Home Blog Page 1990

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის რიგით 27-ე სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ კონფლიქტით დაზარებულ მოსახლეობას, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, გაეწიოს ფინანსური დახმარება და გაგრძელდეს სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება.

2013 წლიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ხელმძღვანელობითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანათავმჯდომარეობით, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის ფარგლებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად მიმდინარეობს სოციალური, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახელმწიფო პროგრამების განხორციელება.

“ოცნების“ ამოცანაა ოკუპანტებისთვის კომფორტის შექმნა და არა საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა” – ანა ნაცვლიშვილი

„ოცნების“ ამოცანა არის ოკუპანტებისთვის კომფორტის შექმნა და არა საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილი საოკუპაციო ძალის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამარცხვინოა, როცა საქართველოს პარლამენტს ევროპარლამენტი ასწრებს მსგავსი რეზოლუციის მიღებას და ხელისუფლება ამის გაკეთებას არც განიხილავს.

„მივესალმები და მადლობას ვუხდი ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისთვის. სამარცხვინო და სავალალოა, რომ ევროპარლამენტი ასწრებს ეროვნულ პარლამენტს გამოხატოს თავის პოზიცია ამ სასტიკ მკვლელობასთან, მშვიდობიანი ადამიანის დახვრეტასთან დაკავშირებით. ხელისუფლებას რომ ეს პოზიცია არ აქვს და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების დაცვა რომ არ არის მისი ამოცანა ეს ბევრჯერ ვნახეთ, მათ შორის, მაშინ, როცა დახვრეტილ მშვიდობიან მოქალაქეზე ამბობდნენ, გარდაიცვალაო. ეს არის „ქართული ოცნების“ პოზიცია და სახე ამ სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით და ზოგადად ოკუპაციასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს, თუ გვინდა ამის დანახვა, ვისაც არ უნდა, გასაგებია, რატომაც არ უნდა, მაგრამ, მოქალაქეები, ვისაც სურთ რეალობას გაუსწორონ თვალი, კარგად ხედავენ, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანა არის ოკუპანტებისთვის კომფორტის შექმნა და არა საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

“მთლიანად ვეთანხმები „ლელოს“ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას” – სააკაშვილი

მთლიანად ვეთანხმები „ლელოს“ მიერ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას -„გამარჯვების კოალიციამ“ უნდა გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები, სხვა პარტიებმა – თავისი და ამაში მათ წარმატებას ვუსურვებ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი განმარტავს, „რუსული ვირუსი, რომელიც სიკვდილით ემუქრება ჩვენს ეროვნულ ორგანიზმს, მთელი საზოგადოების იმუნიტეტისა და ძალების მობილიზებას საჭიროებს“.

„მთლიანად ვეთანხმები “ლელოს” მიერ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას. დერუსიფიკაცია უნდა იყოს სწორედ ის, რაც ყველამ უნდა აკეთოს და რისი გადადებაც იგივეა, რომ რაიმე მძიმე დაავადება მკურნალობის გარეშე მიუშვა.

რუსული ვირუსი, რომელიც სიკვდილით ემუქრება ჩვენს ეროვნულ ორგანიზმს, მთელი საზოგადოების იმუნიტეტისა და ძალების მობილიზებას საჭიროებს. ამ მობილიზაციაში ყველას თავისი ფრონტი აქვს. “გამარჯვების კოალიციამ” უნდა გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები, სხვა პარტიებმა – თავისი და ამაში მათ წარმატებას ვუსურვებ. ამიტომ ასევე ვიწონებ კონცეფციას, რომ შუა უნდა შეიკრიბოს“,- წერს სააკაშვილი.

“გუშინ რაც ვნახეთ, იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ქელეხი” – ალუდა ღუდუშაური

ბოროტმა ძალამ გუშინდელ ამბავს ღონისძიება დაარქვა. სინამდვილეში, არც მეტი და არც ნაკლები „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ქელეხი იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„რა მომავალი უნდა ჰქონდეთ, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ გაიაზრეს, ჩვენს ქვეყანას თავს რა უბედურება დაატეხეს. უფრო მეტიც, მათ ჩვენი ხალხისთვის ბოდიში არ მოუხდიათ და თავს დამნაშავედ არ გრძნობენ. ნაცვლად ამისა, იკრიბებიან, მასკარადს აწყობენ. რა ეზეიმებათ, ამ უბედურებს? მართლა მაინტერესებს, რას ზეიმობენ, როცა ქართველმა ხალხმა მათი მმართველობა შეაფასა როგორც ისტორიის სირცხვილი, მწამებლებისა და ქვეყნისთვის უბედურების მომტანი პოლიტიკური ძალა.

თავის დროზე, ეს ბოროტები ქვეყანას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოასხდნენ და ხალხის წამებითა და სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებით იყვნენ დაკავებული. გუშინ რაც ვნახეთ, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ქელეხი, რაც საბოლოოდ 2024 წლის არჩევნებზე დასრულდება“, – აღნიშნსა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალ-ახალ თემებს იგონებენ, მოიგონეს ახლა მანიფესტი, მანამდე კი, ჰქონდათ მემორანდუმი.

„თვითკმაყოფილებას არიან მიცემული. მათ, რასაც პოლიტიკური ლიდერი დაუკვეთავთ, იმას სამარცხვინოდ აკეთებენ. რა მანიფესტმა უნდა გადაარჩინოთ? ეს ღიმილისმომგვრელია. ეს ადამიანები ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესს აცდენილი არიან. მათ არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ, რადგან სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებთან წინააღმდეგობაში არიან. ერთადერთი ის გადაარჩენთ, რომ ქუდი დაიხურონ და სახლში წავიდნენ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

“ნაციონალურ მოძრაობას“ გახლეჩისგან მხოლოდ ის გადაარჩენს, თუ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს გააუქმებს”- ხატია დეკანოიძე

„ნაციონალურ მოძრაობას“ გახლეჩისგან მხოლოდ ის გადაარჩენს, თუ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს გააუქმებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კონკრეტული პრობლემების გამო დატოვა და ეს პრობლემები არსად გამქრალა.

„სამწუხაროდ, გუშინ რაც მოვისმინე, თურმე „ვარდების რევოლუციის“ თარიღი მნიშვნელოვანი იმის გამო ყოფილა, რომ პარტიიდან რამდენიმე ადამიანი გაერიცხათ. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რადგან ოპოზიციური პარტიები დემოკრატიისა და განსაკუთრებული კონტრასტის მაგალითს უნდა აჩვენებდნენ. პარტიიდან ადამიანების გარიცხვის მომენტი თუ მართლა დადგება, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობისგან“ კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა. გარიცხვები „კომუნისტური პარტიიდან“ გვახსოვს, რაც დემოკრატიული თვალსაზრისით, პარტიისთვის დიდი პრობლემაა. ეს პარტია კონკრეტული პრობლემების გამო დავტოვე, რაც არსად გამქრალა. იმ პრობლემების ფონზე, ვერასდროს წარმომედგინა, რომ ერთობა ყოფილიყო. პარტიას გახლეჩისგან მხოლოდ ის გადაარჩენს, თუ მიხეილ სააკაშვილი მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ თავმჯდომარის პოსტი გააუქმოს და რეალურად, შეიქმნას საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებებს პარიტეტის პრინციპზე მიიღებს და ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება დემოკრატიის კონტექსტში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ევროკომისიამ უნგრეთს 900 მლნ ევრო გამოუყო

ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უნგრეთისთვის ავანსის სახით 900 მლნ ევროს გამოყოფის გადაწყვეტილებას. თანხები „კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენას“ უნდა მოხმარდეს. ამასთანავე, ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ ამით უნგრეთი უკრაინასთან დაკავშირებით პოზიციას შეიცვლის. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ევროკავშირის ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს, რომ უნგრეთს ენერგეტიკული პრობლემების დაძლევაში ეხმარება და ავანსის სახით გამოყოფილი თანხები არანაირ პირობებთან დაკავშირებული არ არის.

გასულ კვირას ვიქტორ ორბანის მთავრობამ ევროკავშირის გადაწყვეტილება დაბლოკა, რომელიც უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს ეკონომიკური და 20 მლრდ ევროს სამხედრო დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, იგეგმებოდა უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების დაწყება.

მანამდე ევროკავშირმა ბუდაპეშტს რამდენიმე სახის ფინანსური დახმარება შეუჩერა, რადგანაც არსებობდა ქვეყანაში კორუფციის და დემოკრატიული ნორმების დარღვევის შესახებ ინფორმაცია.

2023 წლის მესამე კვარტალში ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 592 მილიონი ლარი დახარჯეს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 18.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 647.2 ათასი შეადგინა, რაც 21.7 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 397.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 38.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 48.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 48.2 პროცენტს შეადგენდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 33.4 პროცენტი განხორციელდა საყიდლების მიზნით. ასევე, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 279.5 ათასი და 107.6 ათასი ვიზიტი.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.2 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 13.4 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 96.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 592.4 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 7.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 12.0 პროცენტით შემცირდა და 915.3 ლარი შეადგინა.

“ნიკა მელიამ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება ისედაც ძალიან გაწელა – ძალიან ვწუხვარ, რომ ბოლო შანსი არ გამოიყენა”

თუ ადამიანი არ აწერს ერთობის მანიფესტს ხელს და არ უერთდება მის სულისკვეთებას, ის თავად აღმოჩნდება პარტიის მიღმა. ეს არის ის რეალობა, რომელშიც დღეს ნიკა მელია აღმოჩნდა , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ პარტიის მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე პარტიის ის წევრები, რომლებიც მანიფესტს არ შეუერთდნენ, თავად გააკეთებენ განმარტებებს.

“სიმართლე გითხრათ, იურიდიული ტექნიკური დეტალებით ნამდვილად არ დავინტერესებულვარ, რადგან პარტიის დატოვება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. პრეზიდენტი სააკაშვილი არის ჩვენთან ერთად ერთობის მანიფესტის ავტორი, თუმცა ის არის ინიციატორი და მისი ეს ინიციატივა ჩვენ გავიზიარეთ. მან ძალიან ცხადად განაცხადა, რომ თუ ადამიანი არ აწერს ერთობის მანიფესტს ხელს და არ უერთდება მის სულისკვეთებას, ის თავად აღმოჩნდება პარტიის მიღმა. ეს არის ის რეალობა, რომელშიც დღეს ნიკა მელია აღმოჩნდა. ძალიან ვწუხვარ, რომ მან ეს ბოლო შესაძლებლობა არ გამოიყენა იმისთვის, რომ გავერთიანდეთ იმ დიდი გამარჯვებისთვის, რომელიც უნდა მოვიპოვოთ. ალბათ, სხვებიც გააკეთებენ განმარტებებს, თუმცა, ნამდვილად მაქვს დიდი იმედი, რომ ადამიანები, რომელთა ერთადაც მხარდამხარ ვიბრძვით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ უკვე მრავალი წელია, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩებიან და ჩვენ ერთად მოვიპოვებთ გამარჯვებას”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, წუხს იმის გამო, რომ ნიკა მელიამ ეს ბოლო შესაძლებლობა არ გამოიყენა.

„ისედაც ძალიან გაწელა მან პარტიის დატოვების გადაწყვეტილება. როგორც არაერთხელ განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ეს იყო ბოლო შესაძლებლობა, ბოლო შანსი და ძალიან ვწუხვარ, რომ მან ეს ბოლო შანსი არ გამოიყენა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

“ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველამ კარგად იცის, რომ პარტიის დაშლა გარდაუვალია” – მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველამ კარგად იცის, რომ პარტიის დაშლა გარდაუვალია.

“რაც არ უნდა შეეცადოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფორმა მისცეს ამ გარდაუვალ დაშლას, სადამდეც ეს ყველაფერი მიიყვანეს, ვფიქრობ, რეალურად ყველა ხვდება, რომ ეს არ არის ის მდგომარეობა, მანიფესტზე ვინ ხელს მოაწერს და ვინ არა, ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება. ამის ილუზია არავის ჰქონდეს. ყველამ კარგად იცის იქ, რომ ამ პოლიტიკური პარტიის დაშლა გარდაუვალია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის 23 ნოემბრის მანიფესტი გამოაქვეყნა.

“იმედია, ერევანი არ შეცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორს და მოსკოვის მოკავშირედ დარჩება” – პესკოვი

„რუსეთის ფედერაცია წუხს, რომ მინსკში სომხეთის წარმომადგენლები არ იყვნენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე“, – ამის შესახებ კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კუხოს საბჭოს სხდომაზე სომხეთის არყოფნასთან დაკავშირებით განაცხადა.

პესკოვმა იმედი გამოთქვა, რომ ერევანი არ შეცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორს და დარჩება მოსკოვის მოკავშირედ.

„ჩვენ შეგვიძლია ამ კუთხით წუხილი გამოვთქვათ. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია აგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ სამიტის დღის წესრიგში იყო „ე.წ. სომხური ფაქტორი“ და ამ საკითხზე აზრთა გაცვლა.

„რა თქმა უნდა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია დაინტერესებულია სომხეთის მონაწილეობით. ვიმედოვნებთ, რომ სომხეთი არ შეცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორს და დარჩება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი“, – აცხადებს პესკოვი.

“ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკურ ფორუმში” – ზურაბ პატარაძე

დღეს იწყება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი, რომლის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმში, რომელსაც ასევე ესწრებიან შუა აზიის ქვეყნების ლიდერები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ღონისძიებას უშუალოდ ილჰამ ალიევის მოპატიჟებით ესწრება.

„ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას. ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან. შეხვედრისას განხილულ იქნება მთელი რიგი საკითხები, როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, კულტურულ-ჰუმანიტარული საკითხებიც, მათ შორის, განსაკუთრებით აღსაღნიშნი არის მწვანე ენერგიის პროექტი და შავი ზღვის ფსკერზე ელექტრო კაბელის გაყვანის საკითხი, რაც ხელს შეუწყობს ენერგო უსაფრთხოებას, ენერგიის ექსპორტს ევროპის მიმართულებით, ასევე, რა თქმა უნდა, ლოჯისტიკური საკითხები, სატრანსპორტო დერეფანი, ამ მიმართულებით ახალი პროექტების წამოწყება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის გაფართოება და დასრულება, რომელიც წელს დასრულდება. ეს და სხვა საკითხები იქნება განხილული ორმხრივი შეხვედრების დროს. ვფიქრობ, ეს ვიზიტი მისცემს დამატებით იმპულსს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღვივებასა და გაძლიერებაში“, – განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის ოთხდღიანი შეთანხმება ამოქმედდა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის ოთხდღიანი შეთანხმება ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე ამოქმედდა.

როგორც მედია წერს, ამ დროისთვის ღაზის სექტორში საჰაერო თავდასხმები შეწყვეტილია.

გავრცელებული ინფორმაციით, ტყვეობაში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს ადგილობრივი დროით საღამოს ოთხ საათზე გაათავისუფლებენ.

ცნობისთვის, ისრაელისა და „ჰამასთან“ შორის შეთანხმების მიხედვით, ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი გათავისუფლდება 150 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ.