Home Blog Page 1991

ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოწვევით ბაქოში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური 24 ნოემბერს ქალაქ ბაქოში SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის”) ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მთავრობის მეთაურთა სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.

SPECA-ს დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ფორუმი წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით იმართება.

პროკურატურამ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, არასრულწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ორთაჭალაში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რასაც არასრულწლოვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 ნოემბერს, თბილისში, ვ.გორგასლისა და ბ.კალანდაძის ქუჩების კვეთასთან, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ტროტუარზე ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

“ისრაელის ოფიციალური პირი 39 პალესტინელი პატიმრის მოსალოდნელ გათავისუფლებას ადასტურებს” – „სიენენი“

ისრაელის ოფიციალური პირი 39 პალესტინელი პატიმრის მოსალოდნელ გათავისუფლებას ადასტურებს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

როგორც ისრაელის ოფიციალურმა პირმა „სიენენს“ განუცხადა, პატიმრებს ორი ციხიდან – დეიმონიდან და მეგიდოდან საბოლოო შემოწმებისთვის ოფერის ციხეში გადაიყვანენ.

გათავისუფლებული პატიმრები, სავარაუდოდ, 18 წლამდე ქალები და მამრობითი სქესის მოზარდები იქნებიან.

გათავისუფლების დრო უცნობია, მაგრამ ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ პატიმრები არ გათავისუფლდებიან, ვიდრე ღაზიდან მძევლები ისრაელს არ გადაეცემა.

„ჰამასის“ მიერ დაკავებულ მძევლებთან დაკავშირებით ისრაელის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ისრაელის ტერიტორიაზე დაბრუნების შემდეგ გათავისუფლებულ მძევლებს ვერტმფრენით გადაიყვანენ ორ საავადმყოფოში თელ ავივის მახლობლად.

24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

წარმატებული დღე რომ გქონდეთ, ღრუბლებიდან მიწაზე უნდა დაეშვათ და მოვლენები ობიექტურად შეაფასოთ. უამრავი საქმე დაგიგროვდათ, ამიტომ ნუ გადადებთ და ახლავე შეუდექით. კოლეგებთან ურთიერთობა რთული იქნება, მოსალოდნელია გაუგებრობები, ამიტომ გირჩევთ, წვრილმანებზე კამათს მოერიდოთ და მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ. თუ ვინმე ძალიან გენატრებათ, უბრალოდ დაურეკეთ ან მოინახულეთ.

კურო

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ოპტიმიზმი და თავდაჯერება საშუალებას გაძლევთ, რომ ყველაზე რთული პრობლემები ადვილად გადაწყვიტოთ. ხელსაყრელი დროა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისა და შერიგებისთვის. ნუ გაჯიუტდებით და ეცადეთ, გარემოებების შესაბამისად იმოქმედოთ.

ტყუპები

ამ დღეს რაც უფრო ნაკლები ურთიერთობა გექნებათ გარშემო მყოფებთან, თავს მით უფრო უკეთ იგრძნობთ. პლანეტების ნეგატიური ზემოქმედების გამო ნებისმიერი საუბარი შეიძლება კამათსა და დაპირისპირებაში გადაიზარდოს და განწყობა დიდი ხნით გაგიფუჭოთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს და არასწორი ინფორმაცია გამიზნულად მოგაწოდოთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, სწრაფად ცვლად გარემოებებს მოერგოთ, რათა თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობა არ დააზიანოთ. იგივე ეხება სამსახურს – მოერიდეთ საკუთარი მოსაზრებების სხვებისთვის თავზე მოხვევას. შეეგუეთ, რომ ადამიანებს შეიძლება თქვენგან განსხვავებული აზრები ჰქონდეთ და ეს დაპირისპირების მიზეზად არ გამოდგება.

ლომი

დილიდან სიზარმაცის შეტევებს ებრძვით. ეცადეთ დაძლიოთ, რადგან თაროებზე უამრავი მნიშვნელოვანი საქმე დაგიგროვდათ. სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული ან ვარჯიში ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ ახალმა გატაცებამ სიამოვნების გარდა, დამატებითი შემოსავალიც მოგიტანოთ.

ქალწული

ეცადეთ, სიბრძნე გამოიჩინოთ და უსარგებლო კამათს ან დაპირისპირებას მოერიდოთ. ეს, ურთიერთობის გაფუჭების გარდა, არაფერს მოგიტანთ. გირჩევთ, აუჩქარებლად იმუშაოთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ. მოერიდეთ სარისკო პროექტში ჩართვას. სასურველია, საღამოს ოჯახთან ერთად სამომავლო გეგმებზე ისაუბროთ და შექმნილი ვითარებიდან კომპრომისული გამოსავალი მოძებნოთ.

სასწორი

შესაძლოა, ძველი პრობლემა ისევ აქტუალური გახდეს ან თქვენი ცხოვრებიდან წასული ადამიანი ისევ გამოჩნდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წარსულთან დაბრუნებას მოერიდოთ, რადგან ეს განწყობას დიდი ხნით გაგიფუჭებთ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

მორიელი

ნუ უგულებელყოფთ ავტორიტეტული ადამიანების რჩევებსა და მოსაზრებებს, რომლებიც დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. საყვარელი ადამიანები ამ დღეს თქვენს ნებისმიერ წამოწყებას მხარს დაუჭერენ, ამიტომ რთულ სიტუაციებში მათთან დაკავშირება ნუ მოგერიდებათ. ყურადღებით იყავით – შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, მთელი ყურადღება პერსპექტიული საქმეებისკენ მიმართოთ, რომლებიც მომავალში მოგებას და წარმატებას მოგიტანთ. თუ შესაძლებელია, გავლენიან ადამიანებსაც დაუკავშირდით, რომლებსაც თქვენი დახმარება შეუძლიათ. ყურადღებით იყავით – წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ.

თხის რქა

ამ დღეს საკუთარ თავს და პირად საჭიროებებს მეტი დრო უნდა დაუთმოთ. უსმინეთ საკუთარ სურვილებს და ის აკეთეთ, რაც ნამდვილად გსურთ. გირჩევთ, ამ დღეს უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

მერწყული

მიზნის მისაღწევად შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან დაპირისპირება მოგიწიოთ. კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა ამის გაკეთება, რადგან სავარაუდოდ, მოგვიანებით ინანებთ. ნუ მოუსმენთ სხვა ადამიანების რჩევებს და ეცადეთ, ამ დღეს ყველანაირი ურთიერთობა შეზღუდოთ. საკუთარი ინტუიცია საქმეში ძალიან დაგეხმარებათ.

თევზები

ოპტიმისტური განწყობა ამ დღის სირთულეების დაძლევაში და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. გირჩევთ მეგობრების რჩევებს ყურადღებით მოუსმინოთ. უარი თქვით დამატებით სამუშაოზე, უმჯობესია საღამო დასვენებას და ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმოთ.

“არ მოგენატრათ გამარჯვების გემო? არ მოგენატრათ გამარჯვების ყიჟინა?” – ლევან ხაბეიშვილი

რამდენიც არ უდნა გვეძახონ, რომ „ცუდები ვართ, არაფერი არ გამოგვივა, რომ ვერ შევძლებთ ერთობას, ბრძოლას, გამარჯვებას“, ჩვენ აუცილებლად გამოგვივა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთხელ უკვე ამოიყვანა ქვეყანა ჭაობიდან, შესაბამისად, ახლაც გაიმარჯვებენ და ემსახურებიან ხალხს “წარსულის შეცდომებზე გამობრძმედილები”.

„არ მოგენატრათ გამარჯკვების გემო? არ მოგენატრათ გამარჯვების ყიჟინა? არ მოგენატრათ, რომ კიდევ ერთხელ დავძახოთ: “საქართველოს გაუმარჯოს?” რამდენიც არ უნდა გვეძახონ, რომ “ცუდები ვართ, არაფერი არ გამოგვივა, რომ ვერ შევძლებთ ერთობას, ბრძოლას, გამარჯვებას”, ჩვენ აუცილებლად გამოგვივა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ არასდროს დავნებდებით. ჩვენ ერთხელ უკვე დაგვიმარცხებია კორუფცია, ამოგვიყვანია ქვეყანა ჭაობიდან და ახლაც, ასევე, დავამარცხებთ; ასევე ავაშენებთ; ასევე ვემსახურებით ხალხს წარსულის შეცდომებზე გამობრძმედილები და ნასწავლები. დიდება საქართველოს. ღმერთმა დალოცოს საქართველო. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, პუტინის ტყვეს!”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ვარდების რევოლუციამ“ ფუნდამენტურად შეცვალა საქართველო და ის მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით განხორციელდა.

„ვარდების რევოლუცია, რომელიც მოხდა მიხელ სააკაშვილის ლიდერობით, ეს იყო მოვლენა, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა საქართველო.

ვარდების რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, ის სახელმწიფო, რომლის ადგილიც ევროპაშია“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

“უკრაინა თავისი სანქციებით ავსებს საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს” – ზელენსკი

უკრაინა თავისი სანქციებით ავსებს საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის სპეცსამსახურები გააგრძელებენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობას.

„უკრაინა თავისი სანქციებით ავსებს საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს და ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჩვენი პარტნიორების სანქციები გავრცელდეს მათზე, ვის მიმართაც უკრაინამ უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. დღეს მე ხელი მოვაწერე განკარგულებებს 300-ზე მეტი იურიდიულ პირისა და 150 ფიზიკური პირის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ. ჩვენი სპეცსამსახურები, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის უშიშროების სამსახური, ასევე მინისტრთა კაბინეტი და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო გააგრძელებენ შესაბამის მუშაობას. იქნება სხვა გადაწყვეტილებებიც“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სანქციები დაწესდა 300-ზე მეტი კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ რუსეთთან ერთად ან ეხმარებიან მას.

“სააკაშვილმა საქართველოს უახლეს ისტორიაში ფაშიზმი დააბრუნა” – თამთა მეგრელიშვილი

იმედია, თქვენს დისკრეციული უფლებას არ გამოიყენებთ და მძიმე რეჟიმის, ქართველის მაწამებელ, გამაუპატიურებელ, შეწყალების მოთხოვნით შემოსულ მიხეილ სააკაშვილს მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებთ, – ასე მიმართავს „ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს პრეზიდენტს.

მეგრელიშვილის თქმით, თუ პრეზიდენტი შეიწყალებს სააკაშვილს, მას მოუწევს სააკაშვილის მიერ ჩადენილ ყველა უკანონობაზე ხელის მოწერა. ვრცელ ფეისბუქ-პოსტში მეგრელიშვილი აკეთებს „ნაცმოძრაობის“ მმართველობის მიმოხილვას და წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე წერს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელიც რეფორმების სახელით აუპატიურებდა და კლავდა ქართველს. ეს არის ძალა, რომლის 9-წლიანი მოღვაწეობის პირობებში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკით გაითელა ადამიანის უფლებები, მაგალითად 2012 წელს სააკაშვილის მმართველობის მძიმე მემკვიდრეობა იყო მხოლოდ პენიტენციურ სისტემაში 24 114 პატიმარი, აქედან 282 – წამებით გარდაცვლილი.

მიხეილ სააკაშვილს პირადი შურისძიების მოტივით ჰყავდა პირადი პატიმრები, მაგალითად სულხან მოლაშვილი, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის პირად პატიმრად შემდეგი ჩანაწერით აღიარა „წამება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სამართლიანი სასამართლოს წართმევა დაკავშირებული იყო მხოლოდ შურისძიების მოტივთან, პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან და პირად ანგარიშსწორებასთან”.

პერიოდი სულხან მოლაშვილის დაკავებიდან გარდაცვალებამდე იყო წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა.
ციხეში სულხანის წამებით ერთობოდნენ იმდროინდელი მაღალჩინოსნები, მათ შორის იყო გიგა ბოკერიაც. სულხან მოლაშვილის 1 365-დღიანი წამების ქრონიკამ სანდრო გირგვლიანის საქმის პარალელურად კიდევ ერთხელ ამხილა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა: „სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო მოქმედებდა, რათა ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.

მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნით ციხეში პატიმრების წამება იყო პოლიტიკური დირექტივა პატიმრის ნების გასატეხად, პრაგმატული მეთოდი – ციხის სამართავად და სადო-მაზოხისტური ტკბობა – ციხის ადმინისტრაციისთვის.

2012 წლიდან ქართულ სახელმწიფოში გარდამტეხი ცვლილებები დაიწყო, კერძოდ „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად ჩამოყალიბდა ადამიანზე, მისი ღირსების პატივისცემაზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემა, აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის მძიმე პრაქტიკა,

აღიკვეთა ბიზნესის ტოტალური რეკეტი, დასრულდა ხელისუფლების ტოტალური მონოპოლია მედიასაშუალებებზე, თვისებრივად გაუმჯობესდა ქვეყნის უსაფრთხოება, გაღრმავდა სტრატეგიული თანამშრომლობა ევროკავშირთან, ნატოსთან.

„ქართული ოცნების“ პირობებში ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, გაიცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია. ამ გარდამტეხი ცვლილებებისა და წინსვლის ფონზე „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა პარტიად რევანშისტული დღის წესრიგით, პარტიკულარული ინტერესებით პარტიად, რომელიც მშვიდობის სახელით ღია პოლიტიკურ ომშია ქართველ ხალხთან.

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან“ დღემდე ყველა პოლიტიკურ ბრძოლაში წაგებული ძალაა, რომელსაც არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის ელექტორალური რესურსი არ აქვს და ემზადება ქუჩის აქციებისთვის. პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანა და არეულობა რევოლუციის სახელით ყველაზე მეტად პასუხობს მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნებს – გათავისუფლდეს სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დაბრუნდეს ხელისუფლებაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის გაცხადებული ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელსაც რცხვენია ქართველობის. მიხეილ სააკაშვილი კი არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც ამ პოლიტიკური ძალით საქართველოს უახლეს ისტორიაში დააბრუნა ფაშიზმი და შეწყალებას ითხოვს (ანუ აღიარებს ყველა მის მიერ ჩადენილ ქმედებას) სალომე ზურაბიშვილისაგან.

გაუგებარია ამ ყველაფრის ფონზე „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მომხრეები დღეს რას ზეიმობთ?!

madame Salome Zourabichvili, იმედია თქვენს დისკრეციული უფლებას არ გამოიყენებთ და მძიმე რეჟიმის, ქართველის მაწამებელ, გამაუპატიურებელ, შეწყალების მოთხოვნით შემოსულ მიხეილ სააკაშვილს მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შეწყალებით ქართულად და არა ფრანგულად, თქვენ ხელს მოაწერთ მის მიერ ყველა ჩადენილ უკანონობაზე“, – წერს მეგრელიშვილი.

“ვარდების რევოლუციამ” მყარად დააბრუნა საქართველო მსოფლიო რუკაზე” – სააკაშვილი

ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქატზე და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა. აქ საკითხი ზუსტად ასე დგას – ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება. ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებას, ანუ ჩვენ ვირჩევთ საქართველოს , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც “ვარდების რევოლუციის” 20 წლის იუბილეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, იგორ ნარმანიამ წაიკითხა.

როგორც სააკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, “ვარდების რევოლუციამ” მყარად დააბრუნა საქართველო მსოფლიო რუკაზე.

“კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენის – “ვარდების რევოლუციის” 20 წლის იუბილეს. “ვარდების რევოლუციამ” მყარად დააბრუნა საქართველო მსოფლიო რუკაზე. ჩვენ “ვარდების რევოლუციით” კორუფციას, კრიმინალს, უიმედობასა და რუსეთს ვუთხარით არა. დსთ-ს სივრცეში პირველად ამ პატარა საქართველომ გაბედა და სწორედ ამიტომ გვიწოდა თბილისში ჩამოსულა ამერიკის პრეზიდენტმა მთელი მსოფლიოს დემოკრატიის შუქურა. ახლაც ზუსტად ასევე ვეტყვით ოლიგარქს, რუსეთს, უიმედობას და უპერსპექტივობას არას.

დაიმახსოვრეთ, განსხვავება ივანიშვილისა და შევარდნაძე-აბაშიძის რეჟიმებს შორის არის მხოლოდ სპეცრაზმის ეკიპირებაში, მაგრამ ჩვენც მეტი ჯავშანი გვაქვს. ჩვენი ჯავშანი არის მეტი გამოცდილება, ბევრად უფრო მაგარი ახალი თაობა და ცივილიზებული დემოკრატიული სამყაროს ტოტალური მხარდაჭერა. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქატზე და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა. აქ საკითხი ზუსტად ასე დგას – ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება. ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებას, ანუ ჩვენ ვირჩევთ საქართველოს,” – აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში.

„ჰამასთან“ ხანმოკლე ზავის შემდეგ, ინტენსიური ბრძოლები, სულ მცირე, ორი თვით კიდევ განახლდება” – იოავ გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, როგორც კი დასრულდება ხანმოკლე ზავი „ჰამასთან“, სამხედროები განაახლებენ ინტენსიურ ბრძოლას, სულ მცირე, ორი ​​თვით.

„უახლოეს დღეებში რასაც ნახავთ, პირველ რიგში, მძევლების გათავისუფლებაა. ეს შესვენება ხანმოკლე იქნება. თქვენგან რასაც ვითხოვთ ამ შესვენების დროს, არის ორგანიზება, მომზადება, გამოძიება და მზადყოფნა ბრძოლის გასაგრძელებლად. გაგრძელება აუცილებლად იქნება, რადგან ჩვენ ეს ბრძოლა უნდა დავასრულოთ გამარჯვებით“, – განუცხადა გალანტმა საზღვაო ძალების ჯარებს.

შეგახსენებთ, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი ხვალ, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ამოქმედდება.

“ჩვენი დაპირებაა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ექნება ახალი, სწრაფი რკინიგზა, რომელიც თბილისს, სოხუმსა და ბრიუსელს დააკავშირებს”

ვარდების რევოლუცია იყო მოვლენა, რომელმაც უზარმაზარი, გარდამტეხი ტრანსფორმაცია მოახდინა საქართველოს ისტორიაში, – ამის შესახებ „გამარჯვების პლატფორმის“ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა გეგმების შესახებ, რასაც, გამარჯვების შემთხვევაში, შეასრულებენ და, მათ შორის, აღნიშნა, რომ საქართველოს ექნება ახალი რკინიგზა, რომელიც დააკავშირებს თბილისს, სოხუმს და ბრიუსელს.

„ჩვენი მთავარი დაპირებაა, რომ გამარჯვებისთანავე უსწრაფესად შევასრულებთ ევროკავშირის ცხრა წინაპირობას და საქართველო დაჩქარებული წესით აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, დავაჩქარებთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, რაც იქნება მთავარი წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის.

გპირდებით, გვექნება ევროკავშირის სტანდარტების დონის დამოუკიდებელი სასამართლო, საქართველოს ექნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ჩვენს მოქალაქეებს აღარ მოუწევთ საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ოჯახების, მშობლებისა და შვილების დატოვება; ახალგაზრდებს ექნებათ განვითარების შესაძლებლობა საქართველოში და არ მოუწევთ უცხოეთში წასვლა, რისთვისაც გავაკეთებთ ახალგაზრდების სტარტაპების ხელშეწყობის ერთმილიარდიან ფონდს. ისეთ უზარმაზარ კომპანიებს, როგორებიცაა Apple, Google, Amazon-ი, რომლებმაც ოფისები დახურეს რუსეთში, შემოვიყვანთ საქართველოში. ეს იქნება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი, რითიც შევქნით დამატებით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და შემოვიტანთ წარმოუდგენელი მასშტაბის ინვესტიციებს.

ემიგრანტებს დავაბრუნებთ საკუთარ სამშობლოში, საკუთარ სახლებში, ყველა გაჩერებულ პროექტს წელიწად-ნახევარში არა მხოლოდ დავასრულებთ, არამედ შევძენთ ახალ გეოპოლიტიკურ ფუნქციას და მნიშვნელობას, ქართული სოფლები იქნება ტურისტული მიზიდულობის ცენტრი.

საქართველოს ექნება ახალი, სწრაფი რკინიგზა, რომელიც დააკავშირებს არა მხოლოდ თბილისს და ბათუმს, თბილისსა და ზუგდიდს, არამედ თბილისს, სოხუმს და ბრიუსელს. გვექნება სწრაფი რკინიგზა, პირდაპირი, სამგზავრო რკინიგზა და ტრანსპორტი ევროკავშირის დედაქალაქამდე. ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი, მეცნიერი, ექიმი და ჯარისკაცი. ეს არის წარმატებული ქვეყნის ფორმულა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი ახალ, მრავალპუნქტიან მანიფესტს წარმოგვიდგენს მის ბიძასთან ერთად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დასაბრუნებლად”

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილის ახალ, მრავალპუნქტიან მანიფესტსა და მის გეგმებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი ახალ, მრავალპუნქტიან მანიფესტს წარმოგვიდგენს მის ბიძასთან ერთად აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დასაბრუნებლად, ანუ, როგორ გავხსნათ მეორე ფრონტი, გავანადგუროთ ქვეყანა და საბოლოოდ ჩავაბაროთ რუსეთს. ამ მანიფესტზე მიშას აღარ დასჭირდება ოპოზიციაზე მოწოდება ხელის მოსაწერად, რადგან ოპოზიციას ამაზე ხელი დიდი ხანია მოწერილი აქვს.

თემურ ალასანიას მიერ ოკუპირებული ტერიტორიების იარაღით დაბრუნების შემოთავაზება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ომის პარტიის წევრები საქართველოს საომრად ამზადებდნენ და ეს გეგმა დღის წესრიგიდან სამწუხაროდ, დღესაც არ მოხსნილა. სწორედ ამისთვის შემოაპარეს სააკაშვილი საქართველოში და დღესაც ამის იმედად ცდილობენ მის პოლიტიკურ რეაბილიტაციას. თუკი ამის შემდეგ კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით, ან უგუნურია, ან ცხელი ბომბების მომხრეა. სწორედ ამიტომ, კარგად გამოსაძიებელია 2008 წლის ომიც და ახლანდელი დაჟინებული ომის მოთხოვნაც“, – წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი ხუნდაძე.

“21-ე საუკუნის აფერის, „ვარდების რევოლუციის” ოცი წლის დღეობა ჰქონიათ „მიშამადიდებლებს” – ზურაბ ქადაგიძე

21-ე საუკუნის აფერის, „ვარდების რევოლუციის” ოცი წლის დღეობა ჰქონიათ „მიშამადიდებლებს”. – წერს „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე.

მისი თქმით, მსოფლიოში არსებული ყველანაირი მანკიერება საქართველოში სააკაშვილის მმართველობის დროს დაინერგა.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილს, სააკაშვილის რეაბილიტირების მცდელობით და მავნებლური ქმედებებით,

„ნაცმოძრაობასთან” ერთად მოუწევს პასუხისმგებლობის გაზიარება.

„21-ე საუკუნის აფერის, „ვარდების რევოლუციის” ოცი წლის დღეობა ჰქონიათ “მიშამადიდებლებს”. რა მოიტანა ამ, ფერადმა ფარსმა საქართველოსთვის:

• ინვესტიციების მოზიდვის სახელით, ბიზნესის რეკეტი…

• ადამიანის უფლებებზე ზრუნვით “გაპრავებული”, სიცოცხლის მოსპობა…

• მართლმსაჯულების რეფორმით შეფუთული, ნულოვანი ტოლერანტობა და ასიათასობით პრობაციონერი…

• ეკონომიკის გაუმჯობესების სახელით, რუსეთზე გასხვისებული სახელმწიფო რესურსები…

• დეოკუპაციის მოტივით, საქართველოს 20% ტერიტორიების დაკარგვა და დეკლარირებული ოკუპაცია…

• ევროპული ღირებულებების სახელით შემოსაღებული, ლიბერალური ფაშიზმი…

• სახელმწიფო სისტემის გამჭირვალობის სახელით, ნაც-მოძრაობაზე მორგებული ადმინისტრაცია…

• კორუფციასთან ბრძოლის სახელით, სახელმწიფო ხარჯზე გამდიდრებული მინისტრები, ოჯახის წევრები და პარტიული ელიტა…

მოკლედ თუ რაიმე მანკიერება, ნაძირლობა, ელიტური კორუფცია, ოლიგარქია და მოძალადე რეჟიმის სახე არსებობს მსოფლიოში, „ვარდების რევოლუციამ” და სააკაშვილის მმართველობამ დანერგა საქართველოში.

ჰო და…ქალბატონო სალომე!

ამ ნაძირლებთან თანამშრომლობა და სააკაშვილის რეაბილიტაციის მცდელობა, რასაც თქვენი მავნებლური პოლიტიკით ცდილობთ, ზემოხსენებული მონაპოვარის თანაზიარად გაქცევთ და ნაც-მოძრაობასთან ერთად მოგიწევთ პასუხისმგებლობის გაზიარება…რადგან- „ვარდების რევოლუციის” ნაგავი, რომელიც 2012 წელს, ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად პოლიტიკური მოუსავლეთისკენ გაუშვა, თქვენი მოღალატეობრივი მოქმედებებით, რადიკალიზმის წახალისებითა და ექსტრემისტების დაყვავებით, აძლევს საშუალებას სააკაშვილსა და სხვა უსამშობლო ნაძირლებს კვლავ იარსებონ ქართულ პოლიტიკაში!” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.