თბილისს ახალი საერთაშორისო აეროპორტი ექნება – ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმა, რომლის მიხედვითაც, ახალი საერთაშორისო აეროპორტი სავარაუდოდ, ვაზიანის აეროდრომის ბაზაზე აშენდება. ამჟამად ვაზიანის აეროპორტი თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია და მას სამხედრო დანიშნულება აქვს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე 3 ძირითადი აეროდრომი/ასაფრენი ზოლი მდებარეობს – ესენია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი; ვაზიანის სამხედრო აეროპორტი და თბილისის საავიაციო ქარხნის ასაფრენი ზოლი.
თბილისის აეროპორტსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ასაფრენ ბილიკებს შორის დაშორება 8 კილომეტრს შეადგენს (სწორი ხაზი). თუმცა, საავტომობილო გზა ამაზე ორჯერ მეტად დაგრძელდება. კახეთის გზატკეცილზე თბილისის აეროპორტის გადასახვევიდან ვაზიანის გადასახვევამდე მანძილი 8 კილომეტრს შეადგენს, ხოლო ვაზიანის გადასახვევიდან, სამხედრო აეროდრომამდე მანძილი 8.5 კილომეტრია. შესაბამისად, მთლიანობაში აეროპორტამდე მისვლა 16,5 კილომეტრით დაგრძელდება. ამ მანძილის გავლა ავტომობილით Google-ის შეფასებით, 24 წუთში არის შესაძლებელი.