Home Blog Page 1996

„ვარდების რევოლუციას“ არანაირი კავშირი ჰქონია ქართველ ხალხთან და, მით უმეტეს, ეროვნულ ინტერესებთან”- ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ნაცმოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულ 11-პუნქტიან მანიფესტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, „2003 წლის ტრაგედია 2023 წელს ფარსად იქცა, რომლისაც თვითონ სააკაშვილსაც აღარ სჯერა, მაგრამ რა ქნას, სხვა გზა არ აქვს და ბოლომდე აგიჟებს თავის მრევლს“:

„როგორი მომაკვდავი ბელადიც გყავთ, ისეთივე მკვდრადშობილი მანიფესტია. „ვარდების რევოლუციას“ არანაირი კავშირი ჰქონია ქართველ ხალხთან და, მით უმეტეს, ეროვნულ ინტერესებთან! სოროსის ფონდის ფინანსური და კრემლის პოლიტიკური მხარდაჭერით, 2003 წელს მოხდა ხელისუფლების გადაბარება, შევარდნაძის მხრიდან ყოფილ მოქ-კავშირელებზე, რომელიც ანტურაჟისათვის შეიფუთა რევოლუციის სახელით.

დემოკრატიის სახელით, სააკაშვილის ხელისუფლებამ სრული პრივატიზება მოახდინა ეკონომიკისა რუსეთზე და ქართული გეო-პოლიტიკური მისწრაფებები უცხო ქვეყნის ელჩების დირიჟორობამდე დაიყვანა.

შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკა მერაბიშვილ-ახალაიას ძალადობასა და ადეიშვილ-გვარამიას სასამართლოზე დააშენა. ესაა იმ ფსევდო იდეოლოგიის „ანი“ და „ჰოე“, რის უტიფრად შემოსაღებასაც ცდილობს დემენცია დამარცხებული ბელადი.

2012 – 2016 – 2020 წლის საპარლამენტო;

2014 – 2017 – 2021 წლის ადგილობრივი;

2013 – 2018 წლის საპრეზიდენტო…

რვაჯერ წააგო „ვარდების რევოლუციის“ იდეოლოგიამ არჩევნები, რადგან ყველაზე კეთროვანი და მიუღებელია ქართული რეალობისთვის!

ჰოდა, აქედან გამომდინარე, 2003 წლის ტრაგედია 2023 წელს ფარსად იქცა, რომლისაც თვითონ სააკაშვილსაც აღარ სჯერა, მაგრამ რა ქნას, სხვა გზა არ აქვს და ბოლომდე აგიჟებს თავის მრევლს!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

,,ვაპირებთ შევიმუშაოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გეგმა 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით”- პაპუაშვილი

კონფერენციაზე განვიხილეთ ყველა საკითხი, რაც 9 პრიორიტეტის ნაწილია, მათ შორის მსჯელობა გვქონდა დეოლიგარქიზაციის გეგმის პროექტზე, რომელიც მთავრობის კოორდინირებით შემუშავდა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კონფერენციის „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ” დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კონფერენციაზე ისაუბრეს არასამთავრობო სექტორის მოლოდინზე ყველა საკითხთან დაკავშირებით, დაწყებული დეზინფორმაციის პრობლემატიკით, გაგრძელებული უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის თვალსაზრისით, დეოლიგარქიზაციით, სასამართლო რეფორმით, მედიასთან დაკავშირებული საკითხებით.

„კონფერენციაზე საინტერესო მსჯელობა გვქონდა, ოპოზიციაც მონაწილეობდა ამ პროცესში და მინდა მათ მადლობა გადავუხადო, რადგან საგნობრივი დისკუსია გვქონდა. ვაპირებთ, უახლოეს დღეებში შევიმუშაოთ 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გეგმა, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ. თუკი ამ საკითხში ჩაერთვება ყველა, სამოქალაქო სექტორიც, ოპოზიციაც, ისევე წარმატებული ვიქნებით საბოლოო ჯამში, შედეგების მხრივ, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომელსაც ველოდებით, რომ 15 დეკემბრისთვის იქნება პოზიტიური”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კონფერენცია – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ” გახსნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებით რეკომენდაციაზე და განიხილეს 9 პრიორიტეტი.

,,კარგი მომენტია ერთპუნქტიანი მანიფესტის შედგენისათვის, მთავარი არსით „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება”- პაპუაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რადგან რაღაც იუბილეებს და მომენტებს აღნიშნავენ, ალბათ კარგი მომენტია იმისთვის, რომ მანიფესტი შეადგინონ ერთპუნქტიანი, რომლის მთავარი არსი იქნება – „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის 23 ნოემბრის მანიფესტთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

„საბოლოო ჯამში, საქართველოს სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ცვლილება ჰქონდა. 2003 წლის მოვლენებს რაც შეეხება, რომელიც ეხება არჩევნებს, მის გაყალბებას და ა.შ. საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობამ გვაჩვენა, რომ ე.წ. რევოლუციურ ცვლილებებს მივყავართ ცუდ შედეგებამდე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიგვიყვანა ავტორიტარულ რეჟიმამდე, ადამიანის ღირსების შემლახველ სისტემამდე, წამების, არაადამიანური მოპყრობის სისტემამდე. სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მძრაობის“ ის თაობაც კი, რომელიც მისი მმართველობაში ყოფნის დროს არ იყო აქტიური წევრი ან „ნაციონალური მოძრაობის“, ან ხელისუფლების, ვერ აცნობიერებს იმ დანაშაულებებს, რომელიც ჩადენილი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ვიდრე არ აღიარებენ საკუთარ დანაშაულს ქართველი ხალხის წინაშე და არ გააცნობიერებენ, რაში იყო ამ დანაშაულებების საფუძველი, რა თქმა უნდა, ასეთ პარტიას პერსპექტივა არ აქვს.

რაც შეეხება აღნიშვნებს, გამოდის, რომ ისინი აღნიშნავენ კაცთმოძულე სისტემის ჩამოყალიბების იუბილეს, რაც ძალიან მძიმეა. ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანია, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლი იყო და რა თქმა უნდა, ამის წარმოჩენა რაღაც დღესასწაულად არის მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლთა დაცინვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლანჩხუთის მერია განცხადებას ავრცელებს

ტყუილია ის ფაქტი თითქოს, სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის განკუთვნილ პროდუქტს ვადა აქვს გასული ან ვინმემ ის არადანიშნულებისამებრ გამოიყენა, – ამის შესახებ ნათქვამია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებული 200-მდე ოჯახი გადაყვანილი იყო სასტუმროში. ყველა პირი კი, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა, უზრუნველყოფილი იყო მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტებით.

„ოპოზიციურად განწყობილი და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ მართული რამდენიმე მედია საშუალების წარმომადგენლის მიერ ხელისუფლების მისამართით დეზინფორმაციის გავრცელება გრძელდება, ამჯერად ახალი სამიზნე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაა. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ 8 სექტემბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული 200-მდე ოჯახი გადაყვანილი იყო სასტუმროში. ყველა პირი, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა, უზრუნველყოფილი იყო მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტებით. სტიქიის დღეებში 1000-მდე ოჯახს, მათ შორის, რამდენიმეს განმეორებით მიეწოდა პროდუქტი. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და ყველა დაზარალებულს საჭიროებისამებრ მიეწოდება სურსათი. მერიაში დღესაც მოქმედებს ცხელი ხაზი: 591 111 975.

პირველივე საათებიდან ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და ყველაფერს აკეთებდა მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად.

ყოველგვარ ზღვარს სცდება, ის დეზინფორმაცია თითქოს, პროდუქტს ვადა აქვს გასული, ან ვინმემ ის არადანიშნულებისამებრ გამოიყენა.
ოპოზიციის მხრიდან ეს არის მორიგი მცდელობა, სხვისი უბედურების ხარჯზე დაიწერონ პოლიტიკური ქულები, რომელსაც პროპაგანდას უწევს მათი სატელიტი ტელევიზიები.

ლანჩხუთის მერიის მიმართ აგორებული კამპანია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია განცხადებაში.

,,დაშვებული იყო ძალიან დიდი და უხეში შეცდომა”- კობიაშვილი

ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ესპანეთთან მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილ ვითარებასა და მარტის თამაშებისთვის მზადებაზე, ასევე სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა. ლევან კობიაშვილი აცხადებს, რომ ახლა მთავარი ერთიანობა.

„ცხადია, დაშვებული იყო ძალიან დიდი და უხეში შეცდომა, რაც სამწუხარო ფაქტია. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ვწუხვართ ამაზე. ხვიჩა განსაკუთრებული ფეხბურთელია და მისი არყოფნა, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი არის ჩვენი გუნდისთვის, ისევე როგორც ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრის დანაკლისი. ნებისმიერი მოთამაშე ჩვენს გუნდში არის მნიშვნელოვანი ფიგურა და, შესაბამისად, თითოეული მათგანის დანაკლისი ჩვენთვის ძალიან რთული და მძიმე.

თუმცა, რა თქმა უნდა გეთანხმებით იმაში, რომ მომხდარი ფაქტი აბსოლუტურად ცუდია, ეს ადამიანური შეცდომით იყო გამოწვეული, თუმცა ამას ვეღარაფერს ვუშველით. მოცემულობა გვაქვს ის, რაც არის. დღეს ჩემთვის მთავარია, რომ ზუსტად იმაზე გავაკეთოთ აქცენტები, რომ მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს 21 მარტს და ზუსტად ამ თამაშამდე მოვედით ამ ერთიანობით. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს მარტში. დარწმუნებულები ვართ, რომ ძლიერი, მობილიზებული გუნდი გვეყოლება მოედანზე, რომელიც ამ თამაშის მოგებას შეძლებს.

დარწმუნებული ვარ და მჯერა ჩვენი გუნდის, ნებისმიერი ჩვენი ფეხბურთელის და ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ 21 მარტს ჩვენი გუნდი დაამარცხებს ლუქსემბურგის ნაკრებს და 26-ში უკვე ხვიჩასთან ერთად ვითამაშებთ ფინალს და მივაღწევთ იმ წარმატებას, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს“, – ამბობს კობიაშვილი.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიღებული სამი ყვითელი ბარათის გამო ხვიჩა კვარაცხელია მარტში, პლეიოფის ნახევარფინალს გამოტოვებს. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მენეჯერმა, გიორგი კაციტაძემ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით შეცდომა მან დაუშვა.

,,უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება უკრაინაში ომის ტრაგედიის გაჩერება”- პუტინი

უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება უკრაინაში ომის ტრაგედიის გაჩერება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა “დიდი ოცეულის” ლიდერების ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.

“კი, რა თქმა უნდა, სამხედრო ქმედებები ყოველთვის ტრაგედიაა. და, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავაჩეროთ ეს ტრაგედია. სხვათა შორის, რუსეთს არასდროს არ უთქვამს უარი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე”, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “დიდი ოცეულის” ზოგიერთმა ლიდერებმა თავიანთ გამოსვლებში აღნიშნეს, რომ შოკირებული იყვნენ უკრაინაში რუსეთის აგრესიით.

“მესმის, რომ ამ ომს და ხალხის სიკვდილს შოკის გარდა სხვა არაფერი შეუძლია… და პალესტინაში, ღაზას სექტორში დღეს სამოქალაქო მოსახლეობის განადგურება, ეს შოკისმომგვრელი არ არის”, – განაცხადა პუტინმა.

,,მანიფესტი არ უნდა იყოს სადღეგრძელო”- ნუგზარ წიკლაური

ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მანიფესტი არ უნდა იყოს სადღეგრძელო, ის უნდა იყოს კონკრეტული მოქმედებების გეგმა და მას უნდა ჰქონდეს არქიტექტურა. შესაბამისი განცხადებით წიკლაურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიება და მიხეილ სააკაშვილის ინიციირებული ერთობის მანიფესტის იდეა შეაფასა. როგორც წიკლაურმა მედიასთან აღნიშნა, ხვალინდელ ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, ერთობისკენ მოწოდებები იქნება. „ერთ-ერთი განმარტებით მანიფესტი ნიშნავს ნათელს, ცხადს. ეს რაღაცნაირი მანიფესტია, რომლის ტექსტი ჯერჯერობით არ არსებობს, ამიტომ შეუძლებელია მასზე საკუთარი დამოკიდებულების გამოთქმა. ხვალ, როდესაც გამოქვეყნდება უკვე შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების მიღება, მიიღოს თუ არა ადამიანმა ხელმოწერაში მონაწილეობა. ახლა არსებული ვითარება ისეთია, რომ ძნელია ამაზე ლაპარაკი. ამასთან, წიკლაურმა პარტიის შიგნით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის რიტორიკა აგრესიული გახდა

„ნაციონალურ მოძრაობას“ საქმე საზეიმოდ არ აქვს სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის”- იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმე საზეიმოდ არ აქვს სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის.

„გინდა „ვარდების რევოლუციის“ დღესასწაული იყოს, გინდა აღდგომა, გინდა ახალი წელი, გინდა დაბადების დღე. ჩემი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ზეიმი საერთოდ შეჩერებული უნდა იყოს, სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის. რა ეზეიმებათ?!“ – აცხადებს იაგო ხვიჩია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ 23 ნოემბერს, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დიდ შეკრებას აპირებს.

,,ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს პოლიციელების თხოვნას და არ შეიწყალებს ლაზარე გრიგორიადისს”- დარახველიძე

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს პოლიციელების თხოვნას, რომლებიც დაზარალდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და არ დაუშვებს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

„ქვეყანაში არ უნდა დარჩნენ დაუსჯელები ის პირები, ვინც თავს ესხმიან პოლიციელებს, ცეცხლს უკიდებენ და მათზე ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებენ. აღნიშნული განაპირობა იმ გარემოებამაც, რომ წარსულში დაფიქსირდა პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელის შეწყალების ფაქტი. კერძოდ, პრეზიდენტმა შეიწყალა 22 წლის პოლიციელის მკვლელი, რომელსაც ნაცვლად 12 წლისა, 5 წლის გატარება მოუწია ციხეში“, – აცხადებს დარახველიძე.

7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.

„რა აქვს საზეიმო „ნაციონალურ მოძრაობას“- თორნიკე მოლაშვილი

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი „ქრონიკასთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავის აღნიშვნას ეხმაურება.

„რა აქვს საზეიმო [„ნაციონალურ მოძრაობას“]?! სულხან მოლაშვილის 14 წლის შვილი აცემინა თუ გახსოვთ. მარტო ესაა საკმარისი, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე მოისროლო“, – ამბობს სულხან მოლაშვილის ძმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ 23 ნოემბერს, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დიდ შეკრებას აპირებს.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომლითაც აკა სინჯიკაშვილის მიმართვას ეხმაურება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა, გამოვეხმაუროთ მოქალაქე აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვას სოციალურ ქსელში, სადაც თბილისის მერია დადანაშაულებულია, რომ თითქოს, მუნიციპალური თავშესაფრიდან მოხუცი ქალბატონი და მისი შშმ შვილი ქუჩაში გაუშვეს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას.

თბილისის მერიამ არაერთხელ შესთავაზა  მოქალაქეებს – მ.კ.-ს და მის შვილს დ.ჩ.-ს  „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ კონტრაქტორ „წმ. მამა გაბრიელის სახელობის ჰოსპისში“ გადაყვანა, რაზეც სამწუხაროდ, მიიღო უარი.

გაცნობებთ, რომ მ.კ. და მისი შვილი დ.ჩ.  ლილოში მდებარე „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში“ გახსნის დღიდან ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დ.ჩ. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ეტლით მოსარგებლე პირია, თავშესაფრის ხელმძღვანელობამ დაუშვა გამონაკლისი და დედასთან ერთად  თავშესაფრის ბენეფიციარად დაარეგისტრირა, რადგან მ.კ. უზრუნველყოფდა მის მოვლას. აღსანიშნავია, რომ თავშესაფრის შინაგანაწესის გათვალისწინებით, ბენეფიციარს უნდა შეეძლოს თავის მოვლა, ჰიგიენური ნორმებისა და ოთახში სისუფთავის დაცვა.

მას შემდეგ, რაც მ.კ.-ს თავად შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, თბილისის მერიამ უზრუნველყო სტაციონარში მისი არაერთხელ გადაყვანა. ბენეფიციარი მდგომარეობის გართულებამდე უარს აცხადებდა ჰოსპიტალიზაციაზე და ექიმის დანიშნულებას არასათანადოდ ასრულებდა. აღნიშნულმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია და სხვა ბენეფიციართა დახმარების გარეშე აღარ შეეძლო თავის მოვლა. მისი ასეთი მდგომარეობა ბენეფიციართა უკმაყოფილებას იწვევდა, რასაც ისინი თავშესაფრის სოციალურ მუშაკებთან საუბარში აფიქსირებდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, მ.კ.-ს გაუჭირდა გადაადგილება და შვილის მსგავსად თავადაც ეტლით მოსარგებლე გახდა. აღნიშნულის შედეგად, მომვლელის გარეშე დარჩა მისი შვილი, შშმ პირი დ.ჩ.

თავშესაფრის შინაგანაწესის გათვალისწინებით, ბენეფიციარებს თავშესაფარი უნდა დაეტოვებინათ.

„თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ ხელმძღვანელობამ მ.კ.-ს და დ.ჩ.-ს „წმ. მამა გაბრიელის სახელობის ჰოსპისში“ გადაყვანა შესთავაზა, რაზეც დედა-შვილმა კატეგორიული უარი განაცხადა. მ.კ.-მ შვილთან ერთად, თავად დატოვა თავშესაფარი.

აღნიშნული შეთავაზება მათ, ასევე, აქვთ ჩუღურეთის რაიონის გამგეობისგან, თუმცა, უარი განაცხადეს, როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით.

რასაკვირველია, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება სოციალური ქსელის მეშვეობით გააზიაროს ინფორმაცია, თუმცა, ამასთანავე აქვს პასუხისმგებლობა, არ დაუშვას სიცრუის ტირაჟირება და გადაამოწმოს ინფორმაცია შესაბამის უწყებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 11-პუნქტიან მანიფესტს აქვეყნებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 23 ნოემბრის 11 – პუნქტიან მანიფესტს: „რუსი ოლიგარქი ან საქართველო – ტოტალური შეტევა სისტემაზე“ აქვეყნებს.

მანიფესტის ტექსტის თანახმად, დროა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძველი ფუნდამენტით ახლებური პოლიტიკა აკეთოს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ერთიანდებიან მთავარი მიზნის მისაღწევად – გაათავისუფლონ ქვეყანა, საქართველოში ერთადერთი ოლიგარქისა და ერთადერთი არაფორმალური მმართველობითი მანკიერი სისტემისაგან.

მანიფესტში ხაზგასმულია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ფართო ლეგიტიმაციის მმართველობითი ორგანოებით, ემზადება საქართველოსთვის გადამწყვეტ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად.

„33 წელზე მეტია, ქართველმა ხალხმა საბჭოთა მემკვიდრეობის ჯაჭვების ნაცვლად, თავისუფლების არჩევანი გააკეთა. გაერთიანებულმა და ძლიერმა ქართველმა ხალხმა ერთხმად მოითხოვა უკეთესი მომავალი, ღირსეული ცხოვრება და ნამდვილი თავისუფლება.

თავისუფლება, თუნდაც ერთხელ მიღებული, საჭიროებს მუდმივ დაცვას, მოფრთხილებასა და გაფართოებას. თავისუფლება თუ არ იზრდება, მაშინ იკვეცება, რადგან მისთვის არ არსებობს სტატიკური მდგომარეობა.

საქართველოს დამოუკიდებლობის 32 წლიან პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 22 წელია არსებობს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ პოლიტიკურ პარტიად აქცევს. ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქართველ ხალხს 2003-2012 წლებში ხელისუფლების როლში ვემსახურეთ და 2012 წლის შემდგომიდან, როგორც ოპოზიცია ვემსახურებით – ვართ მათი ხმის გამხმოვანებელი და დემოკრატიის დარაჯი. ფაქტია, რომ ქართულ საზოგადოებას პოლიტიკისა და პოლიტიკოსთა მიმართ დიდი გამოცდილება დაუგროვდა.

 

ქართველმა ხალხმა იცის, რა სურს და ითხოვს ცვლილებებს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართ. როგორც თავისუფლება, ზუსტად ასევე, თავისუფლებისთვის მებრძოლთა გზები ვერ იქნება სტატიკური და ახალ დროებას უნდა შეესაბამებოდეს. დროა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძველი ფუნდამენტით ახლებური პოლიტიკა აკეთოს, რომლითაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით და რა ღირებულებებითაც ყველა იმ სიკეთისა და პროცესის შექმნა შევძელით, რომლებიც დღემდე ურყევია და აძლიერებს ქართველი ხალხის უკეთესობისკენ სწრაფვას. დროა, ქართული საზოგადოება ისევ გაერთიანდეს უკეთესი მომავლისთვის და ჩვენ გვესმის, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ამ საქმეში საკუთარი უნიკალური როლი აქვს შესასრულებელი.

აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მანიფესტს, რომელიც ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას. მანიფესტი ცხადყოფს, თუ რა სურს პარტიას და როგორ წარმოუდგენია ყოველივე ამის მიღწევა. ის წარმოადგენს გარანტიას, ქართველი ხალხისთვის მიცემულ პირობასა და ზოგად პრინციპებს, რომლითაც პარტია ხელმძღვანელობს და იხელმძღვანელებს დასახული ამოცანების შესასრულებლად. მანიფესტი იმავდროულად პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა, რაც უნდა იქცეს თანმიმდევრული და პროგრესული შიდადემოკრატიული პროცესების ხელშემწყობ ინსტრუმენტად.

გამომდინარე იქიდან, რომ ქართველი ერი არის მრავალეთნიკური, ძლიერი რეგიონალური კულტურული ინდივიდუალიზმისა და შინაგანი თავისუფლების მაღალი ხარისხის მქონე ადამიანების ერთობა, ქართველი ხალხი სამართლიანი და არსობრივად ევროპელია, ხოლო ქართული კულტურა და ღირებულებები კი, დიდი ევროპული ოჯახის კულტური ნაწილია“, – აღნიშნულია მანიფესტში.

გარდა ამისა, პარტია ერთობის 11 პუნქტს აქვეყნებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტნიორებთან ერთად ჩაბმულია ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენის საქმეში და აყალიბებს სახელმწიფოს, სადაც:

  1. „ვარდების რევოლუციის“ იდეოლოგია ეფუძნება ქართველი ხალხის ძალისა და ბრძოლისუნარიანობის უსაზღვრო რწმენას და ევროპული კურსის ურყეობას.
  2. თითოეული ადამიანი პატივს სცემს სხვის უფლებებსა და თავისუფლებებს. თავისუფლება ეროვნული სიძლიერის წყაროა. პარტიებიც და ხელისუფლებაც საზოგადოების ინსტრუმენტია თითოეული მოქალაქისთვის კეთილდღეობისა და დაცულობის მისაღწევად და არა პირიქით.
  3. სახელმწიფო მუშაობს მთელი ხალხისთვის და არა პრივილეგირებული მცირე ჯგუფისთვის. კორუფცია და ნეპოტიზმი ჩანაცვლდება მერიტოკრატიით. ე.ი. შედეგი მიიღწევა შრომით და ნიჭიერებით. ახალგაზრდებს შეეძლებათ საკუთარი კარიერის განვითარება და წარმატების მიღწევა საკუთარ სამშობლოში და თითოეული ადამიანის პოზიციას, ხმას და ბედს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
  4. თანაბარი უფლებები, თანაბარი სამართალი და თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს ყველას, განურჩევლად ეთნიკური წარმოშობის, რასის, სარწმუნოების, ასაკისა და სქესისა.
  5. ნებისმიერი ფორმის ოლიგარქია არის ქართული სახელმწიფოს და მოქალაქეთა კეთილდღეობის მტერი. საქართველოში ხელისუფლება მიტაცებულია რუსი ოლიგარქის მიერ, რომელიც ანადგურებს ერის ბუნებრივ სტრუქტურას, ლამობს ქართული მებრძოლი სულის ჩანაცვლებას – უმწეობისა და მონობის სულისკვეთებით. ახლავე თუ არ გავთავისუფლდით მისი მარწუხებისგან, საქართველო შეიძლება გაქრეს, ამიტომ ჩვენ სისტემაზე ტოტალურ შეტევას განვახორციელებთ.
  6. საქართველოს განვითარების გზა უკლებლივ ყველა რეგიონის წინსვლაზე გადის.
  7. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მიზანი.
  8. სახელმწიფო არ დაუშვებს მიგრანტების უკონტროლო შემოდინებას და ქართველების სამშობლოში დასაბრუნებლად შექმნის პირობებს, მათ შორის, უზრუნველყოფს უცხოეთში მყოფი ქართველების პოლიტიკურ პროცესში აქტიურად მონაწილეობის მიღებას.
  9. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაატარებს დემოგრაფიული მდგომარეობის სწრაფი და მკვეთრი გაუმჯობესებისთვის საჭირო სახელმწიფო პოლიტიკას.
  10. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არცერთმა თაობამ თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. ამისთვის, პენსიონერებს, ათწლეულების განმავლობაში, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა კარგი პენსიით და თუ გადაწყვეტენ მუშაობითაც, იცხოვრონ ღირსეულად, რათა ისინი არ იმყოფებოდნენ მონოპოლისტური ვალის ტყვეობაში. ამასთანავე, მომავალ თაობებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ნამდვილი ევროპული განათლება ყველა დონეზე, პოლიტიკური ჩარევისა და მანიპულაციების გარეშე.
  11. პარტიის ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება პარტიის წევრების უშუალო ჩართულობას. პარტიის ყველა ორგანოს და საარჩევნო სიების შედგენა, ისევე როგორც მთავრობის წევრების კანდიდატურების დამტკიცება, უნდა ხდებოდეს პარტიის წევრების კენჭისყრის გზით.აღნიშნულ მანიფესტზე ხელმოწერით:პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ვერთიანდებით და ვირაზმებით მთავარი მიზნის მისაღწევად – გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა, საქართველოში ერთადერთი ოლიგარქისა და ერთადერთი არაფორმალური მმართველობითი მანკიერი სისტემისაგან.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის, „ვარდების რევოლუციის“ ლიდერის, საქართველოს რეფორმატორი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აქტიური ჩართულობა, კრავს და აძლიერებს პარტიას.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება ღია, ისეთი შიდაპარტიული პასუხისმგებლიანი დისკუსიებისათვის, რომელიც ეფუძნება ერთმანეთის პატივისცემას, მიმართულია პარტიის გაძლიერებისაკენ და რომლის მიზანიც არ არის პარტიაზე და მის მმართველობით ორგანოებზე თავდასხმა და მათი დასუსტება.

    ჩვენ ვთანხმდებით, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს მისი წევრების ფართო ჩართულობით, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების შედეგად არჩეული, სრულად ლეგიტიმური თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაიონული ორგანიზაციები.

     

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ფართო ლეგიტიმაციის მმართველობითი ორგანოებით, ემზადება საქართველოსთვის გადამწყვეტ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად.

    ჩვენ ასევე სრულიად მივესალმებით პარტიულ ორგანიზმში მუდმივად მიმდინარე, ჯანსაღ, ცოცხალ პროცესს, რომლის შედეგადაც ჩვენი ძველი თუ ახალი თანამებრძოლები, პარტიის ფუნქციონირების ზემოთ აღნიშნული პრინციპების დაცვით, გადაინაწილებენ მეტ პასუხისმგებლობას, როგორც პოლიტიკური საბჭოს, ისე პარტიის მმართველობის სხვა რგოლებში.

    ამ მანიფესტზე ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ჩვენი საქმიანობა მიმართული იქნება შიდაპარტიული ერთიანობისა და ძალების კონსოლიდაციისკენ”,-აღნიშნულია მანიფესტში.