უკრაინული მხარის ინფორმაციით, გამოავლინეს რუსეთის უშიშროების სამსახურის ქსელი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის მძევლად აყვანას და ლიკვიდაციას გეგმავდა

15
spot_img

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის 5 აგენტისგან შემდგარი ქსელი გამოავლინა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობას ამზადებდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულია უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი პოლკოვნიკი.

„კონტრდაზვერვამ და უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა ჩაშალეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გეგმები უკრაინის პრეზიდენტისა და სახელმწიფოს უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. გეგმები უნდა განეხორციელებინა სადაზვერვო ქსელს, რომლის საქმიანობასაც აკონტროლებდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მოსკოვიდან. ქსელში შედიოდა უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი პოლკოვნიკი“, – აღნიშნულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, აგენტების ერთ-ერთი ამოცანა იყო შემსრულებლის პოვნა, რომელიც მძევლად აიყვანდა ზელენსკის, შემდეგ კი ლიკვიდაციას განახორციელებდა. ასეთ ადამიანს პრეზიდენტის დაცვასთან დაახლოებულ სამხედროებს შორის ეძებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკის გარდა, ჯგუფი ასევე გეგმავდა უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილ მალიუკის, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვისა და სხვა მაღალჩინოსნების ლიკვიდაციას.