Home Blog Page 1999

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6057 ლარი ეღირება, ევრო – 2.8136 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2748 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6034 ლარი ღირდა, ევრო – 2.8044 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2740 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 14 ივნისს ამოქმედდება.

“გაჩნდა სურვილი, კულტურის სფეროში წლების განმავლობაში არსებული სტაგნაცია მოიშალოს” -მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს კულტურის სფეროში გამოჩნდა სურვილი და ინიციატივა, რომ წლების განმავლობაში არსებული სტაგნაცია მოიშალოს.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კინოცენტრთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების შესახებ აღნიშნა, ყველა, ვისაც სურვილი აქვს ქვეყნის წარმატებას ხელი შეუშალოს, მოვლენებს ეწინააღმდეგება.

„წლების განმავლობაში საქართველოს კულტურის სფეროს არაერთ მიმართულებაში გულისამრევი სტაგნაცია სუფევდა. ახლა გამოჩნდა სურვილი, ინიციატივა, კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ეს სტაგნაცია მოიშალოს. დიახ, თუნდაც კინოში იღებდნენ ისეთ ფილმებს, როგორებიცაა „ალავერდობა“, „ჯარისკაცის მამა“ თუ „ცისფერი მთები“. რასაკვირველია, ყველა, ვისაც სურვილი აქვს, ქვეყნის წარმატებას ხელი შეუშალოს, ამას აღშფოთებით დაუპირისპირდა“, – განაცხადა მიხელ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, 1-ელ ივნისს გახდა ცნობილი, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნაია დანიშნა. მან კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც მათ ცენტრის დამოუკიდებლობა მოითხოვეს. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.

უკრაინაში, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

უკრაინაში, კრივი რიჰში განხორციელებული სარაკეტო შეტევის შემდეგ, 5-სართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან 11 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, დაშავებულთა რაოდენობა კი 28-მდეა გაზრდილი.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსული საკრუიზო რაკეტები საცხოვრებელ კორპუსს დღეს, 13 ივნისს მოხვდა.

დნეპროპეტროვსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია.

საქალაქო თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის ალექსანდრე ვილკულის ცნობით, დაშავებულთაგან 12 ჰოსპიტალიზებულია და მათ შორის, არიან როგორც საშუალო, ისე მძიმე და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები.

„ხვალ, 14 ივნისს, კრივი რიჰში გლოვის დღე გამოცხადდება“, – წერს ვილკული Telegram-ზე.

“ერთი უბედური წელი ელოდა უკრაინელი ხალხი და ამ პასუხს ნამდვილად არ იმსახურებდა”

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტონტელბერის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, NATO-ს წევრობაზე არ განიხილება.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, უბედური ერთი წლის ფონზე, რაც უკრაინის მოსახლეობამ გამოიარა და დღესაც გადის, ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან ასეთ განცხადებას არ იმსახურებდა.

„ყველაზე უპასუხისმგებლო განცხადებაა, რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო… ახლა უკრაინას ესაჭიროება მკაფიო, ხელშესახები გადაწყვეტილება, მინიმუმ უსაფრთხოების მყარი გარანტია და ამათმა: „ესაო…ისაო…თქვენი დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ არაო…“

ომს მოიგებთ, მიგიღებთ და თუ არა ხომ ისედაც ვერ მიგიღებთო, ლოგიკის აბსურდი ნახეთ რა… ერთი უბედური წელი ელოდა უკრაინელი ხალხი და ამ პასუხს ნამდვილად არ იმსახურებდა”, – წერს ქადაგიძე.

“მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, შეწყდეს დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება” – ხატია დეკანოიძე

მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, შეწყდეს დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისია რეკომენდაციებიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ვერ ამოიღებს.

„ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ზუსტად ეხება ჩვენს შენიშვნებს, რაზეც ოპოზიცია დიდხანს საუბრობდა. ძალიან მკვახედ არის აღწერილი დასკვნაში, რომ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს უმრავლესობის მიერ შემუშავებული დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება და საქართველოს ხელისუფლებამ, რეალურად, სისტემური მიდგომა უნდა განახორციელოს, რათა საქართველოში ოლიგარქიზაცია არ იყოს. ხაზგასმულია ოლიგარქიული მმართველობა საქართველოში. სისტემურ მიდგომასა და რეფორმაში ვენეციის კომისია გულისხმობს უსამართლო სისტემის, სხვადასხვა სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას, რაც რეალურად ქვეყანაში არ არსებობს. ასევე, პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი შეიძლება კონკრეტულად სხვა ადამიანების რეპრესირებისთვის გამოიყენოს „ქართულმა ოცნებამ“. ამიტომ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, შეწყდეს დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება. ამ კანონს მაინც თუ მიიღებს, მაშინ ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც არის დეოლიგარქიზაცია, არ იქნება შესრულებული. ეს იქნება ჩავარდნილი ვალდებულება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

უმრავლესობის განცხადებებს რაც შეეხება, რომ ევროკომისიამ რეკომენდაციებიდან ამოიღოს პუნქტი, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება, ეს არ მოხერხდება და არ მოხდება, რადგან ყველა რეზოლუციაში, მათ შორის ვენეციის კომისიაშიც, ხაზგასმულია ძალიან სერიოზული პრობლემა ოლიგარქიული მმართველობის კონტექსტში. ევროკომისია ხაზს უსვამს საგანგაშო ფაქტს, რომ საქართველოში არსებობს ოლიგარქიული მმართველი. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ საქართველოში ჩრდილოვანი მმართველობის მიტაცების ფაქტები აღარ იყოს. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩამოსცილდეს მმართველობას. ამიტომ როგორც არ უნდა გადათარგმნოს ირაკლი კობახიძემ ან „ოცნების“ ნებისმიერმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის მხრიდან ეს პუნქტი არ შეიცვლება. ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ამ კანონის მიღების და ვენეციის კომისიის წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში, ეს პუნქტი იქნება შეუსრულებელი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვენეციის კომისიამ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული „დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის“ შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული. საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადებები გაკეთდა მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ როგორც კი ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას და ამოიღებს 12 პუნქტიდან ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ, თებერვალში კანონს გააუქმებენ.

“ევროკომისიის მიდგომა ვენეციის კომისიამ არ გაიზიარა, მათი აზრით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებამ პერსონალიზებასთან დაკავშირებული პრობლემა ვერ აღმოფხვრა”

ვინც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს რეკომენდაციებს, მას არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება და საქართველოს ევროპული მომავლის მტერია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

რაც შეეხება „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას, მდინარაძის თქმით, პერსონალიზებასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიდგომა ვენეციის კომისიამ არ გაიზიარა.

„წარმოუდგენელია მიდგომა, რომლის მიხედვითაც, შეიძლება შეგწევდეს ძალა, რომ დღეს რაც ხდება, ამის პარალელურად ამბობდე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს რეკომენდაციებს. ვინც ამას ამბობს, მას არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება და მისი მიზნები დაკავშირებულია კანდიდატის სტატუსის არმიღებასთან, ის არის საქართველოს ევროპული მომავლის, ევროინტეგრაციის მტერი. რაც შეეხება კონკრეტულად ამ პუნქტს, რომელიც დეოლიგარქიზაციას შეეხება, ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკომისიის მიდგომა პერსონალიზებასთან დაკავშირებით, არ გაიზიარა ვენეციის კომისიამ. მიუხედავად იმისა, რომ ექვსივე რეკომენდაცია პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე შესრულდა, მან მიიჩნია, რომ სისტემური მიდგომით, პერსონალიზაციის გარეშე შესაძლებელია ამის აღმოფხვრა და ასეთი მოწოდებაც კი გაისმა. ახლა ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვუჯერებთ ევროკომისიას, რომელიც პერსონალიზაციის მიდგომას გულისხმობს თავის რეკომენდაციაში, მას ხომ არ დაუწერია, რომ კანონი უნდა მივიღოთ, ამ ნორმით ეს უნდა გავაკეთოთ, დეოლიგარქიზაციისკენ მოუწოდა ქვეყანას, ეს რეკომენდაცია გასცა. ვენეციის კომისიის აზრით, კანონის მიღებამ პერსონალიზებასთან დაკავშირებული პრობლემა ვერ აღმოფხვრა. თუ ვენეციის კომისიის ამ პათოსს გავიზიარებთ, მაშინ საერთოდ არ უნდა შევეხოთ პერსონალიზირებულ საკითხს. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩავწერთ ამ დათქმას, რომ ჩვენ მომავალი წლის პირველ მარტამდე არ ავამოქმედებთ კანონს. ავამოქმედებთ მომავალი წლის პირველი მარტიდან. თუ ვენეციის კომისიის საწინააღმდეგოდ ევროკომისია იტყვის, რომ არა, პერსონალიზება არ გჭირდებათ, მაშინ ამ კანონს არ ავამოქმედებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ „დეოლიგაქრიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ეხება, ნათქვამია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული.

კობა კობალაძე თავდაცვის სამინისტროში ესპანელ ბიზნესმენებს შეხვდა

მიმდინარე წლის 13 ივნისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ მაიორმა, კობა კობალაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ, შეხვედრა გამართეს ესპანეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან_დავიდ მარტინეს გარსიასთან და ივან გონსალეს ტუნონთან, რომლებიც რადარებისა და ანტიდრონების მწარმოებელ კომპანიას “Kentaurus Defense და kentaurus Antidroens” -ს წარმოადგენენ.

შეხვედრაზე, მხარეებმა, ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს:”ჩემთვის პატივია თქვენთან შეხვედრა, საერთაშორისო ურთიერთობები ჩვენთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღევანდელი შეხვედრაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, თუ შედეგიანი იქნება ჩვენი თანამშრომლობა, ეს წაადგება, როგორც თქვენი, ასევე, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას,”- განაცხადა შეხვედრაზე კობა კობალაძემ.

“ჩვენ ვართ რადარების და ანტიდრონების მწარმოებლები; ვმუშაობთ ძალიან ბევრ ქვეყნებში, გვაქვს დიდი გამოცდილება და გვიხარია, რომ საქართველოშიც დავიწყეთ მუშაობა,”- აღნიშნა დავიდ მარტინეს გარსიამ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე და საქართველოს თავდაცვის ატაშე ესპანეთში, გიორგი ბაბუნაშვილი.

“დეოლიგარქიზაციას არანაირი კანონის მიღება არ სჭირდება, საჭიროა, სასამართლო, პროკურატურა პოლიტიკის ზეწოლისგან თავისუფალი იყოს”

დეოლიგარქიზაციას არანაირი კანონის მიღება არ სჭირდება, საჭიროა სისტემური ცვლილება, სასამართლო და პროკურატურა პოლიტიკის ზეწოლისგან თავისუფალი უნდა იყოს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, ეს ორი სისტემა თუ იქნება, ამ ქვეყნის გაუკღმართებულად მართვას ვერავინ შეძლებს.

„ვენეციის კომისიის პოზიცია აბსოლუტურად სწორია, იგივეს ვამბობდით ჩვენ. უკრაინული კანონი არ ვარგა და დეოლიგარქიზაციას არანაირი კანონის მიღება არ სჭირდება, საჭიროა სისტემური ცვლილება – სასამართლო და პროკურატურა პოლიტიკის ზეწოლისგან თავისუფალი იყოს. ეს ორი სისტემა თუ იქნება, ამ ქვეყნის გაუკღმართებულად მართვას ვერავინ შეძლებს.

მიმაჩნია, რომ ევროკომისიის მიერ 12 რეკომენდაციაში ერთ პუნქტად დეოლიგარქიზაციის შეტანა შეცდომაა, რითაც მოხერხებულად „ქართულმა ოცნებამ“ ისარგებლა და უკრაინული კანონი გადმოიტანა, რაც უკრაინული რეალობისთვის არ ვარგა და მით უმეტეს, საქართველოსთვის. მერე რა, რომ ევროკომისიაა, ამას პირველივე დღიდან ვამბობდი. ახლა „ქართული ოცნება“ რაღაცებს მაიმუნობს და ისე უნდა მოიქცეს, რომ ქვეყნის ინტერესები არ დააზიანოს. ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ თუ ამ პუნქტზე თვალს წაუხუჭავენ, უკეთესი იქნება. მთელი აქცენტი უნდა გაკეთდეს სასამართლოზე, რაც დეოლოგარქიზაციას ნიშნავს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ „დეოლიგაქრიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ეხება, ნათქვამია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული.

მკითხველის „საბას“ ერთი თვე

უკვე 1 თვე გავიდა, რაც ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ 2023 წლის დაჯილდოებაზე ახალი ნომინაციის მკითხველის „საბას“ შესახებ დააანონსა. ამ ნომინაციის გამარჯვებული „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციის მოკლე სიიდან შეირჩევა, ხოლო ჟიურის წევრები ის მკითხველები იქნებიან, რომლებმაც SABA Reader-ში 3 თვის განმავლობაში (8 მაისი – 9 აგვისტო) კითხვას ყველაზე მეტი დრო დაუთმეს.

ჟიურის ვინაობის გაგებამდე ჯერ კიდევ 2 თვე დარჩა, თუმცა პრემიის მესვეურები გასული 1 თვიდან საინტერესო მონაცემებს გვიზიარებენ:

ჟიურის შერჩევის ეტაპზე ამ მომენტში 1500-მდე მკითხველი არის ჩართული. ეს რიცხვი ყოველდღიურად იცვლება, რადგან აპლიკაციაში მაღალი მაჩვენებლების მქონე არაერთი მკითხველია, რომელსაც ჯერჯერობით საჯარო არ გაუხდია  წაკითხვის დრო, თუმცა, შესაძლოა ფინალური ეტაპის მოახლოებასთან ერთად ვინმემ აზრიც შეიცვალოს და მოწინავე პოზიციებიც დაიკავოს.

მკითხველის „საბას“ ფარგლებში მკითხველებმა SABA Reader-ში კითხვას ჯამში 1 000 000 წუთზე მეტი დაუთმეს, რაც 18 000-მდე საათს და 730 მეტ დღეს უდრის.

ჟიურის შერჩევის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში SABA Reader-ში კითხვის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა.

ამ 4 კვირის განმავლობაში პირველი ხუთეულის წევრები 20-ჯერ შეიცვალნენ.

სხვაობა ხუთეულის ამჟამინდელ წევრებსა და მის მიღმა მყოფ მკითხველებს შორის სულ რამდენიმე საათია.

პირველ ათეულში მყოფი მკითხველების 90% შერჩევის პროცესში მოგვიანებით ჩაერთო და არა 8 მაისს.

ამჟამად მკითხველის „საბას ფარგლებში“ ყველაზე ხშირად წაკითხული წიგნების სია ასე გამოიყურება:

ელექტრონულ წიგნებში ნინო ხარატიშვილის „უკმარი სინათლე“; მარკ მენსონის „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ და კოლინ ჰუვერის „მახინჯი სიყვარული“ ლიდერობს.

რაც შეეხება ხმოვან წიგნებს, ყველაზე პოპულარული სამეული  თამთა მელაშვილის „შაშვი, შაშვი, მაყვალი“; ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ და ჯეკ ლონდონის „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ თუ გსურს მკითხველის „საბას“ ჟიურის წევრი გახდე, უნდა აკმაყოფილებდე სულ რამდენიმე კრიტერიუმს:

  • უნდა შეგეძლოს ქართულ ენაზე კითხვა და ამჟამად უნდა ცხოვრობდე საქართველოში;
  • არ უნდა იყო მწერალი ან ლიტერატორი;
  • არ უნდა მუშაობდე საგამომცემლო სექტორში;
  • არ უნდა იყო „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში ნომინირებულის ოჯახის წევრი.

ჟიურის ხუთივე წევრის ვინაობას 9 აგვისტოს გავიგებთ, ხოლო
„საბა“ 2023-ის დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც მკითხველის „საბას“ მფლობელიც გამოვლინდება სექტემბერში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას – კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი. დღესდღეობით „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.

R

“ანკარა და ნიქოზია სრულად გამოიყენებენ თავიანთ უფლებებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში”

თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია TRT თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „რეჯეფ ერდოღანი: „ანკარა და ნიქოზია სრულად გამოიყენებენ თავიანთ უფლებებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში“, რომელშიც თურქეთის პრეზიდენტის კვიპროსული ვიზიტია მიმოხილული – იგი 12 ივნისს კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილს ეწვია.

გთავაზობთ მასალას:

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა (ჩკთრ) სრულად გამოიყენებენ თავიანთ უფლებებს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული განცხადება, გუშინ, თურქეთში 28 მაისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი საზღვარგარეთული ვიზიტით ჩასულ, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში, პრეზიდენტ ერსინ თათართან გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქული მხარე კვიპროსის საკითხში ყოველთვის კონსტრუქციულ და შედეგზე ორიენტირებულ დამოკიდებულებას იცავდა.

„კვიპროსელი თურქები არასოდეს ყოფილან უმცირესობა და არც არასდროს იქნებიან. ვინც ამ ფაქტებს უგულებელყოფს (ბერძნული მხარე) აგრძელებენ ოცნებებს, რომ იყვნენ კუნძულის ერთადერთი მმართველი. მათ, ვისაც ამის სჯერა, ვურჩევ თვალი გაუსწორონ ფაქტებს. ვერავინ გაუძლებს კიდევ 50 წლის დაკარგვას. თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება უნდა მოხდეს, ამის გაკეთების ერთადერთი გზა არის, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის აღიარება. როგორც გარანტორი ქვეყანა, ჩვენ ყოველთვის ვანიჭებდით პრიორიტეტს დიალოგს. კუნძულზე ჩვენი ძმების მშვიდობა და უსაფრთხოება ნიშნავს ჩვენს მშვიდობას. ჩვენ გავაგრძელებთ ყოველგვარ მხარდაჭერას ჩკთრ-ს მიმართ“. – განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

ერდოღანმა პრესკონფერენციის დროს, საბერძნეთთან ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „ამ ზღვებში მშვიდობის გარდა გამოსავალი არ არის. თუ არიან მშვიდობის პრევენციის მსურველები, სხვა პროექტის განხორციელება მოგვიწევს. ჩვენ არ გვინდა რაიმე დაბრკოლება ჩვენს გზაზე. დაე, ეგეოსის ზღვამ თავისი გზავნილი გაუგზავნოს მსოფლიოს, როგორც მშვიდობის ზღვა.“

პრესკონფერენციაზე ერსინ თათარმა კი განაცხადა, რომ ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის ბერძნულ მხარესთან სუვერენიტეტის საფუძველზე რა, კვიპროსელი თურქი ხალხი ყოველთვის ჰარმონიაშია თავის დედასამშობლოსთან, თურქეთის რესპუბლიკასთან.

—————-

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველი საზღვარგარეთის ვიზიტების ფარგლებში, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის შემდეგ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩავიდა.

პრეზიდენტ ერდოღანს ჰაიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში, აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰალეფ ჰალეფოვი, აზერბაიჯანის ელჩი ანკარაში რეშად მემედოვი, თურქეთის ელჩი ბაქოში ჯაჰით ბაღჯი და საელჩოს თანამშრომლები დახვდნენ.

პრეზიდენტ ერდოღანის დელეგაციაში გახლავთ მეუღლე ემინე ერდოღანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალფარსლან ბაირაქტარი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) თავმჯდომარის მოადგილე და პარტიის პრესსპიკერი ომერ ჩელიქი, კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთთინ ალთუნი, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი და სხვები.

ბაქოში ჩასული ერდოღანი, გიულისტანის სასახლეში გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრო.

წყარო

„თაგვმა თხარა, თხარა და ვენეციის კომისია გამოთხარაო“ – რომან გოცირიძე უმრავლესობას

ვენეციის კომისიის დასკვნა თქვენთვის ძალიან მძიმედ გადასატანი იქნებოდა, ვინაიდან გეგონათ, რომ მორიგ იურიდიულ პასუხს მიიღებდით. ფაქტობრივად, გამოვიდა როგორც ქართულ ანდაზაშია, „თაგვმა თხარა, თხარა და ვენეციის კომისია გამოთხარაო“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა.

გოცირიძის თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში სადაც ოლიგარქიული მმართველობაა, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას არავითარი აზრი არ აქვს.

„მათ თქვეს, რომ სულ სხვა მდგომარეობაშია უკრაინა და უკრაინასთან დაკავშირებით მსგავსი დასკვნა ვენეციის კომისიას არ გაუკეთებია ისევე, როგორც მოლდოვასთან დაკავშირებით. კონტექსტის გათვალისწინებით ეს კანონი გადააგდეთო – აი , ეს პასუხი მიიღეთ ვენეციის კომისიიდან. თუკი არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობა საქართველოში მეტ-ნაკლებად მაინც აღიქმებოდა, როგორც პოლიტიკური ტერმინი, თუ ცნება, ვენეციის კომისიამ დადო სამართლებრივი დოკუმენტი, რითაც ერთხელ და სამუდამოდ, საქართველო იურიდიულად ამ დიდი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტის მიერ ოლიგარქიულ მმართველობად შეფასდა. პარლამენტის სხდომაზე, როდესაც „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონს ვიხილავდით და კანონზე ვეტოს დაძლევას აპირებთ, პრეზიდენტის წარმომადგენლებს ეკითხებოდნენ, რა მმართველობაა საქართველოშიო. ამით იმის თქმა უნდოდათ, რომ ჩვენ საპარლამენტო მმართველობა გვაქვს და პრეზიდენტს რა უფლება აქვს მინიჭებული გამოიყენოს თავისი უფლებები და წარმოადგინოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიო. რა მმართველობა გვაქვს და გვაქვს არაფორმალური,ოლიგარქიული მმართველობა, ვუპასუხე გუშინ. არ დამიჯერეს, აი, ახლა დაუჯერეთ ვენეციის კომისიას. ფაქტობრივად, ვერდიქტი დადო ამ კომისიამ და ამ მმართველობას ისტორიაში უკვე სამართლებრივად ვუწოდებთ უსამართლო და ერთ კაცზე ჩამოკიდებულ მმართველობას თავისი საშინელი შედეგებით, რაც მივიღეთ ეკონომიკაში, ასევე სოციალურ ცხოვრებაში“, – განაცხადა გოცირიძემ.

„სილვიო ბერლუსკონი – იტალიის დიდი მაცდუნებელი“ – The Economist

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის გარდაცვალებამ საერთაშორისო მასმედიაში პუბლიკაციების ბუმი გამოიწვია და თითქმის ყველა სხვა მოვლენა გადაფარა. ბუნებრივია, ამ მართლაც მსოფლიოში ყველასათვის ცნობილი პოლიტიკოსის სიცოცხლის დასასრულმა ბევრს გაახსენა მისი ცხოვრების შუქ-ჩრდილები, აღმასვლები და დაცემები, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სამჯერ ყოფნის დროს გატარებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის დროს დაშვებული შეცდომები და წარმატებები… პირადი ურთიერთობები და უამრავი სხვა რამ.

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „სილვიო ბერლუსკონი – იტალიის დიდი მაცდუნებელი“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

სილვიო ბერლუსკონის ცხოვრება სათავგადასავლო კომპიუტერულ თამაშს ჰგავს, რომლის დროსაც საოცარი მოულოდნელობები შეიძლება მოხდეს. თვითონ განსაჯეთ: მან, ღარიბ ოჯახში გაზრდილმა ბიჭმა, შეძლო და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა. მოისურვა და არაფრისგან ისეთი პარტია შექმნა, რომელიც ერთ წელიწადში ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ძალად გადაიქცა, თვითონ კი იტალიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა, სხვებთან შედარებით ყველაზე დიდი ხნით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში.

არადა, სილვიო ბერლუსკონის ბიზნესში ყველაფერი პირველი სამშენებლო პროექტით და კავკასიელი ქალების ამბით დაიწყო, რომელიც კინაღამ კრახით დასრულდა: საპენსიო ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელმაც მის მიერ მომზადებული სამშენებლო პროექტი ნახა, არ მოეწონა და განაცხადა, ვიღაც გვამასხარავებსო. მაგრამ 27 წლის ახალგაზრდა იურისტმა მთელი თავისი ხიბლი გამოიყენა და ვიცე-პრეზიდენტის მდივანი დაარწმუნა – როგორც კი შენი ბოსი მილანში ჩასვლას დაგეგმავს, აუცილებლად შემატყობინეო. მართლაც, სილვიომ მოახერხა და მილანში ყოფნისას ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა და ერთ-ერთ ბარში მიიპატიჟა. ამჯერად მან სილვიო ახლოს გაიცნო, უფრო მეტიც – კარგად შემთვრალმა საპენსიო ფონდის ხელმძღვანელმა კავკასიელი ქალების შესახებ ბევრი რამ უამბო. მოკლედ, ახალგაზრდა ბიზნესმენის პროექტი გადარჩა…

ამ დროიდან სილვიო ბერლუსკონი ბედის ნებიერ ადამიანად შეიძლება ჩავთვალოთ. მას უდიდესი ენერგია ჰქონდა, შეეძლო დაერწმუნებინა ყველა, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა, მას შეეძლო თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა კანონები, რომლებიც თითქოსდა მისთვის ხელისშემშლელი უნდა ყოფილიყო. არ ერიდებოდა პირდაპირ თქმას. სილვიო ბერლუსკონის უსაზღვროდ იყო საკუთარ თავში დაჯერებული. როგორც მან ერთხელ თავის ამერიკელ ბიოგრაფს უთხრა, „ვიცოდი, რა და როგორ უნდა შემექმნა და ჩემს მიერ შექმნილისთვის როგორ უნდა მეხელმძღვანელა… მე ვიცოდი, როგორ უნდა შემეყვარებინა თავი ადამიანებისათვის“.

სილვიო მართლაც ასე აკეთებდა: 1993 წელს, ანუ ერთი წლით ადრე, სანამ იგი იტალიის პრემიერ-მინისტრი პირველად გახდებოდა, ახალგაზრდა იტალიელებს შორის ჩატარებული გამოკითხვამ აჩვენა, რომ სილვიო ბერლუსკონი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ბევრმა იგი იესო ქრისტეს შეადარა. მართალია, თავდაპირველად იტალიის ამომრჩეველმა მის პარტიას თითქოსდა ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ სულ მალე, პარტიის აქტივისტების წყალობით, ბევრი მას მიემხრო და თანაც ისე ენერგიულად, რომ დემოკრატიული საზოგადოებებში ასეთი რამ იშვიათი იყო. სილვიო ბერლუსკონის პიროვნების კულტმა პიკს 2008 წელს მიაღწია, როცა მისი წინასაარჩევნო სიმღერას ასეთი სათაური ჰქონდა: „დიდება უფალს, რომ სილვიო მოგვივლინა“.

„თქვით მხოლოდ ასე ისეთი ძალით,
რომელიც მხოლოდ ჭკვიანებს აქვთ:
დიდება უფალს, სილვიოს მოვლენით,
პრემიერ-მინისტრო, ჩვენ შენთან ვართ“.

იგი მფარველობდა და ზრუნავდა თავის თანამშრომლებზე და საერთოდ, ერთგულ და ჭკვიან ადამიანებზე: საოცარია, მაგრამ ყველას დაბადების დღე ახსოვდა და მოულოდნელად მათ საჩუქრებს და ყვავილებს უძღვნიდა ხოლმე. როგორც ერთ-ერთმა პარლამენტის წევრმა თქვა სილვიოს პარტიიდან „ფორცა, იტალია“ („წინ, იტალია“), სილვიო მათ უბრალოდ კი არ მოსწონდათ, არამედ უყვარდათ.

რასაკვირველია, ასეთი ადამიანების გაღმერთების მიმართ ბევრს ეჭვებიც უჩნდებათ ხოლმე. გაჩნდნენ ისეთი ჟურნალისტები, რომლებიც კითხვებს უსვამდნენ ქონების დაგროვების თაობაზე – როგორც გახდა ზღაპრულად მდიდარი სულ რაღაც რამდენიმე წლის განმავლობაში. გაჩნდა აზრი, რომ თითქოსდა თავდაპირველი კაპიტალი დანაშაულებრივი გზებით ჰქონდა მოპოვებული – იტალიურ მაფია „კოზა-ნოსტრასთან“ კავშირში, ფულის გათეთრების გზით. დაიწყო პროკურორების მიერ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა და გამოძიება, დაუსრულებელი სასამართლო პროცესები – ბრალდებები და გამართლებები, ისევ ბრალდებები და ისევ გამართლებები… საქმე იქამდე მივიდა, რომ სილვიო ბერლუსკონიმ, პარლამენტში თავისი პარტიის მეშვეობით, რიგი კანონებიც კი შეცვალა. თუმცა, რასაკვირველია, ამ ბრძოლაში მან დანაკარგებიც განიცადა და საბოლოოდ, დააკავეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ამ დროს სილვიო ბერლუსკონიმ ამომრჩევლებს უსაყვედურა, რომ მათ ვერ დააფასეს მისი ზრუნვა.

ალბათ, სილვიო ბერლუსკონისათვის ყველაზე საწყენი ის იყო, რომ ზოგიერთი არაკეთილმსურველი მიანიშნებდა, თითქოს მას ქალები სძულდა. მაგრამ ფაქტია, რომ ქალები ძალიან მოსწონდა და უყვარდა კიდეც. ყველა თუ არა, ისინი, ვინც ახალგაზრდა და ლამაზები იყვნენ. ხმები ვრცელდებოდა, რომ სილვიო ბერლუსკონმა ანგელა მერკელს ნატოს ერთ-ერთ სამიტზე თითქოსდა „მოუქნელი სქელტრ…“ უწოდა და ამით საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა… ამასთან, სილვიო აღმერთებდა დედას.

2008 წელს სილვიო ბერლუსკონი სკანდალში გაეხვია ახალგაზრდა ქალებთან დაკავშირებით. მისმა მეორე ცოლმა, ვერონიკა ლარიომ, განაცხადა, რომ ქმარს ეყრება – მას არ შეუძლია ისეთ მამაკაცთან ცხოვრება, რომელსაც ახალგაზრდა ქალებთან, თითქმის არასრულწლოვან გოგონებთან აქვს ურთიერთობა.

სილვიო ბერლუსკონის მხარდამჭერებს, უფრო მეტად იტალიელ მამაკაცებს, ალბათ, შეეძლოთ ყურადღება არ მიექციათ ამ სკანდალისათვის, რომ არა ფინანსური კრიზისი დაწყება. ქვეყანა ისეთ სიტუაციაში მოექცა, რომ სილვიო ბერლუსკონის რეპუტაცია შეილახა. ამჯერად მან, რომელიც მუდამ პოზიტივს და ოპტიმიზმს ასხივებდა, ვერ შეძლო მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ მათ წინ ცუდი ამბები ელოდებათ. პირიქით, იტალიელებს უთხრა, რომ კრიზისი არ შეგეხებათო. საბოლოო ჯამში, კრიზისის გაღრმავების კვალობაზე, ბევრი მისი ერთგული მხარდამჭერიც მიხვდა – ისევე როგორც ოდესღაც საპენსიო ფონდის ვიცე-პრეზიდენტი – რომ ისინიც მოტყუებულნი დარჩნენ დიდი მაცდუნებლის მიერ.

წყარო