Home Blog Page 1993

“ვარდების რევოლუციის“ აღნიშვნა ამორალურობაა”- მიხეილ სარჯველაძე

სარჯველაძე

„ვარდების რევოლუციის“ აღნიშვნა და მისთვის პომპეზურობის მიცემა პოლიტიკური და ეთიკური ამორალურობის კომპონენტს შეიცავს, რადგან 2003 წლის შემდეგ არაერთი ოჯახი და ადამიანი გაუბედურდა, უზარმაზარი ტრაგედიის მსხვერპლი გახდა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც დღეს გაიმართება.

„ალბათ ჩვენი საზოგადოების ნაწილს ნამდვილად არაფერი ეზეიმება და დაკავშირებულია იმდროინდელ პოლიტიკურ პროცესებთან. ამ პოლიტიკური გუნდისთვის სიმახინჯეა და თან მათთვის დამახასიათებელია, როცა თავიანთი პოლიტიკური წარმატება უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ვიდრე გიორგობის დღესასწაული. ამის დაჩრდილვას, გადაფარვას რომ ცდილობენ, ლამაზი არ არის და უნდა დაფიქრდნენ. 2013-2014 წელს მობოდიშების მიუხედავად, აღქმული არ აქვთ, რომ მათ დააშავეს და ბოდიში აქვთ მოსახდელი იმ ადამიანებისთვის, ვინც ტერორიზმში ცხოვრობდა და მათი რეჟიმი საკუთარ ზურგზე განიცადეს. ფიქრობენ, რა მოიფიქრონ ისეთი, რითიც შეუძლიათ პოლიტიკურ თავდაღმართში მყოფი პარტიის დამუხრუჭება. ამისთვის ისეთ ფორმებს იგონებენ, თითქოს კონსოლიდაციის ფუნქციის შესრულება შეუძლიათ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მანიფესტზეც და აღნიშნა, რომ მანიფესტაციით შენიღბულია იმ პოლიტიკური პარტიის სახე, რომელიც ინგრევა.

„რა კონსოლიდაციაზე საუბარი, როცა მანიფესტაციით შენიღბულია იმ პოლიტიკური პარტიის სახე, რომელიც ინგრევა. ყველა კარგად ხვდება, რომ გაფორმება სჭირდებათ იმის, როგორ დასრულდება კეზერაშვილისა და მელიას დაჯგუფებების დაპირისპირება. ეს არის მხოლოდ ფორმალური დასასრული, თორემ ეს პარტია დიდი ხნის წინ არის დასრულებული და დანგრეული. მათი მანიფესტიც საკუთარი რენომეს შენარჩუნებისთვის გადადგმული ნაბიჯია, სხვა მხრივ, შინაარსისგან დაცლილია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

“არასდროს გავერთიანდებით “ნაცმოძრაობასთან”-იაგო ხვიჩია

„გირჩი“ არასდროს გაერთიანდება „ნაცმოძრაობასთან“. არ გვჭირდება, რომ ვინმეს ბარიერის გადასალახად შევუერთდეთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „გირჩი“ გარკვეულ საკითხებზე თანამშრომლობას არავისთან გამორიცხავს, თუმცა ეს იდეურ ერთობას უნდა ეფუძნებოდეს.

„იდეური ერთობა ერთ დღეში როგორ უნდა დაინახოთ? წარმოუდგენელია, ვიღაცამ მესიჯი დაწეროს და მთელმა ქვეყანამ დავიჯეროთ, რომ იდეური ერთობა შემდგარია. პოლიტიკურმა სპექტრმა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა უნდა ვისწავლოთ. კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ კონკრეტულ საკითხებზე ვითანამშრომლოთ. ასეთია ეროვნული ბანკი და ამნისტია. ეს თუ გაგრძელდება და ინტენსიური ხასიათი ექნება, აჩვენებს ტენდენციებს, თორემ, ხომ გაგიგიათ, ერთი მერცხალი და ბულბულის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო. „გირჩი“ არასდროს გაერთიანდება „ნაცმოძრაობასთან“. ზოგადად, არავისთან არანაირი ტიპის თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ, არასერიოზული იქნება, ვთქვა, რომ ვიღაცასთან რაიმე ტიპის თანამშრომლობას გამოვრიცხავ, მაგრამ ეს თანამშრომლობა უნდა იყოს ლოგიკური და დაფუძნებული იმაზე, რომ პარტიებს ბევრ საკითხზე აქვს დამთხვევები. ეს პროცესი ჯერ დაწყებული არ არის, ამიტომ საფუძველს მოკლებულია საუბარი ნებისმიერ გაერთიანებაზე, იმაზე, რომ „გირჩი“ ვინმესთან გაერთიანდება. პირადად მე, იაგო ხვიჩიას და ჩემს სხვა მეგობრებსაც არ გვჭირდება, რომ ვინმეს ბარიერის გადასალახად შევუერთდეთ. ჩვენ გვინდა, ადამიანების ნდობა გვქონდეს იმდენი, რომ ბარიერის გადალახვა ჩვენით შევძლოთ და ამის შემდეგ, ბარიერგადალახულები მივიდეთ სხვასთან სალაპარაკოდ, როგორ მოვაწყოთ ეს ქვეყანა.

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ვცდილობდი. მას წერილი მივწერე, ასევე მის ადვოკატს ველაპარაკე და ზეპირადაც გადავეცი, რასაც ვფიქრობდი. მინდოდა, მისგან გამეგო მისი მოსაზრება, რაიმე საერთო ღირებულებები, იდეები გვაქვს თუ არა, რისთვისაც ვიბრძოლებთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამნისტიის საკითხი. როგორც 2012 წელს იყო საჭირო, ისე ახლა არის საჭირო დიდი ამნისტია. ჩვენ ევროპაში მესამე თუ მეოთხე ვართ პატიმართა რაოდენობით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა: „მას შემდეგ, რაც გამოვაცხადე, რომ დადგა დრო ეროვნული ბანკის გაუქმების და ეკონომიკის ევროზე გადაყვანის, აღმოჩნდა, რომ ამასვე ითხოვს იაგო ხვიჩიას „გირჩი“. არის თუ არა ეს საფუძველი ერთობის? რა თქმა უნდა, არის“.

ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა, მადლობელი ვართ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით გადამწყვეტი რეზოლუციისთვის -პრეზიდენტი

ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციისთვის მადლობას უხდის.

„ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა. მადლობელნი ვართ ევროპარლამენტის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც რუსეთის მუდმივი ოკუპაციის გამო საქართველოს მოქალაქეები დგანან“, – წერს პრეზიდენტი.

ევროპარლამენტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მომზადდა.

ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა.

რეზოლუციას, რომელსაც რამდენიმე თანაავტორი ჰყავს, ევროპარლამენტის 495-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გმობენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში რეზოლუციის შესახებ დებატები გუშინ გაიმართა, სადაც ევროპარლამენტარებმა თამაზ გინტურის მკვლელობაში პასუხისმგებელი პირების დასჯა და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა დაადასტურეს.

6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი 9 ნოემბერს, გაათავისუფლეს.

“მინდა, ყველა პატრიოტს მივულოცო „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის იუბილე”-გია ბარამიძე

მინდა, ყველა პატრიოტს მივულოცო „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის იუბილე, იმ რევოლუციისა, რომელმაც საქართველო აქცია თანამედროვე, ცივილიზებულ სახელმწიფოდ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

„ამ წლების განმავლობაში მოხდა საქართველოში იმ ინსტიტუციების შექმნა, რამაც საშუალება მოგვცა დღეს ვისაუბროთ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. ვისაუბროთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე და ეს ყველაფერი რეალობა იყოს. მინდა, მივულოცო ყველა პატრიოტს განურჩევლად პარტიულობისა. განსაკუთრებით, მინდა, მივულოცო ჩვენს პატრიოტ პოლიციელებს, რომლებიც წარმოადგენენ იმ პოლიციას, რომელიც შექმნა მიხეილ სააკაშვილის გუნდმა, ჩვენს სამხედროებს, ჩვენს ჯარს, რომლებიც ასევე არიან სამშობლოს სადარაჯოზე და რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა.

მინდა, მივულოცო ყველა პედაგოგს, რომელიც დღეს სულ სხვა მდგომარეობაში არიან, ვიდრე იყვნენ „ვარდების რევოლუციამდე“. მინდა, მივულოცო ლექტორებს, მოსწავლეს, სტუდენტს. ის, რომ მათ არ სჭირდებათ ჩაწყობით და ფულის გამოყენებით გამოცდების ჩაბარება, მივულოცო ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც სარგებლობს იუსტიციის სახლების სერვისით და ყველა ადამიანს, რომლისთვისაც ძვირფასია ნორმალური, ცივილიზებული საქართველო.

მინდა, მივულოცო ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც, მიუხედავად ოკუპანტის ყოველდღიური აგრესიისა, პროვოკაციებისა, ჩვენი მოქალაქეების გატაცებისა, მკვლელობისა, მედგრად დგანან სამშობლოს სადარაჯოზე და იციან, რომ საქართველო ჩვენი ერთიანობით, ჩვენი მეგობრების დახმარებით აუცილებლად მშვიდობიანად გამთლიანდება.

მინდა, საქართველოს ყველა პატრიოტს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფ საქართველოს ემიგრანტებს მივულოცო დღევანდელი დღე, რომლებმაც ქვეყნის სიდუხჭირის, თავდასხმების და სხვა მრავალი მიზეზის გამო დატოვეს საქართველო, მაგრამ იმედი აქვთ, რომ დაბრუნდებიან, მომავალს იმედით უყურებენ და სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული, მშვიდობიანი, ერთიანი, გამთლიანებული, ცივილიზებული, ქართული, მაშასადამე ევროპული სახელმწიფო, რომელიც იქნება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.

დღეს, როგორც არასდროს „ვარდების რევოლუციის“ იდეები არის მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია, რომ რაც ჩვენ შევძელით, მომავალში გაგრძელდეს, რაც ვერ შევძელით და სადაც იყო პრობლემები, ის პრობლემები ყველამ ერთად გამოვასწოროთ ერთობლივი ძალისხმევით“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

 

“რევანშისტი ნაცსექტანტები ზეიმობენ “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავს”-გია აბაშიძე

რევანშისტი ნაცსექტანტები ზეიმობენ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავს. ხანდახან ისმის სამართლიანი მოწოდებები, რომ უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც რეჟიმის გასამართლება, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ყველა სფეროში სისტემური დანაშაულის ჩამდენი “ნაციონალური მოძრაობა” კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს.

„რევანშისტი ნაცსექტანტები ზეიმობენ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავს. ხანდახან ისმის სამართლიანი მოწოდებები, რომ უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც რეჟიმის გასამართლება. ნაცჯალათების მიერ ჩადენილი მასშტაბური დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ ჯერ სრულად არაა გამოძიებული და ბევრი კრიმინალი საჯარო სივრციდან ნოტაციებს გვიკითხავს დემოკრატიასა და თავისუფლებაზე.

რუსი ოკუპანტებისთვის ჩვენი მიწა-წყლის 20%-ის ჩამბარებელი და შემდეგ სტრატეგიული ობიექტების გადამცემი, ქვეყნის ყველა სფეროში სასტიკი სისტემური დანაშაულის არქიტექტორი „ნაციონალური მოძრაობა“ კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს!

სააკაშვილის მეხუთე კოლონის უპრეცედენტო და უმძიმესი უკანონობის ჩამონათვალი ვრცელია, თუმცა მათ ეს ყოველთვის უნდა შევახსენოთ და ხელისუფლებისგან მოვითხოვოთ – ნაცზონდერების ადგილი არა თუ ასარჩევ სტრუქტურებში, არამედ სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაშია!” – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

“დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მრგვალი თარიღია” – დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ის 2003 წლის რევოლუციიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობას და მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს იხსენებს.

„დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მრგვალი თარიღია – ლიბერალური ფაშიზმის გადატრიალებიდან 20 წლისთავი. „ნაცსექტას“ ახასიათებს „თავმდაბლობა” და დემენცია, შესაძლოა ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი ვერც კი მიაწერონ საკუთარ „საგმირო” ქმედებებს. ვერც მე ვერ გავიხსენებ ყველაფერს, ამიტომ რაც მეხსიერებაში მაქვს მყარად ჩაბეჭდილი იმას შემოგთავაზებთ:

2004 წლის მარტში, მოსკოვიდან სააკაშვილის დაბრუნებისთანავე ეროვნული სახელმწიფო უშიშროების აკადემიის გაუქმება და სპეცსამსახურების სისტემაში პროფესიონალების „ვარდოსანი რევოლუციონერებით” ჩანაცვლების პროცესი;

2004 წლის ზაფხულში თბილისში ФСБ-ს გენერალ-პოლკოვნიკ რუშაილოს ვიზიტის შემდეგ ცხინვალის რეგიონზე განხორციელებული სამხედრო-პოლიციური „ბლიც-კრიგი”, სამაჩაბლოს დე-ფაქტო რეინტეგრაციული პროცესის ჩამოშლა, რეგიონში რუსი “მშვიდობისმყოფელის” შეყვანა, მსხვერპლი, ქართველი პოლიციელების დამცირება;

2005 წლის თებერვალი – პრემიერ-მინისტრ ჟვანიას „გაზით გაგუდვა”;

2006 წლის გაზაფხული – “ციხის ბუნტის” იმიტირება, უამრავი მოკლული და დასახიჩრებული;

2006 წლის ზაფხული, კოდორის პროვოკაცია – რეგიონის სეპარატისტული აფხაზეთისთვის გადასაცემად მოსამზადებელი პერიოდი;

2006 წლის შემოდგომა, რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა მასობრივი დეპორტაციის პროვოცირება, რამაც ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია;

მანამდე – ბუტა რობაქიძე, ვაზაგაშვილი, გირგვლიანი და სხვა ათობით მსხვერპლი;

2007 წლის შემოდგომა – საპროტესტო სამშვიდობო აქციების უსასტიკესი დარბევა, ტელეკომპანია “იმედის” შტურმით აღება და მისი კრიმინალური მითვისება;

2007 წელი – საბჭოთა “სამხრეთ ოსეთის’ რეანიმირება, თავისი სსრკ-ს დროინდელი რუკებით და ტოპონიმიკით;

2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გაყალბება;

2008 წლის აგვისტო, რუსეთის სამხედრო პროვოკაციაზე მიზანმიმართული წამოგება, საკუთარ ტერიტორიაზე ომის წამოწყებაში აღიარებითი ჩვენება, მსხვერპლი, ქვეყნის 20%-ის ოკუპაციისთვის ხელშეწყობა;

2009 წელი – “მუხროვანის ამბოხის” ინსპირირება, უამრავი ოფიცრის დაპატიმრება;

2009 წელი – წაგებულ ომში კონტრიბუციის სახით რუსეთისთვის უამრავი სტრატეგიული ეკონომიკური და ენერგეტიკული ობიექტის გადაცემა;

ოკუპანტ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მისაღებად ხმის მიცემა;

ოკუპანტ რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება;

2011 წელი – „ჯაშუშების საქმის” („ენვერი”) ინსპირირება: დაჭერილი, ნაწამები და დახოცილი ქართველი ოფიცრები;

2011 წელი – „ფოტოგრაფების საქმის” ინსპირირება;

შუალედებში – უამრავი ნაწამები, დაჭერილი, „გაქათმებული” და ჩახოცილი ჩვენი მოქალაქე;

რეჟიმის მთელი მოქმედების პერიოდში – ბიზნეს-რეკეტი, რეიდერული თავდასხმები, „ახევები”, „გადაფორმებები”;

რეჟიმის მთელი მმართველობის პერიოდში – სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მაგულავე, განათლება-მიღებული, მფლანგველი, მოგზაური კრიმინალური კლანი;

ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის უკლებლივ ყველა მუხლის დარღვევა, სტრასბურგის სასამართლოში უპრეცედენტო რაოდენობის საქმეების განხილვა.

რა თქმა უნდა, ბევრი რამ გამომრჩებოდა, მაგრამ ამ ჩამოთვლილიდან გამომდინარეც – ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას…” წერს ქართველიშვილი.

“ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება შინაარსზე ფოკუსირებით და არა ივანიშვილის ფრაზების გადამღერებით” – გიგა ბოკერია

ივანიშვილის რეჟიმი შინაარსზე ფოკუსირებით დამარცხდება და არა ივანიშვილის ფრაზების გადამღერებითა და გაერთიანებაზე მუდმივი სპეკულირებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“.

როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, ყველა პროდასავლურ ძალას პირველ რიგში, სათითაოდ გაძლიერება სჭირდება, რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და პროდასავლურ პარტიებს ჯამი გასაზრდელი აქვთ.

მისი თქმით, ამის გარეშე პუტინისტური სულისკვეთების ივანიშვილის რეჟიმი არ დამარცხდება.

„ეს რეჟიმი შეიცვლება მხოლოდ შინაარსზე ფოკუსირებითა და მოქალაქეებთან პირდაპირი კონტაქტით, რასაც „ევროპული საქართველო“ აკეთებს. ეს ვერ მოხდება ივანიშვილის ფრაზების გადამღერებითა და მუდმივად იმაზე სპეკულირებით, თუ ვინ ვისთან გაერთიანდება,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

“დღეს „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ამ თარიღის საზეიმოდ ქცევა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის შეურაცხყოფაა” – დიმიტრი ხუნდაძე

20 წლის თავზე სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულისთვის, ნაციონალურ მოძრაობას შეგვიძლია ვუსურვოთ ერთადერთი – პასუხი აგონ ქართველი ხალხის და ქვეყნის წინაშე!, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მანიფესტის გამოქვეყნებას და 2003 წლის რევოლუციის წლისთავის აღნიშვნას.

ხუნდაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ” მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის ქვეყნის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

„პოლიტიკურად გაკოტრებული მიხეილ სააკაშვილი და მისი “ნაციონალური მოძრაობა” 20 წლისთავზე მანიფესტს გამოსცემს, რომელზედაც ხელის მოწერისკენ მოუწოდებს მთელს ოპოზიციურ სპექტრს. ოპოზიციას არ სჭირდება ოფიციალური ხელის მოწერა, ისინი ისედაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან პრეზიდენტის ჩათვლით. რაც შეეხება თავად მანიფესტს, ეს ქართველი ხალხის კიდევ ერთი დაცინვაა სისხლიანი რეჟიმის დამნაშავე პრეზიდენტისგან.

ვარდების რევოლუციამ რომ საზოგადოების მოლოდინი ვერ გაამართლა და საფრთხედ იქცა, ამიტომ იყო 2012 წლის არჩევნებში ამომრჩევლის მკაცრი პასუხი. დღეს კი მათი მხრიდან ამ თარიღის საზეიმოდ ქცევა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის შეურაცხყოფა და ამავე დროს, მტკიცებულებაა იმისა, რომ ნაცმოძრაობა ამ მძიმე წარსულს არ ნანობს და უარესის ჟინი აქვთ.
მთელი ამ წლების განმავლობაში მათგან არ გაგვიგია სინანული ქუჩაში ჩაცხრილული ბიჭების გამო, ციხეებში გაუპატიურებული და ნაწამები პატიმრების გამო, დაკარგული ტერიტორიების და ბრძოლის ველზე მიტოვებული დაღუპული გმირების გამო, ბიუჯეტის გაძარცვის და ხალხის ფულის მიტაცების გამო, თავისუფალი სიტყვის ჩახშობის და მიტინგების დარბევის გამო და კიდევ რამდენი ჩამოვთვალო…

20 წლის თავზე სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულისთვის, ნაციონალურ მოძრაობას შეგვიძლია ვუსურვოთ ერთადერთი – პასუხი აგონ ქართველი ხალხის და ქვეყნის წინაშე! სხვა შემთხვევაში სამართალზე დაფუძნებულ სახელმწიფოს ვერ მივიღებთ“, – წერს ხუნდაძე.

საქართველოში რეგისტრირებულია 193 438 გიორგი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 2023 წელს 722 გიორგი დაიბადა.

სულ საქართველოში რეგისტრირებულია 193 438 გიორგი.

ომბუდსმენი შსს-სა და გარემოს დაცვის სამინისტროებს მოუწოდებს, უზრუნველყონ სამინისტროსთან მყოფთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება

საქართველოს სახალხო დამცველი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს სამართალდამცავთა მხრიდან შეკრების მონაწილეებისთვის სამინისტროს ეზოსა და მის გარეთ არსებულ ტერიტორიაზე კარვის გაშლის შეზღუდვის ფაქტს ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეებმა მხოლოდ ეზოს გარეთ ტერიტორიაზე მცირე კარვის განთავსება და წვიმისგან დაცვის მიზნით, ცელოფნის გადაფარება შეძლეს. ღამით კი, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს ცელოფნით გადახურულ ნაწილზე პლედის დაფარების უფლება არ მისცეს.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს სამართალდამცავთა მხრიდან შეკრების მონაწილეებისთვის სამინისტროს ეზოსა და მის გარეთ არსებულ ტერიტორიაზე კარვის გაშლის შეზღუდვის ფაქტს. აქციის მონაწილეებმა მხოლოდ ეზოს გარეთ ტერიტორიაზე მცირე კარვის განთავსება და წვიმისგან დაცვის მიზნით, ცელოფნის გადაფარება შეძლეს. ღამით კი, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს ცელოფნით გადახურულ ნაწილზე პლედის დაფარების უფლება არ მისცეს.

სახალხო დამცველი, საქართველოს საკონსტიტუციო, საერთო სასამართლოებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებებზე დაყრდნობით, ხაზგასმით მიუთითებს, რომ გამოხატვის ფორმები მოიცავს კარვებისა და სხვა სახის კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობას. შეკრების მონაწილეებს გარანტირებული აქვთ უფლება საჯაროდ და მშვიდობიანად გამოხატონ საკუთარი აზრი ტერიტორიის იმ ნაწილში და იმ ფორმით, რომელსაც თავად ჩათვლიან მიზანშეწონილად. ამასთან, აზრის გამოხატვა არამხოლოდ საუბრით ან განცხადებებით, არამედ, მდუმარე ფორმით ან დროებითი კონსტრუქციების (მათ შორის კარვის) აგებითაც შესაძლებელია, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

აღსანიშნავია, რომ პროტესტის მწვავე ფორმით გამოხატვა ხშირად ხელისუფლების ან/და საზოგადოების ყურადღების მიპყრობის ერთადერთი ან ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. საჯარო ადგილას ნებისმიერმა შეკრებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეული დოზით დარღვევა, თუმცა, ეს ფაქტი თავისთავად არ ამართლებს უფლებაში ჩარევას. შესაბამისად, როდესაც სახეზეა მშვიდობიანი შეკრება, სახელმწიფომ მის მიმართ გარკვეული ხარისხის შემწყნარებლობა უნდა გამოიჩინოს. შეკრების გამართვის ადგილთან დაკავშირებით ხაზგასასმელია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ინსტიტუტების სათანადო ფუნქციონირებისა და თითოეული პირის კანონით გარანტირებული შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის სამართლიან ბალანსს და ამგვარი შეზღუდვები არ უნდა ატარებდეს ბლანკეტურ ხასიათს. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას პასუხისმგებელმა უწყებებმა გაითვალისწინოს პროტესტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული გარემოებები (მათ შორის, სამინისტროს შენობის ადგილმდებარეობა, ტერიტორიის სიდიდე, კლიმატური პირობები) და არსებული საზოგადოებრივი ინტერესი.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეების განმარტებით, მათთვის არავის აუხსნია რა არის შეკრების უფლებაში ჩარევის კონკრეტული საფუძველი. არც სახალხო დამცველისთვის არ არის ამ დრომდე ცნობილი, რა საფუძვლით ეზღუდებათ შეკრების მონაწილეებს სამინისტროს ეზოსა და მის გარეთ არსებულ ტერიტორიაზე კარვის გაშლის შესაძლებლობა; ასევე, სრულიად გაუგებარია რატომ არ მიეცათ მათ პლედის გამოყენების უფლება.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს – უზრუნველყონ სამინისტროს ტერიტორიის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და არ დაუწესონ ადამიანის უფლებათა სტანდარტებით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები“,- წერს სახალხო დამცველი.

“დღეს მიმდინარეობს ეკლესიის სიტყვიერი დევნა”- მეუფე შიო

შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს მიმდინარეობს ეკლესიის სიტყვიერი დევნა. ამის დასტურია მუდმივი შეურაცხყოფა, ცილისწამება, რომელიც სასულიერო პირების მისამართით, საჯარო სივრცეში ისმის, – ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ, სიონის საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას აღნიშნა.

როგორც მან თქვა, ქრისტიანებმა უნდა მოაკვდინონ საკუთარი ვნებები, უარყონ და შეეწინააღმდეგონ თავიანთ დაცემულ ვნება – სურვილებს.

„როცა ვიხსენებთ წმინდა გიორგის წამებას, მის ცხოვრებას და მის საოცარ სიმტკიცეს რწმენისას, გვიპყრობს გაკვირვება, დიდი მოწიწება მის მიმართ. ვინაიდან ვერავითარმა მუქარამ, ტანჯვამ, ვერ აიძულა ის, რომ ეღალატა ქრისტეს სარწმუნოებისთვის და უარი ეთქვა ქრისტეზე, ეკლესიაზე.

როდესაც წმინდა ეკლესიაში აღვნიშნავთ ამა თუ იმ წმინდანის ხსენებას, ამით ეკლესია ჩვენ მოგვიწოდებს, რომ ამ წმინდანის ცხოვრებას, ღვაწლს მივბაძოთ. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ როგორ უნდა მივბაძოთ ჩვენ დღეს მოწამეებს, როცა ეკლესია ფიზიკურად არ იდევნება?! წმინდა მამები გვასწავლიან, რომ დღესაც შესაძლებელია მოწამებრივი ღვაწლის აღსრულება და მოწამებრივი გვირგვინების მიღება. შეიძლება დღეს ქრისტიანებს ფიზიკურად არ აწამებენ, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს მიმდინარეობს ეკლესიის სიტყვიერი დევნა. ამის დასტურია მუდმივი შეურაცხყოფა, ცილისწამება, რომელიც სასულიერო პირების მისამართით, საჯარო სივრცეში ისმის. ამის გარდა, ჩვენ გვტანჯავს ჩვენი სულიერი, შინაგანი ვნებები, რომელიც მომდინარეობს ჩვენი სხეულიდან, ამ წუთისოფლიდან და მომდინარეობს ჩვენი უხილავი მტრისგან, დემონებისგან.

ღირსი მამა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ჩვენ ყოველდღეც კი შეგვიძლია მოწამებრივი ღვაწლი აღვასრულოთ და მოწამებრივი გვირგვინი დავიდგათ. ქრისტესთვის ვევნოთ, თუკი ჩვენ შევებრძოლებით ჩვენს ვნებებს, შევებრძოლებით ჩვენს სულიერ მტერს, ეშმაკს და დაცემულ ბუნებას. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს. ჩვენ, განა, ჯეროვნად ვებრძვით ჩვენს ვნებებს? ხომ არ გვყავს ჩვენ ისეთი კერპები, რომელსაც ვემსახურებით, ვემორჩილებით და ამით უარვყოფთ ქრისტეს, ვღალატობთ მას?! სამწუხაროდ, ასეთი კერპები ჩვენ გყავს. ეს არის ჩვენი ვნებები, გვაქვს ასევე კერპთმსახურებაც, ეს არის ასევე ამ ვნებების დაკმაყოფილება და წახალისება. რა ვნებებია ეს და რა ცოდვებია? ეს არის: ნაყროვანება, სიმთვრალე, ნარკომანია, სიძვის ვნება, ვერცხლისმოყვარეობა, სიხარბე, აზარტული თამაშები, გაღიზიანება, მრისხანება, სიძულვილი, განკითხვა, სევდა და მოწყინება, ამპარტავნება, სიცრუე და ა.შ. და თუ ეს ვნებები და ცოდვები ადამიანის ჩვევაში გადავა, მაშინ ისინი იქცევა ჩვენი სულის კერპებად და მათი მსახურებითა და მორჩილებით ჩვენ ვხდებით კერპთმსახურები.

რადგან არსებობს ასეთი სახის კერპთმსახურება და ყველგან ვაწყდებით, ბატონობს ცოდვის მსახურება, ამიტომ ქრისტიანებიც უნდა იყვნენ მოწამეები დღეს იმიტომ, რომ მათ უნდა მოაკვდინონ თავიანთი ვნებები, უარყონ და შეეწინააღმდეგონ თავიანთ დაცემულ ვნება – სურვილებს. როგორც ამბობს პავლე მოციქული, სისხლის და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ ცისქვეშეთის უკეთურ ძალთა წინააღმდეგო. როგორ შეიძლება დღესაც ყველა ნამდვილი ქრისტიანი სისხლის დაუღვრელად გახდეს მოწამე. და ინებოს უფალმა წმინდა გიორგის ლოცვით, რომ დავამარცხოთ ჩვენს თავში ეს ვნებები და ყველა ის საცდური, რომელიც მომდინარეობს ჩვენი სხეულისგან, თუ ამ წუთისოფლისგან, თუ ჩვენი სულიერი მტრისგან, ეშმაკისგან. მინდა დღეს განსაკუთრებით დიდი სიყვარულით მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დღევანდელი დღესასწაული. მადლობა მინდა შევწირო უფალს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ რთულ ათწლეულებში უფალმა მოგვივლინა ასეთი ბრძენი საჭეთმპყრობელი, რომელიც უკვე 46-ე წელიწადია წინამძღოლობს ჩვენს ეკლესიას, დიდ მაგალითს გვაძლევს ქრისტეს ერთგულებისა და სარწმუნოების სიმტკიცისა“, – აღნიშნა მეუფე შიომ.