ამ ქვეყანას სჭირდება დასვენება, წინსვლა, განვითარება და სწორედ ამას ემსახურება კანონი გამჭვირვალობის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დისკრედიტებული ოპოზიციითა და „ენჯეოებით“ შეუძლებელია რამე რევოლუციის მოწყობა.
„ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მზად. რაც მთავარია, როგორც არ გამოუვიდა არავის რევოლუციის მოწყობა არც 2022 წელს, მანამდე 2021 წელს, შემდეგ 2023 წელსაც გრძელდებოდა ეს პროცესები, არც ამ შემთხვევაში გამოუვათ. ამ დისკრედიტებული ოპოზიციითა და „ენჯეოებით“, რა თქმა უნდა, შეუძლებელია რამე რევოლუციის მოწყობა. მთავარია, რომ ჩვენ ყველა მიმართულებით დავიჭიროთ პრინციპული პოზიცია და ეს ეხება, მათ შორის, პირველ რიგში, გამჭვირვალობის შესახებ კანონს. რატომ არის ეს კანონი ასეთი პრინციპული? აქ არ არის საუბარი მხოლოდ ერთი კონკრეტული კანონის მიღებაზე, რასაც ხაზი გაესვა დღევანდელ შეკრებაზე, საუბარია რაზე – მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ყოველ ჯერზე ვახერხებთ ამ პრობლემების გადალახვას, ვერ ახერხებენ რევოლუციის მოწყობას, მაგრამ გავიხედოთ უკან და გავიხსენოთ კიდევ ერთხელ თითოეული წელი, რაც გამოვიარეთ – 2019, 2020, 2021, 2022, 2023. შეიძლება, მუდმივად ასეთ რეჟიმში იყოს ქვეყანა, რომ არ დაასვენონ?! თან ვისი ხელით – მთელი ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტი პარტიებით, ეს „ენჯეოები“, მართლაც უსამშობლო ხალხი. ამ ადამიანების ხელით როდესაც ვიღაც ცდილობს, რომ არ დაასვენოს ეს ქვეყანა, ამ ქვეყანას სჭირდება დასვენება და განვითარება.
ჩვენ, მიუხედავად მთელი ამ მცდელობებისა, წარმოიდგინეთ, რომ ამ სამი წლის განმავლობაში მოვახერხეთ ნომინალური ეკონომიკის გაორმაგება დოლარში, რაც არის ძალიან დიდი წინსვლა და არცერთ კანდიდატ ქვეყანას ამის მიმსგავსებული ეკონომიკური ზრდაც კი არ ჰქონია. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ წლების განმავლობაში რომ არ ყოფილიყო ყოველ წელს ქვეყნის მორყევის, რევოლუციის მცდელობა, რა თქმა უნდა, დღეს, 30 მილიარდი დოლარის მაგივრად, ეკონომიკა გვექნებოდა, სულ მცირე, 35, შეიძლება, 40 მილიარდი დოლარიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.