,,ხელისუფლების მხრიდან ნაკლები პროვოკაცია და იმის უფრო მეტი გააზრება უნდა იყოს, თუ რა არის მოსახლეობის საერთო ნება”- პრეზიდენტი

10
spot_img

ხელისუფლების მხრიდან ნაკლები პროვოკაცია და იმის უფრო მეტი გააზრება უნდა იყოს, თუ რა არის მოსახლეობის საერთო ნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ასევე, ჩვენს პარტნიორებზე თავდასხმებს ვხედავთ და აქვე მსურს გითხრათ ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რომლებიც იმ ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენეს და თქვენ ხართ ეს ქვეყნები. ქვეყნები, რომლებიც 30 წელზე მეტია ამ ქვეყნის განვითარებას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, კულტურულ ინფრასტრუქტურას მხარს უჭერენ. ქართული იდენტობის დასაცავად, ყველა ის პროგრამა, რომელსაც თქვენი ქვეყნები ან თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციები თუ კერძო ორგანიზაციები მხარს უჭერდნენ, საქართველოს ინტერესებში შედიოდა. ეს არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ მათი სახელით მინდა ამისთვის მადლობა ოფიციალურად გადაგიხადოთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველგან არ ჩანს, ეს ის არის, რაც მოსახლეობის გონებაშია და საქართველოს მოსახლეობას არასდროს უგრძნია, რომ თქვენი რომელიმე ქვეყნის მიერ რაიმე ფორმით დამონებული ყოფილა ან ზეწოლა განუცდია, ჩვენი მეზობლების მსგავსად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, კონსტიტუციაზე თავდასხმაც განხორციელდა, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი ნათლად არის დაფიქსირებული.

„ასევე, იყო პროვოკაცია და თავდასხმა კონსტიტუციაზე, რომელშიც მოგეხსენებათ, ძალიან ნათლად წერია, რა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და ორიენტაცია. სიტყვები, რომლებიც დღეს აზიის განვითარების ბანკის კონფერენციაზე აშკარად არ განმეორდა, ჩანს, რომ საქართველოსთვის დამახასიათებელი სხვა კურსი არსებობს. ეს კონსტიტუციაზე თავდასხმაა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს მოუწოდა, რომ თავიანთ ქვეყნებში არსებულ სამთავრობო კონტაქტებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ ესაუბრონ.

„ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს პასუხისმგებლობა დავინახოთ და თქვენს მთავრობასთან ან ხელისუფლებასთან არსებულ კონტაქტებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ მიმართოთ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი პარტნიორების მიმართ რიტორიკაში გამოხატული თავდასხმებია. ასევე, თავდასხმები ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ. როდესაც ხელისუფლება ხარ არ შეიძლება ამ ქვეყნის ახალგაზრდებს სატანისტები და სხვა ეპითეტები უწოდო, რომელთა გამეორებაც სამთავრობო, საპარლამენტო ხელისუფლების ქვედა დონეებზე ხდება. ასე რომ, ეს ყველაფერი სტაბილურ გარემოს არ ქმნის და მე აქ ვარ, რათა ყველაფერი გავაკეთო, რომ ეს სტაბილური გარემო შევინარჩუნო, რომ არჩევნებისკენ სვლის შესაძლებლობა შევინარჩუნო, რაც იმის შესაძლებლობას გააჩენს, რომ ყველა კანონი, რომელიც მიღებულია, გამოსწორდეს, კანონი, რომელიც ჩვენს ევროინტეგრაციის გეგმებს არ შეესაბამება. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ უნდა იყოს პასუხისმგებლობა და ნაკლები პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან და იმის უფრო მეტი გააზრება, თუ რა არის მოსახლეობის საერთო ნება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.