“პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებზე თავდასხმა რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებით სამოქალაქო უფლებების გათელვის და დაშინების მორიგ მცდელობას წარმოადგენს”

20
spot_img

„ლელო“ გვერდში უდგას ლადო აფხაზავას, აქციაზე ძალადობის შედეგად დაშავებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს და მადლობას უხდის მათ სამშობლოს თავისუფლებისა და ევროპული მომავლის დასაცავად სამოქალაქო პოზიციების აქტიური დაცვისთვის, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა დანაშაული არის დოკუმენტირებული, გამოძიებული იქნება დამოუკიდებელი პროკურატურის მიერ და დამნაშავეებს მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება.

„პოლიტიკური შეხედულებების და სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანებზე თავდასხმა, ფიზიკური გასწორება და ძალადობა რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებით სამოქალაქო უფლებების გათელვის და დაშინების მორიგ მცდელობას წარმოადგენს.

გასულ დღეებში ეს ძალადობის ფაქტები გადაიქცა ხელისუფლების მიერ სისტემატურად გამოყენებულ მეთოდად – დღემდე არ დაწყებულა 2 მაისს თბილისში აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტზე რეალური გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო დამნაშავეები იდენტიფიცირებული არიან საჯარო სივრცეში და ისინი უკვე დაკავებულები უნდა იყვნენ.

ძალოვანი უწყებების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ ყოველგვარი რეაგირების გარეშე რჩება. ქართველი პოლიტიკოსების – ალექსანდრე ელისაშვილის და ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტები, ასევე ლელო-ს გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის უკანონო დაკავების და პოლიციელების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტი ასევე გამოუძიებელია.

მიგვაჩნია, რომ ყველა ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს საქართველო აქციოს ავტოკრატიული მმართველობის რეჟიმის ქვეყნად, სადაც ოპოზიციონერ ლიდერებს,

სამოქალაქო აქტივისტებს და უბრალოდ, დამოუკიდებელ მოქალაქეებს, სახელმწიფო არა მხოლოდ კანონის ძალით, არამედ სანქცირებული ძალადობის გამოყენებით გაუსწორდება. ცხადია, ივანიშვილის ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება და მხოლოდ დააჩქარებს მისი რეჟიმის ჩამოშლის პროცესს.

გვსურს გავაფრთხილოთ ძალადობრივი დავალებების გამცემი და შემსრულებელი პირები – ყველა დანაშაული არის დოკუმენტირებული, გამოძიებული იქნება დამოუკიდებელი პროკურატურის მიერ და დამნაშავეებს მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება – ხანდაზმულობის ვადა მსგავს დანაშაულზე არ ვრცელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.