მთავრობის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი შემცირებულია – NDI

72
spot_img

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა თანაბარი ოდენობა 43-43% აფასებს კარგად და ცუდად, 11%-მა კი არ იცის.

ამასთან, კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად ახალგაზრდა მოქალაქეები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი შემცირებულია.

რაც შეეხება პარლამენტის, პრეზიდენტისა და პრემიერის საქმიანობის შეფასებას, დოკუმენტის თანახმად, გამოკითხულთა 17% პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 41% საშუალოდ, 28% კი ცუდად.

პრემიერ-მინისტრის საქმიანობას 30% აფასებს კარგად, 31% საშუალოდ, 28% კი ცუდად. პარლამენტის საქმიანობას კი 13% აფასებს დადებითად, 30% საშუალოდ; 37% კი, ცუდად.

კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ახალგაზრდებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორისაა.

პრემიერის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სოფლის ტიპის დასახლებებში, 55+ ასაკის მოსახლეობასა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორისაა, ხოლო პარლამენტისადმი დამოკიდებულება პარტიულ სიმპათიებთან არის კავშირში.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, პარლამენტის წევრები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ.

კითხვაზე: „გთხოვთ, მითხრათ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით, რომ პარლამენტის წევრები ითვალისწინებენ თქვენნაირი ადამიანების შეხედულებებს?“ 38% ფიქრობს, რომ ეთანხმება, 51% მიიჩნევს, რომ არ ეთანხმება.

ამასთან, NDI-ის კვლევის მიხედვით, უმეტესობა ფიქრობს, რომ პარლამენტი თავის ფუნქციებს ეფექტურად ვერ ასრულებს.

ცნობისთვის, გამოკითხვა 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევა მოიცავს 1,032 დასრულებულ ინტერვიუს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% -ია.