მტკვარში ახალგაზრდას ეძებენ

112
spot_img

სოფელ ნაქალაქევში მცხოვრებ 28 წლის კაცს, მდინარე მტკვარში, მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

“მდინარის ნაპირებზე დავდივართ, ახალი არაფერია”, – ამბობს დაკარგული კაცის ბიძაშვილი.

ცნობისთვის, 28 წლის კაცი სახლიდან გუშინ დილით გავიდა. იგი სოფელ თმოგვიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ფერმაში უნდა მისულიყო.

ფერმამდე მისასვლელად კაცი მტკვარზე უნდა გადასულიყო. არსებობს ვარაუდი, რომ ის წყალში ჩავარდა. ადგილობრივების თქმით,  ამ ადგილზე ხიდი არ არის, მოსახლეობა წყალზე გაჭიმული ბაგირით სარგებლობდა, რომელზეც კალათა იყო ჩამოკიდებული.

როგორც გუშინ ერთ–ერთმა მოქალაქემ “სამხრეთის კარიბჭეს” უთხრა, 28 წლის კაცმა წყალზე გადასავლელად კალათა არ გამოიყენა და ბაგირზე ჩამოკიდებულმა სცადა მეორე მხარეს გადასვლა.

სამძებრო ღონისძიებების დაწყების შემდეგ, მოსახლეობამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში, მტკვარში მისი ზურგჩანთა იპოვეს.

„ინფო რუსთავს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ადგილზე ძებნა-შველის ღონისძიებები მიმდინარეობს.