,,კარგი მომენტია ერთპუნქტიანი მანიფესტის შედგენისათვის, მთავარი არსით „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება”- პაპუაშვილი

68
spot_img

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რადგან რაღაც იუბილეებს და მომენტებს აღნიშნავენ, ალბათ კარგი მომენტია იმისთვის, რომ მანიფესტი შეადგინონ ერთპუნქტიანი, რომლის მთავარი არსი იქნება – „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის 23 ნოემბრის მანიფესტთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

„საბოლოო ჯამში, საქართველოს სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ცვლილება ჰქონდა. 2003 წლის მოვლენებს რაც შეეხება, რომელიც ეხება არჩევნებს, მის გაყალბებას და ა.შ. საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობამ გვაჩვენა, რომ ე.წ. რევოლუციურ ცვლილებებს მივყავართ ცუდ შედეგებამდე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიგვიყვანა ავტორიტარულ რეჟიმამდე, ადამიანის ღირსების შემლახველ სისტემამდე, წამების, არაადამიანური მოპყრობის სისტემამდე. სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მძრაობის“ ის თაობაც კი, რომელიც მისი მმართველობაში ყოფნის დროს არ იყო აქტიური წევრი ან „ნაციონალური მოძრაობის“, ან ხელისუფლების, ვერ აცნობიერებს იმ დანაშაულებებს, რომელიც ჩადენილი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ვიდრე არ აღიარებენ საკუთარ დანაშაულს ქართველი ხალხის წინაშე და არ გააცნობიერებენ, რაში იყო ამ დანაშაულებების საფუძველი, რა თქმა უნდა, ასეთ პარტიას პერსპექტივა არ აქვს.

რაც შეეხება აღნიშვნებს, გამოდის, რომ ისინი აღნიშნავენ კაცთმოძულე სისტემის ჩამოყალიბების იუბილეს, რაც ძალიან მძიმეა. ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანია, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლი იყო და რა თქმა უნდა, ამის წარმოჩენა რაღაც დღესასწაულად არის მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლთა დაცინვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.