„სილვიო ბერლუსკონი – იტალიის დიდი მაცდუნებელი“ – The Economist

132
spot_img

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის გარდაცვალებამ საერთაშორისო მასმედიაში პუბლიკაციების ბუმი გამოიწვია და თითქმის ყველა სხვა მოვლენა გადაფარა. ბუნებრივია, ამ მართლაც მსოფლიოში ყველასათვის ცნობილი პოლიტიკოსის სიცოცხლის დასასრულმა ბევრს გაახსენა მისი ცხოვრების შუქ-ჩრდილები, აღმასვლები და დაცემები, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სამჯერ ყოფნის დროს გატარებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის დროს დაშვებული შეცდომები და წარმატებები… პირადი ურთიერთობები და უამრავი სხვა რამ.

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „სილვიო ბერლუსკონი – იტალიის დიდი მაცდუნებელი“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

სილვიო ბერლუსკონის ცხოვრება სათავგადასავლო კომპიუტერულ თამაშს ჰგავს, რომლის დროსაც საოცარი მოულოდნელობები შეიძლება მოხდეს. თვითონ განსაჯეთ: მან, ღარიბ ოჯახში გაზრდილმა ბიჭმა, შეძლო და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა. მოისურვა და არაფრისგან ისეთი პარტია შექმნა, რომელიც ერთ წელიწადში ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ძალად გადაიქცა, თვითონ კი იტალიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა, სხვებთან შედარებით ყველაზე დიდი ხნით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში.

არადა, სილვიო ბერლუსკონის ბიზნესში ყველაფერი პირველი სამშენებლო პროექტით და კავკასიელი ქალების ამბით დაიწყო, რომელიც კინაღამ კრახით დასრულდა: საპენსიო ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელმაც მის მიერ მომზადებული სამშენებლო პროექტი ნახა, არ მოეწონა და განაცხადა, ვიღაც გვამასხარავებსო. მაგრამ 27 წლის ახალგაზრდა იურისტმა მთელი თავისი ხიბლი გამოიყენა და ვიცე-პრეზიდენტის მდივანი დაარწმუნა – როგორც კი შენი ბოსი მილანში ჩასვლას დაგეგმავს, აუცილებლად შემატყობინეო. მართლაც, სილვიომ მოახერხა და მილანში ყოფნისას ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა და ერთ-ერთ ბარში მიიპატიჟა. ამჯერად მან სილვიო ახლოს გაიცნო, უფრო მეტიც – კარგად შემთვრალმა საპენსიო ფონდის ხელმძღვანელმა კავკასიელი ქალების შესახებ ბევრი რამ უამბო. მოკლედ, ახალგაზრდა ბიზნესმენის პროექტი გადარჩა…

ამ დროიდან სილვიო ბერლუსკონი ბედის ნებიერ ადამიანად შეიძლება ჩავთვალოთ. მას უდიდესი ენერგია ჰქონდა, შეეძლო დაერწმუნებინა ყველა, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა, მას შეეძლო თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა კანონები, რომლებიც თითქოსდა მისთვის ხელისშემშლელი უნდა ყოფილიყო. არ ერიდებოდა პირდაპირ თქმას. სილვიო ბერლუსკონის უსაზღვროდ იყო საკუთარ თავში დაჯერებული. როგორც მან ერთხელ თავის ამერიკელ ბიოგრაფს უთხრა, „ვიცოდი, რა და როგორ უნდა შემექმნა და ჩემს მიერ შექმნილისთვის როგორ უნდა მეხელმძღვანელა… მე ვიცოდი, როგორ უნდა შემეყვარებინა თავი ადამიანებისათვის“.

სილვიო მართლაც ასე აკეთებდა: 1993 წელს, ანუ ერთი წლით ადრე, სანამ იგი იტალიის პრემიერ-მინისტრი პირველად გახდებოდა, ახალგაზრდა იტალიელებს შორის ჩატარებული გამოკითხვამ აჩვენა, რომ სილვიო ბერლუსკონი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ბევრმა იგი იესო ქრისტეს შეადარა. მართალია, თავდაპირველად იტალიის ამომრჩეველმა მის პარტიას თითქოსდა ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ სულ მალე, პარტიის აქტივისტების წყალობით, ბევრი მას მიემხრო და თანაც ისე ენერგიულად, რომ დემოკრატიული საზოგადოებებში ასეთი რამ იშვიათი იყო. სილვიო ბერლუსკონის პიროვნების კულტმა პიკს 2008 წელს მიაღწია, როცა მისი წინასაარჩევნო სიმღერას ასეთი სათაური ჰქონდა: „დიდება უფალს, რომ სილვიო მოგვივლინა“.

„თქვით მხოლოდ ასე ისეთი ძალით,
რომელიც მხოლოდ ჭკვიანებს აქვთ:
დიდება უფალს, სილვიოს მოვლენით,
პრემიერ-მინისტრო, ჩვენ შენთან ვართ“.

იგი მფარველობდა და ზრუნავდა თავის თანამშრომლებზე და საერთოდ, ერთგულ და ჭკვიან ადამიანებზე: საოცარია, მაგრამ ყველას დაბადების დღე ახსოვდა და მოულოდნელად მათ საჩუქრებს და ყვავილებს უძღვნიდა ხოლმე. როგორც ერთ-ერთმა პარლამენტის წევრმა თქვა სილვიოს პარტიიდან „ფორცა, იტალია“ („წინ, იტალია“), სილვიო მათ უბრალოდ კი არ მოსწონდათ, არამედ უყვარდათ.

რასაკვირველია, ასეთი ადამიანების გაღმერთების მიმართ ბევრს ეჭვებიც უჩნდებათ ხოლმე. გაჩნდნენ ისეთი ჟურნალისტები, რომლებიც კითხვებს უსვამდნენ ქონების დაგროვების თაობაზე – როგორც გახდა ზღაპრულად მდიდარი სულ რაღაც რამდენიმე წლის განმავლობაში. გაჩნდა აზრი, რომ თითქოსდა თავდაპირველი კაპიტალი დანაშაულებრივი გზებით ჰქონდა მოპოვებული – იტალიურ მაფია „კოზა-ნოსტრასთან“ კავშირში, ფულის გათეთრების გზით. დაიწყო პროკურორების მიერ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა და გამოძიება, დაუსრულებელი სასამართლო პროცესები – ბრალდებები და გამართლებები, ისევ ბრალდებები და ისევ გამართლებები… საქმე იქამდე მივიდა, რომ სილვიო ბერლუსკონიმ, პარლამენტში თავისი პარტიის მეშვეობით, რიგი კანონებიც კი შეცვალა. თუმცა, რასაკვირველია, ამ ბრძოლაში მან დანაკარგებიც განიცადა და საბოლოოდ, დააკავეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ამ დროს სილვიო ბერლუსკონიმ ამომრჩევლებს უსაყვედურა, რომ მათ ვერ დააფასეს მისი ზრუნვა.

ალბათ, სილვიო ბერლუსკონისათვის ყველაზე საწყენი ის იყო, რომ ზოგიერთი არაკეთილმსურველი მიანიშნებდა, თითქოს მას ქალები სძულდა. მაგრამ ფაქტია, რომ ქალები ძალიან მოსწონდა და უყვარდა კიდეც. ყველა თუ არა, ისინი, ვინც ახალგაზრდა და ლამაზები იყვნენ. ხმები ვრცელდებოდა, რომ სილვიო ბერლუსკონმა ანგელა მერკელს ნატოს ერთ-ერთ სამიტზე თითქოსდა „მოუქნელი სქელტრ…“ უწოდა და ამით საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა… ამასთან, სილვიო აღმერთებდა დედას.

2008 წელს სილვიო ბერლუსკონი სკანდალში გაეხვია ახალგაზრდა ქალებთან დაკავშირებით. მისმა მეორე ცოლმა, ვერონიკა ლარიომ, განაცხადა, რომ ქმარს ეყრება – მას არ შეუძლია ისეთ მამაკაცთან ცხოვრება, რომელსაც ახალგაზრდა ქალებთან, თითქმის არასრულწლოვან გოგონებთან აქვს ურთიერთობა.

სილვიო ბერლუსკონის მხარდამჭერებს, უფრო მეტად იტალიელ მამაკაცებს, ალბათ, შეეძლოთ ყურადღება არ მიექციათ ამ სკანდალისათვის, რომ არა ფინანსური კრიზისი დაწყება. ქვეყანა ისეთ სიტუაციაში მოექცა, რომ სილვიო ბერლუსკონის რეპუტაცია შეილახა. ამჯერად მან, რომელიც მუდამ პოზიტივს და ოპტიმიზმს ასხივებდა, ვერ შეძლო მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ მათ წინ ცუდი ამბები ელოდებათ. პირიქით, იტალიელებს უთხრა, რომ კრიზისი არ შეგეხებათო. საბოლოო ჯამში, კრიზისის გაღრმავების კვალობაზე, ბევრი მისი ერთგული მხარდამჭერიც მიხვდა – ისევე როგორც ოდესღაც საპენსიო ფონდის ვიცე-პრეზიდენტი – რომ ისინიც მოტყუებულნი დარჩნენ დიდი მაცდუნებლის მიერ.

წყარო