Home Blog Page 2

ინფორმირებული მოსახლეობა ჩვენი საუკეთესო დაცვაა უცხოური ჩარევისგან – კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი

მედეგი და ინფორმირებული მოსახლეობა ჩვენი საუკეთესო დაცვაა უცხოური ჩარევისგან, – განაცხადა კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, დომინიკ ლებლანმა.

კანადის მთავრობამ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავს კანადის პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის შეზღუდვას – დაწყებული სკოლის საბჭოებიდან და დამთავრებული თემთა პალატით.

უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნა კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს დაპირება იყო, რომელიც მან შარშან დადო, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კანადის არჩევნებში ჩინეთის ჩარევის მცდელობის შესახებ.

„კანონპროექტის უმეტესი ნაწილი მოითხოვს მათგან, ვინც მოქმედებენ უცხო ქვეყნების სახელით, რათა გავლენა მოახდინონ კანადის პოლიტიკაზე ან მთავრობაზე, დარეგისტრირდნენ ფედერალურ მთავრობაში. უცხოური აგენტების ასეთი რეესტრები არსებობს აშშ-სა და ავსტრალიაში“, – წერს CBC News-ი.

მათ, ვინც დაარღვევს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ახალი რეესტრის წესებს, მილიონობით დოლარის ფინანსური ჯარიმა და პატიმრობა შეიძლება დაემუქროს.

კანონპროექტი ასევე დანაშაულად აქცევს უცხოური სუბიექტის ან მისი სანდო პირის მიერ სკოლის მმართველობაზე გავლენის მოხდენის მცდელობას, რასაც კანონმდებლობა განსაზღვრავს, როგორც ყველაფერს სკოლის საბჭოდან დაწყებული უნივერსიტეტებითა და სხვა უმაღლესი სასწავლებლებით დამთავრებული.

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დაუშვებელია და მიუღებელი განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა.

შესაბამისი განცხადებით ომბუდსმენი ბოლო დღეებში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებს ეხმაურება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოახდინოს თითოეული შემთხვევის დროული და ეფექტური გამოძიება და პასუხისმგებელი პირების მიმართ მკაცრი კანონიერი ღონისძიებების გატარება.

„გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 7 მაისს ინტერვიუს მიცემის დროს თავს დაესხნენ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს, ასევე, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს.

კვირას, 5 მაისს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პედაგოგ ლადო აფხაზავას.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია და მიუღებელი განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა.

მნიშვნელოვანია თითოეულ დასახელებულ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებებმა დაადგინონ ძალადობრივი ქმედებების მოტივი და მისი შესაძლო კავშირი თავდასხმების მსხვერპლების პროფესიულ საქმიანობასთან და კრიტიკული მოსაზრებების ქონასთან, რის დადასტურების შემთხვევაშიც ძალადობრივ ქმედებებს უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოახდინოს თითოეული შემთხვევის დროული და ეფექტური გამოძიება და პასუხისმგებელი პირების მიმართ მკაცრი კანონიერი ღონისძიებების გატარება.

სახალხო დამცველის აპარატი ზედამხედველობას გაუწევს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას“,- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვედეთის სამეფოს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს იოჰან ფორსელს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, რომელმაც ხელშესახები შედეგები მოიტანა როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში.

საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.

პრემიერმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციების წარდგენა, რაც საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ გზაზე საქართველოს მთავრობის ძალისხმევას და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

“მათ სჭირდებათ მუდმივად დეზინფორმაციული მუხტი, სიყალბე, რომ იქნებ, როგორმე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადონ და ამით მუხტის აწევა შეძლონ” – ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე

მათ სჭირდებათ მუდმივად ერთგვარი დეზინფორმაციული მუხტი, სიყალბე, რომ იქნებ, როგორმე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადონ და ამით მუხტის აწევა შეძლონ, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის შესახებ.

„ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული ინსტრუქცია, რომ რაც უფრო მეტჯერ გამოიყენებენ სიტყვა „რუსულს“, მით მეტი ჰონორარი დაერიცხებათ. ეს არის კატასტროფა, როდესაც შენს სახელმწიფოს, შენი ქვეყნის ხელისუფლებას და შენს საზოგადოებას ასეთ ცილს სწამებ. ამ ხალხმა დაიწყო საუბარი მსხვერპლზე, ამ ხალხის მიზნები ჩვენთვის ცნობილია, მათი ერთადერთი მიზანია რევოლუციურად ხელისუფლებაში მოსვლა. მათი ამოცანაა რევოლუციური სცენარის განვითარება. ეს არ გამოსდით, ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მათ მხარს არ უჭერს და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მუშაობს ისე, როგორც საჭიროა ჩვენი ქვეყნის მდგრადობისთვის. აქედან გამომდინარე, მათ სჭირდებათ მუდმივად ერთგვარი დეზინფორმაციული მუხტი, სიყალბე, რომ იქნებ, როგორმე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადონ და ამით მუხტის აწევა შეძლონ. ეს ისევ და ისევ ნიშნავს, რომ შეიძლება, ცალკეული მოქალაქეები მართლა რაღაცას აპროტესტებდნენ და გულწრფელად მიაჩნიათ რაღაც არასწორად, თუმცა, მათი ინსტრუმენტალიზება ხდება. მათ უკან დგას ხალხი, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს სვლას ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

„რა თქმა უნდა, არა რუსულ კანონს, ეს საკითხი არ დგას ჩვენ ქვეყანაში და არც დადგება ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ჩვენ გავაგრძელებთ სვლას ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, რა თქმა უნდა, სიმართლით, ღირსებით, ჩვენი ღირებულებებით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 2030-ში ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადს, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ეფუძნება, 31 ევროპარლამენტარის განცხადება წინ ვერ დაუდგება – მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ეფუძნება, 31 ევროპარლამენტარის განცხადება წინ ვერ დაუდგება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა ევროპარლამენტის 31 დეპუტატის წერილს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელისადმი. ევროპარლამენტარები ბორელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ უკვე ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია და 31 ევროპარლამენტარს შეეძლო დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება იმ რეზოლუციაში. არ ვიცი, სათქმელი რა დარჩათ რეზოლუციის მიღმა. თუმცა ეს არის დამატებითი ინსტრუმენტი, რომ ევროპარლამენტარები აქ რამენაირად დაეხმარონ საპროტესტო მუხტს და შექმნან დამატებით ახალი ამბავი საქართველოში. მე დავსვამდი კითხვას, რას ემსახურება და ვის ინტერესებშია ევროპარლამენტარების მსგავსი სურვილები. რამდენად არის ის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებში, როდესაც ხელისუფლებასაც და ხალხსაც, რომლის ნებასაც ხელისუფლება გამოხატავს, აქვს გაცხადებული სურვილი ევროკავშირში ინტეგრაციისა. საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე არ არის ხუმრობით გაკეთებული განაცხადი. ეს არის აბსოლუტურად გაცნობიერებულად გაკეთებული განაცხადი საქართველოს ხელისუფლების მიერ, რომელიც ეფუძნება, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ნებას და მას 31 ევროპარლამენტარის განცხადება წინ ვერ დაუდგება“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

შვედეთის საელჩოსთან IDFI-ის დირექტორსა და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს თავს დაესხნენ.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გიორგი კლდიაშვილმა შვედეთის საელჩო დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.

უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა როგორც გიორგი კლდიაშვილს, ასევე „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს.

შვედეთის საელჩოსთან მობილიზებულია პოლიცია, რომელიც მომხდარის დადგენას ცდილობს.

ცნობისთვის, არასამთავრობო სექტორის ნაწილი დღეს შვედეთის საელჩოში შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ, იოჰან ფორსელს შეხვდა.

ჩვენს პარტნიორებს ნამდვილად არ უნდათ საქართველო ევროპული გაერთიანების მიღმა იხილონ – ნინო დოლიძე

ჩვენს პარტნიორებს ნამდვილად არ უნდათ საქართველო ევროპული გაერთიანების მიღმა იხილონ, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ, იოჰან ფორსელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დოლიძის თქმით, საქართველოს პარტნიორები მაქსიმალურად ცდილობენ ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბრონ და მათ დაანახონ ის საფრთხეები, რაც შესაძლოა, ამ კანონპროექტის მერე ვიხილოთ.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ევროკავშირის წარმომადგენლები და წევრი სახელმწიფოები ძალიან იმედგაცრუებულები არიან.

„საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რომ შვედეთი არის საქართველოს მეგობარი სახელმწიფო, რომელიც ჩვენ ძალიან დიდი ხანია გვეხმარება და არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ადვოკატი. ისინი ძალიან წუხან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის ამ კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირს დააშორებს და ხელშემშლელი იქნება ევროინტეგრაციის პროცესში. ამიტომ, მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს ქართველი ხალხის მიმართ ერთგულება და მხარდაჭერა, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით იქნებიან ევროინტეგრაციის პროცესში და შეეცდებიან, მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ, საქართველო დაუბრუნდეს იმ გზას, რაც არის ევროპული მომავალი და ასევე, წავიდეს წინ. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რა საფრთხის შემცველია ეს კანონპროექტი, თუ კანონად გადაიქცევა, როგორც დემოკრატიული უკუსვლის, ასევე ევროპული მომავლის თვალსაზრისით და რა გავლენას იქონიებს არჩევნებზე“,-განაცხადა დოლიძემ.

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6800 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6800 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6800 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6797 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8848 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8777 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0071 ლარი შეადგინა.

“სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით” – ნათია მეზვრიშვილი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით – 20 ივნისის აქცია დაიწყო მშვდობიანად და გახდა ძალადობრივი, ადგილი ჰქონდა პარლამენტზე ცალკეული პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ შტურმს და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას, რასაც შედეგად მომიტინგეების ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა, – ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.

მეზვრიშვილის განცხადებითვე, სასამართლომ დაადასტურა, რომ 300-დამ 1000-მდე პირი პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტში შეჭრას ცდილობდა, რასაც მშვიდობიანი მომიტინგეების უკან მდგომი ნაწილი ვერ ხედავდა.

მეზვრიშვილის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მეორე გადაწყვეტილება, „რომელმაც აბსოლუტურად ობიექტურად შეაფასა 20 ივნისის მოვლენები და არ დატოვა სივრცე პოლიტიკური სპეკულაციისთვის“.

„მოვუწოდებთ ყველას, გადაწყვეტილება გააშუქონ ობიექტურად და არა ტენდენციურად!

სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება მოხდა ცალკეულ შემთხვევებში ინდივიდაულურად და არა უშუალოდ მინისტრის ბრძანებით, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად რეზინის ტყვიების გამოყენება უკანონო იყო და ყველა შემთხვევაში გადამეტებით მოხდა. სასამართლო ამ ნაწილში დაეყრდნო როგორც გამოძიების მასალებს, ისე სახალხო დამცველის დასკვნას.

სასამართლოს არ დაუდგენია, რომ სახეზე იყო წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. სასამართლოს არ დაუდგენია, რომ სახეზე იყო გამოხატვის თავისუფლების ან შეკრების უფლების დარღვევა.

სასამართლომ მხოლოდ ის თქვა, რომ ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევას გამოძიების ეფექტიანობის ნაწილში. იქაც ყურადღება გაამახვილა გამოძიების გაჭიანურებაზე და საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დროულად დასრულებისკენ მოუწოდა.

ვუერთდებით სასამართლოს ამ მოწოდებას ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვიყავით ამნისტიის წინააღმდეგი – დროა, ნათელი მოეფინოს რა ეტაპზეა გამოძიება!

ვაფრთხილებთ ყველა პოლიტიკურ, მედია თუ სხვა აქტორს – გადაწყვეტილების ტენდენციურ განმარტებაზე აუცილებლად გვექნება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით.

აქვე, მოვუწოდებთ “ოცნებას“ – სტრასბურგის გადაწყვეტილება ეხება ძალადობრივი დემონსტრაციის აღკვეთას, როგორიც იყო შტურმი პარლამენტზე. ეს გადაწყვეტილება „ოცნებას“ ვერ მიანიჭებს მშვიდობიანი აქციის ძალადობით დაშლის ლეგიტიმაციას, რასაც მისი მხრიდან უკვე არაერთხელ ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაიმართება ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ლიზა ბათიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნიკალა ზუბიაშვილი, მარიამ კუბანსკი, დათა მუნჯიშვილი, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, Loudspeakers , დაგადაგანი, quemmekh.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, გამოავლინეს რუსეთის უშიშროების სამსახურის ქსელი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის მძევლად აყვანას და ლიკვიდაციას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის 5 აგენტისგან შემდგარი ქსელი გამოავლინა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობას ამზადებდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულია უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი პოლკოვნიკი.

„კონტრდაზვერვამ და უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა ჩაშალეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გეგმები უკრაინის პრეზიდენტისა და სახელმწიფოს უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. გეგმები უნდა განეხორციელებინა სადაზვერვო ქსელს, რომლის საქმიანობასაც აკონტროლებდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მოსკოვიდან. ქსელში შედიოდა უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი პოლკოვნიკი“, – აღნიშნულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, აგენტების ერთ-ერთი ამოცანა იყო შემსრულებლის პოვნა, რომელიც მძევლად აიყვანდა ზელენსკის, შემდეგ კი ლიკვიდაციას განახორციელებდა. ასეთ ადამიანს პრეზიდენტის დაცვასთან დაახლოებულ სამხედროებს შორის ეძებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკის გარდა, ჯგუფი ასევე გეგმავდა უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილ მალიუკის, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვისა და სხვა მაღალჩინოსნების ლიკვიდაციას.

სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ – იაგო ხვიჩია 

სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, შემოდგომაზე ქართველი ხალხის ჯერია, რომ “ქართული ოცნება” ჩაანაცვლოს კოალიციური მმართველობით და დასრულდეს ამ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა.

“ჯობია, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი. რაც ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს ეხება, ამაზე მაღლა არც რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსი, პარტია ან მთავრობა არ დგას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ.

ჩემი აზრით, “ქართულმა ოცნებამ” გაცნობიერების ზღვრები გადალახა და შემოდგომაზე ქართველი ხალხის ჯერია, რომ “ქართული ოცნება” ჩაანაცვლოს კოალიციური მმართველობით და დასრულდეს ამ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ შემოდგომაზე ჩვენ შეგვეძლება დასავლეთს, ევროპას ვუთხრათ, რომ მათი ნაწილი ვართ და ეს არჩევნების შედეგებით დავადასტურეთ”, – განაცხადა ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, 30-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს მიმართა.

ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ, გამოიჩინოს მტკიცე პოზიცია და მიიღოს ზომები, რაც მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საქართველოს ხელისუფლებას.

„პირველი, საქართველოს ხელისუფლებისა და წამყვანი პარტიის „ქართული ოცნების“ ქცევა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს. ამიტომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის გარეშე.

მეორე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება.

მესამე, 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მოცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელებაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით შუალედური შეფასება უნდა მოხდეს შემდგომი შეფერხების გარეშე. ეს ზომა შეტანილია პარლამენტის 2024 წლის 25 აპრილის რეზოლუციაში „საქართველოში „უცხოური აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ”, – აღნიშნულია წერილში.