Home Blog Page 2

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6800 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6800 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6800 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6797 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8848 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8777 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0071 ლარი შეადგინა.

“სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით” – ნათია მეზვრიშვილი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით – 20 ივნისის აქცია დაიწყო მშვდობიანად და გახდა ძალადობრივი, ადგილი ჰქონდა პარლამენტზე ცალკეული პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ შტურმს და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას, რასაც შედეგად მომიტინგეების ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა, – ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.

მეზვრიშვილის განცხადებითვე, სასამართლომ დაადასტურა, რომ 300-დამ 1000-მდე პირი პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტში შეჭრას ცდილობდა, რასაც მშვიდობიანი მომიტინგეების უკან მდგომი ნაწილი ვერ ხედავდა.

მეზვრიშვილის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მეორე გადაწყვეტილება, „რომელმაც აბსოლუტურად ობიექტურად შეაფასა 20 ივნისის მოვლენები და არ დატოვა სივრცე პოლიტიკური სპეკულაციისთვის“.

„მოვუწოდებთ ყველას, გადაწყვეტილება გააშუქონ ობიექტურად და არა ტენდენციურად!

სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება მოხდა ცალკეულ შემთხვევებში ინდივიდაულურად და არა უშუალოდ მინისტრის ბრძანებით, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად რეზინის ტყვიების გამოყენება უკანონო იყო და ყველა შემთხვევაში გადამეტებით მოხდა. სასამართლო ამ ნაწილში დაეყრდნო როგორც გამოძიების მასალებს, ისე სახალხო დამცველის დასკვნას.

სასამართლოს არ დაუდგენია, რომ სახეზე იყო წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. სასამართლოს არ დაუდგენია, რომ სახეზე იყო გამოხატვის თავისუფლების ან შეკრების უფლების დარღვევა.

სასამართლომ მხოლოდ ის თქვა, რომ ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევას გამოძიების ეფექტიანობის ნაწილში. იქაც ყურადღება გაამახვილა გამოძიების გაჭიანურებაზე და საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დროულად დასრულებისკენ მოუწოდა.

ვუერთდებით სასამართლოს ამ მოწოდებას ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვიყავით ამნისტიის წინააღმდეგი – დროა, ნათელი მოეფინოს რა ეტაპზეა გამოძიება!

ვაფრთხილებთ ყველა პოლიტიკურ, მედია თუ სხვა აქტორს – გადაწყვეტილების ტენდენციურ განმარტებაზე აუცილებლად გვექნება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით.

აქვე, მოვუწოდებთ “ოცნებას“ – სტრასბურგის გადაწყვეტილება ეხება ძალადობრივი დემონსტრაციის აღკვეთას, როგორიც იყო შტურმი პარლამენტზე. ეს გადაწყვეტილება „ოცნებას“ ვერ მიანიჭებს მშვიდობიანი აქციის ძალადობით დაშლის ლეგიტიმაციას, რასაც მისი მხრიდან უკვე არაერთხელ ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაიმართება ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ლიზა ბათიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნიკალა ზუბიაშვილი, მარიამ კუბანსკი, დათა მუნჯიშვილი, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, Loudspeakers , დაგადაგანი, quemmekh.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, გამოავლინეს რუსეთის უშიშროების სამსახურის ქსელი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის მძევლად აყვანას და ლიკვიდაციას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის 5 აგენტისგან შემდგარი ქსელი გამოავლინა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობას ამზადებდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულია უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი პოლკოვნიკი.

„კონტრდაზვერვამ და უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა ჩაშალეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გეგმები უკრაინის პრეზიდენტისა და სახელმწიფოს უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. გეგმები უნდა განეხორციელებინა სადაზვერვო ქსელს, რომლის საქმიანობასაც აკონტროლებდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მოსკოვიდან. ქსელში შედიოდა უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი პოლკოვნიკი“, – აღნიშნულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, აგენტების ერთ-ერთი ამოცანა იყო შემსრულებლის პოვნა, რომელიც მძევლად აიყვანდა ზელენსკის, შემდეგ კი ლიკვიდაციას განახორციელებდა. ასეთ ადამიანს პრეზიდენტის დაცვასთან დაახლოებულ სამხედროებს შორის ეძებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკის გარდა, ჯგუფი ასევე გეგმავდა უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილ მალიუკის, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვისა და სხვა მაღალჩინოსნების ლიკვიდაციას.

სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ – იაგო ხვიჩია 

სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, შემოდგომაზე ქართველი ხალხის ჯერია, რომ “ქართული ოცნება” ჩაანაცვლოს კოალიციური მმართველობით და დასრულდეს ამ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა.

“ჯობია, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი. რაც ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს ეხება, ამაზე მაღლა არც რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსი, პარტია ან მთავრობა არ დგას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ.

ჩემი აზრით, “ქართულმა ოცნებამ” გაცნობიერების ზღვრები გადალახა და შემოდგომაზე ქართველი ხალხის ჯერია, რომ “ქართული ოცნება” ჩაანაცვლოს კოალიციური მმართველობით და დასრულდეს ამ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ შემოდგომაზე ჩვენ შეგვეძლება დასავლეთს, ევროპას ვუთხრათ, რომ მათი ნაწილი ვართ და ეს არჩევნების შედეგებით დავადასტურეთ”, – განაცხადა ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, 30-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს მიმართა.

ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ, გამოიჩინოს მტკიცე პოზიცია და მიიღოს ზომები, რაც მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საქართველოს ხელისუფლებას.

„პირველი, საქართველოს ხელისუფლებისა და წამყვანი პარტიის „ქართული ოცნების“ ქცევა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს. ამიტომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის გარეშე.

მეორე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება.

მესამე, 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მოცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელებაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით შუალედური შეფასება უნდა მოხდეს შემდგომი შეფერხების გარეშე. ეს ზომა შეტანილია პარლამენტის 2024 წლის 25 აპრილის რეზოლუციაში „საქართველოში „უცხოური აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ”, – აღნიშნულია წერილში.

20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს 153 600 ევროს გადახდა დააკისრა – საია

20 ივნისის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საია-ს არგუმენტები და დაადგინა მესამე მუხლის დარღვევა ანუ წამების აკრძალვა. სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ, სახელმწიფოს 153 600 ევროს გადახდა დააკისრა კომპენსაციის სახით იმ პირებისთვის, რომელთა ნაწილშიც დადგინდა დარღვევა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ ჩაუტარებია ეფექტური გამოძიება, რომელიც ამ საქმეზე შესაბამისი პირების პასუხისმგებლობას დაადგენდა,- ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს აქციებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეხებოდა.

მისივე განცხადებით, სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც 26 პირის ფაქტობრივ გარემოებებს აერთიანებს. ეს ადამიანები 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს არიან დაზარალებულები. მათგან 22 პირის ინტერესებს წარმოადგენდა საია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ ერთად. 22 ადამიანს შორის არიან: მშვიდობიანი აქციის მონაწილე 10 პირი, მედიის 11 წარმომადგენელი და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი ერთი პირი.

წარმოდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება – მხოლოდ მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება – დემონსტრანტების შემთხვევაში) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლის დარღვევებზე დაობდა.

საია-მ საფუძვლიანად შეისწავლა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები, მოიპოვა მტკიცებულებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ სახეზე იყო შემდეგი დარღვევები: გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა; დაკავების და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა; ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა; გამოძიების არაეფექტურობა, რაც მათ შორის ვლინდებოდა, გაჭიანურებულ გამოძიებაზე, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პრობლემებში და ა.შ.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საია-ს არგუმენტები და დაადგინა მესამე მუხლის ანუ წამების აკრძალვა და ამასთან ერთად, სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს საბოლოოდ 153 600 ევროს გადახდა დააკისრა კომპენსაციის სახით იმ პირებისთვის, რომელთა ნაწილშიც დადგინდა დარღვევა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ ჩაუტარებია ეფექტური გამოძიება, რომელიც ამ საქმეზე შესაბამისი პირების პასუხისმგებლობას დაადგენდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ოთხნახევარი წლის შემდგომ გამოძიება არანაირ დასკვნამდე არ მისულა; სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. მოუხედავად იმისა, რომ ხსენებული პირები პირდაპირ იყვნენ მითითებული სახალხო დამცველის რეკომენდაციებში. სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს არ ჩაუტარებია მოვლენების სისტემური ანალიზი. არ არსებობს ოფიციალური სრულყოფილი ანგარიში მოვლენათა ქრონოლოგიის და აქციის დაშლის ოპერაციის თაობაზე, რაც ასევე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ მსგავსი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს დარწმუნდეს, რომ სამართალდამცავები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ძალადობაში, ამოცნობადები არიან, რაც ამ საქმეზე ასევე პრობლემას წარმოადგენს“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს – უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება – ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს

საქართველოს ხელისუფლების მუდმივმა არადემოკრატიულმა ქცევამ, განსაკუთრებით მათმა აგრესიულობამ უცხო აგენტების შესახებ „რუსული სტილის“ კანონის გატანის, მშვიდობიანი დემონსტრანტების გაჩუმებისა და ძალის გამოყენების კუთხით, ზღვარი გადალახა, – ამის შესახებ 30-ზე მეტი ევროპარლამენტარის წერილშია გაგზავნილი, რომელსაც ისინი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს უგზავნიან.

„ამგვარმა ქცევამ კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც ეწინააღმდეგება იმ ცხრა ნაბიჯს, რომელზეც საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, როდესაც ქვეყანას ევროკავშირის სტაუსი მიენიჭა და ევროკავშირის მიერ ამის უგულვებელყოფა აღარ შეიძლება“, – აღნიშნულია წერილში.

ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ, გამოიჩინოს მტკიცე პოზიცია და მიიღოს ზომები, რაც მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საქართველოს ხელისუფლებას.

„პირველი, საქართველოს ხელისუფლებისა და წამყვანი პარტიის „ქართული ოცნების“ ქცევა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს. ამიტომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის გარეშე.

მეორე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება.

მესამე, 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მოცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელებაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით შუალედური შეფასება უნდა მოხდეს შემდგომი შეფერხების გარეშე. ეს ზომა შეტანილია პარლამენტის 2024 წლის 25 აპრილის რეზოლუციაში „საქართველოში „უცხოური აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ”, – აღნიშნულია წერილში.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ბოლო წლებში დაუღალავად მუშაობენ ქართველი ხალხისა და მისი ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების მხარდასაჭერად.

„ჩვენ სიმტკიცეს ვინარჩუნებთ ამ კუთხით, მაგრამ დემოკრატიული კრიტერიუმები ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივეა და დაცული უნდა იყოს“, – აღნიშნულია წერილში.

წერილის ასლს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

წერილს ხელს აწერს 30-ზე მეტი ევროპარლამენტარი, მათ შორის პეტრას აუსტრევიჩუსი, ვიოლა ფონ კრამონი, ანდრიუს კუბილიუსი, მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიენე, თიის როიტენი და სხვები.

ევროსასამართლომ მთავრობას გავრილოვის ღამეს დაშავებულთათვის €153 600-ის გადახდა დაავალდებულა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას 2019 წლის 19-20 ივნისის, ანუ გავრილოვის ღამის დარბევის დროს დაზარალებულ პირთათვის ჯამში €153 600-ზე მეტის გადახდა დაავალდებულა.

აღნიშნული ანაზღაურების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ექვსმა მოსამართლემ, ერთი კი წინააღმდეგი იყო.

თანხა გადანაწილებულია სხვადასხვა დაშავებულ პირებზე. ევროპულმა სასამართლომ მთავრობას 15 000 ევროს გადახდა დააკისრა დავით ქურდოვანიძისთვის, მაკო გომურისთვის, გიორგი სულაშვილისა და ლექსო ჩანქსელიანისთვის. მთავრობამ 5 000 ევრო უნდა გადაუხადოს მერაბ ცაავას, ბესლან კმუზოვს, ზაზა სვანაძეს, თამარ ბაღაშვილს, გვანცა ნემსაძეს, ანა ვახტანგაძეს, ნინო ხოზრევანიძეს, თორნიკე კოშკაძეს, გურამ მურადოვს, გიორგი ჭუმბურიძეს, ეკატერინე აბაშიძეს, გიორგი დიასამიძეს, დავით შეყილაძეს, დიმიტრი ფოჩხიძეს, ირაკლი გიორგაძეს, ნიკოლოზ შარვაშიძეს, თეიმურაზ დიდბერაშვილსა და ვახტანგ ბერიკაშვილს. 1 800 ევრო უნდა გადაუხადონ  ირაკლი ხვადაგიანსა და ირაკლი ჩიკვილაძეს. მთავრობამ უნდა აანაზღაუროს ნებისმიერი დამატებითი ხარჯი. ამას გარდა, ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობა დაავალდებულა, რომ აანაზღაურონ მომჩივანთა სამართალწარმოების ხარჯები და თითოეულის წარმომადგენელს 6 000 ევრო ჩაურიცხონ. მთავრობას ამ ვადებულებების ანაზღაურება 3 თვეში ევალება.

მოსამართლეები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ რამდენიმე მომჩივნის გარდა, დანარჩენ შემთხვევებში დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის მიხედვითაც, “არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას”. ევროსსასამართლომ მე-3 მუხლთან დაკავშირებული საჩივარი სუბსტანციურად არ დააკმაყოფილა, თუმცა დაადგინა პროცედურული დარღვევა საქმის არასათანადოდ ჩატარებასთან დაკავშირებით.

სასამართლომ, 6 1-ის წინააღმდეგ, თავი შეიკავა მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად საჩივრების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისგან (მე-10 მუხლი – გამოხატვის თავისუფლება, მე-11 მუხლი – შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება).

სასამართლოს შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ დააკმაყოფილა 38-ე მუხლი – სახელმწიფოს ვალდებულება, სასამართლო უზრუნველყოს ყველა აუცილებელი საშუალებით.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ არსებობს მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) დარღვევის შემოწმების საჭიროება.

“მე დავსვამდი კითხვას: რას ემსახურება და ვის ინტერესებშია ევროპარლამენტარების სურვილი?” – მაკა ბოჭორიშვილი

არ ვიცი [ევროპარლამენტარებს] რა დარჩათ სათქმელი რეზოლუციის მიღმა, თუმცა ეს არის კიდევ დამატებითი ინსტრუმენტი, რომ აქ რამენაირად დაეხმარონ საპროტესტო მუხტს და შექმნან დამატებითი ახალი ამბავი საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 31 ევროპარლამენტარს შეეძლო საკუთარი მოსაზრებები იმ რეზოლუციაში დაეფიქსირებინა, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა.

“ჩვენ უკვე ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია და მე ვფიქრობ, რომ ამ 31 ევროპარლამენტარს შეეძლო საკუთარი მოსაზრებები იმ რეზოლუციაში დაეფიქსირებინათ, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა. არ ვიცი [ევროპარლამენტარებს] რა დარჩათ სათქმელი რეზოლუციის მიღმა, თუმცა ეს არის კიდევ დამატებითი ინსტრუმენტი, რომ აქ რამენაირად დაეხმარონ ევროპარლამენტარები საპროტესტო მუხტს და შექმნან დამატებითი ახალი ამბავი საქართველოში”, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას დეპუტატმა განაცხადა, რომ საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე ეს არის აბსოლუტურად გაცნობიერებულად გაკეთებული საქართველოს ხელისუფლების მიერ და ეს ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას, რასაც წინ 31 ევროპარლამენტარის განცხადება ვერ დაუდგება.

“მე დავსვამდი კითხვას: რას ემსახურება და ვის ინტერესებშია ევროპარლამენტარების მსგავსი სურვილები? რამდენად არის ის ქართული სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესში, როდესაც ხელისუფლებასაც და ხალხსაც აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის გაცხადებული სურვილი? საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ეს არ არის ხუმრობით გაკეთებული განცხადება, ეს არის აბსოლუტურად გაცნობიერებულად გაკეთებული საქართველოს ხელისუფლების მიერ და ეს ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას. ამას წინ 31 ევროპარლამენტარის განცხადება ვერ დაუდგება”, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, 30-ზე მეტი ევროპარლამენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართავს.

მათივე ცნობით, ღია წერილში ნათქვამია, რომ “რუსული კანონის ინიცირებამ და მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებამ გადალახა ზღვარი”. ევროპარლამენტარები ბორელს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ და ითხოვენ, შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი, გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს დაფინანსება.

ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ ამ პროცესში გავიმარჯვოთ და სანქციები არ დაეკისროს ქართველ ხალხს – სანქციები უნდა დაეკისროს იმ მოღალატეებს, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას აყალბებენ, ივანიშვილის თაოსნობით- გიორგი ვაშაძე

ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ ამ პროცესში გავიმარჯვოთ და სანქციები არ დაეკისროს ქართველ ხალხს – სანქციები უნდა დაეკისროს იმ მოღალატეებს, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას აყალბებენ, ივანიშვილის თაოსნობით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროპარლამენტარების წერილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “რუსული კანონის” პირობებში საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი მყარდება და ავტორიტარული რეჟიმის მქონე არც ერთი ქვეყნის ადგილი არ არის ცივილიზებულ სამყაროში და ევროკავშირში.

„სიტუაცია არის ძალიან მძიმე, იქიდან გამომდინარე, რომ ცალსახაა, „რუსული კანონით“ საქართველოს ადგილი ევროკავშირში ვერ იქნება. ამას აკეთებს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. მაგიდაზე, სამოქმედო გეგმაში დევს აბსოლუტურად ყველა მექანიზმი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამოქმედოს. ალბათ ნახეთ ევროპარლამენტარების წერილი. სამწუხაროდ, საუბარია კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე, ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, შესაბამისად, ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ ამ პროცესში გავიმარჯვოთ და სანქციები არ დაეკისროს ქართველ ხალხს. სანქციები უნდა დაეკისროს იმ მოღალატეებს, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას აყალბებენ, ივანიშვილის თაოსნობით. მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული – რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ქვეყანა ერთიანია, ერი ერთიანია და ცალკეული პატარა ჯგუფი, რომელსაც უნდა რომ ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, თავის მიზანს ვერაფრით მიაღწევს. პროტესტი არის დეცენტრალიზებული, ბუნებრივი და საბოლოო ჯამში, პროტესტი აუცილებლად მივა გამარჯვებამდე,“ – განაცხადა ვაშაძემ.

30-ზე მეტი ევროპარლამენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართავს.

ევროპარლამენტარები ბორელს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ და ითხოვენ, შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი, გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს დაფინანსება.

“გამჭვირვალობის კანონპროექტს განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს – ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტი 10 მაისს დანიშნულ სხდომაზე ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავს. რაც შეეხება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტს, ოხანაშვილის ინფორმაციით, მისი მესამე მოსმენით განხილვა 13 მაისს გაიმართება.

„პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან. ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით.

გამჭვირვალობის კანონპროექტს კი განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს.

ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას“, – წერს ოხანაშვილი “ფეისბუქის“ გვერდზე.

„ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს სი ძინპინმა მკვეთრი რეაქცია გამოხატა უკრაინის ომთან დაკავშირებულ კრიტიკაზე” – უცხოური პრესა

ამერიკული გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 7 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს სი ძინპინმა მკვეთრი რეაქცია გამოხატა უკრაინის ომთან დაკავშირებულ კრიტიკაზე: მხარეები შეთანხმდნენ „ოლიმპიურ ზავზე“, მაგრამ პეკინი არ დათანხმდა მოსკოვზე ზეწოლის მოხდენას“ (ავტორი – როჯერ კოენი).

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა სი ძინპინმა, რომელიც თავისი ხუთდღიანი ევროპული ვიზიტის დროს საფრანგეთში ორი დღით იმყოფებოდა, უარყო პეკინის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა – უკრაინის ომის დროს რუსეთთან ახლო ურთიერთობების გამო – და მტკიცედ გამოკვეთა თავისი პოზიცია: „ჩვენ გამოვდივართ ყოველივე ისეთი მცდელობების წინააღმდეგ, რომლებიც შექმნილი კრიზისი გამო პასუხისმგებლობას მესამე ქვეყანას აკისრებს, მის რეპუტაციას ლახავს და ურთიერთობის გაცივებას პროვოცირებს“.

ორშაბათს სი ძინპინმა ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკება გამართა და ჩინეთის როლი დაიცვა – „ჩვენ კრიზისი არც დამწყებნი არ ვართ, არც მხარე და არც თანამონაწილეები“, – ხაზი გაუსვა „ცისქვეშეთის“ ლიდერმა. ეს მკვეთრი შენიშვნა, როგორც ჩანს, მიმართული იყო უმეტესად აშშ-საკენ, რომელიც თვლის, რომ რადგან ჩინეთი რუსულ გაზს და ნავთობს დიდი რაოდენობით ყიდულობს, ამით ხელს უწყობს მოსკოვს, ეხმარება მას უკრაინასთან ომში. პეკინი კრემლს კოსმოსური თანამგზავრებით გადაღებულ ფოტოსურათებს აწვდის, აგრეთვე მარაგნაწილებს  ავიაგამანადგურებლებისათვის, მიკროსქემებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციისათვის და ასე შემდეგ.

მოლაპარაკების დროს, რომელსაც ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც ესწრებოდა, ემანუელ მაკრონი გარკვეული ზეწოლის მოხდენას შეეცადა ჩინელი სტუმარზე, რათა სი ძინპინს, თავის მხრივ, რუსეთის ლიდერზე გავლენა განეხორციელებინა, უკრაინასთან ომის შეწყვეტის მიზნით. სხვათა შორის, ვლადიმერ პუტინი მაისი თვის ბოლოს პეკინში უნდა ჩავიდეს, სი ძინპინმა კი ემანუელ მაკრონის თხოვნა, როგორც ჩანს, უყურადღებოდ დატოვა.

პარიზში მოლაპარაკება მას შემდეგ გაიმართა, როცა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კრემლი, სავარაუდოდ, მზად არის უკრაინის ომში ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად. კრემლმა აღნიშნა, რომ ემანუელ მაკრონი ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს (ვთქვათ, უკრაინაში ჯარის გაგზავნასთან დაკავშირებით), რომ მოსკოვს მეტი გზა არ რჩება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს ჩინელ კოლაგასთან საუბრის დროს უკრაინაში ჯარის გაგზავნის საკითხზე არაფერი უთქვამს. მან ერთი მხრივ, აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარეშე ევროპის უსაფრთხოება არ არსებობს“ და მეორე მხრივ ხაზი გაუსვა, რომ „საფრანგეთი რუსეთთან ომის მდგომარეობაში არ იმყოფება“.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც თავისი მკვეთრი გამონათქვამებით, ემანუელ მაკრონთან შედარებით, უფრო გაბედულად გამოდიოდა, ჩინეთის ლიდერს განუცხადა, რომ პეკინმა ყველანაირი გავლენა უნდა გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ, რათა კრემლმა უკრაინაში ომი შეწყვიტოს. მან აგრეთვე მოითხოვა, რომ „პეკინი ასევე არ უნდა დაეხმაროს რუსეთს თავისი პროდუქციით“. სხვათა შორის, გასულ წელს ორივე პაკინში იმყოფებოდა ვიზიტით და იმ დროსაც ურსულა ფონ დერ ლაიენმა სი ძინპინისათვის არასასიამოვნო განცხადებები გააკეთა.

მოლაპარაკების დროს ემანუელ მაკრონმა სი ძინპინს სთხოვა, რომ მას მხარი დაეჭირა პარიზის იდეისადმი – ოლიმპიური ზავის გამოცხადების მიზნით – 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით, პარიზის ზაფხულის ოლიპიური თამაშების ჩატარების პერიოდში.

ზოგადად, ფრანგი ლიდერი ცდილობდა ჩინელი კოლეგისადმი კეთილგანწყობის გამოხატვას და სტუმარს რამდენიმე ბოთლი რჩეული ფრანგული კონიაკი აჩუქა. სხვათა შორის, მიმდინარე წელს ჩინეთმა – მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ჩინური ელექტრო ავტომობილების იმპორტი შეზღუდვის მიზნით ზომები განახორციელა – საპასუხო ნაბიჯის სახით, ევროპული ბრენდების, მათ შორის ფრანგული კონიაკის მიმართ ანტიდემპინგური ზომები გამოაცხადა… თუმცა, როგორც საჩუქრის გადაცემის დროს ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ფრანგული კონიაკის მიმართ შეზღუდვები არ იქნება.

მოლპარაკების დროს ჩინეთ-საფრანგეთის და ევროკავშირის) სავაჭრო ურთიერთობების მდგომარეობაზეც იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან 50 მილიარდ დოლარს აღწევს, ხოლო მთლიანად ევროკავშირის დეფიციტი – 325 მლრდ. დოლარს. „არსებობს ამ სხვაობის დაბალანსების შესაძლებლობა“, – თქვა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლემერმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას, – თუმცა ჯერ კიდევ საკმაოდ შორს ვართ“.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობას, თუმცა მან იქვე შენიშნა, რომ იგი არ მიესალმება იმას, რომ ჩინეთი ყურადღებას არ აქცევს ანტირუსულ სანქციებს და მოსკოვთან ვაჭრობას აგრძელებს. „გარდა ამისა, მე ვერ მოვიწონებ იმას, რომ ჩინეთის მთავრობის მიერ სუბსიდირებულმა პროდუქციამ, კერძოდ, ელექტრომობილებმა და ფოლადმა, ევროპის ბაზარი პრაქტიკულად, წალეკა… მსოფლიო ჩინური წარმოების ჭარბი პროდუქციის გადაყლაპვას ვერ ახერხებს“.

უკრაინის ომმა დიდი გავლენა მოახდინა ევროპის ეკონომიკაზე და კერძოდ, რუსული ენერგომატარებლების საკითხში, როცა კონტინენტის ბევრმა სახელმწიფომ მათი მოხმარება შეწყვიტა. რუსეთმა ციმბირული ნავთობისა და გაზს ევროპული მიმართულება შეუცვალა და ისინი აზიისაკენ, ჩინეთისა და ინდოეთისაკენ მიმართა. ამ ფაქტს ევროპისათვის უკვალოდ არ ჩაუვლია – მოიმატა ინფლაციამ, გაუარესდა მოსახლეობის ცხოვრების დონე… გაიზარდა იმის შიშიც, რომ ჩინეთს შეუძლია ევროპული კომპანიების საქმიანობა შეზღუდოს.

„ევროპას არ შეუძლია შეუარიგდეს ისეთ გარემოებებს, ბაზრის დისპროპორციის ისეთ მდგომარეობას, რომელიც ევროპის დეისნდუსტრიალიზებას ემსახურება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, – ევროპა უარს არ იტყვის საკმაოდ ხისტი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რათა საკუთარი ეკონომიკური უსართხოება დაიცვას“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ