Home Blog Page 1990

ქედაში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 143-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ).

საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 150 -ზე მეტმა, ბენეფიციარმა, განხორციელდა 270 სამედიცინო ვიზიტი.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, ქედის მუნიციპალიტეტის მერი, რონალდ ბერიძე, პარლამენტის წევრი, ანზორ ბოლქვაძე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, პირველი მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა; ხუთწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდეგ კი, 2022 წლის 16 აპრილს, მემორანდუმი, კვლავ 5 წლით გაგრძელდა.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 142 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 12 776 ბენეფიციარს.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს შეთავაზება შინაური ცხოველების მეპატრონეებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეებს სთავაზობს, რომ დაარეგისტრირონ ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში, რის შემდეგაც ცხოველის უფასოდ სტერილიზაცია – კასტრაციას შეძლებენ.

როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი განმარტავს, რეგისტრაციის საფასური 19 ლარს შეადგენს.

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოსახლეობას სიახლეს ვთავაზობთ: თუ მოქალაქე მოვა მუნიციპალურ თავშესაფარში და აქ დაარეგისტრირებს ცხოველს, მუნიციპალური თავშესაფარი უფასოდ მოახდენს ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაციას, რაც საკმაოდ კარგია. იცით, რომ გარკვეულ საფასურს იხდიან ადამიანები როგორც კერძო ვეტკლინიკაში, ასევე მუნიციპალურ თავშესაფარში, ასეთი მომსახურება ფასიანია.

ამ კამპანიით გვინდა წავახალისოთ ცხოველთა რეგისტრაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, გვინდა ხაზი გაესვას სტერილიზაცია-კასტრაციის მნიშვნელობას.

ადამიანებს შეუძლიათ ცხოველთან ერთად მობრძანდნენ მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც რეგისტრაციის საფასურია გადასახდელი 19 ლარის ოდენობით, სპეციალური ჩიპით ხდება ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიცირება, რის შემდეგაც შეუძლიათ ცხოველი სრულიად უფასოდ გაასტერილონ ცხოველი მუნიციპალურ თავშესაფარში.

ამ კამპანიას სატესტო სახე აქვს, 1 თვე იქნება გათვალისწინებული. შედეგებიდან გამომდინარე, თუ როგორ გაამართლებს ეს კამპანია, ვიფიქრებთ, გავაგრძელოთ თუ არა ასეთი აქცია. ის მეპატრონე, რომელსაც ცხოველი არ ჰყავს რეგისტრირებული ჯარიმას ექვემდებარება. 2015 წელს საკრებულომ გამოსცა დებულება, რომლის მიხედვითაც აუცილებელია მოსახლეობამ დაარეგისტრიროს პატრონობაში მყოფი ცხოველი“,- აღნიშნა გიორგი კობიაშვილმა

ევროპის დღეები გრძელდება

მთავრობის მიერ ორგანიზებული ევროპის დღეები გრძელდება. დღეს ორბელიანის მოედანზე შვედური კულტურა იქნება წარმოდგენილი. დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

„ევროპის დღეების“ ფარგლებში, დღეს, ორბელიანის მოედანი, შვედურ კულტურას უმასპინძლებს.

„მეტი რა უნდა გააკეთოს ამ მორალისგან და სინდისისგან დაცლილმა ქალმა”- ნინო ფოჩხუა ელისო კილაძეზე

„მეტი რა უნდა გააკეთოს ამ მორალისგან და სინდისისგან დაცლილმა ქალმა, რომ განიკვეთოს საზოგადოებისგან. თურმე შოკშია და გული ხელით უჭირავს, ისეთი მძიმე დანაშაული ამხილა, პედოფილიის შემთხვევა ვანის ერთ-ერთ სოფელში, არა და მისი მოწინააღმდეგეების ბავშვების ბულინგი ხომ მისი მოგონილია.”- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ელისო კილაძის შესახებ.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ელისო კილაძეს და მის პატრონებს ვანში მომხდარი შემზარავი ფაქტით სურთ გადაფარონ ქოლცენტრების საქმე.

„მეტი რა უნდა გააკეთოს ამ მორალისგან და სინდისისგან დაცლილმა ქალმა, რომ განიკვეთოს საზოგადოებისგან. მის ლაივ-ჩართვასაც ვუსმინე, ამდენი ფარსი და მანიპულაცია თუ შეეძლო ადამიანს ვერ წარმოვიდგენდი, თურმე შოკშია და გული ხელით უჭირავს, ისეთი მძიმე დანაშაული ამხილა, პედოფილიის შემთხვევა ვანის ერთ-ერთ სოფელში, არა და მისი მოწინააღმდეგების ბავშვების ბულინგი ხომ მისი მოგონილია. ამჟამად რას ემსახურება მისი ასეთი აღშფოთება, აქ მარტივად არის საქმე, მას და მის პარტნიორებს იმ თემის გადაფარვა უნდათ, რასაც მათ მმართველობაში არსებული, უბინძურესი ფულის შოვნის ბიზნესი ქოლ-ცენტრი ჰქვია. პედოფილია ისეთი თემაა ყვავი-ჩხიკვის მამიდა კი არა, საკუთარმა შვილმაც რომ ჩაიდინოს მსგავსი დანაშაული ვერავინ ააცილებს უმკაცრეს დასჯას. ასე რომ ეს გალიაში გამომწყვდეული, ადამიანად წოდებული უკვე ყოველდღე ხვრეტს ფსკერს და ეს უნდა დამთავრდეს!“- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – არის მსხვერპლი

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.  შემთხვევა გვიან ღამით, აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, მალტისა და იტალიის რესპუბლიკებს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 7-12 მაისს, ვიზიტით მალტისა და იტალიის რესპუბლიკებს ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს მალტის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან და მალტის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გამართავს.

შეხვედრა გაიმართება მალტის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ვატიკანის სამოციქულო სასახლეში აღმოსავლეთ ეკლესიების დიკასტერის პრეფექტთან, და წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან.

პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე ლორენცო ფონტანას და სენატის ვიცე-პრეზიდენტ ჯან მარკო ჩენტინაიოს შეხვდებიან.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით , იტალიის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა მინისტრს, რაფაელე ფიტოს და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს, ედმონდო ჩირიელის შეხვდება.

შეხვედრები გაიმართება იტალია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, გივი მიქანაძე, ქეთევან თურაზაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

,,კონტრშეტევამ შესაძლოა, პარტნიორების მოლოდინი არ გაამართლოს” – WP

The Washington Post პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან და თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან ინტერვიუებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები ცდილობენ შეამცირონ მოლოდინები კონტრშეტევებთან დაკავშირებით.

გამოცემის ცნობით, უკრაინის ხელმძღვანელობა ამას აკეთებს იმის შიშით, რომ კონტრშეტევის შედეგმა შეიძლება, არ დააკმაყოფილოს მათი მოკავშირეების მოლოდინი.

გასულ კვირას ვაშინგტონ პოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში ოლექსი რეზნიკოვმა თქვა, რომ “ჩვენი კონტრშეტევასთან დაკავშირებით მოლოდინი მსოფლიოში გადაჭარბებულია”.

რეზნიკოვმა თქვა, რომ ”ადამიანების უმეტესობა რაღაც დიდს ელოდება”. მისი აზრით, ამან შეიძლება გამოიწვიოს “ემოციური იმედგაცრუება”.

“მე მჯერა, რომ რაც უფრო მეტი გამარჯვება გვექნება ბრძოლის ველზე, გულწრფელად რომ ვთქვათ, მით უფრო მეტი ხალხი დაგვიჯერებს, რაც ნიშნავს, რომ მეტ დახმარებას მივიღებთ,- თქვა ზელენსკიმ. 

WP წერს, რომ კონტრშეტევის დეტალები კვლავ გასაიდუმლოებული რჩება. უკრაინელი ოფიციალური პირები ფიქრობენ იმაზეც: რა შედეგი იქნება საკმარისი დასავლეთზე, განსაკუთრებით ვაშინგტონზე შთაბეჭდილების მოხდენისთვის?

სტატიაში აღნიშნულია – უკრაინაში ზოგიერთი ლიდერი შიშობს, რომ კიევმა შეიძლება, დაკარგოს საერთაშორისო სამხედრო დახმარება ან მოხდეს ახალი ზეწოლა მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებლად. და იქვე აღნიშნულია, რომ ასეთი მოლაპარაკებები, დიდი ალბათობით, მოიცავს რუსეთის მოთხოვნას სუვერენული ტერიტორიის მოლაპარაკების გზით დათმობაზე, რასაც უკრაინა მიუღებლად მიიჩნევს.

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას სერვანტესის სახელი ეწოდება

საქართველო უკვე ტრადიციად ქცეულ ევროპის დღეებს მასპინძლობს. წელს პირველად შვედეთისა და ესპანეთის დღეები ორბელიანის მოედანზე აღინიშნება.

6 მაისს ესპანეთის დღის აღსანიშნავად გაიმართა კულინარიული მასტერკლასი, ესპანური ტრადიციული სამოსის გამოფენა, ანტონიო გადესის ანსამბლისა და სუხიშვილების დასის კონცერტი.

სტუმრებს ღონისძიების გახსნამდე სიტყვით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თორთლაძემ, და ესპანეთის საქმეთა რწმუნებულმა მარკოს გრანადოსმა მიმართეს.

ღონისძიების დასაწყისში მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.

მან შეკრებილ საზოგადოებას მიულოცა ეს დღე და საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი ტყემალაძემ დააანონსა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების სიმბოლოდ თბილისში დიდი ესპანელი კლასიკოსის, მიგელ დე სერვანტესის, სახელობის, ქუჩა გაიხსნება.

„ევროპის დღეებს ჩვენი ქვეყანა წლებია მასპინძლობს, თუმცა წელს პირველად საქართველოს მთავრობის ორგანიზებით პერსონალურად შვედეთის და ესპანეთის დღეები იმართება. ეს ორი ქვეყანა შემთხვევით არ შერჩეულა. საქართველო და თბილისი შვედეთს, როგორც ევროკავშირის მოქმედ, ხოლო ესპანეთს, როგორც მომავალ თავმჯდომარე ქვეყანას, მასპინძლობს.

ესპანეთთან ჩვენს თანამშრომლობას – პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ურთიერთობას – ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა ამ ქვეყნის, ერისა და მისი დიდებული წარმომადგენლების მიმართ დედაქალაქის საკრებულო გამოდის ინიციატივით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს ესპანელი კლასიკოსის, მიგელ დე სერვანტესის სახელი. მჯერა, რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის კავშირების გაღრმავებასა და განმტკიცებას“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

კანადაში ტყის ხანძრს ებრძვიან

დასავლეთ კანადის პროვინცია ალბერტაში, ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ დროისთვის, საცხოვრებელი სახლის დატოვება 25 ათას ადამიანს მოუწია.

ხანძრას ასზე მეტი კერა აქვს და ალბერტას პრემიერ-მინისტრმა დანიელ სმიტმა სიტუაციას „უპრეცედენტო“ უწოდა. მისი თქმით ამდენი კერა ცხელი და მშრალი გაზაფხულის გამო გაჩნდა. ამ დროისთვის დაახლოებით 122 000 ჰექტარია დამწვარი. ცეცხლის გაძლიერებას ძლიერი ქარიც უწყობს ხელს.

ყველაზე მეტად დაზარალდა დრეიტონის ველი, პროვინციის დედაქალაქ ედმონტონიდან დასავლეთით დაახლოებით 140 კილომეტრში და ფოქსის ტბა, ქალაქიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 550 კილომეტრში, სადაც 20 სახლი დაიწვა.

მობილიზებულია სახანძრო ვერტმფრენები და საჰაერო ტექნიკა.

ქალაქ ედმონტონის ერთ-ერთ საგამოფენო ცენტრ ში 1000-ზე მეტი ევაკუირებულია განთავსებული, ასევე დროებით თავშესაფრად გადაკეთდა მოედანიც.

ალბერტა ნავთობის მწარმოებელი მთავარი რეგიონია. ჯერჯერობით ნავთობის ობიექტებს საფრთხე არ ემუქრება.

ავიაკომპანიები პილოტების ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლებაზე ფიქრობენ

ავიაკომპანიები პილოტების ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლებაზე ფიქრობენ . ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„ხელოვნურ ინტელექტს დიდი გავლენა ექნება საავიაციო ინდუსტრიაზე და ამან შეიძლება მოიცვას პილოტების ჩანაცვლებაც”, – განაცხადაEmirates-ის პრეზიდენტმა ტიმ კლარკმა.

ეს შეიძლება შემაშფოთებელი იყოს მათთვის ვინც კაბინაში პილოტების ყოფნას მიეჩვია და სხვანაირად ვეღარ წარმოუდგენია. თუმცა, ავიაკომპანიებისთვის ეს ასე აღარაა და ისინი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, პილოტების ჩანაცვლებაზე აქტიურად ფიქრობენ.

გასათვალისწინებელია, რომ ჯერ კიდევ 1950-იან წლებში, კაბინაში ხუთკაციანი ეკიპაჟი იყო: ნავიგატორი, ფრენის ინჟინერი და რადიოოპერატორი ახლა პილოტებს აღარ სჭირდებათ. ტექნოლოგიის გაუმჯობესების პარალელურად, ეკიპაჟის სამმა წევრმა დაკარგა ადგილები და როგორც ჩანს, ახლა კიდევ ერთი პილოტის ჯერია.

თვითმფრინავი პილოტის გარეშე?

ფრენისას ორი პილოტის ფაქტორი მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდება. თუმცა, ტექნოლოგიის განვითარების პარალელურად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შესაძლებელი იქნება თვითმფრინავის აეროპორტში დასასმელადაც.

თვითმფრინავები უკვე იყენებენ კომპიუტერებს ამოცანების ავტომატიზაციისთვის. ავტოპილოტები აკონტროლებენ თვითმფრინავს ფრენების გარკვეულ ხანგრძლივობას. და აი ახლა, თვითმფრინავების მწარმოებლები იკვლევენ, შეუძლია თუ არა AI-ის უფრო მეტი როლი შეასრულოს. ასეთ შემთხვევაში, თვითმფრინავის კაბინაში მხოლოდ ერთი ადამიანი იქნება საჭირო.

ამ მხრივ, საინტერესოა ავტონომიური საჰაერო ტაქსები. ამ ტექნოლოგიის გამოჩენას საზოგადოებაში ავტოპილოტირებადი ტექნოლოგიის მიმართ ნდობის დათესვა შეუძლია. თუმცა, ამას შეიძლება დრო დასჭირდეს და მოიცდიან თუ არა ამდენს ავიაკომპანიები, ეს არ ვიცით.

მიუხედავად ამისა, სავარაუდოა, რომ თვითმფრინავში ერთი პილოტი მიანც დარჩება. მაგრამ აქ შეკითხვა შემდეგია: რამდენი ხანი შემორჩება ეს ერთი პილოტი კაბინაში?

სასკოლო ექსკურსიების მოწყობის წესი შეიცვალა

სასკოლო ექსკურსიების დაწყების მოახლოებასთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გასულ წელს დაწესებული რეგულაციები შეცვალა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებს სკოლებისთვის განახლებული წესი, შესაბამის წერილთან ერთად გადაუგზავნა.

რეგულაციებს EDU.ARIS.GE ავრცელებს.

„სასწავლო წლის მიწურულს გახშირდა მომართვები სასკოლო ექსკურსიების განხორციელებასთან დაკავშირებული რეგულაციების დაზუსტების თაობაზე. როგორც მოგეხსენებათ, გასული ორი წლის განმავლობაში, ქვეყანაში არსებული პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სამინისტროს მიერ რეკომენდებული იყო სასკოლო ექსკურსიები 150 კმ-ის რადიუსში განხორციელებულიყო. აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურებოდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამჟამად არსებული სტაბილური ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვის აუცილებლობა აღარ არსებობს.

ძალაში რჩება სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები, როგორიცაა:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი და “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 31 მაისის N719 ბრძანება.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის თანახმად, ექსკურსია არის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული/მოწყობილი გასართობი, შემეცნებითი ან/და სასწავლო ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს მგზავრთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანას და რომლის ორგანიზების/მოწყობის შესახებ გამოცემულია აღნიშნული დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტი.

„საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონით გაწერილია ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ვალდებულებები, მათ შორის:

სასკოლო ექსკურსიის მძღოლი ვალდებულია ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგინოს:

ბოლო 6 თვის განმავლობაში გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ან სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომლითაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დასტურდება, და ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, რომელშიც მითითებულია, სულ მცირე, ექსკურსიის ორგანიზატორი/მომწყობი დაწესებულება, ამ დაწესებულების მისამართი, მისი დირექტორის ვინაობა, ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელის ვინაობა, ყველა მუნიციპალიტეტის დასახელება, რომლებში გადაადგილებაც გათვალისწინებულია ექსკურსიის ფარგლებში, და მიახლოებითი მანძილი, რომლის გავლაც გათვალისწინებულია ექსკურსიის ფარგლებში.
ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებიდან 5 წელი მაინც უნდა იყოს გასული.

ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მგზავრთა რაოდენობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებლის მიერ მისთვის დადგენილ სავარძლების რაოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.

ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ყველა მგზავრი უსაფრთხოების ღვედით უნდა სარგებლობდეს.

ექსკურსიის ფარგლებში იმ მგზავრის გადაყვანისას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი საჭიროება.

თუ ექსკურსიის ფარგლებში გასავლელი მიახლოებითი მანძილი 500 კმ-ზე მეტია, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს უნდა ახლდეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებაში უნდა ინახებოდეს ცეცხლსაქრობი და პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა სათანადო შიგთავსით.

ექსკურსიის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალებაში მგზავრების მიერ უსაფრთხოების ღვედებით სარგებლობისათვის. ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, მას წარუდგინოს ექსკურსიის მოწყობის თაობაზე დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 31 მაისის N719 ბრძანების შესაბამისად, ექსკურსიის ორგანიზატორი/ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მგზავრობის პროცესში და ექსკურსიის ლოკაციაზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, რისთვისაც იგი გამოითხოვს და სკოლის დირექტორს, ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღით ადრე წარუდგენს ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლს, ინფორმაციას ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების (მათ შორის, მცირეწლოვნების), პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ.
სკოლის დირექტორი განიხილავს წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტებს, იღებს გადაწყვეტილებას ექსკურსიის განხორციელების ან განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ და გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს.

მოსწავლეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ექსკურსიისთვის ლოკაციის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე.

ექსკურსიის ორგანიზატორი ვალდებულია, მოსწავლეს, მის წარმომადგენელს და ექსკურსიაში მონაწილე სხვა პირებს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ექსკურსიის თარიღის, ლოკაციის, დაგეგმილ ღონისძიებათა მიზნების, აქტივობების და მონაწილე და პასუხისმგებელი პირების შესახებ.

ექსკურსიის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა ექსკურსიაში მოსწავლის მონაწილეობის შესახებ, თუ მოსწავლის წარმომადგენელი არ ახლავს მას ექსკურსიაზე.

ექსკურსიის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროებების შესახებ.

მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ექსკურსიაზე ტრასპორტირება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც გავლილი აქვს ტექდათვალიერება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს შესაბამისი გამოცდილებისა და სათანადო კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლი.

მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას, მათი კვების მიზნით, საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთათვის ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი საჭიროების გათვალისწინებით.

ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.

გთხოვთ, გააცნოთ ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია სამოქმედო ტერიტორიებზე არსებულ

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

6 მაისს, სოციალურ მედიაში გავრცელდა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები. ამ დროისათვის, სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება. სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ. ამავდროულად, როგორც ლევან იოსალიანი აცხადებს, აუცილებელია, ყველა იმ პირის იდენტიფიცირება ვისი მხრიდანაც განხორციელდა არასრულწლოვანის სავარაუდო უფლება დარღვევის ფაქტები. „აღნიშნულის პარალელურად, მნიშვნელოვანია, იმ ბავშვის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი ფსიქო-სოციალური სერვისების მიწოდება ვის მიმართაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა აღნიშნულ ქმედებებს. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, მაქსიმალურად უზრუნველყონ ბავშვების კონფიდენციალურობის დაცვა და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება, რათა, მათ შორის, არ მოხდეს არასრულწლოვანთა რეტრავმატიზაცია. სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, შეისწავლის აღნიშნულ საქმეს“, – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.