ვარდების რევოლუცია იყო მოვლენა, რომელმაც უზარმაზარი, გარდამტეხი ტრანსფორმაცია მოახდინა საქართველოს ისტორიაში, – ამის შესახებ „გამარჯვების პლატფორმის“ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი ვაშაძემ თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა გეგმების შესახებ, რასაც, გამარჯვების შემთხვევაში, შეასრულებენ და, მათ შორის, აღნიშნა, რომ საქართველოს ექნება ახალი რკინიგზა, რომელიც დააკავშირებს თბილისს, სოხუმს და ბრიუსელს.
„ჩვენი მთავარი დაპირებაა, რომ გამარჯვებისთანავე უსწრაფესად შევასრულებთ ევროკავშირის ცხრა წინაპირობას და საქართველო დაჩქარებული წესით აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, დავაჩქარებთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, რაც იქნება მთავარი წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის.
გპირდებით, გვექნება ევროკავშირის სტანდარტების დონის დამოუკიდებელი სასამართლო, საქართველოს ექნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ჩვენს მოქალაქეებს აღარ მოუწევთ საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ოჯახების, მშობლებისა და შვილების დატოვება; ახალგაზრდებს ექნებათ განვითარების შესაძლებლობა საქართველოში და არ მოუწევთ უცხოეთში წასვლა, რისთვისაც გავაკეთებთ ახალგაზრდების სტარტაპების ხელშეწყობის ერთმილიარდიან ფონდს. ისეთ უზარმაზარ კომპანიებს, როგორებიცაა Apple, Google, Amazon-ი, რომლებმაც ოფისები დახურეს რუსეთში, შემოვიყვანთ საქართველოში. ეს იქნება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი, რითიც შევქნით დამატებით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და შემოვიტანთ წარმოუდგენელი მასშტაბის ინვესტიციებს.
ემიგრანტებს დავაბრუნებთ საკუთარ სამშობლოში, საკუთარ სახლებში, ყველა გაჩერებულ პროექტს წელიწად-ნახევარში არა მხოლოდ დავასრულებთ, არამედ შევძენთ ახალ გეოპოლიტიკურ ფუნქციას და მნიშვნელობას, ქართული სოფლები იქნება ტურისტული მიზიდულობის ცენტრი.
საქართველოს ექნება ახალი, სწრაფი რკინიგზა, რომელიც დააკავშირებს არა მხოლოდ თბილისს და ბათუმს, თბილისსა და ზუგდიდს, არამედ თბილისს, სოხუმს და ბრიუსელს. გვექნება სწრაფი რკინიგზა, პირდაპირი, სამგზავრო რკინიგზა და ტრანსპორტი ევროკავშირის დედაქალაქამდე. ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი, მეცნიერი, ექიმი და ჯარისკაცი. ეს არის წარმატებული ქვეყნის ფორმულა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.