Home Blog Page 2

ჯოზეფ ბორელი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღი უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მწარმოებლებისგან შეიძინონ

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღი უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მწარმოებლებისგან შეიძინონ.

“ჩვენ სტრუქტურულად უნდა გავზარდოთ ჩვენი სამრეწველო თავდაცვის შესაძლებლობები. ეს მნიშვნელოვანია მსგავს ხანგრძლივ გამოფიტვის ომში. სწორედ ამიტომ, ახლახან, პირველი ევროპული თავდაცვის სამრეწველო სტრატეგიის წარდგენისას, ჩვენ შევთავაზეთ დაუყოვნებლივ დავიწყოთ მუშაობა უკრაინული თავდაცვის კომპანიების ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიულ ეკოსისტემაში ინტეგრაციაზე. უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობები, ინდუსტრიული თვალსაზრისით, ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებთან უნდა გავაერთიანოთ. კონკრეტულად, ეს გულისხმობს ევროპისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიებს შორის ერთობლივი შესყიდვების ხელშეწყობას. უკრაინაში დიდი შესაძლებლობებია, მაგრამ მათ დაფინანსება სჭირდებათ“, – აღნიშნა ბორელმა უკრაინა-ევროკავშირის თავდაცვის მრეწველობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით იმართება ფორუმი, რათა გამოვლინდეს უკრაინულ და ევროპულ კომპანიებს შორის ერთობლივი ინიციატივების კონკრეტული შესაძლებლობები, უკრაინის სამრეწველო წარმოების სტიმულირება, უკრაინის ხელახალი აღჭურვა და დაფინანსება.

ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს სამუშაო ნულიდან არ იწყება, რადგან უკვე მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება. კერძოდ, რამდენიმე ევროპული კომპანია უკრაინაში ერთობლივ წარმოებას შეუერთდა. მისი თქმით, აუცილებელია ამ საქმიანობის გაფართოება.

„ამ წლის ბოლოს კიევში გავხსნით ევროკავშირის ინოვაციების ოფისს, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინულ სტარტაპებსა და ევროკავშირის თავდაცვის კომპანიებს შორის კონტაქტებს. მაგრამ ვიმეორებ: დაფინანსება არის მთავარი ყველა ამ ძალისხმევაში. ჩვენ ახლახან დავაარსეთ უკრაინის დახმარების ახალი ფონდი – „ევროპული სამშვიდობო ფონდის“ ფარგლებში 5 მილიარდი ევროს ოდენობით და მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდებიან რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებაზე, ეს რესურსები მიმართული იქნება უკრაინისკენ, მათი მწვავე სამხედრო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და პირდაპირ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისკენ. ეს არის ჩემი მტკიცე განზრახვა. ეს ფული უკრაინაში უნდა გაიგზავნოს, რათა უკრაინელებმა შეძლონ აწარმოონ დამოუკიდებლად, თავიანთ ტერიტორიაზე, საჭიროებების მიხედვით – დაზოგონ ტრანსპორტირების ხარჯები და თავიდან აცილონ შეფერხებები. უფრო კრეატიულები უნდა ვიყოთ უკრაინაში სამხედრო დახმარების მიწოდების ახალი გზების შესწავლაში“, – აღნიშნა ბორელმა.

უკრაინულმა დრონმა ყირიმში რუსების ჩქაროსნული კატერი გაანადგურა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში საზღვაო დრონით რუსულ ჩქაროსნულ კატერს დაარტყა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, Magura V5 ტიპის დრონმა ჩქაროსნულ კატერს უზკაიას ყურის მიდამოში დაარტყა.

დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა დროებით ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაციის ჩატარება, რის შედეგადაც 6 მაისის ღამეს რუსების ჩქაროსნული კატერი განადგურდა და შესაბამისი ვიდეოც გაავრცელა.

“ერთ დღეს თითქოს ლიტურგიას ესწრებიან, გალობენ, მეორე დღეს პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ” – დავით მათიკაშვილი

ერთ დღეს თითქოს ლიტურგიას ესწრებიან, გალობენ, მეორე დღეს პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ – კიდევ ერთხელ ნიღაბი ჩამოიხსნეს და საკუთარი სახე დაანახეს საზოგადოებას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ის რომ „თბილისი პრაიდი“, სუბელიანი, ზოგადად რადიკალები, ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდისტები გულწრფელები არ არიან ძალიან მარტივად გამოჩნდა. მათ გულწრფელობას არავინ არ იჯერებს. ერთ დღეს თითქოს ლიტურგიას ესწრებიან, გალობენ, მეორე დღეს პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ. კიდევ ერთხელ ნიღაბი ჩამოიხსნეს და საკუთარი სახე დაანახეს საზოგადოებას – თუ რეალურად რა ანტიქართულ, ანტიეკლესიურ ძალასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა, რომლის კომენტარსაც “ქართული ოცნება“ ავრცელებს.

“აღმოჩნდა, რომ დაფინანსება, განსაკუთრებით პოლიტიკასთან დაკავშირებული „ენჯეოების“, ხმარდება სწორედ რევოლუციების მოწყობას ქვეყანაში” – ირაკლი ქადაგიშვილი

აღმოჩნდა, რომ დაფინანსება, განსაკუთრებით პოლიტიკასთან პირდაპირ დაკავშირებული „ენჯეოებისა“, ხმარდება სწორედ რევოლუციების მოწყობას ქვეყანაში და რადიკალიზმის გაღვივებას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამის გასაჯაროება არ უნდათ და აკრიტიკებენ ქვეყანას – რატომ გინდათ, რომ ქვეყანაში პროცესები იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული და არჩევნების გზით წყდებოდეს. აი ეს არის ის რეალობა, ორმაგი სტანდარტი, რომელიც გამოაშკარავდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ერთადერთი რამ რასაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, არის გამჭვირვალობა და ფინანსების საჯაროობა და ამაზე პირდაპირ უარის თქმა იყო რთული, ამიტომ ოპონენტებმა აღმართეს კედელი, რომელსაც დაარქვეს „რუსული კანონი“.

„ერთადერთი რამ რასაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს, არის გამჭვირვალობა და ფინანსების საჯაროობა. სხვა ამ კანონპროექტში რაიმე განსაკუთრებული არაფერი არ არის ჩადებული, რაც ან ოდნავ შეაფერხებს მუშაობას არასამთავრობო სექტორის, ან მედიისას, ან რომელიმე ადამიანზე იქონიებს გავლენას, მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობა არის. ასე რომ ძალიან რთული იყო თავიდანვე უარის თქმა პირდაპირ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ამიტომ აღმართეს ეს კედელი, რომელსაც დაარქვეს „რუსული კანონი“ და ამის იქით არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არავის აღარ სურდა რაიმე დამატებითი არგუმენტი წარმოეჩინა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

“ჩვენ ვცხოვრობთ რწმენით, რომლითაც შესაძლებელია უხილავი ღმერთის დანახვა” – მეუფე შიო

ჩვენ ვცხოვრობთ რწმენით, რომლითაც შესაძლებელია უხილავი ღმერთის დანახვა…შეგვაძლებინოს უფალმა, სული არ ჩავაქროთ, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა ძლევაშემოსილი, საკვირველმოქმედი, დიდი მოწამე გიორგი! , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ კვირის ყოველი დღე აღდგომის ტოლფასი მნიშვნელობისაა.

“ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს და გიორგობას. შეგახსენებთ, რომ ამ კვირის ყოველი დღე აღდგომის ტოლფასი მნიშვნელობისაა.

დღეს სახარებიდან წაკითხული იყო ასეთი სიტყვები, რომ „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს, მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა“ (ინ. 1, 18).

ყველაფრის, რაც სულიერია, ფიზიკური თვალით დანახვა შეუძლებელია. წმინდა წერილში სიტყვა ,,ხილვა” არ ნიშნავს მხოლოდ თვალით დანახვას, არამედ რაიმეს სრულყოფილად შეცნობასაც ნიშნავს. ამიტომ გამოთქმა – ,,ღმერთი არასდროს არავის უხილავს” – ნიშნავს, რომ ღმერთის სრულყოფილად შეცნობა შეუძლებელია.

ამიტომ როდესაც ვკითხულობთ ძველი თუ ახალი აღთქმის წიგნებში, რომ წმინდანებმა იხილეს ღმერთი, მათ ჰქონდათ ღმერთის გამოცხადება, ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს მათ ღმერთის არსება იხილეს, არამედ ეს ადგილები ისე უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთმა აღირსა ამა თუ იმ წმინდანს ხილვა და გამოცხადება და მისი რწმენის მიხედვით გამოუცხადა ცოდნა ღმერთზე იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იყო ამა თუ იმ წმინდანისთვის.

ამიტომ ჩვენ ვცხოვრობთ რწმენით, რომლითაც შესაძლებელია უხილავი ღმერთის დანახვა. ეს რწმენა ჩვენ მოგვცა განკაცებულმა ძე ღმერთმა, რომელმაც იხილა ღმერთი და რომელიც თვითონ ღმერთია. სწორედ მასზე ამბობს მამაზეციერი, რომ ,,ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ” (მთ. 3, 17).

და აი, რაც დაფარული იყო მამაში, ეს გამოავლინა ძემ, გამოავლინა განცხადების სისავსე, ნება ღვთისა და ჩვენი გადარჩენის გზა. სწორედ ეს არის აღდგომის მადლი, ბრწყინვალება და ჭეშმარიტება.

დიდი მარხვის პერიოდში დედაეკლესია მოგვიწოდებდა სინანულისკენ. მრავალმა შეისმინა ეს მოწოდება, მოვიდა აღსარებაზე და განიწმინდა, მაგრამ ახლა ჩვენი საზრუნავი უნდა იყოს, ისევ არ მივუბრუნდეთ იმ ცოდვებს, რომლებზეც უარი ვთქვით, რომ ისევ არ დარჩეს ჩვენი სული მზრუნველობისა და სულიერი საზრდოს გარეშე. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: ,,სულს ნუ ჩააქრობთ!” (შდრ: ,,სულსა ნუ დაავსებთ!” – 1თეს. 5,19)

ამგვარად, გავიდა დიდი მარხვა და დადგა აღდგომის ბრწყინვალე დღეები, აღდგომის შემდგომი პერიოდი და შეგვაძლებინოს უფალმა, სული არ ჩავაქროთ, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა ძლევაშემოსილი, საკვირველმოქმედი, დიდი მოწამე გიორგი, რომელმაც დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა, ამინ!- აღნიშნა მეუფე შიომ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისის დღის ბოლოდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი.

ამასთან, აღნიშნულია, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

“ეს არის უმნიშვნელოვანესი და ყურადსაღები თავად აქციაში მონაწილე ადამიანებისთვის” – ნინო წილოსანი

არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აკერმანის სტრატეგიის მიხედვით ყველაფერს გააკეთებს, რათა ის ინსტრუმენტები გამოიყენონ, რაც მათთვის უკვე ცნობილია, მათ შორის მაიდანის რევოლუციური სცენარებიდან გამომდინარე და ბევრი სხვა ინსტრუქცია, რომელიც აკერმანიდან აქვთ მიღებული, – განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა დააანონსა შესაძლებლობა, რომ ფატალური შემთხვევა მოხდეს აქციების დროს. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ყურადსაღები თავად აქციაში მონაწილე ადამიანებისთვის. ჩვენი მხრიდანაც არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აკერმანის სტრატეგიის მიხედვით ყველაფერს გააკეთებს, რათა ის ინსტრუმენტები გამოიყენონ, რაც მათთვის უკვე ცნობილია, მათ შორის მაიდანის რევოლუციური სცენარებიდან გამომდინარე და ბევრი სხვა ინსტრუქცია, რომელიც აკერმანიდან აქვთ მიღებული. თავისთავად, უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა ხდება სამართალდამცველების მხრიდან. მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პარტიების წარმომადგენლებს, აიღონ პასუხისმგებლობა იმ აქციების განვითარებასთან დაკავშირებით, რომელსაც თავადვე აორგანიზებენ“, – აღნიშნა წილოსანმა.

“პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებზე თავდასხმა რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებით სამოქალაქო უფლებების გათელვის და დაშინების მორიგ მცდელობას წარმოადგენს”

„ლელო“ გვერდში უდგას ლადო აფხაზავას, აქციაზე ძალადობის შედეგად დაშავებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს და მადლობას უხდის მათ სამშობლოს თავისუფლებისა და ევროპული მომავლის დასაცავად სამოქალაქო პოზიციების აქტიური დაცვისთვის, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა დანაშაული არის დოკუმენტირებული, გამოძიებული იქნება დამოუკიდებელი პროკურატურის მიერ და დამნაშავეებს მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება.

„პოლიტიკური შეხედულებების და სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანებზე თავდასხმა, ფიზიკური გასწორება და ძალადობა რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებით სამოქალაქო უფლებების გათელვის და დაშინების მორიგ მცდელობას წარმოადგენს.

გასულ დღეებში ეს ძალადობის ფაქტები გადაიქცა ხელისუფლების მიერ სისტემატურად გამოყენებულ მეთოდად – დღემდე არ დაწყებულა 2 მაისს თბილისში აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტზე რეალური გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო დამნაშავეები იდენტიფიცირებული არიან საჯარო სივრცეში და ისინი უკვე დაკავებულები უნდა იყვნენ.

ძალოვანი უწყებების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ ყოველგვარი რეაგირების გარეშე რჩება. ქართველი პოლიტიკოსების – ალექსანდრე ელისაშვილის და ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტები, ასევე ლელო-ს გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის უკანონო დაკავების და პოლიციელების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტი ასევე გამოუძიებელია.

მიგვაჩნია, რომ ყველა ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს საქართველო აქციოს ავტოკრატიული მმართველობის რეჟიმის ქვეყნად, სადაც ოპოზიციონერ ლიდერებს,

სამოქალაქო აქტივისტებს და უბრალოდ, დამოუკიდებელ მოქალაქეებს, სახელმწიფო არა მხოლოდ კანონის ძალით, არამედ სანქცირებული ძალადობის გამოყენებით გაუსწორდება. ცხადია, ივანიშვილის ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება და მხოლოდ დააჩქარებს მისი რეჟიმის ჩამოშლის პროცესს.

გვსურს გავაფრთხილოთ ძალადობრივი დავალებების გამცემი და შემსრულებელი პირები – ყველა დანაშაული არის დოკუმენტირებული, გამოძიებული იქნება დამოუკიდებელი პროკურატურის მიერ და დამნაშავეებს მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება – ხანდაზმულობის ვადა მსგავს დანაშაულზე არ ვრცელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ-პრეზიდენტი

ეგრეთ წოდებული ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! – არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავებას ეხმაურება.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მათ ასევე არ შეუძლიათ საკუთარი და მეზობლის მიწების გარჩევა.

“ეგრეთ წოდებული ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან – არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის….

და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ”, – წერს პრეზიდენტი.

გასულ კვირას რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქართველი მებრძოლები ავრცელებენ.

გავრცელებული ცნობებით, დაღუპული სოსო გუგუტაშვილია.

როგორც სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ვრცელდება ინფორმაცია, ის ავდეევკაში დაიღუპა. სოსო გუგუტაშვილი ქვედანაყოფში “შავი არწივი” იბრძოდა.

არაოფიციალური ცნობებით, რუსეთში უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ODHIR-ი მოსკოვისა და მინსკის მხარეს დადგა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODHIR) მოსკოვისა და მინსკის მხარეზე დადგა, – ასე აფასებს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ODHIR-ის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნებს არ დააკვირდება.

„ეს ცოტათი ყურადღების მიღმა დარჩა. მიზეზი, რის გამოც ODHIR-ი არ დააკვირდება ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებს მომავალ შაბათ-კვირას, არის ის, რომ ლიეტუვამ უარი თქვა ბელორუსისა და რუსეთის „დამკვირვებლებზე“ და ODHIR-ი მოსკოვისა და მინსკის მხარეზე დადგა“, – წერს იოზვიაკი X-ზე.

ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა

ბრაზილიის სამხრეთით მდებარე შტატ რიო გრანდე-დუ სულში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 78-მდე გაიზარდა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კვირას განაცხადა, იძულებით გადაადგილებულია 115 000-ზე მეტი ადამიანი.

პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა რიო გრანდე-დუ სულში ჩავიდა, რათა სამაშველო და აღდგენითი სამუშაოების პროცესი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განეხილა.