Home Blog Page 2

“ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის” – ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე

ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის თანამდებობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მანამდე საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა.

„ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები.

ივანიშვილმა ამჯერად საჯაროდ დაადასტურა, რომ ის არის ანტიეროვნული, ანტიევროპული და ანტიამერიკული პოლიტიკის შემოქმედი საქართველოში -ბადრი ჯაფარიძე

ივანიშვილმა ამჯერად საჯაროდ დაადასტურა, რომ ის არის ანტიეროვნული, ანტიევროპული და ანტიამერიკული პოლიტიკის შემოქმედი საქართველოში. კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, – ასე აფასებს  პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე  29 აპრილს, თბილისში „ქართული ოცნების“ საერთ- სახალხო შეკრების დროს, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, 28 ოქტომბრისთვის საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და მმართველი პარტია ხელისუფლებას უნდა ჩამოაშოროს.

„დღეს ივანიშვილმა კიდევ ერთხელ და ამჯერად საჯაროდ დაადასტურა, რომ ის არის ანტიეროვნული, ანტიევროპული და ანტიამერიკული პოლიტიკის შემოქმედი საქართველოში. კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა მდგომარეობს იმაში, რომ არჩევნებზე “ოცნება” ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას, სხვა შემთხვევაში, ეს ადამიანი და მისი ყურმოჭრილი მსახურები გადაჩეხავენ ქვეყანას იმ უფსკრულში, რომელსაც რუსეთი ჰქვია. საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ჩვენი ქვეყნის რუსეთის მიერ ხელახალი ოკუპაციის საფრთხის წინაშე და უნდა გავაძლიეროთ ბრძოლა საქართველოს მომავლის გადასარჩენად!“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

30 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალები პროფესიულ დღეს ზეიმობს

30 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიულ დღეს – საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს ზეიმობს. ქართული არმიის 33 წლის იუბილე ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე აღინიშნება.

ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება, რომელსაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და  მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა  შეხვედრა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა შეხვედრა, თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის (AI) როლი მეცნიერების სფეროში“.


მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, თეიმურაზ დოჭვირი, გენერალური დირექტორის მოადგილე, სანდრო სამხარაძე , ფონდის წარმომადგენლები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ზაზა მარუაშვილი , საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საგრანტო პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი სალომე ხაჩიაური-სოლტაუ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები : ტომერ საიმონი – Microsoft Israel R&D ცენტრის მთავარი მეცნიერი, შარმისტა აპპაია – გლობალური ლიდერი, ციფრულ მონაცემთა ინფრასტრუქტურა, იულია კოჯაკარუ – კერძო სექტორის განვითარების უფროსი სპეციალისტი, ზოჰარ იანოვიჩი – ეკონომისტი და იოჰან ბერგმანი – კერძო სექტორის სპეციალისტი.


შეხვედრა მიზნად ისახავდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს მეცნიერების განვითარების მიმართულებით.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება და სამომავლო გამოწვევები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ამ ქვეყანას სჭირდება დასვენება, წინსვლა, განვითარება და სწორედ ამას ემსახურება გამჭვირვალობის შესახებ კანონი -ირაკლი კობახიძე

ამ ქვეყანას სჭირდება დასვენება, წინსვლა, განვითარება და სწორედ ამას ემსახურება კანონი გამჭვირვალობის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დისკრედიტებული ოპოზიციითა და „ენჯეოებით“ შეუძლებელია რამე რევოლუციის მოწყობა.

„ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მზად. რაც მთავარია, როგორც არ გამოუვიდა არავის რევოლუციის მოწყობა არც 2022 წელს, მანამდე 2021 წელს, შემდეგ 2023 წელსაც გრძელდებოდა ეს პროცესები, არც ამ შემთხვევაში გამოუვათ. ამ დისკრედიტებული ოპოზიციითა და „ენჯეოებით“, რა თქმა უნდა, შეუძლებელია რამე რევოლუციის მოწყობა. მთავარია, რომ ჩვენ ყველა მიმართულებით დავიჭიროთ პრინციპული პოზიცია და ეს ეხება, მათ შორის, პირველ რიგში, გამჭვირვალობის შესახებ კანონს. რატომ არის ეს კანონი ასეთი პრინციპული? აქ არ არის საუბარი მხოლოდ ერთი კონკრეტული კანონის მიღებაზე, რასაც ხაზი გაესვა დღევანდელ შეკრებაზე, საუბარია რაზე – მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ყოველ ჯერზე ვახერხებთ ამ პრობლემების გადალახვას, ვერ ახერხებენ რევოლუციის მოწყობას, მაგრამ გავიხედოთ უკან და გავიხსენოთ კიდევ ერთხელ თითოეული წელი, რაც გამოვიარეთ – 2019, 2020, 2021, 2022, 2023. შეიძლება, მუდმივად ასეთ რეჟიმში იყოს ქვეყანა, რომ არ დაასვენონ?! თან ვისი ხელით – მთელი ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტი პარტიებით, ეს „ენჯეოები“, მართლაც უსამშობლო ხალხი. ამ ადამიანების ხელით როდესაც ვიღაც ცდილობს, რომ არ დაასვენოს ეს ქვეყანა, ამ ქვეყანას სჭირდება დასვენება და განვითარება.

ჩვენ, მიუხედავად მთელი ამ მცდელობებისა, წარმოიდგინეთ, რომ ამ სამი წლის განმავლობაში მოვახერხეთ ნომინალური ეკონომიკის გაორმაგება დოლარში, რაც არის ძალიან დიდი წინსვლა და არცერთ კანდიდატ ქვეყანას ამის მიმსგავსებული ეკონომიკური ზრდაც კი არ ჰქონია. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ წლების განმავლობაში რომ არ ყოფილიყო ყოველ წელს ქვეყნის მორყევის, რევოლუციის მცდელობა, რა თქმა უნდა, დღეს, 30 მილიარდი დოლარის მაგივრად, ეკონომიკა გვექნებოდა, სულ მცირე, 35, შეიძლება, 40 მილიარდი დოლარიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“დადასტურდა, რომ სააკაშვილი არათუ ავად არის, არამედ უნდა, რომ ავანგარდში ჩაუდგეს პოლიტიკურ მოძრაობას” – გიორგი ვოლსკი

დადასტურდა, რომ სააკაშვილი არათუ ავად არის, არამედ უნდა, რომ ავანგარდში ჩაუდგეს პოლიტიკურ მოძრაობას, – ამის შესახებ პირველმა ვიცე სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ეს ფაქტია და ყველამ ვიხილეთ, მაგრამ ამაში არ არის საქმე. ამდენი ხანი ამ თაღლითობის პოლიტიკით, რევოლუციური პროცესების განვითარების დაუოკებელი ჟინი და სურვილი, რამაც სააკაშვილი დააწვინა ლოგინში და ამდენი ხანი სიმულაციას ახდენდა მომაკვდავი დემოკრატის, აი ამაშია საქმე, ეს არის სიბინძურე“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი გამოიტანა. შესაბამის წერილში აღნიშნულია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის.

“ივანიშვილმა გვითხრა, რომ მიზანმიმართულად შემოიტანა „რუსული კანონი“, ჩვენი ნერვებით თამაშობს” – ლევან ხაბეიშვილი

ივანიშვილმა გვითხრა, რომ მიზანმიმართულად შემოიტანა „რუსული კანონი“ და ეს უბრალოდ თამაშის ნაწილია. ჩვენი ყოველდღიურობით, ნერვებით თამაშობს, ერთობა. თურმე დაგვღლის და მერე გადაგვივლის. რეალურად კი შეშინებული, ადამიანობისგან, მორალისგან დაცლილი ცინიკოსი იდგა სცენაზე მის ტაშის მკვრელებთან ერთად, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს არც ერთი სიტყვა ხალხის კეთილდღეობაზე, დასაქმებაზე, ხელფასების მატებასა და გადასახადების შემცირებაზე.

„12 წლის თავზე, ხალხის ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრებული მილიარდერი კაცი, გამილიონერებულ ჩინოვნიკებთან ერთად იდგა სცენაზე და იქიდან მიმართავდა მისივე გაღარიბებულ, სიდუხჭირეში მცხოვრებ ხალხს. იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებით და დაშინებით ჩამოიყვანეს აქციაზე.

არცერთი სიტყვა ხალხის კეთილდღეობაზე, ხალხის დასაქმებაზე, ხელფასების მატებაზე, გადასახადების შემცირებაზე, ხალხის ხელშეწყობაზე. არცერთი სიტყვა მოქალაქეების საჭიროებებზე.

კაცი, რომელსაც იმდენი ფული აქვს, რომ ვეღარ ითვლის, ტაშს აკვრევინებდა საზოგადოებას (რიგ შემთხვევაში ჩაწერილ ტაშს ) და პიედესტალიდან ამბობდა – კიდევ უფრო გაგაღარიბებთ, პერსპექტივას მოგიკლავთ, ევროპას ჩამოგაშორებთ, თქვენ კი ჩემი და ჩემი ჩინოვნიკების სიმდიდრით დატკბითო.

როგორი დამცინავი იყო მთელი მისი გამოსვლა, სადაც ძირითადად სიძულვილზე, დაყოფაზე, დაპირისპირებაზე საუბრობდა.

ხაზს უსვამდა, რომ გენიოსი, სტრატეგოსია და მხოლოდ მან იცის რა არის სწორი, მართალი. დაიქადნა, რომ ხელებს გადაგიგრეხთ, „დუბინკებს“, ტყვიებს დაგიშენთ და მაინც გავიტან რაც გადაწყვეტილი მაქვსო.

დასცინოდა ხალხს, ახალგაზრდებს, მსახიობებს, სპორტსმენებს, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენს შვილებს.

მხოლოდ სიძულვილს აფრქვევდა! გამოგონილ მტრის ხატს ხატავდა. ვისაც ევროპული მომავალი გვინდა მუშტები მოგვიღერა – დაგამარცხებთ და წელში გაგტეხთო. ამასობაში, მისი მილიარდერი შვილი, დაცვის ალყაში მოქცეული, მსვლელობას იმ ახალგაზრდებთან ერთად მოუყვებოდა, ვისაც პერსპექტივა სწორედ ივანიშვილებმა და კოლექტიურმა „ივანიშვილებმა“ მოუკლეს.

მედიდურად იდგა და დარწმუნებული ვარ, დღეს საღამოს მისივე დაცვის კორდონის უკან მდგარი არცერთი ახალგაზრდის პრობლემა არ გაახსენდება. არ დააინტერესებს და ცხადია, არც არასდროს მოიკითხავს.

ივანიშვილმა დღეს გვითხრა, რომ მიზანმიმართულად შემოიტანა „რუსული კანონი“ და ეს უბრალოდ თამაშის ნაწილია. ჩვენი ყოველდღიურობით, ნერვებით თამაშობს, ერთობა. თურმე დაგვღლის და მერე გადაგვივლის, ამას ისეთი სიამოვნებით ამბობდა, რთულია არ დაეჭვდე იმის თაობაზე, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობა დამძიმებულია.

სად იყო მის გამოსვლაში ხალხი? სიყვარული? პოზიტივი? ერთობა? ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ნეგატივი და ბოროტება აფრქვია სცენიდან? ამას იმსახურებს ჩვენი მრავალჭირნახული საქართველო? ამას იმსახურებს ილიას საქართველო? ჭირსაც წაუღია ყველა პარტია, როცა ეროვნულ, სახელმწიფოებრივ საკითხებს ეხება საქმე! ყველა ერთიანები უნდა ვიყოთ, მტკიცე და ერთმანეთის მხარდამხარ.

რეალურად შეშინებული, ადამიანობისგან, მორალისგან დაცლილი ცინიკოსი იდგა სცენაზე მის ტაშის მკვრელებთან ერთად.

ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ხალხს ვერავინ დააჩოქებს! წინ გამარჯვებისკენ! შინ ევროპაში! არა რუსულ კანონს! ვაჩვენოთ, რა შეუძლია სიყვარულით გაერთიანებულ საქართველოს!“ – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოსთვის წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსია-ამერიკელი სენატორები

საქართველოსთვის, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორისთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსია, – ამის შესახებ კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, კონგრესმენ გერი კონოლისა და კონგრესმენ ოსტინ სკოტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

კონგრესმენები წერენ, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა „კანონს უცხოური აგენტების შესახებ“, რომელიც ავალდებულებს ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, უცხოელ აგენტებად დარეგისტრირდნენ.

„პუტინმა გამოიყენა ეს კანონი რათა მკვეთრად შეეზღუდა სიტყვის თავისუფლება, აღმოეფხვრა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოება და კიდევ უფრო განემტკიცა მისი, როგორც დიქტატორის სასტიკი მმართველობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კონგრესმენები საქართველოს ლიდერებს მოუწოდებენ, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის მოწოდება წარმატებული და შეუზღუდავი სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი სასამართლოს და მთავრობის შესახებ.

„საქართველოს რესპუბლიკისთვის, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორისთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსია. ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მოვუწოდებთ ლიდერებს, გაითვალისწინონ მათი მოწოდებები წარმატებული და შეუზღუდავი სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი სასამართლოს და მთავრობის შესახებ, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას და პასუხისმგებლობას აკისრებს მათ, ვინც კორუფციაში მონაწილეობს. სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინის კანონის მსგავსი „უცხოური აგენტების კანონი“ საქართველოს ამ გზიდან აშორებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება

30 აპრილს, საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

აქციები 12:00 და 19:00 საათზე არის დაგეგმილი.

„საქართველოს მთავრობა 30 აპრილს “რუსული კანონის” მეორე მოსმენით მიღებას აპირებს. ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და ვიკრიბებით პარლამენტთან: დილას 12:00 საათზე და საღამოს 19:00 საათზე“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 30 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთობლივ მარშს გამართავენ.

დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს განიხილავენ.

არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს “პარაშას”, მაგას დაგანახებთ -გივი თარგამაძე

მართლა იფიქრეთ, ამ ქვეყანას პუტინს ჩააბარებთ მაგ ჩაიდანის ბელადობით? მთელი დარჩენილი ჩმორული ცხოვრების მანძილზე ინანებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ვისაც ჯავაჰარლალ ნერუს სიბრძნით გინდათ დასავლეთის იმპერიალიზმთან ბრძოლა, გააჯვით ბრაზილიაში. არა და არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს „პარაშას“, მაგას დაგანახებთ, ვინც თქვენს წინაშე რომელიმე მონაკვეთზე ოდნავ მაინც დაიხიოს, ის იყოს ინდირა განდი.

მართლა იფიქრეთ, ამ ქვეყანას პუტინს ჩააბარებთ მაგ ჩაიდნის ბელადობით? მთელი დარჩენილი ჩმორული ცხოვრების მანძილზე ინანებთ, იმუქრები, შე ჩუსტო? OK. შევბეროთ, არ მოვიწყენთ“, – წერს თარგამაძე.

https://www.facebook.com/givi.targamadze.90/posts/pfbid03NxFWBt7cBufVNPhhK6x8v51gr79jStCoGxRw3SmLXrywU4sEK2hPAzWtsLHHZ6Zl

დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ.

ცნობისთვის, კანონპროექტით გათვალისწინებულია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოწესრიგება.

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ, რაც საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერ საქმეში თავი გამოიჩინოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და გარისკვისთვის. მოერიდეთ კრიტიკულ შენიშვნებს და აგრესიას. გახსოვდეთ, რომ შეცდომებს თავადაც უშვებთ, ამიტომ სხვები შეცდომების გამო არ უნდა დატუქსოთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა, რომ საკუთარ თავსა და ემოციურ მდგომარეობაზე იზრუნოთ. ეცადეთ, ცოტა ხნით განმარტოვდეთ, რათა საკუთარ აზრებსა და გრძნობებში გაერკვეთ. ამის შემდეგ შესაძლოა, უახლოეს გეგმებში მცირე ცვლილებები შეიტანოთ. ნუ მოახდენთ თანამოსაუბრეზე ზეწოლას – ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ.

ტყუპები

ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაა. გამოიყენეთ თქვენი ბუნებრივი ხიბლი და გონიერება ადამიანებთან დასაკავშირებლად, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, შეიძლება თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდეს.

კირჩხიბი

ამ დღეს ფინანსური და პრაქტიკული საკითხების მოგვარება ყველაზე მნიშვნელოვანია. მოძებნეთ გზები თქვენი მატერიალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და იმპულსურ ხარჯებს მოერიდეთ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა დროა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა ან სპორტდარბაზში ვარჯიში სასურველი ფორმის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ლომი

თუ შესაძლებელია, ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც ძალების აღდგენაში გეხმარებათ. შესაძლოა, გარკვეულ საკითხებზე აზრი მკვეთრად შეგეცვალოთ. ბევრი ლომი ახალი ცოდნის მიღებას ან პროფესიულ განვითარებას გადაწყვეტს, რაც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. გულწრფელობამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ გირჩევთ, საკუთარი გეგმები არავის გაუმხილოთ.

ქალწული

გირჩევთ, მთელი ყურადღება ურთიერთობებზე გადაიტანოთ. საყვარელი ადამიანების პრობლემებით დაინტერესდით, თანაგრძნობა გამოიჩინეთ და დახმარება შესთავაზეთ. ამ დღეს დებატებში ჯობს მოჩვენებით დაეთანხმოთ, ვიდრე ქანცის გაწყვეტამდე იკამათოთ.

სასწორი

ამ დღეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. მაქსიმალური შედეგის მისაღწევად სამუშაო სივრცე თქვენთვის მოსახერხებლად უნდა მოაწყოთ და მკაფიო მიზნები დაისახოთ. თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება მონათესავე სულს შეხვდეთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა საკუთარი უნარების გამოვლენისა და ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც კმაყოფილებას მოგიტანთ. შეგიძლიათ თამამად გარისკოთ და ნუ იფიქრებთ იმაზე, ვინ რას იტყვის. ეცადეთ, ცხოვრებისგან მეტისმეტად ბევრი არ მოითხოვოთ და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს პრიორიტეტი სახლი და ოჯახია. ეცადეთ, ახლობელი ადამიანების საჭიროებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ერთ, კონკრეტულ საქმეში იღბალს მეტისმეტად ენდობით და მან შეიძლება, გადამწყვეტ მომენტში გიღალატოთ. გახსოვდეთ, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ ბედის იმედად არ უნდა იყოთ და თავადაც უნდა იმოქმედოთ.

თხის რქა

ამ დღეს ურთიერთობა მთავარია. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ადამიანების დარწმუნების უნარი იზრდება, რაც საშუალებას გაძლევთ, თქვენი აზრები გაავრცელოთ და მოწონება დაიმსახუროთ. საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბარი კარგად ჩაივლის და შეთანხმებით დასრულდება.

მერწყული

ეცადეთ, შემოსავლის ალტერნატიული წყაროები ან შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობები იპოვოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად იმპულსურ გადაწყვეტილებებს უნდა მოერიდოთ და სანდო ადამიანების რჩევა გაითვალისწინოთ. აკონტროლეთ ფინანსური ხარჯები და ეცადეთ, ფული მხოლოდ აუცილებელ ნივთებში დახარჯოთ.

თევზები

ეცადეთ, ეს დღე მაქსიმალურად აქტიურად გაატაროთ. კოლეგების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით – ამ დღეს გუნდური მუშაობა ბევრად წარმატებული და ნაყოფიერია, ვიდრე ინდივიდუალური.