Home Blog Page 2004

არაფერს გამოვრიცხავ – ხატია დეკანოიძე ახალი პარტიის შექმნაზე

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ახალი პარტიის შექმნას არ გამორიცხავს. კითხვაზე, „შეიძლება შექმნათ ახალი პარტია?“ – ხატია დეკანოიძე პასუხობს: „არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია, არაფერს გამოვრიცხავ, რადგან პოლიტიკაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება“.

ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა სრულიად მოსალოდნელია.

„ლანდშაფტი შეიძლება შეიცვალოს. ნიკა ჯერ „ნაციონალურ მოძრაობაშია“, ამიტომ სამომავლო გეგმებზე მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ პარტნიორობას არ გამოვრიცხავ მათთან, ვინც მიმაჩნია მომავალი ბრძოლის ნაწილში. მნიშვნელოვანია, შევძლოთ ჩვენი ადგილის მონახვა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს მათთან პარტნიორობას, ვინც მომავალი ბრძოლის ნაწილში მიაჩნია.

„ნიკა მელია ჯერ „ნაციონალურ მოძრაობაშია“. მასთან კომუნიკაცია მაქვს და ვფიქრობ, რომ გეგმებზე მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა სრულიად მოსალოდნელია. მოცემულობაა ორი ორბიტა. როგორც ვხვდები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიდის სამი პარტია: „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. იმის გამო, რომ ბლოკები აკრძალულია, როგორც ჩანს, ერთიანი სია გაკეთდება. „ქართულ ოცნებას“ თავისი ორბიტა აქვს. არიან პატარა პარტიებიც, ვინც გამსხვილებას ვერ ახერხებს. ამიტომ ლანდშაფტის გადალაგება აუცილებლად უნდა მოხდეს. ახალი ცენტრის შექმნის გარეშე ვერ მოხერხდება შუა პოზიციის მქონე ამომრჩევლის მობილიზება. ჩემს თავს „ნაცმოძრაობასთან“ არ ვხედავ, პარტიიდან წამოვედი და ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი. ალბათ იმ ნაწილში ვიქნები, ვინც უნდა მოაბილიზოს შუა ხმები, „ლელოში“ – არა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რომეო მიქაუტაძემ და ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი განიხილეს

საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს აპატურაიმ ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინნიკოვი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი გვანცა ლოლაძე, ნატო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დავით ნარდაია და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველოს მესამე მდივანი მარიამ ჯანელიძე.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა დეტალურად განიხილეს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები და ისაუბრეს იმ მიმართულებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის ფარგლებში ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება.

„ამ მხრივ ჯეიმს აპატურაიმ ხაზი გაუსვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის განვითარებისთვის.

რომეო მიქაუტაძემ სტუმრებს ასევე გააცნო ის შედეგები, რაც განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გამოცხადებულ პირველ აუქციონზე დაფიქსირდა. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა ძალიან წარმატებით ხორციელდება, რაც, საბოლოოდ, ენერგოსექტორში ორ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.

ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველოს აქვს დიდი ენერგეტიკული პოტენციალი და მისი რესურსები იძლევა დადგმული სიმძლავრეების ზრდის საშუალებას, რაც ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ენერგეტიკული დარგის მიმართ და აღნიშნა, რომ მუდმივად მზადაა, საკუთარი რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს ამ მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებას საქართველოში.

“იდავონ, ბატონო, აგერ არის ბურთი და მოედანი” -ირაკლი ზარქუა

თურმე სასამართლო ხელისუფლება უნდა გაასამართლონ და ვინ? ხაბეიშვილმა, ჭიჭე ვაშაძემ, პაატა მანჯგალაძემ – აი, ამათ უნდა გაასამართლონ სასამართლო ხელისუფლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ჩვენ ბუნებრივია არ მივცეთ საშუალებას ამ რადიკალებს, რომ ასეთი იაფფასიანი ტრიუკებით რეინკარნაცია მოახდინონ საზოგადოებაში, რომ თითქოს რაღაცას აკეთებენ. იდავონ, ბატონო, აგერ არის ბურთი და მოედანი. ეს სასამართლო რეფორმირებულია და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, თუ წარმოადგენთ არგუმენტებს, დაე, გაიმარჯვონ“, – განაცხადა ზარქუამ.

ოპოზიცია სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიისთვის ბრძოლას საკონსტიტუციო სარჩელით გეგმავს.

 

“მგონი, არავინ უარყოფს, რომ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების ძირითადი ნაწილი სააკაშვილის მხარდამჭერია”

მგონი, არავინ უარყოფს, რომ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების ძირითადი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია, ამას პარტიაშიც ვამბობდი და ახლაც იმავეს ვიმეორებ – „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა ბაზა მიხეილ სააკაშვილზე დგას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „რამდენად იქნება შესაძლებლობა ამაზე დააშენონ, ეს მომავლის საკითხია“.

„მიხეილ სააკაშვილი არის მესამე პრეზიდენტი, ვინც შეინარჩუნა ამომრჩევლის გული, რომელიც სტაბილურია. დღემდე შიშის ფაქტორი არ მოიხსნა, რაც სამწუხაროა. არ ვამბობ, რომ ვინმეს ანა წითლიძის ან ლევან ხაბეიშვილის ეშინიათ, მაგრამ საზოგადოებაში არის დამოკიდებულება რეპრესიულ მექანიზმებზე, რაც მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ვერ გადალახა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

“ისეთი კვლევის შედეგია, რომელიც რეალობასთან ახლოს ერთი პარამეტრით თითქოს არის, მაგრამ მეორით 40 პროცენტით არის აცდენილი ყველაფერს”

უცნაური, მაგრამ ისეთი კვლევის შედეგია, რომელიც რეალობასთან ახლოს ერთი პარამეტრით თითქოს არის, მაგრამ მეორით 40%-ით არის აცდენილი ყველაფერს, ამიტომ ამ კვლევის შედეგებზე სერიოზულად საუბარი, თუ ოდნავ მაინც ობიექტურად ვიმსჯელებთ, გაგვიჭირდება, – ასე შეაფასა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ NDI-ის კვლევის შედეგები.

NDI-ი თან ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ბევრად მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთად, არ ვიცი ეს მონაცემები გაეპარათ თუ რა მოხდა, რადგან თუ სხვას ყველას ერთად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, აქვს 11% და „ნაციონალურ მოძრაობას 20%, დაახლოებით 2-ჯერ მეტი აქვს „ქართულ ოცნებას“ ყველა დანარჩენზე. ეს შეიძლება სიმართლესთან ახლოს იყოს, მაგრამ ამავდროულად, თუ ისინი საზოგადოებას არწმუნებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ 20% აქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფიქსირდა ცდომილების 40%-იანი რეკორდი.

რამდენიმე დღის წინ ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ყველაზე მაღალი აქტივობის შემთხვევაშიც კი დაახლოებით 60% მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და მეორე, თუ ცალკე იმის თქმა უნდათ, რომ ციფრებს არ მივაქციოთ ყურადღება და „ქართულ ოცნებას“ ყველა დანარჩენზე 2-ჯერ მეტი აქვს, მაშინ კი ბატონო, შეიძლება დაახლოებით ასეთი რეიტინგი იყოს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%.

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გაიმართება

BTU – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და  IT აკადემია STEP-ის ორგანიზებით საქართველოში Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კონკურსი გაიმართება. პროექტის გენერალური მხარდამჭერია თიბისი.

Adobe-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატი, ზაფხულში, აშშ-ში, კერძოდ ფლორიდაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ახალგაზრდები სრული დაფინანსებით მიიღებენ. აღნიშნულ ჩემპიონატში დიზაინერები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთვებიან.

Adobe Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა. მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წლის 30 ივლისიდან – 2 აგვისტომდე, აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში, მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენად, ყველა რეგიონულ ჩემპიონს მოუყრის თავს – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან.

მონაწილეები დავალების შესასრულებლად გამოიყენებენ Adobe Photoshop-ს, Adobe Illustrator-ს და Adobe InDesign-ს (ან მათ მიერ არჩეულ კომბინაციას).

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-დან 22 წლამდე ასაკის, დიზაინით დაინტერესებულ პირებს, რომლებიც, 2023 წლის 12 მაისამდე ჩააბარებენ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სასერტიფიკატო გამოცდას:

  • Adobe Certified Professional Visual Communication – Adobe Photoshop-ის გამოყენებით;
  • Adobe Certified Professional in Graphic Design & Illustration – Adobe Illustrator-ის გამოყენებით.

აშშ-ში, გამარჯვებულებს გადაეცემათ ჩემპიონის მედლები და სერტიფიკატები, ასევე დასაჩუქრდებიან ფულადი პრემიით: I ადგილი – 8000 აშშ დოლარი, II ადგილი – 4000 აშშ დოლარი, III ადგილი – 2000 აშშ დოლარი.

დამატებითი დეტალები იხილეთ www.creathon.ge

პროექტის გენერალური მხარდამჭერია თიბისი.

პროექტის პარტნიორები არიან GITA, ACAG, Marketer.

პროექტის  ტექნოლოგიური პარტნიორია Lenovo.

(R)

„იმედი“ – 18%, „მთავარი არხი“ – 8%, „ტვ პირველი“ – 3% – NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიის მიმართ საზოგადოების ნდობასთან დაკავშირებით ახალ კვლევას აქვეყნებს.

კითხვაზე, ყველაზე მეტად რომელ არხს ენდობით პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 „იმედი“ – 18%

 „მთავარი არხი“ – 8%

 „რუსთავი 2“ – 5%

 „ტვ პირველი“ – 3%

 საზოგადოებრივი მაუწყებელი – 3%

 არც ერთს – 51%

 სხვა – 6%

 არ ვიცი, უარი პასუხზე – 6%

“ნაცმოძრაობამ“ უნდა გაასამართლოს მოსამართლეები, ეს არის სამართლიანობა?”

„ნაცმოძრაობამ“ უნდა გაასამართლოს მოსამართლეები, ეს არის სამართლიანობა და ნორმალური? საშუალებას არ მივცემთ, ქვეყანას საბოტაჟი მოუწყონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა ქვეყანაში ქაოსის შექმნა.

„ეტყობა, ოპოზიციიდან ხელმოცარულებმა დიდი ხანი იფიქრეს და თქვეს, ახლა „ჩვენი დროა“ და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. მიიღეს გადაწყვეტილება, თავი გამოიჩინონ – პარლამენტში ვიღაცამ შეამჩნიოს, რომ რაღაცისთვის იბრძვიან და ვინ? ამ ხალხის დიდი უმრავლესობა 2012 წელს აქციებს გვიწყობდა და გვიკიჟინებდა, მოსამართლეებს ხელი არ ახლოთო. მეტიც, ამბობდნენ, მოსამართლეები უვადოდ უნდა დაინიშნონო. მაშინ, როცა ვთქვით, რომ სასამართლოში ჩარევას არ ვაპირებთ და თავად უნდა გაერკვნენ. როგორც კი მიხვდნენ, რომ „ნაცებმა“ სასამართლოზე გავლენა დაკარგეს, ახალი კამპანია ააგორეს. „ნაცმოძრაობამ“ უნდა გაასამართლოს მოსამართლეები, ეს არის სამართლიანობა და ნორმალური? საშუალებას არ მივცემთ, ქვეყანას საბოტაჟი მოუწყონ და სასამართლო გაასამართლონ, რადგან მათი ამოცანაა ქაოსი, ყიყინი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს – NDI

საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს, -ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევაშია ნათქვამი.

კითხვაზე – რამდენად მოსალოდნელია, ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვიდეთ – 15% პასუხობს, რომ მოსალოდნელია, 82% ამბობს, რომ არ არის მოსალოდნელი, ხოლო 3%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

ამასთან, კვლევის მიხედვით, ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია ახალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის.

კვლევაში აღნიშნულია, რომ თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას ფულს რეგულარულად უგზავნის.

ცნობისთვის, გამოკითხვა 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევა მოიცავს 1,032 დასრულებულ ინტერვიუს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% -ია.

მთავრობის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი შემცირებულია – NDI

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა თანაბარი ოდენობა 43-43% აფასებს კარგად და ცუდად, 11%-მა კი არ იცის.

ამასთან, კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად ახალგაზრდა მოქალაქეები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი შემცირებულია.

რაც შეეხება პარლამენტის, პრეზიდენტისა და პრემიერის საქმიანობის შეფასებას, დოკუმენტის თანახმად, გამოკითხულთა 17% პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 41% საშუალოდ, 28% კი ცუდად.

პრემიერ-მინისტრის საქმიანობას 30% აფასებს კარგად, 31% საშუალოდ, 28% კი ცუდად. პარლამენტის საქმიანობას კი 13% აფასებს დადებითად, 30% საშუალოდ; 37% კი, ცუდად.

კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ახალგაზრდებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორისაა.

პრემიერის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სოფლის ტიპის დასახლებებში, 55+ ასაკის მოსახლეობასა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორისაა, ხოლო პარლამენტისადმი დამოკიდებულება პარტიულ სიმპათიებთან არის კავშირში.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, პარლამენტის წევრები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ.

კითხვაზე: „გთხოვთ, მითხრათ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით, რომ პარლამენტის წევრები ითვალისწინებენ თქვენნაირი ადამიანების შეხედულებებს?“ 38% ფიქრობს, რომ ეთანხმება, 51% მიიჩნევს, რომ არ ეთანხმება.

ამასთან, NDI-ის კვლევის მიხედვით, უმეტესობა ფიქრობს, რომ პარლამენტი თავის ფუნქციებს ეფექტურად ვერ ასრულებს.

ცნობისთვის, გამოკითხვა 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევა მოიცავს 1,032 დასრულებულ ინტერვიუს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% -ია.

გამოკითხულთა 12 პროცენტს რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობა სურს, ხოლო 10 პროცენტს ნატოსთან – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს.

კვლევის კითხვაზე რომელ ქვეყნებთან ან გაერთიანებასთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:

რუსეთი – 12%

ნატო – 10%

ევროკავშირი – 54%

ამერიკის შეერთებული შტატები – 32%

თურქეთი – 14%

აზერბაიჯანი – 10%

ცნობისთვის, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით.

კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.

აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. კიდევ უფრო მეტი ადამიანი ამბობს იმავეს არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე.

უფრო კონკრეტულად, გამოკითხულთა 47% არ ეთანხმება, რომ მმართველი პარტია ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, 61% კი მიიჩნევს, რომ პარლამენტსა და ადგილობრივი თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის შემთხვევაში გასულ წელთან შედარებით, შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, იგივე მონაცემი შემცირებულია ოპოზიციის შემთხვევაშიც. საინტერესოა, რომ ყოველი მეხუთე ოპოზიციის მხარდამჭერი და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

გასათვალისწინებელია, რომ მოსახლეობის რეკორდულად დაბალი რაოდენობა – 24% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს. კითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, 2023 წლის მარტის მონაცემებით, უარყოფითად გამოკითხულთა 64% პასუხობს.

ამასთან, NDI -ს კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 14% და ოპოზიციის მხარდამჭერთა 36% ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ წარმოადგენს. თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ გასულ წელთან შედარებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის გაიზარდა იმ ადამიანების წილი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მათ ინტერესებს წარმოადგენს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის განმარტებით, ახალგაზრდები ანუ 18-34 წლის მოსახლეობა, განსაკუთრებული სკეპტიკურობით გამოირჩევიან.