Home Blog Page 1994

“რუსეთის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია სამარცხვინოა, სრულად ვუჭერ მხარს ფინეთის მხრიდან გატარებულ ზომებს”

რუსეთის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია სამარცხვინოა, სრულად ვუჭერ მხარს ფინეთის მიერ გატარებულ ზომებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, ესაუბრა ფინეთის პრემიერს და მხარს უჭერს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთის საზღვართან ოთხი გამშვები პუნქტის დახურვას ეხება.

„რუსეთის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია სამარცხვინოა, სრულად ვუჭერ მხარს ფინეთის მიერ გატარებულ ზომებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ფინელ მესაზღვრეებს, რომლებიც ევრკავშირის საზვღრებს იცავენ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

“საქართველოს ევროპულ გზაზე უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება – ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ!” – პრეზიდენტი

საქართველოს ევროპულ გზაზე უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება; ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ!, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის მიმართვისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,ევროინტეგრაციის [პროცესი] არის გზა, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაა! შეიძლება ამან მიიღოს მრავალი სხვადასხვა ფორმა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აქ უკან დახევა არ არსებობს! აქ უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება! ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ. პირველ რიგში, თქვენ მიდიხართ წინ და ჩვენ, ყველანი თქვენ მოგყვებით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ხელმოწერების კამპანია ,,ჩვენი ხმა ევროპას!“ გრძელდება, მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, ორბელიანების სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას შეურთდნენ.

ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.

“ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული” – უკრაინელი დეპუტატი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ პარტია „ხმის“ სახალხო დეპუტატი ნატალია პიპა Facebook-ზე წერს.

„მოქალაქე არესტოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ შემატყობინა და მე გაცნობებთ“, – წერს ნატალია პიპა და დამატებით დეტალებს არ ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, თავად არესტოვიჩს ამ საკითხზე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.

ამას წინ უძღოდა ნოემბრის დასაწყისში, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ალექსეი არესტოვიჩის საქმიანობას უსაფრთხოების სამსახური სწავლობდა.

“ვიცი როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება” – ნიკა მაჭუტაძე

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკა მაჭუტაძე თვლის, რომ ხელისუფლების შეცვლა გამბედავი და ინტელექტუალი ოპოზიციის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია.

„მე ვიცი როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. ის ნიშნები, რომლის გამოც აკრიტიკებ ხელისუფლებას, შენ არ უნდა გჭირდეს თავად. გამბედავი, ინტელექტუალების ერთობა უნდა იყოს ოპოზიცია“, – განაცხადა მაჭუტაძემ „ქრონიკასთან“.

საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები რჩება. არსებული საარჩევნო ბარიერის დაწევას უმეტესად ის პარტიები ითხოვენ, რომლებიც კვლევებით სამ პროცენტსაც კი ვერ სცდებიან.

“ისრაელის არმია სახმელეთო ოპერაციის შემდეგ ეტაპზე გადადის” – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელის არმია სახმელეთო ოპერაციის შემდეგ ეტაპზე გადადის.

“ოპერაცია გრძელდება და ტარდება ზუსტი, შერჩევითი, მაგრამ ძალიან მტკიცე წესით”, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

იოავ გალანტის თქმით, “ცაჰალმა” დაასრულა ქალაქ ღაზის დასავლეთ ნაწილის აღება.

თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლის დამტკიცება გადადო

თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლის დამტკიცება გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო.

კომიტეტის სხდომაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბურიაკ აკჩაპარი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანება “ევროატლანტიკურ რეგიონს უფრო უსაფრთხოს გახდის” და “ხელს შეუწყობს ორმხრივ ურთიერთობებს.”

მან ასევე აღნიშნა, რომ ხედავს “პოზიტიურ ცვლილებებს” შვედეთის მიერ თურქეთის უსაფრთხოების სფეროში “ლეგიტიმური შეშფოთებების” აღქმაში, უპირველეს ყოვლისა ქურთული ორგანიზაციებთან დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ამავდროულად, აკჩაპარის თქმით, შვედეთმა თურქეთისთვის უნდა წარადგინოს “საგზაო რუკა, რომელიც შეიცავს მათ ვალდებულებებსა და ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადადგან” ტერორიზმის საწინააღმდეგოდ.

საბოლოო ჯამში, მმართველი პარტიის დეპუტატების წინადადებით კომიტეტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცრების გადადება გადაწყვიტა “განხილვის საკითხზე სიცხადის არარსებობისა და მოლაპარაკებების არასაკმარისი სიმწიფის გამო.”

შემდეგი განხილვის თარიღი არ დასახელებულა.

ილია დარჩიაშვილი დანიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენთან.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ.

„განიხილეს  ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რომელიც ქართული მხარის მიერ გაწეული სამუშაოებისა და ძალისხმევის აღიარებაა. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად,  ქვეყანა დეკემბერში უკვე ელოდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა,  რომ საქართველოს, ისე როგორც აქამდე, ექნება დანიის სამეფოს ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდეგ ეტაპებზე“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობის ყველა აქტუალურ საკითხს.

„ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის ბოლო დროს გააქტიურებული მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას. კმაყოფილებით აღინიშნა ლარს ლოკე რასმუსენის თბილისში ვიზიტი და დანიის სამეფოს საელჩოს გახსნა, რომელიც ორ ქვეყანას შორის მზარდი თანამშრომლობისა და რეგიონში დანიის სამეფოს გააქტიურებული როლის კიდევ ერთი დასტურია.

ხაზი გაესვა, ერთი მხრივ, დანიის სამეფოს მიერ საქართველოს საგარეო პრიორიტეტების  მხარდაჭერის მნიშვნელობას, მეორე მხრივ კი აღინიშნა, რომ საქართველო დანიის სამეფოს მტკიცე პარტნიორია რეგიონში.

მხარეებმა აღნიშნეს რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის და ამასთან მიესალმნენ „პოლიტიკურ და განვითარების სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოსა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას, რომელიც ილია დარჩიაშვილის დანიაში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას ნორდიკული ფორმატის ფარგლებში, რომელიც რეგიონული და მრავალმხრივი თანამშრომლობის ახალ ასპარეზს იძლევა.

“ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, ასევე ვმუშაობთ საქართველოს მოსახლეობასთან” -ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი

ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, ასევე ვმუშაობთ საქართველოს მოსახლეობასთან, ხალხთან. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ვენეციის კომისიის გენერალურმა მდივანმა, სიმონა გრანატა-მენგინიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რეკომენდაციები არ არის სავალდებულო. ჩვენ ვერ ვუკარნახებთ ვერავის, მაგრამ ამ რეკომენდაციებში ვუთითებთ ე.წ. წითელ ხაზებს. ეს რეკომენდაციები, ძველიც, ახალიც და მომავალში რასაც გავცემთ, არის პროცესი და ეს რეფორმებიც, რაც ხორციელდება, უნდა დავინახოთ, როგორც ერთი მთლიანობა. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, ასევე ვმუშაობთ საქართველოს მოსახლეობასთან, ხალხთან. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას“, – განაცხადა სიმონა გრანატა-მენგინიმ.

“ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა განმსაზღვრელი ფაქტორია ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის”

ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა განმსაზღვრელი ფაქტორია ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

“ამ მღელვარე დროში, ჩინეთთან ურთიერთობისას საჭიროა სტრატეგიული სტაბილურობა”, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ჩინეთი სავაჭრო პარტნიორი და ინდუსტრიული ძალაა, მაგრამ ჩინეთი ასევე არის ტექნოლოგიური კონკურენტი, სამხედრო ძალა და გლობალური მოთამაშე, რომელსაც აქვს მკაფიო, განსხვავებული იდეები გლობალურ წესრიგზე.

“ჩინეთი მისდევს გლობალურ წესრიგს, რომელიც სინოცენტრული და იერარქიულია. ის უბიძგებს დღის წესრიგს, რომელიც ამცირებს უნივერსალური წესების მნიშვნელობას და უპირატესობას ანიჭებს ეროვნულ ინტერესებს. და ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს და ღირებულებებს. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს ურთიერთობაში არის მეტოქეობის აშკარა ელემენტი. მაგრამ ეს მეტოქეობა არ უნდა იყოს მტრული. ეს შეიძლება იყოს კონსტრუქციული. ასე რომ, ჩვენი რეაგირება უნდა იყოს დაბალანსებული და სტრატეგიული”, – დასძინა მან.

ირაკლი ღარიბაშვილსა და ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა.

სატელეფონო საუბრისას პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ისაუბრეს ევროკომისიის მიერ მიღებულ დადებით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, რაც დადასტურებულია ევროკომისიის მიერ.

მთავრობის მეთაურმა ოლაფ შოლცს ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის შემდგომი მხარდაჭერის დიდ მნიშვნელობას.

კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო წლის ბოლოს ევროპული საბჭოსგან ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციის დადასტურების მოლოდინშია, რაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს რეკომენდაციების შესრულების წარმატებით დაწყებულ პროცესს.

ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი შეთანხმდნენ, შემდგომი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით, გააგრძელონ ინტენსიური კომუნიკაცია და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა.

“ვენეციის კომისიის წარმომადგენლებსაც გაეღიმათ იმაზე, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა „ოცნებამ“ ყველას გაუგზავნა, ოპოზიციის გარდა”

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ყველას გაუგზავნა “ოცნებამ” ოპოზიციის გარდა და თვალით არ გვაქვს ნანახი, ამაზე ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებსაც გაეღიმათ , – ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრაზე, საუბარი ძირითადად 3 საკითხს შეეხო.

“სამ საკითხზე იყო საუბარი, ეს არის საარჩევნო კოდექსი და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო. ყველა ჩვენგანმა გავამახვილეთ ყურადღება ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით მიღებულ კანონზე, რაც არის უკან გადადგმული ნაბიჯი, ასევე, წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და სხვა ბევრ საკითხზე, რაც მიმართულია არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებასა და გაყალბებაზე. ასევე, საუბარი შეეხო ანტიკორუფციულ ბიუროს. ყველა თანხმდება დღეს, რომ აბსოლუტურად უფუნქციოა ახალი ბიურო, რომლის ხელმძღვანელობას ნიშნავს პრემიერი. ვისაუბრეთ ასევე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე.

ვენეციის კომისიის ფორმატი არ არის იმედის მოცემა, ეს არის რეკომენდაციების გაცემა კონკრეტულ საკითხებზე. თუ რეაქციებს გულისხმობთ, მათაც გაეღიმათ იმაზე, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ყველას გაუგზავნა „ოცნებამ“ ოპოზიციის გარდა და თვალით არ გვაქვს ნანახი, ეს ბუნებრივია მათთვის ღიმილისმომგვრელი იყო, ცხადია,”- განაცხადა ლილუაშვილმა.

სამების საკათედრო ტაძარში, ორი დღის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დაღუპულთა ხსოვნას დღეს, სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებმა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა.

ხუთი მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 265.