Home Blog Page 2

,,მომავლისკენ გასადები ხიდი საჭიროებების მიხედვით უნდა შემუშავდეს” – მასაცუგუ ასაკავა

შევიკრიბეთ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში და ყურადღება უნდა გავამახვილოთ ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც აქტუალურია მსოფლიოში, განვითარება ვერ შეჩერდება, ამიტომ გამოწვევები უნდა იქნეს დაძლეული, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა რამდენიმე გამოწვევაზე, მათ შორის კლიმატურ ცვლილებებსა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე.

„კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ საფრთხეს იგნორირებას ვერავინ გაუკეთებს. 2023 წელი იყო ყველაზე ცხელი წელი ამ პლანეტაზე, რამაც გავლენა იქონია მოსახლეობაზე და გაიზარდა მოწყვლადობა კლიმატის ცვლილებების მიმართ. დნობადი მყინვარები ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის სხვადასხვა თემს, განსაკუთრებით, ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც სიცხისგან გამოწვეული სტრესისგან იტანჯებიან. კიდევ ერთი პრიორიტეტია ციფრული ტექნოლოგიების განვითარება. დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რათა ეკონომიკის ზრდა იქნეს უზრუნველყოფილი. ქვეყნებს არ ექნებათ განვითარების პერსპექტივა, თუ არ გამოიყენებენ ტექნოლოგიებს. ეს უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე, ფრთხილი მიდგომა. აზიის განვითარების ბანკი ყველაფერს გააკეთებს, რათა ეკონომიკური ზრდისთვის ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები ყველაზე გონივრულად გზით იქნეს გამოყენებული“, – აღნიშნა ასაკავამ.

მასაცუგუ ასაკავას თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა გაძლიერდეს ეკონომიკური ზრდა.

„უნდა შევიმუშაოთ პოლიტიკა და კონცეფცია, რათა ჩვენი ქვეყნები გახდეს მდგრადი. პანდემიის შემდეგ ეს რთული იყო, თუმცა უნდა გაერთიანდეს ჩვენი ძალისხმევა, რათა გამოვრიცხოთ პროტექცია და შერჩეული მიდგომები. ეს არის ჩვენი სამომავლო სულისკვეთება. მოდი, ვისაუბროთ, როგორ შეიძლება რეგიონული თანამშრომლობა და პარტნიორობა იქნეს უზრუნველყოფილი, რათა გაძლიერდეს ინვესტიციები კერძო სექტორში და საერთაშორისო მიმართულებით. ამასთანავე, უნდა ვიპოვოთ გზები დეკარბონიზაციისთვის, რათა გლობალური სურსათის მიწოდების ჯაჭვი იქნეს გამართული. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა გაძლიერდეს ეკონომიკური ზრდა, შემცირდეს აირების ემისია და გლობალური მიწოდების ჯაჭვი იყოს სწორუპოვარი“, – აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.

მასაცუგუ ასაკავას განცხადებით, მომავლისკენ გასადები ხიდი საჭიროებების მიხედვით უნდა შემუშავდეს.

„კუნძულოვანი აზიის ღარიბი მოსახლეობა კლიმატური ცვლილებების, ეკონომიკური შოკებისა თუ კონფლიქტების გამო დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება. ჩვენი დაფინანსება უნდა გაიზარდოს, რათა გაგრძელდეს მხარდაჭერა. აზიის განვითარების ფონდი გადამწყვეტი ინსტრუმენტია ამ მიმართულებით. ხუთშაბათს ფონდი შეივსო და შეგვიძლია 5 მილიარდ აშშ დოლარამდე გამოვყოთ ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი დონორის. ხიდი მომავლისკენ უნდა იყოს გადებული ინკლუზიურად და არავის უნდა ეთქვას უარი განვითარებასა და დაფინანსების წყაროებზე. მინდა, მოგიწვიოთ ამ საკითხებზე სამსჯელოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის მომავლისთვის. იმედი მაქვს, სასიამოვნო იქნება ერთმანეთთან ურთიერთობა, თბილისის სილამაზისა და საქართველოს კულტურის გაზიარება. მინდა, გადღეგრძელოთ ჩვენი მასპინძლები და ის ხალხი, ვისაც ვემსახურებით. მომავალში ერთად ვიაროთ და ხიდი გავდოთ უფრო აყვავებული, ინკლუზიური, გამძლე და მდგრადი აზიისა და ოკეანეთისთვის“, – განაცხადა ასაკავამ.

ამასთან, როგორც ასაკავამ აღნიშნა, საქართველო საოცარი ქვეყანაა.

„გასულ წელს პირველად ვიმყოფებოდი საქართველოში და მთაში გავატარე ერთი ღამე, არასდროს დამავიწყდება თოვლით დაფარული ყაზბეგის მთები. ასევე ვნახე საქართველოს მასპინძლობისა და სადღეგრძელოების განსაკუთრებული ტრადიცია. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის მასპინძლობისთვის“, – აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.

,,საქართველო გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებისა და პოზიტიური ცვლილების იდეის ერთგულია”- პრემიერი

საქართველო გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებისა და პოზიტიური ცვლილების იდეის ერთგულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი და ინკლუზიური მომავლის შექმნას.

„მქონდა პატივი, თბილისში მემასპინძლა აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრისთვის. ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება მიზნად ისახავს მდგრადი და ინკლუზიური მომავლის შექმნას. საქართველო გლობალური თანამშრომლობის გაძლიერების და პოზიტიური ცვლილების იდეის ერთგულია. მოხარული ვარ, რომ მივმართე დელეგატებს და ვისაუბრეთ მდგრადი განვითარების გზებზე, რომელთა აქცენტირება ხდება მდგრადობასა და თანასწორობაზე“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

„მინდა დავწერო, როგორც მოქალაქემ და არა როგორც სახალხო დამცველმა”- ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

მაქვს განცდა, რომ ახალგაზრდებმა საკუთარ თავში, აწმყოსთან ერთად, ის წარსულიც გააერთიანეს, რომელიც მშობლების თაობაა და ის მომავალიც, რაც ცალსახად მათია, ამიტომ მათზე თავდასხმა აპრიორი მარცხისთვისაა განწირული, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც იოსელიანი აღნიშნავს, კატეგორიულად მიუღებელია მათი შეურაცხყოფა, დემონიზება, ან ნებისმიერი პოლიტიკური ნარატივისადმი მიკუთვნების მცდელობა!

„მინდა დავწერო, როგორც მოქალაქემ და არა როგორც სახალხო დამცველმა, რთულია მიმდინარე მოვლენებზე განყენებულად საუბარი, იმ პოზიციიდან რაც მიკავია და იმ პასუხისმგებლობით, რაც მაკისრია. მოკლედ ვიტყვი, რომ აქციების დაწყების პირველივე დღიდან, მეც და სახალხო დამცველის აპარატიც სრულად, ვაკეთებთ იმას, რასაც კონსტიტუცია და კანონი გვავალდებულებს, ვნახულობთ დაკავებულებს და დაზარალებულებს, ვაწვდით ინფორმაციას ოჯახის წევრებს და საზოგადოებას, ვაფასებთ პოლიციის მოქმედების პროპორციულობას და მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. აღნიშნულზე დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე.

აქ სხვა რამეზე მინდა გამოვთქვა აზრი და ეს, პირველ რიგში, ეხება ჩვენს ახალგაზრდებს, პროტესტის მონაწილეებს, იშვიათად მინახავს ასეთი გულწრფელობა აქციაზე, ეს ამ თაობის მთავარი განმასხვავებელია ყველა დანარჩენისგან. მე ვიცი ვინ დგას იქ, ისინი ჩვენი შვილები, მათი მეგობრები, ჩვენი მეგობრების შვილები, მეზობლები, ნათესავები არიან. კატეგორიულად მიუღებელია მათი შეურაცხყოფა, დემონიზება, ან ნებისმიერი პოლიტიკური ნარატივისადმი მიკუთვნების მცდელობა! მაქვს განცდა, რომ ამ ახალგაზრდებმა საკუთარ თავში, აწმყოსთან ერთად, ის წარსულიც გააერთიანეს, რომელიც მათი მშობლების თაობაა (თუნდაც, ისინი განსხვავებულად უყურებდნენ ბევრ რამეს) და ის მომავალიც, რომელიც ცალსახად მათია, ამიტომ მათზე თავდასხმა აპრიორი მარცხისთვისაა განწირული. ჩვენ ვერ ვიქნებით მათ გარეშე და ისინი უჩვენოდ, რადგან ეს ერთი დიდი ოჯახია.

ვნახე კადრები, სადაც მოქალაქეების ჯგუფი აქციის მონაწილეს წიხლებით გაუსწორდა; ეს ის საშიში ზღვარია, რომლის შემდეგაც, უბნური ვენდეტები და გარჩევები იწყება. ამ ჯოჯოხეთს ძლივს დავაღწიეთ თავი და იქ არასდროს უნდა დავბრუნდეთ. სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ შემთხვევაში, მან არ უნდა დაუშვას ძალადობა, ხოლო მოძალადეებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი. ძალადობა დაუშვებელია შეკრების მონაწილეების მხრიდანაც, ყველას უნდა გვესმოდეს რომ სახელმწიფო ინსტიტუციებზე დგას და ამ ინსტიტუციებს პატივისცემა სჭირდება, პოლიციელების შეურაცხყოფა, გინება თუ ფურთხება კატეგორიულად მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს.

სიძულვილის ენა ის წყევლაა, რაც ათწლეულების მანძილზე არ გვაძლევს საშუალებას გავერთიანდეთ საერთო ღირებულებების ირგვლივ, სიძულვილის ენის გამოყენება არის ადამიანის დეჰუმანიზაციის სამარცხვინო აქტი და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად არჩეული უარგუმენტო გზა, განსაკუთრებით, როცა ჩვენს საამაყო სპორტსმენებზეა საუბარი, ისინი ბევრად მეტს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება შეიძლება იყოს, მათ აქვთ უფლება, აკეთონ საკუთარი საქმე და არავის აქვს უფლება ამუნათოს ამისთვის. ნუ დაგვავიწყდება, რომ სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებაც ადამიანის უფლებაა და არა ვალდებულება.

და ბოლოს, ისევ ჩვენს ახალგაზრდებს დავუბრუნდები, ჩვენი ევროპული მომავლის ფლაგმანს და ვიტყვი, რომ არ შევწყვიტოთ შრომა ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ორ სიტყვაში „ადამიანის უფლებები”, მთავარი სიტყვა ადამიანია.

გილოცავთ, ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ბედნიერებას, მშვიდობას და სიხარულს გისურვებთ! – წერს ლევან იოსელიანი.

,,მოვითხოვთ ვახტანგ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას”- ლევან ბეჟაშვილი

ზონდერ ჯგუფები, რომლებიც სასტიკად უსწორდებიან მშვიდობიან დემონსტრანტებს, პოლიტიკოსებს, მოქმედებენ პოლიტიკური დავალებით, რომელსაც გასცემს შს გომელაური, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მოვუწოდებ, რომ ნუ ამძიმებს მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმ უმოქმედობით, როდესაც არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო „სასტიკად უსწორდება მშვიდობიან დემონსტრანტებს“ მთავარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა შს მინისტრს უნდა დაეკისროს.

„როდესაც სახელმწიფო ასე სასტიკად უსწორდება მშვიდობიან დემონსტრანტებს და მომიტინგეებს, როდესაც პოლიტიკოსებზე ასე სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას ახორციელებენ და როდესაც კრიმინალური ზონდერ ჯგუფები დათარეშობენ და ახალგაზრდებზე ანგარიშსწორებას ახორციელებენ, ამაზე მთავარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს შს მინისტრს გომელაურს, რადგან წარმოუდგენელია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე არ ხდებოდეს. ეს ადამიანები მოქმედებენ სწორედ პოლიტიკური დავალებით და შესაბამისად, ბრძანებას გასცემს მინისტრი გომელაური და რაც მთავარია, ეს დავალებები მოდის ივანიშვილისგან, ამიტომ ვითხოვთ მინისტრი გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს და მოვუწოდებ, რომ ნუ ამძიმებს მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმ უმოქმედობით, როდესაც არცერთი თანამდებობის პირი არ არის დაკავებული, არ გადამდგარა და პასუხისმგებლობაში არ მიუციათ და არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.

წმინდა ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე აგებული კუვუკლიიდან იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III გამოიტანა. ზეციური ცეცხლი უფლის საფლავზე 15:13 საათზე გადმოვიდა.

კუვუკლიაში შესვლამდე, იერუსალიმის პატრიარქმა მაცხოვრის საფლავს სასულიერო პირებთან ერთად სამჯერ ლიტანიობით შემოუარა. შემდეგ აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა. მანამდე ასევე პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩხრიკეს. საფლავი თბილისის დროით, დაახლოებით, 15.09 საათზე დაიხურა.

აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც. წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:00 საათზე ჩამოაბრძანებენ და ტაძრებში, სააღდგომო ლიტურგიაზე გავრცელდება.

უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

 ,,რევოლუციების მოწყობის პრაქტიკა უნდა დამთავრდეს!”- ირაკლი ქადაგიშვილი 

საქართველო ჩვენს პარტნიორებთან ყოველთვის პირნათელია, ზურგს უკან ორმაგი თამაში ხელისუფლებას არასდროს ჰქონია, – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოში რევოლუციების მოწყობის პრაქტიკა უნდა დამთავრდეს.

„რაც შეხება ბატონი შარლ მიშელის ნათქვამ სიტყვას, რომ ჩვენ ნამდვილი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ. ჩვენ ყოველთვის ამ ნამდვილი დიალოგისკენ ვართ მოწოდებული, რადგან იმის გამო, რომ ამ ქვეყანას მშვიდობა, სტაბილური განვითარება ჰქონოდა და დემოკრატია შეუფერხებლად განვითარებულიყო, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, მათ შორის, ბატონი შარლ მიშელის შემოთავაზებულ პროექტსაც დავეთანხმეთ. აღარ დავუბრუნდები იმ რყევას და პოლიტიკურ საბოტაჟს, რასაც ოპოზიცია ეწეოდა, დავთანხმდით ისეთ რაღაცებს, რასაც არც კონსტიტუცია ითვალისწინებდა და საერთოდ, დემოკრატიული პროცესისთვის მიუღებელია. 43%-იანი ბარიერის გადალახვას დავთანხმდით, ამაზე მეტი და შორს წასვლა რად გინდა?! ვერც ერთი თანამდებობის პირს, გარდა პრემიერ-მინისტრისა, ვერ დანიშნავდი, თუ ოპოზიცია არ დაგეთანხმებოდა, ასეთი რამე მსოფლიოში არსადაა. მიუხედავად ამისა, ამან პოლარიზაცია არ შეასუსტა, პირიქით გააძლიერა. თუ ნამდვილ დიალოგზე და ნამდვილ პარტნიორობაზეა საუბარი, სწორედ ეს არის ჩვენი ერთადერთი პირობა და მოთხოვნა, ჩვენ სხვა პირობა და მოთხოვნა არ გაგვაჩნია. საქართველო ჩვენს პარტნიორებთან ყოველთვის პირნათელია, ზურგს უკან ორმაგი თამაში ხელისუფლებას არასდროს ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს გამუდმებით ბრალს დებდნენ, რომ რუსეთისათვის სანქციების არიდების ადგილია, ჩვენ ოფიციალური დელეგაციების შეფასება ვნახეთ, რომ საქართველო სისტემურად ყველაზე კარგად მოწესრიგებული ქვეყანაა სანქციების დაცვის კუთხით, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით. რევოლუციების მოწყობის პრაქტიკა საქართველოში უნდა დამთავრდეს, უნდა იყოს საქართველოში არჩევნებით პოლიტიკური სისტემის განვითარება, ხელისუფლების ცვლილება და ა.შ. ამისათვის საქართველოში ყველა პირობა არსებობს, მედიასივრცე მრავალეროვანი, თავისუფალია, პოლიტიკური სივრცე მრავალფეროვანი, თავისუფალია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ჯანსაღ პროტესტს ყოველთვის მივესალმები და ვუერთდები კიდეც, მაგრამ ეს რადიკალური, ფანატიკური, შეპყრობილი ბღავილი – თქვი, რასაც ჩვენ ვამბობთ, თორემ გადაგივლით და მიწასთან გაგასწორებთო, არის ამაზრზენი – თორნიკე ნაროზაული

პოეტი თორნიკე ნაროზაული აქციის მონაწილეების მხრიდან საზოგადოების წევრების და მათ შორის, ცნობადი სახეების მიმართ ბულინგის და ზეწოლის შემთხვევებს ეხმიანება.

პოეტი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ დარბევაა, როცა პიროვნულად ეხები და ლანძღავ ადამიანებს… საერთო ჯგუფებსა და ჩათებში ითხოვ მათ მიმართ ბულინგს… მათი გვერდების „დარეპორტებას“ და პიროვნულ დამცირებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩუმად არიან ან სიტყვა-სიტყვით თქვენს ლოზუნგებს არ იმეორებენ.

მისივე თქმით, ძალით პატრიოტებს, რომლებსაც საკუთარი თავის გარდა ცხოვრებაში არაფერზე უდარდიათ, რომლებიც გამუდმებით იქ დგანან, სადაც ხალხის უმრავლესობა დგას, იმას აკეთებენ, რაც ტრენდულია და იმას იმეორებენ, რასაც სხვები ამბობენ, საერთოდ რაზე გაქვთ პრეტენზია? თუ გგონიათ, რომ თქვენს ყველა პოსტს, სთორის და კომენტარს არ ეტყობა, რომ ყალბია… რომ ზოგი შიშითაა დაწერილი, ზოგი სხვისი წამბაძველობით, ზოგი თავის გამოსაჩენად… რომ იქ ნამდვილი არაფერია?!

„წავიკითხე, ხვიჩა კვარაცხელიას სამარცხვინო განცხადება მეთქი, გინდოდათ, ალბათ, დამეწერა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ამ ბიჭს გონებაც ისეთივე აქვს მიმადლებული, როგორც ფეხბურთის თამაშის ნიჭი.
„გული მწყდება, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის
პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით“. – სხვაგვარად ამ სიტყვებს ვერ დაწერდა. ეს ის კაცია, რომელმაც მთელ მსოფლიოს გააგებინა ჩვენი ქვეყნის შესახებ, რომელმაც შეცვალა ქართველი ემიგრანტებისადმი დამოკიდებულება, არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
რომელმაც ქართულ ფეხბურთს იმედი და რწმენა დაუბრუნა.
რომელმაც თავდაჯერება შემატა ქართველ ფეხბურთელებს.
რომელმაც, ლამის, მარტომ გაიყვანა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე და ერთი ღამით მაინც შეძლო მთელი ერის გაერთიანება.
რომელმაც იმაზე მეტი საქმე გააკეთა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ვიდრე ერთად აღებულმა, ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და იმ ხალხმა, რომლებიც დღეს ხვიჩას ლანძღავენ.
აკა მორჩილაძის წერილის შემდეგ მივხვდი, რომ ამ ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, როცა ამას ითხოვდნენ, არამედ მხოლოდ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები, თან ზუსტად იმ სიტყვებით, რითაც თვითონ საუბრობენ.
ამას ფანატიზმი ჰქვია. როგორც უკვე ვთქვი, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ.
ჯანსაღ პროტესტს ყოველთვის მივესალმები და ვუერთდები კიდეც, მაგრამ ეს რადიკალური, ფანატიკური, შეპყრობილი ბღავილი – თქვი, რასაც ჩვენ ვამბობთ, თორემ გადაგივლით და მიწასთან გაგასწორებთო – არის ამაზრზენი!
რა თავისუფალი სიტყვა, რა განსხვავებული აზრის პატივისცემა, რა კულტურა, რა ერთობა და სიყვარული – ოჯახის წევრებიც კი ერთმანეთს ჭამენ, როგორ თუ შენ სხვა აზრზე დგახარო! ისინი, ვინც მთელი ცხოვრება ერთად მოდიოდნენ, ერთად უძლებდნენ უამრავ გასაჭირს, ტრაგედიას, ტკივილს… ერთმანეთს ლანძღავენ და მიწასთან ასწორებენ…
როდესაც ხელისუფლებას აკრიტიკებ იმის გამო, რომ შენი აზრის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, როცა აქციებს სპეცრაზმით არბევს…
შენ რომელი მართლმსაჯულებით და უფლებით არბევ მორალურად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს? გინდა სოციალურ სივრცეში და გინდა რეალურ ცხოვრებაში?
რით განსხვავდები, მათგან, ვისაც ებრძვი?
იმით, რომ არ შეგიძლია სპეცრაზმი მიუქსიო მათ, ვინც არ გეთანხმება? ან უარესი – გეთანხმება, მაგრამ შენი სიტყვებით არ საუბრობს?!
(ჰო, დარბევაა, როცა პიროვნულად ეხები და ლანძღავ ადამიანებს… საერთო ჯგუფებსა და ჩათებში ითხოვ მათ მიმართ ბულინგს… მათი გვერდების „დარეპორტებას“ და პიროვნულ დამცირებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩუმად არიან ან სიტყვა-სიტყვით თქვენს ლოზუნგებს არ იმეორებენ.)
მით უმეტეს, ამ ძალით პატრიოტებს, რომლებსაც საკუთარი თავის გარდა ცხოვრებაში არაფერზე უდარდიათ, რომლებიც გამუდმებით იქ დგანან, სადაც ხალხის უმრავლესობა დგას (არა იმიტომ, რომ იქ სიმართლეა, უბრალოდ იმიტომ, რომ იქ უმრავლესობაა…), იმას აკეთებენ, რაც ტრენდულია და იმას იმეორებენ, რასაც სხვები ამბობენ, (და დარწმუნებული ვარ, დღეს, ამ განცხადების გამო, უმრავლესობა, ხვიჩას რომ აქებდეს, თავადაც შეაქებდნენ…) საერთოდ რაზე გაქვთ პრეტენზია? თუ გგონიათ, რომ თქვენს ყველა პოსტს, სთორის და კომენტარს არ ეტყობა, რომ ყალბია… რომ ზოგი შიშითაა დაწერილი, ზოგი სხვისი წამბაძველობით, ზოგი თავის გამოსაჩენად… რომ იქ ნამდვილი არაფერია?!
ყველაფერს ითამაშებთ და ყველაფერს მოიტყუებით, მაგრამ სამშობლოს სიყვარულს ვერა!
ჰოდა, ნუ აჰყვებით ამ ძალით პატრიოტ, ბრმა წინამძღოლებს, თითებს რომ ილესავენ კლავიატურაზე. პირადად ვიცნობ ბევრ მათგანს და ისიც ვიცი, რაცაა მათი პატრიოტიზმი… საკუთარი თავის გარდა, რომ არავინ ადარდებთ ქვეყნად და მხოლოდ პოპულარობაზე, პირად ანგარიშსწორებასა და კეთილდღეობაზე ფიქრობენ.
ასეთი რადიკალიზმით, ზეწოლით, დამცირებით და ბულინგით, ბევრი ადამიანის თვალში, იმ ჯანსაღ ნაწილსაც ჩრდილს აყენებთ, რომელიც მთელი სულით და გულით საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იბრძვის.
ანთხიეთ ეგ თქვენი სიძულვილი, ბოღმა და გესლი, საქართველოს მტრებს, მაგრამ ერთმანეთს – არა!
ასე ვერაფერში გავიმარჯვებთ.

დედა გვეტირება ასე. არ მაქვს იმის ილუზია, რომ ამ ნაწერიდან სწორ აზრს გამოიტანთ, მაგრამ სულ ერთია. რაც დავწერე, დავწერე“, – წერს თორნიკე ნაროზაული.

,,ბიძინა ივანიშვილის განცხადებები პროვოკაციული იყო საქართველოს მოსახლეობის და თქვენ მიმართ”- სალომე ზურაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ძალიან პროვოკაციული იყო თქვენ მიმართ, მაგრამ, ასევე, საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ დაძაბულ ვითარებაში ვართ და თქვენ, როგორც ჩვენს პარტნიორებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი გაქვთ სტაბილურობის უზრუნველყოფაში,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.

მან ელჩებს მიმართა თხოვნით, რომ ამ მნიშვნელოვან პერიოდში საქართველოში ბევრი მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდეს.

„ვფიქრობ, რომ პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, საკვანძო იქნება, რადგან დაგეგმილია მესამე მოსმენა. ის თუ როგორ არის არჩეული თარიღები, ასევე, ცოტათი პროვოკაციულია, ასე ვფიქრობ, რადგან ეს ყველაფერი ხდება სააღდგომო პერიოდში, როდესაც უნდა იყოს გაერთიანებისა და დეპოლარიზაციის დრო და ამის ნაცვლად საწინააღმდეგოდ მოხდა. ასევე, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ძალიან პროვოკაციული იყო თქვენ მიმართ, მაგრამ, ასევე, საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ დაძაბულ ვითარებაში ვართ და თქვენ, როგორც ჩვენს პარტნიორებს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი გაქვთ სტაბილურობის უზრუნველყოფაში ქართველი ხალხისთვის, რომელსაც იწვევს ის ფაქტი, რომ თქვენ არ განიხილოთ საქართველო დაკარგულად, არამედ აღიქვათ, რომ ის აგრძელებს თავის გზას ევროინტეგრაციისკენ და რომ საქართველო არ არის მარტო. ჩემი თხოვნაა, რომ განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები ამ პერიოდში, მაისის ბოლომდე, ამის შემდეგ მე ვიცი, რომ თავად ევროპელებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი დგება, რაც დაკავშირებულია არჩევნებთან, ევროპარლამენტის არჩევნებთან და ჩვენს ამერიკელ მეგობრებსაც დაეწყებათ არჩევნების აქტიური პერიოდი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

,,ხელისუფლების მხრიდან ნაკლები პროვოკაცია და იმის უფრო მეტი გააზრება უნდა იყოს, თუ რა არის მოსახლეობის საერთო ნება”- პრეზიდენტი

ხელისუფლების მხრიდან ნაკლები პროვოკაცია და იმის უფრო მეტი გააზრება უნდა იყოს, თუ რა არის მოსახლეობის საერთო ნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ასევე, ჩვენს პარტნიორებზე თავდასხმებს ვხედავთ და აქვე მსურს გითხრათ ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რომლებიც იმ ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენეს და თქვენ ხართ ეს ქვეყნები. ქვეყნები, რომლებიც 30 წელზე მეტია ამ ქვეყნის განვითარებას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, კულტურულ ინფრასტრუქტურას მხარს უჭერენ. ქართული იდენტობის დასაცავად, ყველა ის პროგრამა, რომელსაც თქვენი ქვეყნები ან თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციები თუ კერძო ორგანიზაციები მხარს უჭერდნენ, საქართველოს ინტერესებში შედიოდა. ეს არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ მათი სახელით მინდა ამისთვის მადლობა ოფიციალურად გადაგიხადოთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველგან არ ჩანს, ეს ის არის, რაც მოსახლეობის გონებაშია და საქართველოს მოსახლეობას არასდროს უგრძნია, რომ თქვენი რომელიმე ქვეყნის მიერ რაიმე ფორმით დამონებული ყოფილა ან ზეწოლა განუცდია, ჩვენი მეზობლების მსგავსად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, კონსტიტუციაზე თავდასხმაც განხორციელდა, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი ნათლად არის დაფიქსირებული.

„ასევე, იყო პროვოკაცია და თავდასხმა კონსტიტუციაზე, რომელშიც მოგეხსენებათ, ძალიან ნათლად წერია, რა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და ორიენტაცია. სიტყვები, რომლებიც დღეს აზიის განვითარების ბანკის კონფერენციაზე აშკარად არ განმეორდა, ჩანს, რომ საქართველოსთვის დამახასიათებელი სხვა კურსი არსებობს. ეს კონსტიტუციაზე თავდასხმაა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს მოუწოდა, რომ თავიანთ ქვეყნებში არსებულ სამთავრობო კონტაქტებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ ესაუბრონ.

„ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს პასუხისმგებლობა დავინახოთ და თქვენს მთავრობასთან ან ხელისუფლებასთან არსებულ კონტაქტებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ მიმართოთ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი პარტნიორების მიმართ რიტორიკაში გამოხატული თავდასხმებია. ასევე, თავდასხმები ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ. როდესაც ხელისუფლება ხარ არ შეიძლება ამ ქვეყნის ახალგაზრდებს სატანისტები და სხვა ეპითეტები უწოდო, რომელთა გამეორებაც სამთავრობო, საპარლამენტო ხელისუფლების ქვედა დონეებზე ხდება. ასე რომ, ეს ყველაფერი სტაბილურ გარემოს არ ქმნის და მე აქ ვარ, რათა ყველაფერი გავაკეთო, რომ ეს სტაბილური გარემო შევინარჩუნო, რომ არჩევნებისკენ სვლის შესაძლებლობა შევინარჩუნო, რაც იმის შესაძლებლობას გააჩენს, რომ ყველა კანონი, რომელიც მიღებულია, გამოსწორდეს, კანონი, რომელიც ჩვენს ევროინტეგრაციის გეგმებს არ შეესაბამება. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ უნდა იყოს პასუხისმგებლობა და ნაკლები პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან და იმის უფრო მეტი გააზრება, თუ რა არის მოსახლეობის საერთო ნება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება.

შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება.

პრეზიდენტმა ელჩებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე ისაუბრა.

მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეხვედრა მედიისთვის დაიხურა.

,,როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაში „თბილისის დინამოს“ მფლობელი”- ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართველ სპორტსმენებს სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში უდიდესი წარმატებები აქვთ.

კობახიძის განმარტებით, სპორტში წარმატებები თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

„მინდა, დავაანონსო ახალი მეგაპროექტი. წინა სამთავრობო სხდომაზე გვქონდა საუბარი თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე და მინდა, გაგაცნოთ მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ამჯერად სპორტს უკავშირდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სპორტსმენების წარმატებით. ჩვენ გვაქვს სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში უდიდესი წარმატებები. დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის თავზე ჩვენმა ნაკრებებმა მოახერხეს ისტორიაში უდიდესი წარმატების მიღწევა. ფეხბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენმა რაგბისტებმა პირველად შეძლეს ექვსი ერის გუნდების დამარცხება, კალათბურთელები პირველად გავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც მსოფლიოს საუკეთესო 16 გუნდს შორის დაიკავეს პირველად ადგილი, წყალბურთელები გადიან ევროპის ჩემპიონატებზე, გავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ევროპის საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდნენ ზედიზედ ორჯერ, ჩვენი ხელბურთელები გავიდნენ პირველად ევროპის ჩემპიონატზე, სადაც პირველი ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვეს და ინდივიდუალურ სახეობებშიც გვაქვს უდიდესი პროგრესი, მედლების რაოდენობა არის გაორმაგებული, გასამმაგებული ბოლო წლების განმავლობაში, რაც არის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. ასეთი წარმატებები არ გვქონდა იმ ცნობილი ცხრა წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლების სათავეში იყო ჩვენი დღევანდელი ოპოზიცია, 90-იან წლებთან შედარებითაც კი. მაშინ სპორტი იყო უფრო წარუმატებელი, რასაც ჰქონდა თავისი კონკრეტული მიზეზები. მინდა, გაგახსენოთ კონკრეტული მოვლენები, რასაც მაშინ ჰქონდა ადგილი. ყველას გახსოვთ, როგორ მოხდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა და იმავე დღეს როგორ გააკეთებინეს განცხადება გადადგომაზე. არაფერს ერიდებოდნენ, ასეთი უხეში ჩარევა ხდებოდა ფეხბურთში, სპორტში ზოგადად. ასევე, მინდა, შეგახსენოთ, რა მოხდა „თბილისის დინამოს“ გარშემო. რუსეთიდან ჩამოიყვანეს კონკრეტული ბიზნესმენი, რომელსაც მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არ ჰქონდა ფეხბურთზე, მას ჩააბარეს ჩვენი ეროვნული სიამაყე, „თბილისის დინამო“ და კლუბი, ფაქტობრივად, განადგურების პირამდე მიიყვანეს, ნულოვანი წარმატება ჰქონდა ბოლო ტურნირებზე. ასევე, დღეს რომ შევხედოთ, საქართველოს ჩემპიონატზე „თბილისის დინამოს“ აქვს ათი თამაში, 12 ქულა და მეხუთე ადგილზეა. ამ მდგომარეობამდე მიიყვანა წინა ხელისუფლების პოლიტიკამ ჩვენი საამაყო სპორტული კლუბი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ცოტა ხნის წინ, ადამიანებს, ვინც არიან დღეს „თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელობაში, ისტორიული „დინამოს“ ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა სურდათ“.

„ეს დამოკიდებულება არის იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას. ამას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, მაგრამ თვითონ დამოკიდებულება ამ ყველაფრიდან ჩანს. ეს ადამიანები „თბილისის დინამოს“, ისტორიული კლუბის სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინათაც, „თბილისის დინამოს“ სახელით – რა შუაშია „თბილისის დინამო“ – გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი სწორედ კლუბის სახელით. როგორც ჩანს, როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაში „თბილისის დინამოს“ მფლობელი. ეს ყველაფერი არის იმ პოლიტიკის გამოვლინება, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, რომელმაც ჩვენი სპორტი, ფეხბურთი წარუმატებლობამდე მიიყვანა. ჩვენ წლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ მაშინ სპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოგვესწორებინა, მივსულიყავით იმ უნიკალურ წარმატებამდე, რომელიც ჩვენს სპორტს აქვს ყველა სახეობაში დღევანდელ დღეს. ასევე, მინდა, გავიხსენო კონკრეტული ფეხბურთელების მონაყოლი, ერთ-ერთი ფეხბურთელის მონაყოლი, რომელმაც პირადად მითხრა, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო უარი უთხრეს ნაკრებში გამოძახებაზე. ერთ-ერთ უცხოელ მწვრთნელს, მაშინ ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი იყო უცხოელი, აიძულებდნენ, არ გამოეძახებინა კონკრეტული ფეხბურთელი, ერთ-ერთ ტოპ-ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი არ გამოეძახებინა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში. პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს. ასევე კონკრეტული ფეხბურთელის მონაყოლით, ძალიან ხშირად, ნაკრების ფეხბურთელებს თბილისში თამაშებზე ჩამოფრენა საკუთარი ხარჯით უწევდათ“, – აღნიშნა პრემიერმა.

,,სპორტსმენების მიმართ არის პირდაპირ მითითება, რომ ესა თუ ის პოზიცია დააფიქსირონ ღიად, გინდათ, ბულინგი დაარქვით, გინდათ – ზეწოლა” – ვიქტორ სანიკიძე 

ჩვენს ქვეყანაში დღეს უმაღლესი სტანდარტით არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს აქვს უფლება, თავისი მოსაზრება დააფიქსიროს, მაგრამ რასაც დღეს ჩვენ, ყველანი ვხედავთ, ბულინგი დავარქვათ, შეიძლება უფრო მძიმე ფორმებშია ის ყველაფერი, რასაც ვუყურებთ, რომ სპორტსმენებზე არის ზეწოლა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს სპორტსმენების ბულინგი და მათ მიუთითებენ, რომ კონკრეტული პოზიცია ღიად დააფიქსირონ, რაც მიუღებელია და ეს ფაქტები არავის დაუგმია. სანიკიძის განცხადებით, ის სრულ სოლიდარობას უცხადებს სპორტსმენებს.

„არამარტო ზეწოლაა იმ მხრივ, რომ გამოვიდნენ და თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ, აქ პირდაპირ არის მითითება, რომ ესა თუ ის პოზიცია უნდა დააფიქსირონ ღიად და ამაზე ხდება ზეწოლა, რაც მიუღებელია, გინდათ, ბულინგი დაარქვით, გინდათ – ზეწოლა. სამწუხაროა, რომ ამ ფაქტებზე რეაგირება ჩვენ არ გვინახავს. მე პირადად არ მინახავს, ვინმეს დაეგმო და მოწოდება გაეკეთებინა, რომ ეს ყოვლად მიუღებელია და ძალიან სამწუხაროა. მინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და მათ წარმატებები ვუსურვო თავიანთ საქმიანობაში, ყოველდღიურად ისინი ქვეყნის საქმეს აკეთებენ და ასახელებენ ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე“, – აღნიშნა ვიქტორ სანიკიძემ.