“ევროკავშირის ცხრა რეკომენდაცია იქნება, 20 თუ მეტი, მზად ვართ, ვიმუშაოთ” – ანრი ოხანაშვილი

67
spot_img

მზად ვართ, ჩვენი დაპირება შევასრულოთ, ვიმუშავებთ იმ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს შეეხება, იქნება ეს ცხრა, 20 თუ მეტი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ სამუშაო პროცესს ოპოზიციაც შეუერთდება.

„მმართველმა პარტიამ 12-პუნქტიანი გეგმის გადმოცემისთანავე აქტიური საპარლამენტო მუშაობა დაიწყო. სწორედ ამ გეგმის მიხედვით შევასრულეთ კონკრეტული რეკომენდაციები ინტენსიური მუშაობის ფარგლებში. სამწუხაროდ, ძირითადმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ ყველაზე მეტ ოპოზიციურ ხმას წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტში, სამუშაო ჯგუფებს ბოიკოტი გამოუცხადეს. ამის მიუხედავად, განვაგრძეთ მუშაობა და კონკრეტული შედეგი მივიღეთ. სამომავლოდაც მზად ვართ, თუ საჭირო იქნება, შესაბამისი ფორმატები შეიქმნას. ამასთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა.

არავითარი ვალდებულება, წინაპირობა არ არსებობს, რომ 15 დეკემბრამდე, სტატუსის მონიჭებამდე რაიმე სამუშაო ფორმატი უნდა შეიქმნას. ამიტომ საუბარი, რომ ჩვენ 15 დეკემბრამდე გვაქვს რაიმე  შესასრულებელი და ამაზე იქნება დამოკიდებული სტატუსის მინიჭება, ასეთი რამ დღის წესრიგში არ დგას. ჩვენ ვთქვით და შემდეგშიც მზად ვართ, ჩვენი დაპირება შევასრულოთ, ვიმუშავებთ იმ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს შეეხება, იქნება ეს ცხრა, 20 თუ მეტი.

უფრო მეტი გვაქვს განსაზღვრული ასოცირების შესახებ შეთანხმებით. ამიტომ ჩვენთვის ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის რამდენიმე თვის ან ერთი წლის საკითხი, ეს ინტენსიური მუშაობის რეჟიმია, როდესაც უნდა შევძლოთ და ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში გავაწევრიანოთ. ამიტომ ევროკავშირის შესაბამის წარმომადგენლებთან ერთად მოგვიწევს მუშაობა. რა თქმა უნდა, ოპოზიციამ თავისი როლი უნდა შეასრულოს ამ პროცესში – კონსტრუქციული და საქმიანი. 12-პუნქტზე მუშაობის პროცესში მათ შევთავაზეთ, მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა ძირითადმა ნაწილმა საბოტაჟის რეჟიმში ყოფნა ამჯობინა, ნაწილმა კი მონაწილეობა მიიღო. შემდგომშიც ჩვენ კარს არ დავუხურავთ ოპოზიციას, ვიმუშავებთ და კარგი იქნება, თუ შემოგვიერთდებიან, პოზიტიურ წვლილს შეიტანენ და არა – დესტრუქციულს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.