გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და კანადის პრემიერ- მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ სატელეფონო საუბარი გამართეს და არსებული ვითარება განიხილეს.
“ჩვენი დელეგაციის გუშინდელი გამოსვლა ბრიუსელში პრაქტიკულად დასრულდა 10:0, ქართული დელეგაციის სასარგებლოდ”
ჩვენი დელეგაციის გუშინდელი გამოსვლა პრაქტიკულად დასრულდა 10:0, ქართული დელეგაციის სასარგებლოდ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, სიმართლე არის ჩვენს მხარეს და როდესაც ევროკომისიის დასკვნების საფუძველზე საუბრობ, გაიმარჯვებ.
„გუშინდელი სხდომა უნდა განვიხილოთ ისე, როგორც პრაქტიკული მტკიცებულება, რასაც „ხალხის ძალა“ და ზოგადად, უმრავლესობა ვამბობდით, რომ საქართველო ჯერ კიდევ შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მათივე ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და დასკვნების შესაბამისად. სამწუხაროდ, იყო არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება. გუშინდელ სხდომაზე, როდესაც ევროპარლამენტარი ამბობს იმის საწინააღმდეგო პოზიციას, რაც ევროკომისიამ დასკვნის სახით გამოაქვეყნა, ეს ზუსტად ნიშნავს, რომ ამ ადამიანს აქვს რაღაც პარალელური ინტერესი. ბევრი ევროპარლამენტარი კორუფციაზეა დაკავებული ან რაღაც სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი აქვს, რომელიც ასევე საწინააღმდეგოა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი დელეგაციის გუშინდელი გამოსვლა პრაქტიკულად დასრულდა 10:0, ქართული დელეგაციის სასარგებლოდ. არა მარტო იმიტომ, რომ ეს ხალხი კარგად გამოვიდა, არამედ, იმიტომაც, რომ სიმართლე იყო და არის ჩვენს მხარეს. როდესაც სიმართლეა შენს მხარეს, როდესაც ევროკომისიის დასკვნების საფუძველზე საუბრობ, გაიმარჯვებ. ევროპარლამენტარი როდესაც იტყუები, შეურაცხყოფას აყენებ საზოგადოებას, როდესაც ევროკომისიის დასკვნას მალავ და საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებ, ბუნებრივია, ამ ტყუილს არავინ გაგიტარებს, პირველ რიგში, ევროპაში. ევროპა არის დემოკრატიის ის საფუძველი, სადაც ამბობენ, რომ სამართლიანობა უნდა იყოს. ევროპის გადაწყვეტილებასა და დასკვნას როცა საზოგადოებას დაუმალავ და უკუღმა გააცნობ, ბუნებრივია, ამას არავინ არ გაგიტარებს, არც ევროპაში და არც საქართველოში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
“ევროპარლამენტარები დამოკიდებული არიან იმ ჰედლაინებზე, რომლებიც საქართველოდან ესმით” – პაპუაშვილი
სამწუხაროდ, ხანდახან არის ჯგუფები, რომლებსაც აქვთ ზედაპირული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და თან ისე, რომ არ იციან სიღრმისეულად საკითხები. ჰედლაინების დონეზე აანალიზებენ საქართველოს მდგომარეობასა და შესაძლოა, ამაზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 12 პუნქტის შესრულებაზე მას და მის კოლეგებს უსაუბრია ევროპარლამენტარებთან და სამწუხაროდ, ისინი საკითხებში სიღრმისეულად ვერ ერკვევიან.
„ევროპარლამენტარებთან მისაუბრია, ჩემი კოლეგებიც ხვდებიან ევროპარლამენტარებსა და ესაუბრებიან 12 პუნქტის შესრულებაზე. სამწუხაროდ, ისინი სიღრმისეულად ვერ ერკვევიან საკითხებში. რა რეფორმები ტარდება, რა პროექტები ხორციელდება, რა არის შინაარსი რეფორმების – ამ საკითხებზე აქვთ ზედაპირული წარმოდგენა, რამდენიმე NGO-ს მხრიდან ჰედლაინის დონეზე გაჟღერებული კრიტიკისა. ერთ რამეში მინდა დავარწმუნო ქართული საზოგადოება, რომ ქართული პოლიტიკაზე ევროპარლამენტარები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ასე ხშირად გამოდიან ქართულ ტელეეკრანებზე, ვერ ერკვევიან სიღრმისეულად საკითხებში და ეს სამწუხაროა. ისინი არიან დამოკიდებული იმ ჰედლაინებზე, რომლებიც საქართველოდან მათ ესმით. სიღრმისეული დისკუსიის დროს ვერცერთ დეტალში ვერ მოგყვებიან, ვინაიდან სიღრმეების ცოდნა არ აქვთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რუმინეთი რუს დიპლომატებს აძევებს
რუმინეთი რუს დიპლომატებს აძევებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანას რუსეთის საელჩოს 40 თანამშრომელს დაატოვებინებენ. მათ შორის 11 დიპლომატი და ტექნიკური დეპარტამენტის 29 თანამშრომელია. უწყებაში განმარტავენ, რომ რუსეთის საელჩოს შტატს იმ რაოდენობამდე შეამცირებენ, რა რაოდენობითაც რუმინელი დიპლომატები რუსეთში არიან.
რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს ქვეყნის დასატოვებლად ერთ თვეს მისცემენ.
„საქართველო, შევხვდებით პირველ ოქტომბერს“ – ბრუნო მარსმა კონცერტი Facebook-ზე დააანონსა
მსოფლიო ვარსკვლავმა, ბრუნო მარსმა საქართველოში გასამართი კონცერტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. „საქართველო, შევხვდებით პირველ ოქტომბერს“, – წერს არტისტი.
შეგახსენებთ, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის, ეროვნული სტადიონი ბრუნო მარსს „Starring Georgia-ს“ ფარგლებში უმასპინძლებს.
15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა.
ამერიკელი მუსიკოსის, მომღერლისა და მულტინსტრუმენტალისტის სადებიუტო ალბომი „Doo-Wops & Hooligans“ მაშინვე ნამდვილი სენსაციად, ბრუნო მარსი კი, გლობალურ სუპერვარსკვლავად იქცა, რაც მის მომდევნო ტურნეებზეც დადასტურდა. სტუდიური მუშაობის პარალელურად, ნათელი გახდა, რომ ბრუნო მარსი ახალი თაობის ფავორიტ „ლაივ“ შემსრულებლად იქცა, რომელსაც საკონცერტო და საფესტივალო სივრცეებში ახლებური ენერგიის აკუმულირება შეეძლო. შესაბამისად, მოულოდნელი არ ყოფილა გრემის დაჯილდოებაზე შემდეგი ტრიუმფიც.
ბრუნო მარსის ვარსკვლავური სტატუსი კიდევ ერთხელ დამტკიცდა მომდევნო ალბომებში, სადაც, R&B და ჰიპ-ჰოპის პარალელურად, ბრუნო მარსი საცეკვაო მუსიკის ტენდენციებსაც არ ივიწყებდა.
სხვადასხვა მასშტაბური ფესტივალის, ტურნესა თუ ცალკეული ჰიტის დამსახურებით, ამერიკელი მუსიკოსი დღემდე რჩება სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედად.
ქართველ მსმენელს მისი მოსმენის საშუალება პირველად 1-ელ ოქტომბერს, „Starring Georgia- ს“ ფარგლებში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შეეძლება. კონცერტზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომი 20 ივნისს იქნება.
„Starring Georgia“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: „Imagine Dragons“, „Nile Rodgers & Chic“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.
” ნატო-ს ქვეყნები არ განიხილავენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას”- ესტონეთის პრემიერი
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნები არ განიხილავენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას.
„ყველა სახელმწიფო უკრაინას ამა თუ იმ დახმარებას უწვეს. მაგრამ არცერთ ქვეყანას არ განუცხადებია, რომ სურს ამ ომში ჩაერთოს და თავისი სამხედროები გაგზავნოს, ასეთი გეგმების შესახებ არ მსმენია“, – განაცხადა კალასმა.
ნატო-ს ყოფილმა გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს მიაჩნია, რომ უკრაინის მომავალი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დისკუსიების ფარგლებში ნატო-ს ცალკეული ქვეყანა შესაძლოა, შეთანხმდეს უკრაინის ტერიტორიაზე თავიანთი ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით.
რასმუსენის აზრით, თუ ნატო ვილნიუსის სამიტზე ვერ გადადგმას ნაბიჯებს ალიანსში უკრაინის გაწევრიანების ან მისთვის უსაფრხოების გარანტიების შესახებ, „არსებობს მკაფიო შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივუდუალურად მიიღოს ზომები“.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ხსენებულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნები მანამდე არ შეიყვანენ უკრაინის ტერიტორიაზე ჯარებს, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება.
„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ მანდატი ფართოვდება – დეტალები
ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსის ეკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით კანონში შესატანი ცვლილებები განიხილება, რაც მათ დროულ ჩართულობას და რეაგირებას გულისხმობს.
როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე განმარტა, ამ ცვლილებებით რეგულირების სააგენტოს მანდატი ფართოვდება და სანქციებიც იზრდება.
„განხილვის პროცესშია საკანონმდებლო ცვლილებები სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, რომ უფრო დროული რეაგირება და საქმიანობა შეეძლოს რეგულირების სააგენტოს. პარლამენტში მიმდინარეობს ამ პროექტის განხილვა. მნიშვნელოვანია ის, რომ თუ პაციენტი მომართავს რეგულირების სააგენტოს განცხადებით და საჩივრით, დღევანდელი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო დაუყოვნებლივ რეაგირებას ვერ ახდენს, ამასთან დაკავშირებით სასამართლოს უნდა მიმართოს. სასამართლომ 72-საათის განმავლობაში შუამდგომლობა უნდა წარმოადგინოს რეგულირების სააგენტოში, ასევე მიაწოდოს მხარეებს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ეს გარკვეულწილად აფერხებს რეგულირების სააგენტოს დროულ და ოპერატიულ საქმიანობას. დაუყოვნებლივ ვერ ვრეაგირებთ პაციენტის საჩივართან დაკავშირებით და მეორე, როდესაც მხარე შუამდგომლობის მისვლისთანავე ამ შემთხვევის შესახებ იგებს, რეგულირების სააგენტოს კომისიას რეალური ფაქტები აღარ ხვდება. იქ წესრიგდება დოკუმენტაციები, ექიმების განმარტებები, უკვე ინფორმაციული ხდება ეს საკითხი დაწესებულებისთვის, რაც რეგულირების სააგენტოსთვის ეფექტიანი არ არის. ამ კანონპროექტის ცვლილების შემდეგ, გვექნება დროული რეაგირება და უფრო რეალური ფაქტი იქნება წარმოდგენილი იმისთვის, რომ პაციენტმა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს“,- განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ამ ცვლილებების მიხედვით, რეგულირების სააგენტოს ნებისმიერ დროს შეეძლება მიმართოს დაწესებულებას, მოახდინოს ფოტო და ვიდეოგადაღება, ამოიღოს ნებისმიერი სახის მასალა, დალუქოს სამედიცინო დოკუმენტაცია, მოისმინოს ექიმებისგან განმარტებები თუ სხვა.
„ეს სააგენტოს საქმიანობას ძალიან ეფექტურს გახდის და რაც მთავარია, პაციენტებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მათ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიეწოდებათ“,- განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ასევე იზრდება საჯარიმო სანქციებიც.
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ რეგულირების სააგენტოს თანამშრომელს ადგილზე შეეძლება ელექტრონული ქვითრის ამოწერა და როცა სანებართვო პირობების შესრულებას შეამოწმებს, ადგილზევე მოახდენს რეაგირებას“, – ეკა ბოჭორიშვილმა.
” გვჭირდება დიდი მობილიზება იმისთვის, რომ დავამარცხოთ რუსული პარტია”-ლევან ხაბეიშვილი
“ჩვენ ვაპირებთ 160 სოფელში, ქალაქსა და რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა, შევქმნათ ფაქტობრივად არმია იმისთვის, რომ ვებრძოლოთ “რუსულ ოცნებას” და “ნაციონალური მოძრაობა” ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს.” – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ხელვაჩაურში.
“საბანკო ოლიგარქია, “მაფია”, რომელიც ფაქტობრივად ჟარგონად რომ ვთქვათ წეწავს ხალხს. ეს აწუხებს ხელვაჩაურის მოსახლეობას, დაბალი ანაზღაურება, დაბალი ხელფასები, დაბალი შემოსავალი, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა, ათი მეტრი ხიდი ვერ გააკეთეს ბათუმსა და ხელვაჩაურის დამაკავშირებელი. უკიდურესად სერიოზული პრობლემები აქვს ადგილობრივებს და ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოღალატეობრივი პოლიტიკა ხელისუფლების. ჩვენ ვაპირებთ 160 სოფელში, ქალაქში, რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა, შევქმნათ ფაქტობრივად არმია იმისთვის, რომ ვებრძოლოთ “რუსულ ოცნებას”. მესმის, რომ შეიძლება ბრუტალურად ჟღერს, მაგრამ დიახ, გვჭირდება დიდი მობილიზება იმისთვის, რომ დავამარცხოთ რუსული პარტია და “ნაციონალური მოძრაობა” ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს.” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს.
ტრამპის ადვოკატმა, ჯიმ ტრასტიმ „სიენენს“ დაუდასტურა, რომ ტრამპს ბრალი, სულ მცირე, შვიდი მუხლით წაუყენეს. მათ შორის მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისთვის.
აღნიშნულს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოეხმაურა და ვიდეომიმართვა გაავრცელა. მან ბრალის წაყენებას „ბნელი დღე“ უწოდა და განაცხადა, რომ უდანაშაულოა და ყველაფერს გააკეთებს ამის დასამტკიცებლად.
„უდანაშაულო ვარ და ამას ძალიან, ძალიან მტკიცედ და იმედია, ძალიან სწრაფად დავამტკიცებთ“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მაიამის ფედერალურ სასამართლოში 13 ივნისს უნდა გამოცხადდეს.
ცნობისთვის, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტები 2022 წლის აგვისტოში ამოიღო. მათგან რამდენიმეს გრიფი „სრულიად საიდუმლო“ ედო. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და კონკრეტული ჯგუფების მიზანი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისთვის ხელის შეშლა გახლდათ.