Home Blog Page 1989

მტკვარში ახალგაზრდას ეძებენ

სოფელ ნაქალაქევში მცხოვრებ 28 წლის კაცს, მდინარე მტკვარში, მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

“მდინარის ნაპირებზე დავდივართ, ახალი არაფერია”, – ამბობს დაკარგული კაცის ბიძაშვილი.

ცნობისთვის, 28 წლის კაცი სახლიდან გუშინ დილით გავიდა. იგი სოფელ თმოგვიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ფერმაში უნდა მისულიყო.

ფერმამდე მისასვლელად კაცი მტკვარზე უნდა გადასულიყო. არსებობს ვარაუდი, რომ ის წყალში ჩავარდა. ადგილობრივების თქმით,  ამ ადგილზე ხიდი არ არის, მოსახლეობა წყალზე გაჭიმული ბაგირით სარგებლობდა, რომელზეც კალათა იყო ჩამოკიდებული.

როგორც გუშინ ერთ–ერთმა მოქალაქემ “სამხრეთის კარიბჭეს” უთხრა, 28 წლის კაცმა წყალზე გადასავლელად კალათა არ გამოიყენა და ბაგირზე ჩამოკიდებულმა სცადა მეორე მხარეს გადასვლა.

სამძებრო ღონისძიებების დაწყების შემდეგ, მოსახლეობამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში, მტკვარში მისი ზურგჩანთა იპოვეს.

„ინფო რუსთავს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ადგილზე ძებნა-შველის ღონისძიებები მიმდინარეობს.

,,მოინდომეს, რომ გახდნენ გამომძიებლები”- პაპუაშვილი ოპოზიციაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, “ქოლცენტრებთან” დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა აჩვენებს, რომ ოპოზიცია შეუმდგარია. მისივე თქმით, ეს არის საქართველოს ოპოზიცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ნეგატიური ფონი შექმნას და ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებისას ამით იხელმძღვანელოს. “ეს აჩვენებს, რომ ჩვენი ოპოზიცია შეუმდგარია და მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ნაკარნახევია არა მოქალაქეების ინტერესებიდან, არამედ ხან გარედან, ხან სხვადასხვა ჯგუფებიდან. ყოველ შემთხვევაში, ეს არის მათი პარტიული ინტერესები. ქართველმა ხალხმა შეადაროს, რას აკეთებს ხელისუფლება და რას – ოპოზიცია. ბოლო, თითქმის ერთი წელია, ხელისუფლება ასრულებს იმ წინაპირობებს, რომლებიც მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ოპოზიცია თითს თითზე არ ადებს, რომ ამაში მიიღოს მონაწილეობა. ახლა ნაცვლად იმისა, რომ შეასრულონ დეპუტატის უფლებამოსილება, მოინდომეს, რომ გახდნენ გამომძიებლები და აქ ეძებენ საკუთარი თავისთვის რეალიზაციას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად სკანდალზე, არევაზე ორიენტირებული ოპოზიცია ჰყავს დღეს საქართველოს. არა ხელისუფლების, არამედ სინამდვილეში, ეს არის საქართველოს ოპოზიცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, შექმნას ნეგატიური ფონი, რომ ევროკავშირს როცა ექნება მისაღები გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, იხელმძღვანელოს ასეთი ნეგატიური ფონით, ასეთი მღელვარებით და არა იმ შედეგებით, რასაც საქართველო აჩვენებს,”- განაცხადა პაპუაშვილმა

მოლდოვა უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს აკრძალავს

მოლდოვამ უკრაინა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვის განზრახვის შესახებ ოფიციალურად გააფრთხილა და დაჰპირდა, რომ მის ტერიტორიაზე პროდუქციის ტრანზიტის რეჟიმს კვლავ  შეინარჩუნებს.

მოლდოვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ უკრაინული ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირას იმპორტის დროებითი აკრძალვის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას შეუერთდეს.

კიშინიოვის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის შიდა ექსპორტის შემცირების გამო მიიღეს.

“გინდათ? ასეთი მიგვიღეთ, არ გინდათ? კარგად იყავით” – მეუფე საბა ევროპას

„ჩვენ არაფრის წინააღმდეგი არ ვართ, არც ევროკავშირის, არც ნატოსი, თუ სახელმწიფოს სჭირდება და ეს არის სახელმწიფოს ატრიბუტი დაე იყოს ასე, მაგრამ ჩვენ არასდროს არ შევურიგდებით ისეთ გამოფენებს, ისეთ მოწოდებებს, ისეთ ცხოვრების წესს, რომელიც ქრისტეს წარმოაჩენს როგორც სექსუალურ პიროვნებას, როგორც გეი პიროვნებას“, – ამის შესახებ სამტრედიისა და ხონის მღვდელმთავარმა, მეუფე საბამ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, დასავლეთი საქართველოს ქვეყნისთვის მიუღებელი წესების მიღებას არ უნდა სთხოვდეს. „ვინც შეურაცხყოფს დედა ღვთისმშობელს, ან შეურაცხყოფს თამარ მეფეს, ან რომელიმე წმინდანს, ან შეურაცხყოფს ჩვენს წესებს, ტრადიციებს, გინდათ? ასეთი მიგვიღეთ, არ გინდათ? კარგად იყავით. თუ თქვენ გაქვთ, თქვენი წესები და ტრადიციები, რაშიც ეჭვი მეპარება, ჩვენ უფრო მეტი გვაქვს. არავინ არ უნდა უთხრას ქართველებს, არავინ არ უნდა დაემუქროს ჩვენ ქვეყანას, რომ ისეთი წესებით მიგიღებთ, როგორიც ჩვენ გვინდა. აბა შეეცადეთ საქართველოში წესების და ტრადიციების განადგურებას. და ვინც შეეცადა, დღეს ისტორიაშიც კი არ იხსნება. ამიტომ, ცოტა ფრთხილად იყავით, როდესაც ამ ქვეყანას ისე ექცევით და ესაუბრებით როგორც თქვენ გინდათ და არა ისე, როგორც ის იმსახურებს“, – განაცხადა მეუფე საბამ.

როგორ გამოიყურება სალომე ზურაბიშვილი ჩარლზ მესამის და დედოფალ კამილას კორონაციაზე – ფოტოები

ლონდონში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ მესამის და დედოფალ კამილას კორონაციის ცერემონია დაიწყო. კორონაციას მთელი მსოფლიოდან ქვეყნის პირველი პირები ესწრებიან, მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტი კორონაციაზე შვილთან ერთად მივიდა. სოციალურ ქსელში მათი ფოტოები და ვიდეოები ვრცელდება

,, მათ რაღაც ინფორმაციის მიღება ან დამალვა უნდათ”- ვოლსკი ე.წ. ქოლცენტრებზე

ადამიანები, რომელთა გვარებიც საეჭვო გარემოებებიდან გამომდინარე ქოლცენტრებს უკავშირდება, საპარლამენტო კომისიის შექმნას არ უნდა ითხოვდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ე.წ. ქოლცენტრებზე საუბრისას განაცხადა. „ადამიანები, რომელთა გვარებსაც ამ საეჭვო გარემოებებიდან გამომდინარე უკავშირდება ეს ქოლცენტრები, არ უნდა ითხოვდნენ საპარლამენტო კომისიის შექმნას. ესეც დამატებით ეჭვს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ინფორმაციის მიღება უნდათ, თან დამალვა უნდათ, ან გარემოებებია ისეთი, რომელიც ავალებთ მათ, ნაგავში მჯდომთ, რომ როგორმე ეს ნაგავი გადაანაწილონ და ისრები როგორმე სახელისუფლებო სტრუქტურებზე, ზოგადად ხელისუფლებაზე გადაწიონ“, – განაცხადა ვოლსკიმ. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი ვაშაძისა და დავით არახამიას კუთვნილი ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს.

,,საზოგადოება კარგად ხვდება ვინ მალავს და ვის არ უნდა საგამოძიებო კომისია”- ხაბეიშვილი

საგამოძიებო კომისიას „ოცნება“ კი არ ითხოვს. ითხოვს ოპოზიცია და როდესაც მეკითხებით, მხარს დავუჭერ თუ არა, არათუ მხარს დავუჭერთ, ჩავერთვებით საგამოძიებო მოქმედებებში, ვგულისხმობ საპარლამენტო კომისიას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ე.წ. ქოლ-ცენტრებზე საუბრისას განუცხადა. „საზოგადოება კარგად ხვდება ვინ მალავს და ვის არ უნდა საგამოძიებო კომისია და ახლა იგონებენ ყველაფერს, რომ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი ვაშაძისა და დავით არახამიას კუთვნილი ე.წ. ქოლ-ცენტრი აღმოაჩინეს. ამის პარალელურად ოპოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

დიდუბის პანთეონის წინ გზის საფარის გათხრისას საფლავები აღმოაჩინეს (ფოტოები)

დიდუბის პანთეონის წინ გზის საფარის გათხრისას საფლავები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.

„დიდუბის პანთეონის წინ გზის საფარის გათხრისას საფლავები აღმოჩნდა!
1938 წელს დიდუბის სასაფლაო გაუქმდა , მისი გალავანი მოანგრიეს და გალავნის პირას დაკრძალულ პირთა საფლავები სავალი გზის ქვეშ აღმოჩნდა. მათ შორის არაერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწის საფლავი იყო. ერთ ერთი იყო პედაგოგი ეგნატე ხრამელაშვილი. დღეს ამ საფლავებში არსებული ნეშტები, შესაძლებელია, დაიკრძალოს დიდუბის პანთეონის ტერიტორიაზე ერთ საძმო საფლავში და დაეწეროს იმ საზოგადო მოღვაწეთა გვარები, რომელთა საფლავები შეეწირა 1938 წლის ვანდალიზმს.

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გასულ თვეში ქართველმა ფორვარდმა 5 თამაშში 6 გოლი გაიტანა და თავის გუნდს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ „მეცი“ საფრანგეთის უმაღლეს ჩემპიონატში გადასვლისთვის იბრძვის. ამჟამინდელი მდგომარეობით ქართველის გუნდი მესამე ადგილზეა.

მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე 20 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა, რაც ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.

საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით – ირაკლი ღარიბაშვილი

მე მჯერა, საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ევროპის დღის” გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროპას. „მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. პირველ რიგში, მივესალმები ევროკავშირის ელჩს, ბატონ პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშირის ელჩებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თბილისის მერს, პატივცემულ სტუმრებს. მინდა ჩემი გულწრფელი აღფრთოვანება გამოვხატო ბატონი ელჩის ქართულის ცოდნით. კიდევ ერთხელ, მინდა მას მადლობა გადავუხადო, რომ საზოგადოებას მიმართა ქართულ ენაზე. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ დღეს „ევროპის დღეს“ აღვნიშნავთ, ქართველები და ევროპელები ერთად. ვინაიდან, ეს დღე არის, როგორც ევროპისთვის და ევროპელებისთვის, ასევე ქართველებისთვის. ქართველები ყოველთვის ისტორიულად მივიჩნევდით ჩვენს თავს ევროპის ნაწილად. შესაბამისად, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრები. თქვენ იცით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროპას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივის მონიჭება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის და გვაქვს გააზრებული, რომ ეს მოითხოვს კიდევ უფრო მეტი საქმის გაკეთებას, მეტი რეფორმების განხორციელებას იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას“, – განაცხადა პრემიერმა. კანდიდატის სტატუსზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. „მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ჩვენი ხელისუფლების სრული მზაობა იმისათვის, რომ გავაგრძელოთ რეფორმები, რომელიც არის, პირველ რიგში, აუცილებელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და მეორე რიგში, ეს არის კიდევ უფრო მეტად დამაახლოებელი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და საზოგადოებასთან. ჩვენ ევროპასთან და ევროპელ ხალხთან გვაკავშირებს ძალიან ბევრი საერთო ღირებულება და ფასეულობა. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს ფასეულობები ეფუძნება ჩვენს ქართულ, იდენტურ, ქრისტიანულ ღირებულებებს და ამაზე არის დაფუძნებული თანამედროვე ევროპაც. შესაბამისად, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ელჩებო, პატივცემულო სტუმრებო, მე მჯერა, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით, დიდი მადლობა. ვუსურვებ ევროპას მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას ჩვენს ხალხებს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. “ექსპო ჯორჯიაში” გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ. სტუმრებმა მოისმინეს საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. პრემიერ-მინისტრმა “ექსპო ჯორჯიაში” წარმოდგენილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტენდები დაათვალიერა. “ევროპის დღის” გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები.

ყირიმის თავზე უკრაინული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს – რუსული მხარე

უკრაინული Grom-2-ის ტიპის სარაკეტო სისტემიდან გაშვებული რაკეტა ყირიმის თავზე ჩამოაგდეს, – ამის შესახებ რუსული მხარე იუწყება.

„საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყირიმის რესპუბლიკის თავზე უკრაინული Grom-2-ის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს“, – აღნიშნულია რუსული მხარის განცხადებაში.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით – მეუფე იაკობი

ჩვენთან რევოლუციების ესკორტები ასე ვერ მოხდება. შეხედონ, ძალიან დიდი ძალაა ხალხთან, დიდი ძალაა ეკლესიაში, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მეუფემ მიმართა ახალგაზრდებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგები არიან, წინა თაობები არასდროს დაივიწყონ.

„ხშირად მიწევს უცხოეთში ყოფნა. ეს იქნება აშშ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანა, იქ ძალიან ბევრი რამე მოსაწონია, მაგრამ ბევრი რამე ისეთია, რაც ჩემთვის მიუღებელია და მას არასდროს მივიღებ. ამიტომ, ევროპა იქნება, ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი და ა.შ. უნდა შეეგუონ იმას,რომ ქართველები ასეთები ვართ. ქართველებო, იცოდეთ, რომ ღმერთი ჩვენ არასდროს გაგვწირავს. უარესი დრო გამოგვივლია, უარესებიც გვინახავს. ჩვენ ვჭირდებით ევროპას, ჩვენი სისუფთავე და ჩვენი იდეები სჭირდება. რაც კარგი აქვთ იმათ, იმ კარგში გაუმარჯოთ, რაც ჩვენთვის ცუდია ვერ მივიღებთ! როცა მეტყვიან, რომ „მამაკაცის და დედაკაცის გარდა… სხვა ვიღაცაა”, ღმერთმა მასწავლა, ღმერთისგან გვჯერა ის… ვიღაცა თუ წარმოიდგენს და თქვას, ანგელოზი ვარ ან რაღაც თქვას, დაუჯერებთ?! ნება მათია, თავიანთ ქვეყნებში რა კანონებიც უნდათ ის მიიღონ. ჩვენ როგორც ვართ გვაცადონ და ასე ვიცხოვრებთ. გამოვიდნენ და პირდაპირ თქვან, ხომ ფიქრობენ მომავალზე, როგორი საქართველო გვინდა, კაცი კაცი არ იყოს და ქალი ქალი არ იყოს? ჩვენ ხომ არავის დავდევთ, არც რასობრივი და არც იმის ნიშნით, რა მიდრეკილება აქვს გონებაში, თუ ისე. ასე არ ყოფთ ადამიანებს, ადამიანი ადამიანია თავისი ცოდვებით და თავისი კეთილი საქმეებით. ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ან ღვთის სათნო საქმეები ან ღვთისთვის არასათნო საქმეები, რომელიც თვითონაც აზიანებს. ღმერთი და ის ერთმანეთში თვითონ გაარკვევენ. მე ნუ მიქადაგებ, ჩემი ისტორიის ერს ნუ მიქადაგებ რაღაცას. არავინ მოგცა უფლება, ვინ ხარ, 20 წელია რაღაც დაიწე? რომელი ხარ ავტორიტეტი? გამოვიდნენ და მითხრან, ჩვენთვის რომელია ავტორიტეტი. ქრისტეზე მეტი ავტორიტეტი ვინ არის. უნდათ შეგვიცვალონ, ღმერთი შეგვიცვალონ. მე ის ადამიანი არ ვარ გითხრათ, ქართველობას… ვერავინ ვერაფერს წაგვართმევს! ვინც ვართ, რაც ვართ, ეს ვართ! ქიზიყში ვართ და ვიბრძოდით, მოწინავე ლაშქარი ვიყავით, ვწყდებოდით, მაგრამ ვერ გაგვწყვიტეს. ვენახიც და ყველაფერიც გვაქვს. შაჰ-აბასით დაწყებული და დღევანდელი შაჰ-აბასებით დამთავრებული, რას არ აკეთებენ. ნუთუ ქართველობა და ძლიერება არის ის, რომ იძახო, რუსი ხარო? – რუსი შენ ხარ! შენთვის ღირსება, ოჯახი, კაცობა, მამობა, დედობა თუ მიუღებელია შენ ხარ მიუღებელი და რუსიც არ ხარ იმიტომ, რომ რუსს კიდევ რაღაც ის აქვს. საერთოდ უგვანი ხარ, მსოფლიოს არცერთი ქვეყნის მოქალაქე არ ხარ. კეთილი ინებეთ და თქვენი ასეთი რაღაცები თქვენ დაიტოვეთ და ჩვენ ნუ გვასწავლით ჭკუას. ჩვენ ჭკუის სწავლა არ გვჭირდება. მიხარია, რომ ჩვენთან უკვე ამაზე ყველა ხმამაღლა საუბრობს. ჩვენთან რევოლუციების ესკორტები ასე ვერ მოხდება. შეხედონ, ძალიან დიდი ძალაა ხალხთან, დიდი ძალაა ეკლესიაში. ჩვენ გაჩერებული კი ვართ, რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით რაღაც რომ არ დავაზიანოთ, თორემ საკმაოდ შეგვიძლია იმ რაღაცა, აი, სულ რამდენი იქნებიან? გამოვლენ და ხმამაღლა იტყვიან, რომ კაცი კაცი არ უნდა იყოს დაქალი ქალი არ უნდა იყოს, ბავშვებმა სქესი გადაიკეთონ? რას ჰქვია?! სადაური წესია, შენ მოგწონს? შენ ქვეყანაში მიიღე ის კანონი, გქონდეს და მე თავი დამანებე.

3 000 წელი შენთვის არ მიკითხავს, როგორ უნდა მეცხოვრა და არც ახლა გკითხავ. სხვას თუ სერვანტერესი ჰყავს, ჩვენ გვყავს შოთა და გალაკტიონი, ვაჟა. სხვას თუ შექსპირი ან გოეთე ჰყავს, ჩვენ არავისზე ნაკლები არ ვართ არც კულტურით, არც ისტორიით, ჩვენი ცეკვა, სიმღერა აიღე. არ ვიცით, ვინ ვართ? რად გინდათ მონები იყოთ?! ჩაგძახებენ რაღაცას და იმის გამო, რომ გარეთ ვიღაცას ასიამოვნო ყოველგვარი ქართულის წინააღმდეგ რომ მიდიხართ? ფრთხილად იყავით, ფრთხილად და გონიერებას მოუხმეთ! არ გვინდა კონკრეტულად ვიღაც პიროვნებები გამოვყოთ, ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთად ცხოვრება ვისწავლოთ და არ მინდა ვიღაცას ძალა ვანახოთ, თორემ თუ საჭირო გახდა იმ ძალასაც ნახავენ და ღმერთმა გვაშოროს,რომ მანამდე მივიდეთ”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.