Home Blog Page 2

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისის დღის ბოლოდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი.

ამასთან, აღნიშნულია, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

“ეს არის უმნიშვნელოვანესი და ყურადსაღები თავად აქციაში მონაწილე ადამიანებისთვის” – ნინო წილოსანი

არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აკერმანის სტრატეგიის მიხედვით ყველაფერს გააკეთებს, რათა ის ინსტრუმენტები გამოიყენონ, რაც მათთვის უკვე ცნობილია, მათ შორის მაიდანის რევოლუციური სცენარებიდან გამომდინარე და ბევრი სხვა ინსტრუქცია, რომელიც აკერმანიდან აქვთ მიღებული, – განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა დააანონსა შესაძლებლობა, რომ ფატალური შემთხვევა მოხდეს აქციების დროს. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ყურადსაღები თავად აქციაში მონაწილე ადამიანებისთვის. ჩვენი მხრიდანაც არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აკერმანის სტრატეგიის მიხედვით ყველაფერს გააკეთებს, რათა ის ინსტრუმენტები გამოიყენონ, რაც მათთვის უკვე ცნობილია, მათ შორის მაიდანის რევოლუციური სცენარებიდან გამომდინარე და ბევრი სხვა ინსტრუქცია, რომელიც აკერმანიდან აქვთ მიღებული. თავისთავად, უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა ხდება სამართალდამცველების მხრიდან. მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პარტიების წარმომადგენლებს, აიღონ პასუხისმგებლობა იმ აქციების განვითარებასთან დაკავშირებით, რომელსაც თავადვე აორგანიზებენ“, – აღნიშნა წილოსანმა.

“პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებზე თავდასხმა რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებით სამოქალაქო უფლებების გათელვის და დაშინების მორიგ მცდელობას წარმოადგენს”

„ლელო“ გვერდში უდგას ლადო აფხაზავას, აქციაზე ძალადობის შედეგად დაშავებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს და მადლობას უხდის მათ სამშობლოს თავისუფლებისა და ევროპული მომავლის დასაცავად სამოქალაქო პოზიციების აქტიური დაცვისთვის, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა დანაშაული არის დოკუმენტირებული, გამოძიებული იქნება დამოუკიდებელი პროკურატურის მიერ და დამნაშავეებს მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება.

„პოლიტიკური შეხედულებების და სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანებზე თავდასხმა, ფიზიკური გასწორება და ძალადობა რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებით სამოქალაქო უფლებების გათელვის და დაშინების მორიგ მცდელობას წარმოადგენს.

გასულ დღეებში ეს ძალადობის ფაქტები გადაიქცა ხელისუფლების მიერ სისტემატურად გამოყენებულ მეთოდად – დღემდე არ დაწყებულა 2 მაისს თბილისში აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტზე რეალური გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო დამნაშავეები იდენტიფიცირებული არიან საჯარო სივრცეში და ისინი უკვე დაკავებულები უნდა იყვნენ.

ძალოვანი უწყებების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ ყოველგვარი რეაგირების გარეშე რჩება. ქართველი პოლიტიკოსების – ალექსანდრე ელისაშვილის და ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტები, ასევე ლელო-ს გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის უკანონო დაკავების და პოლიციელების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტი ასევე გამოუძიებელია.

მიგვაჩნია, რომ ყველა ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს საქართველო აქციოს ავტოკრატიული მმართველობის რეჟიმის ქვეყნად, სადაც ოპოზიციონერ ლიდერებს,

სამოქალაქო აქტივისტებს და უბრალოდ, დამოუკიდებელ მოქალაქეებს, სახელმწიფო არა მხოლოდ კანონის ძალით, არამედ სანქცირებული ძალადობის გამოყენებით გაუსწორდება. ცხადია, ივანიშვილის ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება და მხოლოდ დააჩქარებს მისი რეჟიმის ჩამოშლის პროცესს.

გვსურს გავაფრთხილოთ ძალადობრივი დავალებების გამცემი და შემსრულებელი პირები – ყველა დანაშაული არის დოკუმენტირებული, გამოძიებული იქნება დამოუკიდებელი პროკურატურის მიერ და დამნაშავეებს მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება – ხანდაზმულობის ვადა მსგავს დანაშაულზე არ ვრცელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ-პრეზიდენტი

ეგრეთ წოდებული ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! – არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავებას ეხმაურება.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მათ ასევე არ შეუძლიათ საკუთარი და მეზობლის მიწების გარჩევა.

“ეგრეთ წოდებული ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან – არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის….

და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ”, – წერს პრეზიდენტი.

გასულ კვირას რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქართველი მებრძოლები ავრცელებენ.

გავრცელებული ცნობებით, დაღუპული სოსო გუგუტაშვილია.

როგორც სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ვრცელდება ინფორმაცია, ის ავდეევკაში დაიღუპა. სოსო გუგუტაშვილი ქვედანაყოფში “შავი არწივი” იბრძოდა.

არაოფიციალური ცნობებით, რუსეთში უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ODHIR-ი მოსკოვისა და მინსკის მხარეს დადგა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODHIR) მოსკოვისა და მინსკის მხარეზე დადგა, – ასე აფასებს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ODHIR-ის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნებს არ დააკვირდება.

„ეს ცოტათი ყურადღების მიღმა დარჩა. მიზეზი, რის გამოც ODHIR-ი არ დააკვირდება ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებს მომავალ შაბათ-კვირას, არის ის, რომ ლიეტუვამ უარი თქვა ბელორუსისა და რუსეთის „დამკვირვებლებზე“ და ODHIR-ი მოსკოვისა და მინსკის მხარეზე დადგა“, – წერს იოზვიაკი X-ზე.

ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა

ბრაზილიის სამხრეთით მდებარე შტატ რიო გრანდე-დუ სულში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 78-მდე გაიზარდა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კვირას განაცხადა, იძულებით გადაადგილებულია 115 000-ზე მეტი ადამიანი.

პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა რიო გრანდე-დუ სულში ჩავიდა, რათა სამაშველო და აღდგენითი სამუშაოების პროცესი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განეხილა.

ღაზის სექტორის ტერიტორიაზე ისრაელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა

Smoke rises following an Israeli strike amid the ongoing conflict between Israel and Hamas, in the central Gaza Strip March 14, 2024. REUTERS/Ahmed Zakot

ღაზის სექტორის ტერიტორიაზე ისრაელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაიჭრა. დაღუპულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა საცხოვრებელ ზონაზე განხორციელდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ამასთან, ისრაელის სამხედროები ადასტურებენ, რომ იერიში მიიტანეს გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოზე.

„განხორციელებული დარტყმის შედეგად „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი, რომელიც მდებარეობდა გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს კომპლექსში, აღარ ფუნქციონირებს“, – აღნიშნულია ისრაელის მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში დღეს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები იმოძრავებს

5-6 მაისს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.

კერძოდ, თბილისის მერიის ინფორმაციით, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან; ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

“აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს.

დღეს მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა. დაღუპულ გმირებს გაიხსენებენ ძმათა სასაფლაოებზეც.

მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ. თბილისის მერიამ ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დანიშნა.

სი ძინპინი საფრანგეთში ჩავიდა

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთში ჩავიდა. ამით სი ძინპინმა ევროპის ქვეყნებში დაგეგმილი ექვსდღიანი ტურნე დაიწყო.

ჩინეთის პრეზიდენტს აეროპორტში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

სი ძინპინის განცხადებით, ის გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრას, რათა განიხილოს ორმხრივი ურთიერთობები, ჩინეთის ურთიერთობები ევროკავშირთან, ასევე საერთაშორისო და რეგიონული საკითხები. გავრცელებული ინფორმაციით, სი ძინპინი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსაც შეხვდება.

მედიის ცნობით, საფრანგეთი შეეცდება, მიაღწიოს პროგრესს ჩინეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტისთვის. ამასთან, საფრანგეთს სურს, აიძულოს ჩინეთი, ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე, რათა შეაჩეროს საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში.

ჩინეთის პრეზიდენტი საფრანგეთში ემანუელ მაკრონის მიწვევით იმყოფება. საფრანგეთის შემდეგ სი ძინპინი სერბეთსა და უნგრეთში გაემგზავრება.

სი ძინპინი ბოლოს ევროპაში ხუთი წლის წინ, იტალიაში ვიზიტისას იმყოფებოდა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა-ლოცვა აღევლინება.

წმინდა საკვირველმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ. ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებოთ იმართება. ქართლში მას გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა ჰქვია; კახეთში — ალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოში — ილორობა და სხვა.

წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა.

ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში, მოკვეთეს თავი. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი

.

ლეგენდის თანახმად, წმმინდა გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია და ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა. საქართველოში არსებობდა წმმინდა გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო.

წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მას არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეები კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები სცემენ თაყვანს. წმინდანის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში-ყურანშიც კი მოიპოვება.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს, დღესასწაულობს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

ტროპარი

ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი

მოიმუშაკე ღმრთისა მიერ და გამოჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა, გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა თვისსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

ყოველი ერი გასაკუთრებულ პატივს მიაგებს რომელიმე წმიდანს, ყოველ ერს ჰყავს თავისი განსაკუთრებული ზეციური მფარველი, რომელიც ლოცულობს ერისთვის და იფარავს განსაცდელთაგან.

წმიდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი. ისტორიიდან ცნობილია, რომ წმიდა გიორგი ხილულადაც იბრძოდა ქართველთა ლაშქარში.

საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყანაში წმიდა გიორგის სახელის მიხედვით „გეორგიას“ ეძახიან, ჩვენთან ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმიდა გიორგის სახელზეა აგებული. „არა არიან ბორცვნი და მაღალნი გორაკნი, რომელსა ზედა არა იყოს შჱნნი ეკლესიანი წმიდისა გიორგისანი“, – წერს ვახუშტი ბატონიშვილი.

საქართველოს მეფეების, ბაგრატიონების გერბზე წმიდა გიორგი გამოსახულია, როგორც გველეშაპის შემმუსვრელი. წინათ დიდმოწამის ხატი ქართული ლაშქრის დროშებზე აბრეშუმით იყო ამოქარგული. ბრძოლის დროს რუსთავის ეპისკოპოსს დროშა ეჭირა, მღვდლებს კი – ხატები. არცთუ იშვიათად წმიდა გიორგის გამოსახულება მეომართა ფარებზე იყო ამოტვიფრული.

საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმიდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებული წმიდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული.

10(23) ნოემბერს აღინიშნება წმიდანის ბორბალზე წამების დღე, რომელიც, გადმოცემით, წმიდა ნინოს დაუდგენია დღესასწაულად. ცნობილია, რომ წმიდა ნინო ნათესავი იყო წმიდა გიორგისა, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და თავის მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა დიდმოწამის სიყვარული.

„მეფე უგუნური (დიოკლეტიანე) ესწრაფოდა სიკვდილსა შენსა“, – ვკითხულობთ წმიდა გიორგის დაუჯდომელ ლოცვაში, – „ჭირთა დამთმენელო გიორგი, და ვითარცა მგელსა მშიერსა, სწყუროდა სისხლი შენი, ამისთჳსცა ბრძანა ურმის თვალსა ზედა წამებაჲ და საშინელთა სატანჯველთა მიცემაჲ შენი, ხოლო შენ, უფლისა მიერ ყოველივეს დამთმენელი, სასოებით მტკიცედ ჴმობდი ღმერთსა, ალილუია“.

წმიდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისაგან დახსნისათვის.

ღმრთის განგებით ქართველი ერი უშუალო მფარველობისათვის ჩაბარდა წმიდა გიორგის, ამიტომაც წმიდა გიორგის დაუჯდომლის იკოსს დაემატა მუხლი: „გიხაროდენ უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისა და მფარველო ჩვენი ეკლესიისაო“.

„წმიდა გიორგი არის სიმბოლო გამარჯვებისა, საქართველოს ძლევამოსილი გამარჯვებისა. აი, ჩვენს წინაშე არის ორი პიროვნება – წმიდა გიორგი და იმპერატორი დიოკლეტიანე, სიმბოლო სიკეთისა და ბოროტებისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის ყოველთვის იყო და იქნება, ვიდრე დედამიწა იარსებებს. ამიტომ ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს, ერს, ქვეყანას ამ ბრძოლის დროს შეეწევა, ღვთის ძალა და მადლია. თქვენ გახსოვთ, წმიდა გიორგი სისხლით რომ იცლებოდა, მოესმა ხმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ“. დღეს ჩვენც გვესმის, სრულიად საქართველოს ესმის ეს ხმა უფლისა: „საქართველო, ნუ გეშინინ, მე შენთანა ვარ!“ ჩვენთან არს ღმერთი და ვერავითარი მტერი ვერ სძლევს საქართველოს, რადგან ჩვენი მფარველი არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა – განგებითა ღვთისათა პატრონი საქართველოსი, დიდი დიასახლისი ჩვენი ქვეყნისა.

ჩვენი მფარველნი არიან წმიდა ნინო, წმიდა გიორგი, წმიდა ნიკოლოზი და მრავალი ის წმიდანი, მოწამე, ღირსი მამა, მღვდელმთავარი, რომელიც ადიდებდა ღმერთს და თავისი ცხოვრებით მოიხვეჭა მადლი უფლისა. და აი, ამ წმიდათა მოწამეთა და ღირსთა მამათა, მღვდელმთავართა და ყოველთა წმიდათა ლოცვით, ვერავითარი მტერი ვერ სძლევს საქართველოს.“ („კათოლიკოს-პატრიარქი ილია II )