Home Blog Page 2005

“რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და რატომ იზრუნებს იმაზე, რომ შენ უკეთესი პირობები გქონდეს?”- ვოლსკი

კრემლთან დათმობის პოლიტიკა აქ არ იგრძნობა, რადგან კრემლისთვის იდეა არის არა ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა, არამედ თავისი ინტერესების გატარება, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ფრენების აღდგენაზე საუბრისას განაცხადა.

„ოკუპანტი ქვეყანაა და რატომ იზრუნებს იმაზე, რომ შენ უკეთესი პირობები გქონდეს? ხომ არ არის მიზანი, რომ სწორედაც ეს საკითხი ევროსტრუქტურებში დაისვას და დამატებითი ბარიერი შეექმნას ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემის რეალიზაციას. ხომ არ გაკეთდა ეს იმისთვის, რომ ეს კითხვა გაჩნდეს?“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის რიგითი სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.

„მიმდინარე წლის 8 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის რიგითი სამხედრო მოსამსახურის იუსიფ ნასიბოვის (დაბ. 2005 წ.) გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე სადღეღამისო განწესში იმყოფებოდა, მასზედ მიმაგრებული საშტატო იარაღით. გასროლის ხმის გამო მოხდა საგუშაგოს შემოწმება და ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი ი.ნასიბოვი.

პირველადი მონაცემებით გარდაცვლილმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გრძელდება გამოძიება.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებს გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

“უნდა გავაძლიეროთ უკრაინის პოზიციები ბრძოლის ველზე ” -სტოლტენბერგი

უნდა გავაძლიეროთ უკრაინის პოზიციები ბრძოლის ველზე, რათა უკრაინამ მიიღოს ომის შედეგი, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გამარჯვებას და რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ მოიგოს ეს ომი, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

„ომები არაპროგნოზირებადია, ამიტომ ვერავინ იტყვის ზუსტად, როგორ განვითარდება ეს ომი. რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ უკრაინელებს ახლა აქვთ შესაძლებლობები, იარაღი, საბრძოლო მასალა და ასევე ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების მიერ მიწოდებული წვრთნა, განსაკუთრებით აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

„რაც ჩვენ ასევე ვიცით არის ის, რომ უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ რუსული ძალების განდევნა, როგორც ეს უკვე გააკეთეს. ახლა მეტი აღჭურვილობა, მეტი წვრთნა და მეტი მომზადებაა კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის გასათავისუფლებლად“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

“ოპოზიციას აქვს ფუნდამენტური პრობლემა”-შალვა პაპუაშვილი

მიუხედავად იმისა, რომელ ოპოზიციაზე არის საუბარი, ყველას აქვს ფუნდამენტური პრობლემა – ისინი გამიჯნული არიან ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მათ პოლიტიკაში ყველანაირ ინტერესს ამოიკითხავ, საქართველოსა და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესის გარდა. მანამ, სანამ ისინი ამ ინტერესს არ დაუბრუნდებიან, არ აღიარებენ და საკუთარი პოლიტიკის ნაცვლად არ აქცევენ, მანამდე გამორიცხულია მათ ნებისმიერი ხასიათის წარმატება ჰქონდეთ არჩევნებში. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელსაც არ უყურებენ და თვალს არ უსწორებენ. ისინი ნებისმიერი სხვა ქვეყნის ინტერესებს აღიარებენ გარდა საქართველოსა და ქართველი ხალხის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მიზანს მივაღწიოთ და ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ”-გენადი არველაძე

„ჩვენ არ ვეძებთ იოლ გზებს და პრივილეგიებს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. კარგად ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ გრძელი გზის დასაწყისია და მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მიზანს მივაღწიოთ და ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ევროკავშირი – საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში გაიმართა.

სხდომაში საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციებმა, ასევე, საქართველოს აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მონაწილეთა და კომიტეტის სხდომაზე გამომსვლელთა შორის იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. კომიტეტის სხდომის ფარგლებში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განხილული იქნა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა.

მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ერთგულია და ახორციელებს რეფორმების ფართო სპექტრს, რომელთა მიზანი არა მხოლოდ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, არამედ სხვადასხვა სფეროში ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების ხელშეწყობაა. მისი თქმით, საქართველომ, ევროკავშირთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მთელ რიგ წარმატებას მიაღწია – 2022 წელს ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 29%-ით გაიზარდა და საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 20,5% შეადგინა, ამავე პერიოდში საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი 20%-ით გაიზარდა და 863 მლნ. აშშ დოლარი იყო.

გენადი არველაძემ გაამახვილა ყურადღება უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე სურსათის უვნებლობის, ხარისხის ინფრასტრუქტურის, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების, მეტროლოგიის, ბაზრის ზედამხედველობის, აკრედიტაციისა და სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით. მინისტრის მოადგილე ასევე ხაზი გაუსვა მიღებულ წარმატებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა საქართველოში წარმოებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის (თაფლი, შავი ზღვის თევზი, მატყლი, დამუშავებული ტყავი და ცხოველის საკვები. მან იმედი გამოთქვა, რომ მალე ამ სიას სხვა პროდუქტები შეემატება. „საქართველოს წარმატების უფრო მეტი მაგალითი სჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც DCFTA-ს, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის წარმოსაჩენად,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა. მისი მთავარი მიზანია ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.  

“კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან”-ფინანსთა სამინისტრო

საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან საქართველოს მიერ მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 200-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 800-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკოსისა და მედიასაშუალების მხრიდან საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაში – ამ შემთხვევაში, გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელშიც როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოყვანილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ობრაიანის მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადება.

სამწუხაროა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება კვლავ ინტერპრეტირებულია მედიის მხრიდან და გამოყენებულია საქართველოს წინააღმდეგ მორიგი დეზინფორმაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის მიერ ხდება ჯიმ ობრაიანის ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია.

საინტერესოა, რომ Politico პუბლიკაციის საფუძვლად იღებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ობრაიანის მიერ 7-8 ივნისს, საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის – საგარეო საქმეთა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე https://www.youtube.com/watch?v=Z-jdOX42Cow ღია დისკუსიის დროს გამართულ დიალოგს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ეხებოდა რუსეთისთვის საერთაშორისოდ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, მათი შესრულების მხრივ არსებულ გლობალურ  გამოწვევებს და აშშ-ისა და ევროკავშირის თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების პრევენციის მიზნით.

დისკუსიისას წამოჭრილ საკითხზე, თუ რომელ ქვეყნებთან მიდის მუშაობა სანქციების ეფექტურობის გაზრდის მიზნით და რამდენად წარმატებულად ახერხებს აშშ და ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის პრევენციას, საქართველო ნახსენები იყო არა როგორც ქვეყანა, სადაც ხდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, არამედ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს სანქციების რეჟიმის დარღვევის პრევენცია.

სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის აქტიური და ქმედითი თანამშრომლობის გათვალისწინებით, მიუხედავად ზემოხსენებული მედია საშუალებებისა და ცალკეული პოლიტიკოსების ინტერპრეტაციისა, დარწმუნებულნი ვართ, რომ სანქციების გვერდის ავლის მიზეზად საქართველოს მოაზრება არ ასახავს არც შეერთებული შტატების პოზიციას და არც ჩვენი თანამშრომლობის ხასიათს ამ მიმართულებით.

საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან საქართველოს მიერ მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 200-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 800-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან“, – ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

 “ფანჯარაში გადაიხედეთ გირჩი, კიკუ და ლяკა გაიხსენეთ, მიშა და გიული; ოღონდ მერე მიხურეთ, “სკვაზნიაკი აპასნია” – ხაინდრავა კალიურანდს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერით ეხმიანება ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს, მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით:

“ევროს პარლამენტარმა კალიურანდმა განაცხადა – ფანჯარა არის ღია არვინ იცის როდის დაიხურებაო. ხოდა სანამ ღიაა მიდით სუფთა ჰაერი ჩაისუნთქეთ სული მოითქვით ფანჯარაში გადაიხედეთ გირჩი კიკუ და ლяკა გაიხსენეთ მიშა და გიული ოღონდ მერე მიხურეთ “სკვაზნიაკი აპასნია”.

“გავეცანი იმას, თუ რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, ძალიან კარგი წიგნია, გილოცავთ!”

გავეცანი იმას, თუ რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, ძალიან კარგი წიგნია, გილოცავთ. თუმცა, ვფიქრობ ეს ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჯოზას ოლეკასიმ ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ აქ შეკრებილები ვართ საქართველოს საუკეთესო მეგობრები და წარმატებას ვუსურვებთ მას ევროინტეგრაციაში. გავეცანი იმას თუ რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, ძალიან კარგი წიგნია, გილოცავთ. თუმცა ვფიქრობ ეს ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს მოუსმინოთ. არამხოლოდ აგვიხსნათ ჩვენ თუ რა გააკეთეთ, არამედ ერთმანეთთან ისაუბროთ. ცვლილებები არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ბიუროკრატიულად, არამედ უნდა იყოს რეალური ცვლილებები. პოლიტიკურ ჯგუფებს შორის პოლარიზაცია ძალიან ძლიერია. უმრავლესობამ, მმართველმა გუნდმა უნდა გამონახოს საშუალება, რომლითაც ეს პრობლემა მოგვარდება. მაგალითად ეს შეიძლება იყოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება”, – განაცხადა ჯოზას ოლეკასმა.

“საქართველოს მოქალაქეობა არ უნდა, თვითონ ამბობს, ჩემი გული უკრაინას ეკუთვნისო” – გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილზე

„თვითონ ამბობს, ჩემი გული უკრაინას ეკუთვნისო და რა ვქნათ ჩვენ? მისი გული თუ უკრაინას ეკუთვნის, ჩემი პოზიცია სხვანაირი რატომ უნდა იყოს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ მედიასთან განაცხადა.

მაჭარაშვილმა ასევე, ზოგადად ოპოზიციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციონერები იმაზეც კი ვერ თანხმდებიან, ტრიბუნიდან განცხადება ვინ უნდა გააკეთოს და ერთმანეთის კანონპროექტებსაც არ უჭერენ მხარს.

„ლელოს კონსოლიდაცია თავის თავში და პარტიაში უჭირს, რადგან აირჩია ხალხმა 4 წევრი და თავმჯდომარე თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა მოადგილესთან ერთად პარლამენტიდან, რა გვინდა პარლამენტშიო. ახლა ამბობენ, მომავალ პარლამენტში აგვირჩიოს ხალხმაო, ალბათ, იმისთვის, რომ ისევ გამოვიდნენ იქიდან. რაც შეეხება მინისტრთა ე.წ ჩრდილოვან კაბინეტს, ეს ფილმი ჩვენ ვნახეთ, როდესაც 2 თუ 3 წლის წინ ვაშაძემ თქვა, მე უნდა ვიყო ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიო, მერე მიხეილ სააკაშვილი დაასახელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ვაშაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს კი არა, 4-იდან 2 კაცი ძლივს შერჩა პარლამენტში დღეს და მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვივამედში გაამწესა პრემიერობის ნაცვლად. დღეს ეს ხალხი ვერ თანხმდება იმაზე, ტრიბუნიდან ვინ გააკეთოს განცხადება და ერთმანეთის კანონპროექტებს არ უჭერენ მხარს. რომელ მინისტრების „პორტფელებს“ გაინაწილებენ ესენი, რომ კოალიცია შექმნან შემდგომ? ეს უკვე სასაცილო გახდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“ჩვენ თავს დაგვესხნენ, რომ შეეჩერებინათ ქვეყნის წინსვლა ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე, იგივე მოხდა უკრაინის შემთხვევაშიც”

ჩვენთვის ევროატლანტიკური მისწრაფებები არის იგივე, პრინციპში, პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც იმავეზე საუბრობს. ძალიან ვწუხვარ, რომ ვხედავ მზადყოფნას, რომ რაც შეიძლება ნეგატიური ინტერპრეტაცია მიეცეს საქართველოს ლიდერთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ახვლედიანის თქმით, საქართველოში გაკეთებული განცხადებები, ხშირად არასწორად არის აღქმული.

„როგორც საქართველოს მთავრობის წევრმა, თქვენი ნებართვით თავს უფლება მივეცი, ძალიან მოკლე კომენტარი გავაკეთო, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი სამჯერ იყო ნახსენები დღევანდელ გამოსვლებში. უპირველეს ყოვლისა, ქალბატონო თავმჯდომარევ, იმ ციტატასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ახსენეთ ბუდაპეშტში მისი გამოსვლიდან, მსურს, აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ეს ციტატა თქვენ მოიყვანეთ კონტექსტის გარეშე. ამ ციტატას წინ უძღოდა ის, რომ პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო თანასწორობას საქართველოში, იმას თუ რამდენად დაცულია ყველას უფლებები. მან ასევე ისაუბრა უმცირესობათა უფლებებზე, რომელთა დაცვაც საქართველოში პრიორიტეტს წარმოადგენს. ბატონმა ლუკ დევინმა ახსენა პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი ციტატა GLOBSEC-იდან და დასვა კითხვა თუ რას ნიშნავდა ეს ციტატა. გეტვით, რასაც ნიშნავდა: ეს ნიშნავს, რომ სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია და შეჭრა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს საქართველოში, იყო საერთაშორისო სამართლის მთავარი პრინციპების სერიოზული დარღვევა, ეს იყო გაერო-ს ქარტიის პრინციპების დარღვევა, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოს არჩევანის უფლების დარღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს როგორც სუვერენული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის უფლებაა აირჩიოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია და დიახ, ჩვენ თავს დაგვესხნენ იმისათვის, რომ შეეჩერებინათ ქვეყნის წინსვლა ამ გზაზე. იგივე მოხდა უკრაინის შემთხვევაშიც და მოვიყვან ციტატას, ევროკომისიის პრეზიდენტის ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენის ციტატას, რომელიც მან ასევე GLOBSEC-ზე წარმოთქვა: „პირველად ჩვენს ისტორიაში (სხვათა შორის უნდა აღვნიშნო რომ ეს 21-ე საუკუნეში უკვე მეორედ მოხდა და არა პირველად) ქვეყანა არის თავდასხმის ქვეშ, რადგან მას აქვს სურვილი გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ეს არის უკრაინის სუვერენული უფლება და მისი ხალხის მიერ მკაფიოდ გაცხადებული ნება და ა.შ“, – განაცხადა ახვლედიანმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს ნეგატიური ინტერპრეტაცია მოჰყვება ხოლმე.

„ჩვენთვის ევროატლანტიკური მისწრაფებები არის იგივე, პრინციპში, პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც იმავეზე საუბრობს. ძალიან ვწუხვარ, რომ ვხედავ მზადყოფნას, რომ რაც შეიძლება ნეგატიური ინტერპრეტაცია მიეცეს საქართველოს ლიდერთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს. იმედი მაქვს, დღის მეორე ნაწილში მოვისმენთ ჩვენი პრემიერ მინისტრისა და სხვა ლიდერების იმ ციტატებს, რომელიც ეხება იმას თუ რამდენად ვუფრთხილდებით და ვაფასებთ ჩვენს ძალისხმევასა და ვალდებულებას, დავაკმაყოფილოთ ყველა კრიტერიუმი და მოთხოვნა. მესამე ციტატა, რომელიც ქალბატონმა თანათავმჯდომარემ ახსენა, მჯერა ამ ციტატასაც გამოეხმაურებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, თუმცა არასოდეს ჩემს სახელმწიფოში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ სხვა ქვეყნის მთავრობის, მაგალითად უკრაინის მთავრობის წევრთა ცალკეული იდეები და მოსაზრებები თუ ევროპარლამენტის წევრთა მოსაზრებები გაგვეთანაბრებინა ევროპული ინსტიტუტების ან სახელმწიფოთა საერთო მოსაზრებებთან. ამიტომ, ვერ დაგეთანხმებით, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული ეს განცხადება იყო ანტიდასავლური. პირველ რიგში, კონტექსტი იყო აბსოლუტურად სხვაგვარი“, – განაცხადა ახვლედიანმა.

“ეს ოპოზიცია ვერ გაერთიანდება, თუ ისინი არ იპოვიან გამაერთიანებელს” -თეა წულუკიანი

მე ვყოფილვარ პოლიტიკურ ოპოზიციაში, გამივლია ის პრობლემები, რაც ზოგადად ოპოზიციას შეიძლება, ჰქონდეს და თან ვყოფილვარ ოპოზიციაში იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციას ებრძოდა „ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიციაში ყოფნისთვის, ან ფიზიკურად უსწორდებოდა, ან ციხეში სვამდა, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ახლანდელ ოპოზიციას გაერთიანების რესურსი არ აქვს.

„იმ პირობებიდან ვიცი, რომ ოპოზიციის ერთიანობა არის საკმაოდ რთული. ჩვენ მაშინ გაგვაერთიანა ერთმა ლიდერმა, უპირობო ლიდერმა, რომელსაც ჰქონდა მორალური ავტორიტეტი, რომ გავეერთიანებინეთ, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ჩემი გამოცდილებიდან თუ ვიმსჯელებ, ვიფიქრებდი, რომ ეს ოპოზიცია ვერ გაერთიანდება, თუ ისინი არ იპოვიან გამაერთიანებელს, რომელსაც ექნება ყველას წინაშე აღიარებული ავტორიტეტი. ვინაიდან, მათ ასეთი არ ჰყავთ, ძალიან პესიმისტურად ვუყურებ იმ გეგმას, რომ ისინი ან მინუს ერთით, ან მინუს ორით, ან საერთოდ გაერთიანდებიან. ამიტომ, ისინი დაქსაქსულობისა და მარცხისთვის არიან სამწუხაროდ განწირულნი. სამწუხაროდ-მეთქი ვამბობ, რადგან ჯანსაღი და ერთიანი ოპოზიცია ამ ქვეყნის განვითარებას სჭირდება“, – განაცხადა წულუკიანმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ოლაფ შოლცთან პირისპირ შეხვედრას ბერლინში გამართავს.