Home Blog Page 2004

“თბილისში აგენტურა შეშფოთებულა – ბოძებზე, კედლებზე, ღობეებზე, ლიფტებზე მათი სახეების ამსახველი ფოტოები გაუკრავთ”

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი თბილისში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების, კერძოდ, ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას შესახებ გავრცელებულ პოსტერებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დავით ქართველიშვილი აღნიშნულ ფოტოებს აზიარებს და წერს, რომ მსგავსი პოსტერები თბილისის გარეთაც უნდა გავრცელდეს.

„თბილისში აგენტურა შეშფოთებულა – ბოძებზე, კედლებზე, ღობეებზე, ლიფტებზე მათი სახეებისა და უკანალების ამსახველი ფოტოები გაუკრავთ. ხალხი „ტაშს“ უკრავს ამ საზოგადოებრივ წამოწყებას, ხოშტარია – ჯაფარიძე კი, „ეს სულ სხვა ტაშიას“ ყიჟინით „ოფშორტელევიზიებს“ იღებენ შტურმით – „შეურაცხგვყოფენო, გვიშველეთო“. სად ჩვენი „უწყინარი მონა.ჯი-ო“ და სად ეს ჩვენი დაუფარავი საჯარო მხილებაო.

სანამ აგენტურა ჯერ კიდევ მოლოდინშია – „დასრულდება უკრაინის ომი კიევის გამარჯვებით და ჩვენ – თქვენ ბოძებზე ჩამოგკიდებთო“, ჯერჯერობით, თბილისის ბოძებზე აგენტურის ფოტოებს აკრავენ. თბილისის მასშტაბი კი აშკარად მეცოტავება – ბოძები, კედლები და ღობეები დედაქალაქის მიღმაც არ გვაკლია და ამ სამარცხვინო სახეებსა თუ უკანალებს ყველა სოფლის „ბირჟა“ უნდა იცნობდეს“, – წერს დავით ქართველიშვილი.

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ საკრებულოს დეპუტატი დედაქალაქის მერს მიმართავს შეამციროს არამიზნობრივი ხარჯები და დაიწყოს უფასო კვების პროგრამა სკოლებში

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ საკრებულოს დეპუტატი ნინო წულაძე დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართავს, არამიზნობრივი ხარჯები შეამციროს და თბილისის სკოლებში უფასო კვების პროგრამა დაიწყოს.

როგორც ნინო წულაძე აცხადებს, ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გამოთავისუფლება შეიძლება, რომელიც, მისი თქმით, „არა პარტაქტივს და თბილისის მერის პიარს, არამედ, იმ ბავშვებს უნდა მოხმარდეს, რომლებიც სრულფასოვნად ვერ იკვებებიან“.

„ჩვენი პარტია დიდი ხანია ითხოვს, რომ ამ ეტაპზე თბილისში და შემდეგ უკვე რეგიონებშიც, დაიწყოს უფასო კვების პროგრამა ყველა სკოლაში. დედაქალაქის ბიუჯეტს თუ გადავხედავთ, 5 მილიონ ლარზე მეტი მხოლოდ კახი კალაძის პიარსამსახურზე იხარჯება. ჩვენ შეგვიძლია თანხის ნაწილი ასევე სსიპ-ებიდან და ააიპ-ებიდან გამოვათავისუფლოთ, სადაც არაერთი არამიზნობრივი პროგრამა ხორციელდება.

2022 წლის მონაცემებით, მაშინდელი სახალხო დამცველის განცხადებით, ბავშვთა სიღარიბე 28%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ჩარიცხული ბავშვიანი ოჯახების რაოდენობა და ასევე პროგრამაში ჩართული არასრულწლოვნების რაოდენობამ კი 235 252-ს მიაღწია. ასევე მაშინდელ ომბუდსმენზე დაყრდნობით, გამოიკვეთა, რომ 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში 50 ათასამდე ბავშვი ცხოვრობს. ეს ციფრები არის საგანგაშო. ამდენი ბავშვი შიმშილობს, უკიდურეს სიღარიბეშია და პარტაქტივზე, მერის პიარზე იხარჯება მილიონობით ლარი.

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ითხოვს, სასწრაფოდ გამოათავისუფლოს დედაქალაქის მთავრობამ ბიუჯეტიდან თანხები, რაც სრულიად რეალურია და თბილისის სკოლებში უფასო კვების პროგრამა დაიწყოს“, – აცხადებს ნინო წულაძე.

“ახალციხე ინნ”- 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, მესხური კონცეფციით, ოფიციალურად გაიხსნა

ახალციხეში ახალი სასტუმრო „ახალციხე ინნ“ გაიხსნა. „ინნ ჰოსფითალითის“ ქსელში შემავალი მეოთხე სასტუმრო მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. მისი კონცეფცია აერთიანებს მესხეთის კულტურას, ისტორიას და ერწყმის თანამედროვეობას, რაც ასახულია შენობის ინტერიერის დიზაინში.

როგორც “ჯორჯიან თაიმსს” აცნობეს, პროექტი „აწარმოე საქართველოსა“ და თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 15 მილიონ ლარზე მეტია, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 7,6 მილიონი ლარია.

გახსნის ღონისძიებას კერძო სექტორის, მედიის, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, სამთავრობო, არასათავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,ახალციხის პოლიფონია” და ,,რუსთაველის მსოფლიო” – ამ საკითხების შესახებ დღის მთავარი სპიკერი ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე ღონისძიების სტუმრებს ესაუბრა. აუდიტორიის წინაშე ადგილობრივი ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის ანსამბლები წარსდგნენ.

„ახალციხე ინნ“ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტში ქალაქ ახალციხის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. ოთხსართულიანი კომპლექსის ინტერიერი და ექსტერიერი თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი და დამსვენებლებს კომფორტულ და მყუდრო გარემოს სთავაზობს.

სასტუმრო 115 ინდივიდუალური ნომრისგან შედგება. თითოეულ ოთახს აქვს ფრანგული სტილის  აივანი. კომპლექსის პირველ სართულზე ბარისა და რესტორნის რამდენიმე სივრცეს შეხვდებით, სადაც ადგილობრივ მესხურ ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებთ. „ახალციხე ინნ“-ში განთავსებულია სპა, აუზი, ფიტნეს დარბაზი, საუნები.

სასტუმროში 2 სრულად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს შეხვდებით. პირველ დარბაზში 60 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი, მეორე დარბაზი კი 100 სტუმარს იტევს. საკონფერენციო სივრცეების გამოყენება სეზონის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. სტუმრები ერთობლივი სამუშაო და გასართობი სივრცეებითაც ისარგებლებენ. სასტუმროში გათვალისწინებულია პარკირების ზონაც.

„სასტუმროს აქვს ყველანაირი პოტენციალი იყოს ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტი ბაზარზე. ამ ეტაპზე სასტუმრო ასაქმებს 70 ადამიანს. სრულად დატვირთვის შემთხვევაში, ობიექტი 100 ადამიანზე მეტს დაასაქმებს. ჩვენი პრიორიტეტია, დავასაქმოთ ადგილობრივები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ გაძლიერდება კერძო სექტორი და რეგიონში ასეთი სასტუმროს არსებობა დადებითად აისახება ეკონომიკაზე“, – ნინა გაჩეჩილაძე, „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციული დირექტორი.

„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალციხეში პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ჩვენი მხარდაჭერით გაიხსნა. ეს თიბისისა და „ინნ ჰოსფითალითის“ პარტნიორობის ფარგლებში, „გუდაური ინნისა“ და „როიალ ინნის“ შემდეგ, რიგით მე-3 საერთო პროექტია. თიბისისთვის რეგიონული განვითარება და ადგილობრივების დასაქმების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შედეგად, ჰორეკა სექტორში 48%-იანი წილით, სექტორის ლიდერები ვართ“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

„ინნ ჰოსფითალითის“ მეოთხე სასტუმრო „ახალციხე ინნ“ ამ ეტაპზე რეგიონში 70-მდე ადამიანს ასაქმებს. სასტუმროს მიზანია, საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი ბაზრების მოზიდვა, როგორიცაა ევროპის ქვეყნები. „ახალციხე ინნ“ ხელს შეუწყობს დასაქმების მაჩვენებლის ზრდას, რეგიონს გახდის ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს, რაც დადებითად აისახება კერძო სექტორისა და ბიზნეს გარემოს განვითარებაზე.

უსამართლობა იყო საქართველოს დატოვება სტატუსის გარეშე და მიხარია რომ ეს შეცდომა გამოსწორდა -დომაგოი ჰაიდუკოვიჩი

საქართველოს აქვს ევროკომისიის რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე. ჩვენი რეკომენდაცია საბოლოოდ გათვალისწინებულია და ეს ძალიან გვიხარია, მაგრამ ბრძოლა დასრულებული არაა. ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დომაგოი ჰაიდუკოვიჩმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„მე უკვე მივწერე წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. იმედი გვაქვს დეკემბერში ერთად ვიზეიმებთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს იყო უსამართლობა, უსამართლობა იყო საქართველოს დატოვება სტატუსის გარეშე და მიხარია, რომ ეს შეცდომა გამოსწორდა. მინდა ქართველ ხალხს მივულოცო და ვუთხრა, რომ ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია გრძელ გზაზე.

უკრაინა/მოლდოვისთვის, რომლებსაც სავარაუდოდ გაუხსნიან მოლაპარაკებებს, მათთვის მეორე ნაბიჯია იმ ათასი ნაბიჯიდან, რაც წინ აქვთ. იყავით მოთმინებით და იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ – თქვენ გყავთ მეგობრები, რომლებიც მხარს დაგიჭერენ და თქვენს გვერდით იქნებიან. თქვენ მარტო არ ხართ. თქვენ აუცილებლად იქნებით ევროკავშირის წევრი. კითხვაა მხოლოდ როდის“, – აღნიშნა ჰაიდუკოვიჩმა.

“ჩვენი მოთხოვნაა, რომ ის ასობით მილიონი ლარი, რომელიც ქალაქს დაემატება, მიმართული იყოს საცობების პრობლემის მოგვარებისკენ”

ჩვენი მოთხოვნაა, რომ ის ასობით მილიონი ლარი, რომელიც ქალაქს დაემატება, მიმართული იყოს საცობების პრობლემის მოგვარებისკენ იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი მწვავე პრობლემა საცობებია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს, „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ნადირაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც 2024 წლის ბიუჯეტის პირველადი განხილვა მიმდინარეობს.

მისივე განმარტებით, დედაქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ნაგავია და თბილისი ნელ-ნელა ნაგვით ივსება.

„დედაქალაქში პრობლემები იზრდება, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური მომართულებით.

უნდა ვთქვათ, რომ დიახ, ყველა მიმართულებით ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს, იმიტომ, რომ სატრანსპორტო მიმართულებით თუ არ გაიზარდა ბიუჯეტი, ავტობუსში ახვალ ჭყლეტაა, მიკროავტობუსში ახვალ ჭყლეტაა, მეტროში ჩახვალ ჭყლეტაა და ამას ემატება ისიც, რომ ჭერი თავზე გვენგრევა და ვერა და ვერ დავამთავრეთ იგივე, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია.

უნდა გაიზარდოს, რა თქმა უნდა, ავარიული კორპუსების დაფინანსება, ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამუშაოებს დაფინანსება, დასუფთავების ღონისძიებები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია. მე მესმის, ცალკეულ გამზირებზე გვაქვს 50 ათას ლარიანი ნაგვის ურნები, მაგრამ თბილისი, რომელიც ერთ დროს ნამდვილად იყო სისუფთავის ქალაქი, ნელ-ნელა ნაგვით ივსება და ე.წ. პერიფერიებში არც ნორმალური ნაგვის ურნებია, არც თავსახური აქვს, არც ფორმა აქვს და ეს ნაგვის ურნებია ადგილები მინი ნაგავსაყრელებად იქცა ფაქტობრივად.

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ის ასობით მილიონი ლარი, რომელიც ქალაქს დაემატება, მიმართული იყოს საცობების პრობლემის მოგვარებისკენ იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი მწვავე პრობლემა არის საცობები. ამ ქალაქში გადაადგილება უკვე წარმოუდგენელია. ვეღარც სასწრაფო მისულა თავის დროზე და ვეღარც ბავშვი მოუყვანია მშობელს ვერც ბაღში და ვერც სკოლაში”,- განაცხადა ნადირაძემ.

“ევროკავშირის ცხრა რეკომენდაცია იქნება, 20 თუ მეტი, მზად ვართ, ვიმუშაოთ” – ანრი ოხანაშვილი

მზად ვართ, ჩვენი დაპირება შევასრულოთ, ვიმუშავებთ იმ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს შეეხება, იქნება ეს ცხრა, 20 თუ მეტი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ სამუშაო პროცესს ოპოზიციაც შეუერთდება.

„მმართველმა პარტიამ 12-პუნქტიანი გეგმის გადმოცემისთანავე აქტიური საპარლამენტო მუშაობა დაიწყო. სწორედ ამ გეგმის მიხედვით შევასრულეთ კონკრეტული რეკომენდაციები ინტენსიური მუშაობის ფარგლებში. სამწუხაროდ, ძირითადმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ ყველაზე მეტ ოპოზიციურ ხმას წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტში, სამუშაო ჯგუფებს ბოიკოტი გამოუცხადეს. ამის მიუხედავად, განვაგრძეთ მუშაობა და კონკრეტული შედეგი მივიღეთ. სამომავლოდაც მზად ვართ, თუ საჭირო იქნება, შესაბამისი ფორმატები შეიქმნას. ამასთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა.

არავითარი ვალდებულება, წინაპირობა არ არსებობს, რომ 15 დეკემბრამდე, სტატუსის მონიჭებამდე რაიმე სამუშაო ფორმატი უნდა შეიქმნას. ამიტომ საუბარი, რომ ჩვენ 15 დეკემბრამდე გვაქვს რაიმე  შესასრულებელი და ამაზე იქნება დამოკიდებული სტატუსის მინიჭება, ასეთი რამ დღის წესრიგში არ დგას. ჩვენ ვთქვით და შემდეგშიც მზად ვართ, ჩვენი დაპირება შევასრულოთ, ვიმუშავებთ იმ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს შეეხება, იქნება ეს ცხრა, 20 თუ მეტი.

უფრო მეტი გვაქვს განსაზღვრული ასოცირების შესახებ შეთანხმებით. ამიტომ ჩვენთვის ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის რამდენიმე თვის ან ერთი წლის საკითხი, ეს ინტენსიური მუშაობის რეჟიმია, როდესაც უნდა შევძლოთ და ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში გავაწევრიანოთ. ამიტომ ევროკავშირის შესაბამის წარმომადგენლებთან ერთად მოგვიწევს მუშაობა. რა თქმა უნდა, ოპოზიციამ თავისი როლი უნდა შეასრულოს ამ პროცესში – კონსტრუქციული და საქმიანი. 12-პუნქტზე მუშაობის პროცესში მათ შევთავაზეთ, მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა ძირითადმა ნაწილმა საბოტაჟის რეჟიმში ყოფნა ამჯობინა, ნაწილმა კი მონაწილეობა მიიღო. შემდგომშიც ჩვენ კარს არ დავუხურავთ ოპოზიციას, ვიმუშავებთ და კარგი იქნება, თუ შემოგვიერთდებიან, პოზიტიურ წვლილს შეიტანენ და არა – დესტრუქციულს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

“სააკაშვილი სიმულიანტობდა ორი წელი, მხარდამჭერებს შორისაც კი შეელახა რეპუტაცია” – ირაკლი კობახიძე

მიხეილ სააკაშვილი ორი წელი კვდებოდა, მისი მობრუნება იყო შეუძლებელი, თუმცა ვხედავთ, რომ მობრუნდა, აღარ კვდება, მისი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად არასერიოზული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ორი წელი იტყუებოდა, რომ კვდებოდა.

„სიმულიანტობდა ორი წელი, ბოლომდე დააზიანა საკუთარი რეპუტაცია. დარწმუნებული ვარ, მის მხარდამჭერებს შორისაც კი შეელახა მას რეპუტაცია. როდესაც საკუთარი მხარდამჭერი გიყურებს და ხედავს, რომ სიმულიანტობა, ასეთ დროს პოლიტიკური იმიჯის შენარჩუნება არის წარმოუდგენელი. ასეთ დროს, მისი სურვილი, რომ მობრუნდეს პოლიტიკაში, წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – განაცხადა კობახიძემ.

“არავითარი ვალდებულება არ გვაქვს, რომ დავწიოთ ბარიერი” – ირაკლი კობახიძე

ვეთანხმები ევროკავშირი ელჩს, მან აღნიშნა, რომ არის ევროკავშირი ქვეყნები, უმეტესობაა ასეთები, სადაც მოქმედებს მაღალი ბარიერი. მხოლოდ ოთხი ქვეყანაა ევროკავშირში, სადაც მოქმედებს სამპროცენტიანი ან უფრო დაბალი ბარიერი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანას ბარიერი მაღალი აქვს, ზოგს საერთოდ არ აქვს, ვიმედოვნებთ, რომ ბარიერთან დაკავშირებით რა წესებიც არ უნდა იყოს, რაც შეიძლება მალე იქნება წარდგენილი“.

მისი თქმით, მაღალი ბარიერი სჭირდება საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.

„ასეთ პირობებში არავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ვალდებულება არ გვაქვს, რომ დაბლა დავწიოთ ბარიერი. მაღალ ბარიერს აქვს პლუსებიც და მინუსებიც. მთავარი პლუსი არის ის, რომ პროპორციული სისტემის პირობებში მაღალი ბარიერი ასრულებს ერთგვარი სტაბილიზატორი ფუნქციას. ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს  სჭირდება სტაბილური განვითარება და ამისთვის არის მნიშვნელოვანი ხუთპროცენტიანი ბარიერის შენარჩუნება“, – განაცხადა კობახიძემ.

“კანდიდატის სტატუსი კიდევ ერთ ბიძგს აძლევს საქართველოს, რათა გაგრძელდეს რეფორმები ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად”

საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი ყოველთვის განპირობებული იყო ევროპული მისწრაფებებით და კანდიდატის სტატუსი, კიდევ ერთ ბიძგს, ძლიერ მოტივაციას აძლევს ქვეყანას, რათა გაგრძელდეს რეფორმები ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას.

ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ ფორუმის ჩატარების მნიშვნელობას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ.

გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა ბოლო ორი წლის განმავლობაში და მიმდინარე წელს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების მიმართულებით. მისი თქმით, ქვეყანამ რეკორდულად მოკლე დროში მიაღწია ფისკალური პარამეტრების მნიშვნელოვან კონსოლიდაციას.

„ჩვენი საშუალოვადიანი ფისკალური პოლიტიკა, მიზნად ისახავს ყველა პარამეტრის ჯანსაღ დონეზე შენარჩუნებას. საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ფისკალურ დისციპლინას იცავს, რომლის პირობებშიც კერძო სექტორი ყოველთვის მიიჩნეოდა ეკონომიკური განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად. ამგვარად, მთავრობა ინვესტირებას ახორციელებს რეფორმებში, რომლებიც ხელს უწყობს ეფექტურობის ზრდას, ბიზნესის კეთების გამარტივებას, ისევე, როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც მხარს უჭერს ქვეყნის, როგორც სატრანზიტო, ლოგისტიკის, ტურიზმისა და ბიზნესცენტრის პოტენციალის ათვისებას. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში, შუა დერეფნის მარშრუტებზე მოთხოვნის მატებასთან ერთად. ამრიგად, ჩვენ ფისკალურად მდგრადი გზით ვახორციელებთ ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალში, საჯარო ფინანსების მართვასა და ჯეროვან მმართველობაში, ასევე, მწვანე და უსაფრთხო ენერგეტიკულ სექტორში და მდგრად, გრძელვადიან ინფრასტრუქტურაში ისეთი პროექტებით, როგორიცაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის მშენებლობა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და სხვა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

იგი, ასევე, შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხს და განაცხადა, რომ ქვეყანა იცავს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას და აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა (აშშ) და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებებთან სანქციების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, მთავრობა განაგრძობს ქვეყნის ბიზნესგარემოს დამატებით მიმზიდველობაზე ზრუნვას, სხვადასხვა სექტორში რეფორმების განხორციელებით. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქმიანი და სავაჭრო ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

ახლად დამტკიცებულ, ახალ „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

ახლად დამტკიცებულ, ახალ „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ძირითადად სამხედრო სავალდებულო სამსახურს და მის გადავადებას ეხება.

ახალი „თავდაცვის კოდექსით“ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ყველა სტუდენტი გადავადებით სარგებლობს. შეთავაზებული ცვლილებების პროექტის თანახმად, ეს არ შეეხება სტუდენტს, რომელიც დისტანციურად სწავლობს; ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც განათლებას საქართველოდან დისტანციურად იღებს. აქედან გამომდინარე, გადავადების უფლებით ისარგებლებს მხოლოდ ის პირი, რომელიც არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ ხორციელდება დისტანციური ფორმით.

მათთვის კანონი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის რამდენიმე ფორმის შერჩევის შესაძლებლობას დაადგენს: – რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა; სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა (4 წლის მანძილზე ყოველკვირეულად/ყოველთვიურად რამდენიმე დღე); სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან – 6, 8, 11 თვე) ერთ-ერთის შერჩევის შესაძლებლობა.

რაც შეეხება გასაჩივრების საკითხს, “თავდაცვის კოდექსით“ პირს უფლება აქვს, გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე “თავდაცვის კოდექსის“ საფუძველზე მიღებული სხვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს. პარლამენტისთვის წარდგენილი ცვლილებების პროექტით, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.

„თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა. პროექტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ დაფინანსება  მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს. ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ  და არაპირდაპირ ხარჯს.

შესაბამისად, პაციენტს თანხის გადახდა არ მოუწევს. DRG მოდელით მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, 1 222 ლარით განსაზღვრა. რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას, ან ე.წ. VIP პალატის მომსახურებას, აღნიშნული სერვისები სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, რეფორმის მიზანი მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტის თანაგადახდის შემცირება, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის გაზრდა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტური ხარჯვაა. ასევე, ქვეყანაში საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებლის გამო, მიზანშეწონილად ჩაითვალა საკეისრო კვეთისა და მშობიარობის ფასის გათანაბრება, რაც შეამცირებს სამედიცინო პერსონალის მოტივაციას საკეისრო კვეთის სასარგებლოდ.

მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ცვლილება სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემის გაფართოების შედეგად განხორციელდა.

“ზურაბ ნოღაიდელის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო” – პროკურორი 

ზურაბ ნოღაიდელის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან დაიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ დავით – გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის და მთლიანად, სასაზღვრო ზოლის საკითხები საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის ექსკლუზიური კომპეტენცია, უფლებამოსილება იყო, – ამის შესახებ საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ჯერ კიდევ, 1999 წელს არსებობდა თავად ბრალდებულ ივერი მელაშვილის მიერვე შექმნილი და ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც კომისიამ საზღვრის დადგენისას არ იხელმძღვანელა.

„გარკვეული მონაკვეთები 2006 წელს შეთანხმდა, რაც საქართველოს პრეზიდენტთან იქნებოდა შეთანხმებული. ასევე, მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მან დაადასტურა, არის ის, რომ 2005 წელს, კომისია აცხადებდა, რომ თურმე, არანაირი დოკუმენტი, არანაირი მასალა, არანაირი რუკა არ არსებობდა, რომელიც დაადასტურებდა, რომ თითქოს, დავით – გარეჯი და მის კომპლექსში შემადგენელი ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე ექცეოდა. ჯერ კიდევ, 1999 წელს, ივერი მელაშვილმა საკუთარი ხელით შექმნა დოკუმენტი და ხელი მოაწერა, სადაც დაფიქსირებული აქვს მათ შორის, ის რუკა, რომელზეც ჩვენ ვედავებით, რომ უნდა გამოყენებულიყო. შესაბამისად, ნოღაიდელის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, სწორედ ამ ორ კომპონენტთან მიმართებაში“, – განაცხადა სადრაძემ.

კითხვაზე, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ხომ არ იკვეთება იმჟამინდელი პრეზიდენტის, სააკაშვილის ბრალეულობა და ხომ არ აპირებენ მისი მოწმის სახით დაკითხვას, პროკურორი პასუხობს, რომ „დეტალებს მათ კონკრეტულ ტაქტიკასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ვერ გააჟღერებს, თუმცა, განმარტავს, რომ აბსოლუტურად ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება“.

„შემდეგი ბრალდებული, ვინ იქნება, ამას ვერ გეტყვით, ეს უდანაშაულობის პრეზუმფციასთან კონფლიქტში მოდის, მაგრამ ცალსახად გიდასტურებთ, რომ აბსოლუტურად ყველა ღონეს განვახორციელებთ, რომ ობიექტური მოცემულობა დადგინდეს.

ორი მოცემულობაა, ერთი, საკანონმდებლო რეგულაცია, რომელზეც მოწმემ ცალსახად განაცხადა, რომ ეს პრეზიდენტის უფლებამოსილება იყო, კომისიის მარეგულირებელ ბრძანებაშიც, რომლის ავტორიც საქართველოს პრეზიდენტი იყო, ეს მითითებულია. შესაბამისად, ეს არის მოცემულობა, რომელსაც ვერ გავექცევით. მეორე, მოწმემ დაადასტურა, ფაქტი პრეზიდენტთან შეთანხმებული იქნებოდა, რადგან გარეჯთან დაკავშირებული საკითხი განიხილებოდა. ბრალდებულებს ვედავებით, რომ საქართველოს საწინააღმდეგოდ, დავალების არსებობისას, შეგნებულად არ გამოიყენეს რელევანტური მასალა, სწორედ ამაზეა საუბარი, როცა კომისია უშიშროების საბჭოს წინაშე წარსდგა, განაცხადა, რომ არ არსებობდა არანაირი მასალა, რომელიც გარეჯის კუთვნილებას საქართველოსადმი დაადასტურებდა, მაშინ როცა უამრავი ასეთი მასალა არსებობს. მოტივია სწორედ ის არაკეთილსინდისიერი დავალება, რომლის საფუძველზეც ბრალდებულებმა სამწუხაროდ, მაგრამ შეათანხმეს ძალიან ბევრი მონაკვეთი საქართველოს საზიანოდ. ამ მიმართულებით გამოძიება გრძელდება, შესაბამისად, დეტალიზაციას ვერ მოვახდენ, თუმცა, ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება არსებობს, როცა მტკიცებულებითი სტანდარტი იარსებებს, სამართლებრივი შეფასება მას აუცილებლად მოჰყვება…

რეალობა და ღონისძიებები რაც განხორციელდა, არის შემდეგი, რომ 2006 წელს, ჩიჩხიტურის კოშკიდან, 100 მეტრის დაშორებით შეთანხმდა კონკრეტული მონაკვეთი, შესაბამისად, ეს ფაქტია აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხი, იმაზე თუ რა განზრახვები, რა მიმართულებები და რა სურვილები ჰქონდათ მაშინ. რაც არ უნდა ისაუბროს დაცვამ, თითქოს, ბრალდებულები ამ მიმართულებით იბრძოდნენ, ამის საპირისპიროდ არამხოლოდ ის არის, რომ ეს ყველაფერი ხელმოწერით დაადასტურეს, არამედ არსებობს ფარული აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც გასაჯაროებულია, სადაც ივერი მელაშვილს პრაქტიკულად, აღიარება აქვს განხორციელებული“, – განაცხადა სადრაძემ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.