემატება, ჩვენი გათვლებით, ჯამში 170 ტონიანი ბაღი უნდა გამოვიდეს.

ამჟამად მეურნეობაში სტაბილურად 20 დასაქმებული მუშაობს. დარგვის პროცესში დამატებით 20, კრეფის სეზონზე კი – 100-ამდე ადამიანი ემატება.

ძირითადად ექსპორტზე ვმუშაობთ, თუმცა, მცირე რაოდენობას ადგილობრივ ბაზარზეც ვყიდით.

სამომავლოდ, თიბისის მხარდაჭერით, ბაღის განახლებას, სათბურების მოწყობას და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას ვგეგმავთ.“

R

ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კონფერენცია ბუდაპეშტში 4-5 მაისს ჩატარდება, სადაც დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა.

პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

Air Baltic-მა რიგა-ბათუმის მიმართულებით ფრენები განაახლა

ლატვიურმა ავიაკომპანია Air Baltic-მა რიგა-ბათუმის მიმართულებით ფრენები განაახლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

„2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირველი რეისით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის დედაქალაქიდან 119 მგზავრი ჩამოფრინდა.

Air Baltic-ი რიგა-ბათუმის მიმართულებაზე ზაფხულის სეზონის განმავლობაში კვირაში ორჯერ იფრენს.

ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ასრულებს რიგა-თბილისის მიმართულებაზე. Air Baltic-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში ხუთი სიხშირით დაფრინავს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებითაც საკონსტიტუციო სასამართლოში მირბოდნენ სარჩელით და შემდეგ ზუსტად იგივე წარმატებით გამოიქცნენ უკან”

მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით ზუსტად ეს ადამიანები იყვნენ, ვინ საკონსტიტუციო სასამართლოში მირბოდნენ სარჩელით და შემდეგ ზუსტად იგივე წარმატებით გამოიქცნენ უკან, – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი ოპოზიციის გადაწყვეტილებას ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტები სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომიისისთვის ბრძოლას სწორედ საკონსტიტუციო სარჩელით გეგმავენ.

გვახსოვს, რომ მაშინ ხელაღებით საუბრობდნენ, რომ როცა არ დავეთანხმეთ მანდატების გაუქმებაზე ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი და მათი გადაწყვეტილება მაშინ იყო დესტრუქციული, როგორც თვითონ აღიარეს. ახლა იმავე გზაზე ტრიალებენ. სინამდვილეში, ჩვენ ცხადია ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ვინაიდან ამით საკუთარ უუნარობას ავლენენ მხოლოდ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ოპოზიცია სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიისთვის ბრძოლას საკონსტიტუციო სარჩელით გეგმავს.

“როცა ნახავთ ქალბატონ კრამონს, სთხოვეთ ჩამოწეროს მსოფლიოს ერები და დაახარისხოს, რომელი ერი რას იმსახურებს”

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას ეხმაურება:

“კითხვები ვიოლა ფონ კრამონის სამარცხვინო განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ტვიტერზე დაწერა.
ჯერ შეგახსენებთ რა თქვა კრამონმა: “თუ ევროკავშირი მოგანიჭებთ კანდიდატის სტატუსს, ეს არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ მოახდინეს პრიორიტეტების რეალიზება, არამედ იმიტომ, რომ ამას იმსახურებს ქართველი ხალხი და ამას მოითხოვს გეოპოლიტიკური ლოგიკა.”

“ხალხის დამსახურებასთან” დაკავშირებით, გაკეთდა შეფასებები, “გეოპოლიტიკური ლოგიკისთვის” კი არ მიუქცევიათ ყურადღება.

ახლა ჩამოვწეროთ კრამონის მიერ ტვიტერით გაკეთებული აღიარებები და მის მიმართ გაჩენილი კითხვები და შეფასებები:

1. მადლობას ვეტყოდი ქართველ ხალხზე რომ წერს პოზიტიურად, ეს ფრაზა შიდა პოლიტიკაზე გავლენის მიზნით რომ არ ეთქვა.

2. როდის აქეთ დაიწყო ევროპარლამენტმა ხალხების დაყოფა, დახარისხება? ეს ერები იმსახურებენ, ის ერები არა, ეს რა მიდგომაა?!

3. თურქეთს 30 წელია იმიტომ არ იღებენ ევროკავშირში, რომ თურქი ხალხი არ იმსახურებს, თუ თურქეთმა რეფორმები არ გაატარა, თუ აქაც “გეოპოლიტიკური ლოგიკაა”?

4. შარშან როცა არ მოგვანიჭეს, მაშინ ქართველი ხალხი არ იმსახურებდა და წელს თუ მოგვანიჭებენ, წელს დაიმსახურა? რა შეიცვალა?

5. მოგვიანებით, მათივე გამოქვეყნებული შეფასებების თანახმად, გამოჩნდა, რომ სტატუსის მონიჭება გვეკუთნოდა. ანუ არ მოგვანიჭეს იმ მიზეზით, რომ პრიორიტეტების შესრულება არ იყო მთავარი და გეოპოლიტიკურად ასე იყო საჭირო?

6. მაკრონმა რომ თქვა, გეოგრაფიის ბრალიაო, რა იგულისხმა, გეოპოლიტიკური ლოგიკა არ მოითხოვდაო?

7. თუ შარშან არ მოითხოვდა გეოპოლიტიკური ლოგიკა, ანუ გეოპოლიტიკურად ფასი არ გვედო, წელს რა შეიცვალა, გაძვირდა რეგიონის და ჩვენი ფასი?

8. რას გვეუბნება ევროდეპუტატი კრამონი, პრიორიტეტების შესრულებას აღარ აქვს მნიშვნელობა, შეგვიძლია აღარ შევასრულოთ?

9. როცა ნახავთ ქალბატონ კრამონს, სთხოვეთ ჩამოწეროს მსოფლიოს ერები და დაახარისხოს, რომელი ერი რას იმსახურებს,”- წერს ამირან სალუქვაძე.

ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდის გამოყენებით იქნება შესაძლებელი

ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, 2023 წლის 22 მაისიდან ტაქსის მძღოლებს კიდევ ერთი სიახლით სარგებლობა შეეძლებათ. კომპანია BKN301 Georgia-მ შეიმუშავა გადახდების მიღების ინოვაციური და სწრაფი მეთოდი QR კოდის გამოყენებით, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს QR კოდის სკანირებით მარტივად შეეძლება ტაქსის მომსახურების ღირებულების გადახდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ტაქსის მძღოლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, გადაეცემათ ბრენდირებული QR კოდები, რომლებიც განთავსდება ავტომობილების სკამების საზურგეებსა თუ სხვა ადგილებზე.

მომხმარებელი მობილური ტელეფონით დაასკანირებს QR კოდს და მარტივად გადაიხდის მგზავრობის საფასურს, ხოლო ტაქსის მძღოლი მომენტალურად მიიღებს თანხას მის საბანკო ანგარიშზე.

თბილისის მერიის ინიციატივით, კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან ტაქსის მძღოლებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და სერვისის გაწევა შესაძლებელი იქნება ქალაქ თბილისის მერიის შემდეგ სერვის ცენტრებში:
• თბილისის მერიის სერვის ცენტრი – ჟ.შარტავას ქ. N7;
• სამგორის სერვის ცენტრი – მოსკოვის გამზირი N14;
• გლდანის სერვის ცენტრი – დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ.

აპლიკაცია, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ, 15 მაისიდან ამოქმედდება

რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია სპეციალური აპლიკაციის – „ფიქს თბილისის“ შესახებ, რომელიც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ შექმნა. ეს არის მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის სპეციფიკური კომუნიკაციის საშუალება, რომლის მიზანია, მუნიციპალიტეტის ინფორმირება დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ნებისმიერი პირი შეძლებს, დააფიქსიროს დაზიანება, გადაუღოს ფოტო, მიაწეროს მისამართი.

„აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის სამსახურს, რომლის მხრიდან მოხდება განცხადებაზე რეაგირება, ხოლო ინფორმაციის მომწოდებელი მოქალაქე, ამავე აპლიკაციის საშუალებით, მიიღებს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა მის მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება.

აპლიკაცია აერთიანებს საკითხთა ოთხ კატეგორიას, ესენია: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარეგანათების დაზიანება და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანება.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიყოთ ოპერატიულები და ამასთან, გავზარდოთ იმ საკითხების ნუსხა, რომლის დაფიქსირებასაც შეძლებს მოქალაქე ამ აპლიკაციის საშუალებით. ეს აპლიკაცია უნდა ამოქმედებულიყო პირველი მაისიდან, თუმცა google play store-ის და app store-ის ვერიფიკაციის პროცესის გამო, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა, აპლიკაცია ამოქმედდება 15 მაისიდან. ამ პერიოდიდან მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, დააფიქსირონ პრობლემა რომელიმე კატეგორიაში, ატვირთონ ფოტო, დაურთონ დამატებითი ტექსტური ინფორმაცია პრობლემის უკეთ აღწერის მიზნით და მასზე რეაგირება დაიწყება ოპერატიულად, შესაბამისი სამსახურის მიერ.

ვიმედოვნებ, აღნიშნული აპლიკაციის დახმარებით, კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება მუნიციპალიტეტის რეაგირება პრობლემებზე და მოსახლეობასთან ჩვენი კომუნიკაცია“, – განაცხადა კალაძემ.

” კელი დეგნანი მომენტალურად უბრუნდება და ხელს აჭერს ღილაკ ALARM-ს, როგორც კი მის ბოროტების „მატრიცაში“ მორიგი ხარვეზი იჩენს თავს”- ქართველიშვილი

„საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მწვავე ფაზაში გადასაყვანად, ყველა საერთაშორისო რესურსი რომ ჩართო მარტის თვეში: სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაწყებული, აშშ-ს კონტროლირებადი ვასალებით (ევროკავშირის ელჩები) დამთავრებული – და მაინც ვერ გამოუვიდა, მის მიერ გაჩაღებულ და ჩვენს მიერ ჩამქრალ ცეცხლს, კვლავ ცდილობს ნავთი გადაასხას. ვერც ამ ჯერზე გამოუვა რამე”, – ასე გამოეხმაურა კელი დეგნანის გუშინდელ განცხადებებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, კელი დეგნანი განრისხებულია ოპოზიციის უნიათობით და ქართული საზოგადოების განწყობებით.

„საპარლამენტო ოპოზიციის არაფორმალური ლიდერი, კელი დეგნანი განრისხებული რომ დარჩებოდა საკუთარი შეგირდების უნიათობით, ადვილად პროგნოზირებადი იყო. ოღონდ, რეალურად რამ მიიყვანა ის გაღიზიანების უკიდურეს სტადიამდე, ამაზე ამ პოსტის ბოლო წინადადებაში დავწერ. ველოდებოდით, რომ მისი ამ რისხვის კალაპოტი კვლავ ცილისწამებით, გესლით, ბოროტებით და უნამუსობით გაივსებოდა და რა თქმა უნდა, ამ ჯერზეც, ჩვენს წინააღმდეგ. ამაში ქართულ საზოგადოებასთან მისი მხრიდან “წესების გარეშე” ბრძოლის პრაქტიკამ უკვე არაერთგზის დაგვარწმუნა. სიტყვებიც აღარ გყოფნის, ეს დამანგრეველი ნიაღვარი რომ გააჩერო, ალბათ რაღაც საქმეზე გადასვლის შანსი გვქონდა, რომელიც ამჟამად სამუდამოდ დაკარგულია. 2022 წლის ივლისის თვის პატარა (6,5 მილიონი მოსახლეობა) ნიკარაგუას დემარში გამახსენდა: სენატში მიმდინარეობდა ამ ქვეყანაში ამერიკის ელჩობის ახალი კანდიდატის, უგო როდრიგესის მოსმენები. შეუნიღბავად, უგო როდრიგესმა პირდაპირ განაცხადა ნიკარაგუაში თავის ანტისახელისუფლებო მისწრაფებების თაობაზე და ამ “საპატიო” მისიის შესასრულებლად, დაასახელა აშშ-ს ძირითადი საყრდენი ქვეყანაში: USAID, NED და Freedom House. ამ აღიარებითი ჩვენებების ფონზე, ნიკარაგუამ მას “აგრემანი” არ გადასცა და ქვეყანაში არ შეუშვა.

საინტერესო იქნებოდა ჩვენი რეაქცია, კელი დეგნანს საქართველოში ჩამოსვლამდე რომ ელაპარაკა ღიად და ხმამაღლა, თუ რას გვიპირებდა სინამდვილეში. ელაპარაკა ის, რაც მორიგ ჯერზე განაცხადა გუშინ: “რა კარგია, რომ ქართველმა ხალხმა ამ “რუსეთუმეებს” ეს “რუსული კანონი” არ მიაღებინა”. და ამის შემდეგ ჩართო თავისი მაპროვოცირებელი, “ლუციფერისეულ” სიცრუეზე აგებული ლექსიკა: „ისევე, როგორც რუსეთში, აქაც მოხდებოდა ყველა იმ „კეთილშობილი” ორგანიზაციის განდევნა, რომლებიც დილიდან საღამომდე მხოლოდ ქართველ ფერმერებზე, სტუდენტებზე, უმცირესობების უფლებებზე, ხელმოკლე ოჯახებზე, შშმ პირებზე, ქვეყნის ეკონომიკაზე და ბაზრების დივერსიფიკაციაზე ზრუნავენ”. საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მწვავე ფაზაში გადასაყვანად, ყველა საერთაშორისო რესურსი რომ ჩართო მარტის თვეში: სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაწყებული, აშშ-ს კონტროლირებადი ვასალებით (ევროკავშირის ელჩები) დამთავრებული – და მაინც ვერ გამოუვიდა, მის მიერ გაჩაღებულ და ჩვენს მიერ ჩამქრალ ცეცხლს, კვლავ ცდილობს ნავთი გადაასხას. ვერც ამ ჯერზე გამოუვა რამე.

დააკვირდით ერთ რამეს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული, ეროვნული კანონპროექტი დაგეგმილი უბედურების თავიდან აცილების მიზნით, გამოვიწვიეთ და მეტი რაღა გაგვეკეთებინა – ამ თემას კელი დეგნანი მომენტალურად უბრუნდება და ხელს აჭერს ღილაკ ALARM-ს, როგორც კი მის ბოროტების “მატრიცაში” მორიგი ხარვეზი იჩენს თავს, როგორც კი მორიგ საფრთხეს ან მარცხის აჩრდილს აწყდება. საკუთარი ლაქია-ფროილინებით, დაგეშილი ზომბების მეშვეობით და რა თქმა უნდა, პირადად, გადმოდის მორიგ უსუსურ შეტევაში, მაგრამ ბოროტების რეგენერაციის ეს პროცესი საქართველოში უსასრულოდ ვეღარ გაგრძელდება. 30 აპრილის საზოგადოებრივმა შეკრებამ ამას მკაფიო პასუხი გასცა. როგორც ჩანს, ამან მოიყვანა კელი დეგნანი ამ განრისხებულ მდგომარეობამდე, თუმცა ამ რისხვის მიუხედავად, ჩვენი ქარავანი აგრძელებს სწორი მიმართულებით მოძრაობას…“, – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

“შეერთებული შტატების საელჩო პატივს სცემს საქართველოში პრესის წევრებს” – აშშ-ის საელჩო

შეერთებული შტატების საელჩო პატივს სცემს საქართველოში პრესის წევრებს, რომლებიც მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისა და ინსტიტუციების ანგარიშვალდებულებისთვის, მიუხედავად მათზე ძალადობის, ძალადობის მუქარის, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, პატიმრობისა თუ სხვა ზეწოლისა, – ამის შესახებ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თავისუფალი და ძლიერი პრესა აუცილებელია „ხალხის მიერ ხალხისათვის მმართველობის“ უზრუნველსაყოფად.

„პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ ჟურნალისტების აუცილებელ როლს დემოკრატიაში. ჟურნალისტები საზოგადოების ინფორმირების და ინსტიტუციებისა და ხელისუფლებაში მყოფი პირების ანგარიშვალდებულების სადარაჯოზე დგანან. თავისუფალი და ძლიერი პრესა აუცილებელია „ხალხის მიერ ხალხისათვის მმართველობის“ უზრუნველსაყოფად.

შეერთებული შტატების საელჩო პატივს სცემს საქართველოში პრესის წევრებს, რომლებიც მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისა და ინსტიტუციების ანგარიშვალდებულებისთვის, მიუხედავად მათზე ძალადობის, ძალადობის მუქარის, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, პატიმრობისა თუ სხვა ზეწოლისა. მედიისთვის ზიანის მიყენების ან გაჩუმების ნებისმიერი მცდელობა არის თავდასხმა თავად დემოკრატიაზე“,- აღნიშნულია განცხადებაში.

„დღევანდელი ევროკავშირის სახე – ევროპარლამენტში დაგეგმილია „ნამუშევრების,” გამოფენა რომლებზეც იესო ქრისტე LGBTQ ადამიანებთან ერთადაა გამოსახული”

„დღევანდელი ევროკავშირის სახე – ევროპარლამენტში დაგეგმილია „ნამუშევრების“, გამოფენა რომლებზეც იესო ქრისტე LGBTQ ადამიანებთან ერთადაა გამოსახული. შეუქცევადად მიექანებიან კატასტროფისკენ“- წერს მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, შვედი ფოტოგრაფის, ელიზაბეტ ოლსონის გამოფენას ეწინააღმდეგებიან იტალიელი და პოლონელი ევროპარლამენტარები, რომლებსაც ორგანიზატორი მემარცხენე ჯგუფები, ჰომოფობებსა და ულტრა-მემარჯვენეებს უწოდებენ.

„დღევანდელი ევროკავშირის სახე – ევროპარლამენტში დაგეგმილია „ნამუშევრების,” გამოფენა რომლებზეც იესო ქრისტე LGBTQ ადამიანებთან ერთადაა გამოსახული.

გამოფენა სახელწოდებით „სექსუალური გეი იესო” შვედი ევროპარლამენტარის ინიციატივით ტარდება.
შვედი ფოტოგრაფის, ელიზაბეტ ოლსონის გამოფენას ეწინააღმდეგებიან იტალიელი და პოლონელი ევროპარლამენტარები, რომლებსაც ორგანიზატორი მემარცხენე ჯგუფები, ჰომოფობებსა და ულტრა-მემარჯვენეებს უწოდებენ… ეს ხომ ლიბერალებისთვის დამახასიათებელია…

შეუქცევადად მიექანებიან კატასტროფისკენ…”- წერს შაქარიშვილი.

კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ – უკრაინის ომის 434-ე დღე

უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის, სერჰი ბრატჩუკის ინფორმაციით, კიევისა და ოდესისა ოლქებში და ქალაქ დნეპრში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა. მისი თქმით, ზაპოროჟიეს ოლქში S-300 ტიპის რაკეტებით დარტყმა დაფიქსირდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა და ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

რუსული ძალები წუხელ უკრაინის ტერიტორიას Shahed-136/131-ის 26 დრონით დაესხნენ თავს, აქედან 21 უკრაინელებმა გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ირანული „კამიკაძე დრონები“ ჩრდილოეთის მიმართულებიდან (ბრიანსკის ოლქი) და სამხრეთიდან – აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს.

ცნობისათვის, უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმები ისმოდა კიევში. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის, სერჰი ბრატჩუკის ინფორმაციით, კიევისა და ოდესისა ოლქებში და ქალაქ დნეპრში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

“ჩვენმა სახელმწიფომ უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია გაიმარჯვოს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა ოკუპანტისაგან,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნორმალური ცხოვრება ყველა ოჯახს დაუბრუნდება.

„ყველამ, ვინც ახორციელებს დეოკუპაციას, დაამტკიცა, რომ ლურჯ და ყვითელ დროშასთან ერთად, ნორმალური ცხოვრება დაუბრუნდება ყველა ადამიანს და ყველა ოჯახს. ჩვენი მიზანია ეს ცხოვრება დავუბრუნოთ მთელ უკრაინას, ყველა იმ ტერიტორიას, რომელიც ჯერ კიდევ დროებით ოკუპაციის ქვეშაა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

თიბისი კონცეპტი შეხვედრას “მოდის სცენის მიღმა ცხოვრება”-ს უმასპინძლებს

5 მაისს, 8 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, Ieri Store-თან და Forbes Woman Georgia-სთან პარტნიორობის ფარგლებში, უმასპინძლებს საჯარო ლექციას თემაზე “მოდის სცენის მიღმა ცხოვრება”.

შეხვედრის მთავარი სპიკერები იქნებიან Balenciaga Heritage-ის ყოფილი ხელმძღვანელი, Gael Mamine და Margiela-ს ყოფილი სცენოგრაფი, Ania Martchenko.

გაელი და ანია გაუზიარებენ აუდიტორიას თავიანთ გამოცდილებას ინდუსტრიაში, ისაუბრებენ განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე და მათ თანამშრომლობაზე მოდის ცნობილ ბრენდებთან. ასევე, განიხილავენ კულტურული მემკვიდრეობის ბრენდად გადაქცევის უპირატესობებს, კომუნიკაციის მნიშვნელობას კულტურებს შორის და იმ გავლენებზე რაც ქართულმა კულტურულმა მემკვიდრეობამ იქონია ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გაელ მამინი იყო Balenciaga Heritage და Pierre Bergé – Yves Saint Laurent Foundation კოლექციების ხელმძღვანელი. ამჟამად მუშაობს როგორც მოდის გამოფენების ასოცირებული კურატორი ევროპაში, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ანია მარჩენკო სცენის დიზაინერი და სამხატვრო ხელმძღვანელია. 2003 წლიდან 2008 წლამდე, მუშაობდა Maison Martin Margiela-ში, როგორც გამოფენების სცენოგრაფი და ინტერიერის დიზაინერი.

შეხვედრა გაიმართება ინტერაქციულ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე.

დასასწრებად, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge – ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ შეხვედრაზე დასწრებას.

*ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

 

R