Home Blog Page 1991

სოჭიდან წამოსული გემი Astoria Grande დღეს დილით ბათუმში შემოვიდა

საკრუიზო გემი Astoria Grande დღეს დილით ბათუმში შემოვიდა. გემი 22 ივლისს სოჭიდან ახალი მარშრუტით გაემგზავრა, რომელიც ბათუმში გაჩერებასაც მოიცავს, – ამის შესახებ რეპორტაჟი ტელეკომპანია Россия 1-მა მოამზადა.

გავრცელებული ინფორმაციით, გემზე 850 მგზავრი, მათ შორის რუსი ტურისტები იმყოფებიან.

„მათ ტურისტების მოთხოვნით გადაწყვიტეს დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი რეისის მიმართ. უფრო მეტიც, მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტები“, – ნათქვამია ტელეკომპანია Россия 1-ის რეპორტაჟში.

ცნობისთვის, თავად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ აღნიშნულ საკრუიზო გემთან დაკავშირებით განცხადება 25 ივლისს გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“ პალაუს დროშის ქვეშ ცურავს და მას თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International”-ი ემსახურება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

მათივე ცნობით, აღნიშნული საკრუიზო გემის შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.

“მავნებლები ხართ და ვერც კი აცნობიერებთ!” – გოგა ხაინდრავა გახარიას პარტიას

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეხმიანება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის წევრის მიერ ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან მიმართებაში გაკეთებულ შეფასებას:

“ღარიბაშვილი არის ჩინელი ორბანი”, – ბერდია სიჭინავა.

ოთხ სიტყვაში სამ სახელმწიფოს შეურაცხყოფა რომ მიაყენო, გახარიას თანამოაზრე და ოპოზიციონერი უნდა იყო!

მავნებლები ხართ და ვერც კი აცნობიერებთ! პოლიტიკა რა თქვენი საქმეა!
ეე, ყოფილო პრემიერო
არ გრცხვენია?!”- წერს ხაინდრავა.

 

ათენის არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.

როგორც ემიგრანტები აცხადებენ, ერთ-ერთ ქართველს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, თუმცა ის საჭირო მედიკამენტებს ვერ იღებს.

ემიგრანტის, ხატია მახარეიშვილის თქმით, მათთან საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ამ დრომდე არ მისულან.

„გოგონა გვყავს ქართველი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა. ყურადღება არ გვაქვს წამლის მხრივ, ექიმის მხრივ. რომ რაიმე დასჭირდეს გოგოს, ძალიან რთულად ხდება ექიმთან მიყვანა, საავადმყოფოში გადაყვანა. არც არავინ მოსულა. წესით დღეს დილით აქ უნდა ყოფილიყვნენ საქართველოს საელჩოდან წარმომადგენლები, რომლებსაც უნდა ეკითხათ, რა მდგომარეობა იყო ან ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ, სად ვცხოვრობთ. არავინ მოსულა, არც დაურეკავთ იმის მერე, რაც გაიგეს, რომ ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ჟურნალისტებთან,“ – აცხადებს ხატია მახარეიშვილი „მთავარ არხთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, სადაც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, არეულობა იყო. ემიგრანტების თქმით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე პაკისტანის მოქალაქე გარდაიცვალა. მათივე განცხადებით, არეულობის დროს, სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

“პრემიერის ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას”-საქართველოს ელჩი ჩინეთში

უმნიშვნელოვანესია ეს ვიზიტი, რაც უპირველეს ყოვლისა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

ელჩის განცხადებით, შეხვედრები გაიმართება როგორც ქალაქ ჩენდუში, ისე პეკინში.

„საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობები. დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში, ვიზიტის პირველი ნაწილი შედგება ქალაქ ჩენდუში, სადაც არის ახალგაზრდული, სტუდენტური ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია. ასევე დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები. უმნიშვნელოვანესია ეს ვიზიტი და უპირველეს ყოვლისა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას. მოგეხსენებათ, საქართველო არის „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის მონაწილე ქვეყანა, იზრდება ბიზნესკონტაქტები, ჰუმანიტარული ურთიერთობები, ასევე კულტურისა და ტურიზმის მიმართულებები, ასე რომ ეს ვიზიტი ახალ სტიმულს და დიდ ბიძგს მისცემს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. შემდეგ უკვე ჩენდუდან გადავინაცვლებთ ქალაქ პეკინში, სადაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები და შეხვედრებია დაგეგმილი, ასე რომ საკმაოდ დატვირთული და შინაარსიანი ვიზიტი იქნება“, – განაცხადა ელჩმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო.

ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

პრემიერ-მინისტრს აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრი ხუაი ძინპენგი, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი ხუანგ ციანგი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია დახვდნენ.

დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენი სტუდენტები. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

“მართლა გარდაუვალი ომისგან ვიხსენით ქვეყანა”-მამუკა მდინარაძე

მართლა გარდაუვალი ომისგან ვიხსენით ქვეყანა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ევროპული გზა და ეროვნულობა დაპირისპირებაში მოვიდეს იდეურად და იდეოლოგიურად ერთმანეთთან.

„კულისებში ათასჯერ მეტი რამ ხდება, ვიდრე საჯაროდ გამოდის ხოლმე. სამწუხაროდ, საჯაროდ ყველაფრის გამოტანა არ ხდება. სამწუხაროდ, ხანდახან ცოტა სიყვითლეც რომ დაჰკრავს ისეთი ინფორმაციები უფრო საინტერესო ხდება ხოლმე ზოგიერთი მედიისთვის. ამ დროს კულისებში ბევრი რამე ხდება, კარგიც და ცუდიც. ცუდი, რომელზეც ვერ ვლაპარაკობთ და არ ვლაპარაკობთ. ათასჯერ დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამის გახმოვანება, ვიდრე არ გახმოვანება. საზოგადოება თავისით ხვდება ყველაფერს იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რაც ხდება და ეს მშვიდობა ცოტა რთული შესანარჩუნებელია. ჩვენ ახლა სემინარზე ვართ, მეგობრები ვსაუბრობდით და ლევან მგალობლიშვილი ამბობდა, სხვა რომ არაფერი გაგვეკეთებინა, ჩვენმა ხელისუფლებამ იხსნა ეს ქვეყანა გარდაუვალი ომისგანო და მართალია, ვეთანხმები ყველა ადამიანს, ვინც ასე ფიქრობს. მართლა გარდაუვალი ომისგან ვიხსენით ქვეყანა. მაქსიმალურად ცდილობენ ცრუ ნარატივების შემოტანას. ვერ გაიმარჯვებს ის აზრი, ის ნარატივი, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე. ვიღაცას თუ მცდელობა აქვს, რომ ეროვნული ინტერესების გატარება, შენი ტრადიციების, შენი რწმენის, შენი ქვეყნის პატივისცემა და სიყვარული არ არის თავსებადი იმ გზასთან, რასაც ჭეშმარიტი ევროპული გზა ჰქვია, ძალიან ცდება. ჩვენ ამას გავიტანთ. ყველამ დაიმახსოვროს ჩემი სიტყვები, ჩვენ ამას გავიტანთ, გამორიცხულია, რომ არ გავიტანოთ და წარმოუდგენელია, რომ ევროპული გზა და ეროვნულობა დაპირისპირებაში მოვიდეს იდეურად და იდეოლოგიურად ერთმანეთთან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

“ამერიკაში მოქმედმა კანონმა ამხილა ქართული ომისა და ღალატის პარტია”-მამუკა მდინარაძე

რა არის FARA? რა შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რისი გადმოღებაც საქართველოს უნდოდა და რასაც დაერქვა რუსული. ეს არის კანონი, რომელსაც საქართველოში ეწოდება „რუსული“. სინამდვილეში ეს არის ამერიკული კანონი, რომლის საფუძველზეც არსებობს ვალდებულება, ლობიზმთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდეს შესაბამის საიტზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, კანონმა „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ გააშიშვლა.

„ამერიკაში მოქმედმა რუსულმა კანონმა ამხილა ქართული ომისა და ღალატის პარტია და დაგვანახა მტკიცებულებებით გამყარებულად, რომ თურმე სააკაშვილი და მისი პარტიისა და ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტები ცდილობდნენ საქართველოს დასანქცირებას, მაშინ, როდესაც ველოდებით კანდიდატის სტატუსს. საქართველოს დასანქცირების მცდელობა არის გარანტიის მიღებაა, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აი, ამ გარანტიის მიღებას ცდილობდნენ სააკაშვილის დაქირავებული ლობისტები და, სამწუხაროდ, მგონია, რომ ეს მხოლოდ მათი მცდელობა არ იყო. როცა ვხედავთ, რომ მარტო ლობისტების იმედად არ არიან ამ მიმართულებით, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს იმ შეტევებს და უფრო აშიშვლებს იმ რეალობას, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია. ეს იყო მთავარი, ყველაზე დამაზიანებელი პუნქტი, რაც გამოქვეყნდა ამერიკაში მოქმედი რუსული კანონის შესაბამისად იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე და ამან საბოლოოდ გააშიშვლა „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა მდინარაძემ.

იტალიის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა

იტალიის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა.

შესაბამისი რეზოლუცია იტალიის პარლამენტის ზედა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

1932-1933 წლების ჰოლოდომორის უკრაინული ერის გენოციდად აღიარების თაობაზე რეზოლუციას 130-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 4-მა თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ არც ერთი არ წასულა.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ 1932-1933 წლებში სსრკ-მა იოსებ სტალინის მეთაურობით “მიზანმიმართულად გამოიწვია შიმშილი, რომელსაც მილიონობით სიკვდილი მოყვა, უმეტეს წილად გლეხებისა და მცირე მიწათმფლობელების”, უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაში.

“ჰოლოდომორისა და უკრაინული ერის წინააღმდეგ საბჭოური დანაშაულების შესახებ ხსოვნა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იღებს დღეს რუსული შეჭრისა და უკრაინული ეროვნული იდენტობის წაშლის მცდელობების ფონზე” ,- აღნიშნულია დოკუმენტში.

რა ხდება უკრაინაში ომის 519-ე დღეს

 

უკრაინის ჯარები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში წინ მიიწევენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, წინსვლაა მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით. მისივე მტკიცებით, უკრაინული ძალები ასევე წარმატებით უტევენ ოკუპანტებს აღმოსავლეთში, ბახმუტის ფლანგებზე.

მძიმე ბრძოლები გრძელდება სტარო მაიორსკეს მახლობლად, სადაც უკრაინელები ახლახან დაკავებულ პოზიციებს ამაგრებენ. პარალელურად, რუსული ძალები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ. ოკუპანტთა სამიზნე კიევის, ლვოვის, ხმელნიცკის, კიროვოგრადისა და ჟიტომირის ოლქები გახდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. რაკეტების უმრავლესობა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა.

დრონებით თავდასხმის საფრთხე იყო ღამით უკრაინის თითქმის ყველა ოლქში. გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში. რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ხმელენცკიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარე აეროდრომზე.

14-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 6 სასაზღვრო დასახლება, დაფიქსირდა ასამდე აფეთქება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით სამხრეთში, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით უკრაინელი სამხედროები შეტევით ოპერაციებს წარმატებით აგრძელებენ.

ნატო შავი ზღვის რეგიონში საპატრულო თვითმფრინავებისა და დრონების გამოყენებით დაზვერვას გააძლიერებს – ნათქვამია ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის დასკვნით განცხადებაში.

ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა იტალიის სენატმა.

,,აშშ-ის საელჩო ყოფილი პრეზიდენტის ლობირებაში არასდროს ჩართულა”- სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის საელჩო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ ლობირებაში არასდროს ჩართულა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვედანტ პატელმა განაცხადა.

„მე მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თბილისში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა ლობირებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ”, – აღნიშნა პატელმა.

მანამდე საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადებას გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და მათი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.

„როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

 

,,კიდევ უფრო რთულ დღეებს ელოდებიან” – ძლიერი ხანძრები მსოფლიოს მასშტაბით -CNN (ფოტოები)

ცეცხლის კერებმა საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე სანაპირო კურორტებამდე მიაღწია. დაზიანდა სახლები. კუნძულზე საბერძნეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია გამოცხადდა. ამ დროისთვის ტერიტორია 20 000-მა ადამიანმა დატოვა. ქვეყანაში კიდევ უფრო რთულ დღეებს ელოდებიან, რადგან მომდევნო სამი დღის განმავლობაში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.

ხანძარს ებრძვის იტალიაც, სადაც სტიქიის გამო ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 4 ადამიანი გარდაიცვალა. ცეცხლის კერებმა აპულიას რეგიონში ტურისტულ დასახლებამდე მიაღწია, რის გამოც სასტუმროებიდან 2000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რთული ვითარებაა სიცილიაშიც. მაშინ, როცა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ტემპერატურამ +47 გრადუსს მიაღწია, იტალიის ჩრდილოეთში ადამიანები შტორმის გამო იღუპებიან. გარდაცვლილებს შორის თინეიჯერი გოგონაა.

კანარის კუნძულებიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზა დაკეტა. სტიქიასთან საბრძოლველად, მეხანძრეებთან ერთად თვითმფრინავებიც არის ჩართული. განადგურებულია 200 ჰექტარი ტყის მასივი.

ხანძარია ხორვატიის სამხრეთ ნაწილშიც. კუნძულ დუბროვნიკთან მეხანძრეები სტიქიას უშედეგოდ ებრძვიან. ადგილობრივები შიშობენ, რომ ცეცხლის კერები დასახლებულ ადგილებამდეც მივა.

34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხანძარს ალჟირში. გარდაცვლილებს შორის 10 სამხედრო მოსამსახურეა. ცეცხლის 15 კერას ქვეყნის 8 რეგიონში 8000 ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. სალიკვიდაციო სამუშაოებში ტყის რეინჯერებიც ჩაერთნენ. სახლებიდან ევაკუირებულია 1 500-მდე ადამიანი. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი მეზობელ ტუნისშიც გავრცელდა, რის გამოც ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაიხურა.

მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან თურქეთში. სტიქია ანტალიის პროვინციაში კურორტ ქემერთან მძვინვარებს. განადგურდა 180 ჰექტარი ტყის მასივი. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულებზეც. როგორც ცნობილია, ძლიერი დაკვამლიანების გამო, ადამიანებს სუნთქვის პრობლემები შეექმნათ. დასახლებულ პუნქტებში ხანძრის საშიშროების გამო, სახლებიდან ადგილობრივების ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის ჩასაქრობად ტერიტორიაზე 11 სახანძრო თვითმფრინავი და 22 ვერტმფრენი განლაგდა. მობილიზებულია 200-ზე მეტი სახანძრო მანქანა. სტიქიასთან გამკლავებას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს.

 

 

,,ეე, ყოფილო პრემიერო არ გრცხვენია?!”-ხაინდრავა

გოგა ხაინდრავა გახარიას პარტიას მიმართავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

“მავნებლები ხართ და ვერც კი აცნობიერებთ! პოლიტიკა რა თქვენი საქმეა! ეე, ყოფილო პრემიერო არ გრცხვენია?!” კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეხმიანება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის წევრის მიერ ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან მიმართებაში გაკეთებულ შეფასებას: “ღარიბაშვილი არის ჩინელი ორბანი“, – ბერდია სიჭინავა. ოთხ სიტყვაში სამ სახელმწიფოს შეურაცხყოფა რომ მიაყენო, გახარიას თანამოაზრე და ოპოზიციონერი უნდა იყო! მავნებლები ხართ და ვერც კი აცნობიერებთ! პოლიტიკა რა თქვენი საქმეა! ეე, ყოფილო პრემიერო” – წერს ხაინდარავა