Home Blog Page 1988

“იუსტიციის სამინისტრო არის ერთ-ერთი საკვანძო უწყება, რომელიც ყოველდღიურად ათიათასობით ჩვენს მოქალაქეს ემსახურება”

იუსტიციის სამინისტრო არის ერთ-ერთი საკვანძო უწყება სახელმწიფო უწყებებს შორის, რომელიც ყოველდღიურად ათიათასობით ჩვენს მოქალაქეს ემსახურება და ათი ათასი მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი ამ სამინისტროს მუშაობა. ერთი მხრივ, სერვისების მიმართულება, მსურს, გამოვყო, მეორე მხრივ, ძალიან საინტერესოა კანონშემოქმედებითი მუშაობა, რომელსაც სამინისტრო ეწევა და, შესაბამისად, კანონიდან კანონამდე უმჯობესდება ჩვენი მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.

რატი იონათამიშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებზე იცავს საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების ღირსებას.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, დღეს ყველამ იხილა, თუ როგორ იწონებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თავს იმით, რომ თვეების განმავლობაში საქართველოს მიმართ დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებდნენ.

„ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც პასუხების მოსმენაც კი არ შეუძლიათ, მარტო ბრალდების კორიანტელს დააყენებენ, დეზინფორმაციულ კამპანიას გააგრძელებენ და შემდეგ შარშანდელი თოვლივით იკარგებიან და ეს სიმბოლურია, ვინაიდან ასევე გაქრებიან ქართული პოლიტიკიდან, ვინაიდან ამდენ სიცრუესა და დეზინფორმაციას ამ ადამიანებს, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩეველი არ აპატიებს. ეს ჩანს თუნდაც ბოლო სოციოლოგიური კვლევებიდან, სადაც ნახევრდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. სინამდვილეში, როდესაც ისინი უტიფრობასა და ამორალურობაზე საუბრობენ, ყველაზე დიდი ამორალურობა არის, როდესაც შენ შენი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებ დეზინფორმაციის კამპანიას, ამაში ხარჯავ მილიონობით დოლარს და დღეს ამას ამაყად და უტიფრად იწონებ, თითქოს ამით რაღაც კარგი გააკეთე. ცხადია, სწორედ ასეთ ქმედებებზე ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს მათ ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

“ჩვენი მარაგები შემცირდა – ახლა ორიენტირებული ვარ დასავლეთიდან დახმარების მიღებაზე”

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისრაელ-“ჰამასის” ომზე ყურადღების გადატანამ შეანელა უკრაინისათვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

“ჩვენი მარაგები შემცირდა. ეს ცხოვრებაა და ეს ნორმალურია, რადგან ყველა იბრძვის გადარჩენისთვის და ჩვენც უნდა დავიცვათ თავი”, – განუცხადა უკრაინის ლიდერმა ჟურნალისტებს.

“მე ახლა ორიენტირებული ვარ დასავლეთიდან დახმარების მიღებაზე. ახლო აღმოსავლეთისა და სხვა მიზეზების გამო, მათი [დასავლეთის] ფოკუსი იცვლება. მხარდაჭერის გარეშე ჩვენ უკან დავიხევთ”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

“შევახსენებ სახელმწიფოს ინტერესებით მოთამაშე ლუდომანებს – ეს არის ისტორიული სირცხვილი” – რატი ბრეგაძე

სახელმწიფო ინტერესებით მოთამაშე პოლიტიკურ ლუდომანებს დღეს შევახსენე სახელმწიფოს წინააღმდეგ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები. ეს არის ისტორიული სირცხვილი ჩვენი თავდაცვის ძალების წინაშე – ის განცხადებები, რაც ამ ადამიანებმა გააკეთეს და ის რეზოლუცია, რასაც ამ ადამიანებმა მოაწერეს ხელი, – ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ყოფილი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 2008 წლის აგვისტოს ომის გმირებთან მიმართებით.

ბრეგაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ისტორიული სირცხვილი უწოდა.

„თავდაცვის ძალები გმირულად, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ და უამრავი ადამიანი დაიღუპა, რომლებიც დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებენ. მათ იმ ტერიტორიებისთვის იბრძოლეს, რომლებსაც ენმ-ის ბელადი, ყოფილი მთავარსარდალი, რომელმაც უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, „ქვაგორიან ადგილებს” უწოდებდა, რომლებსაც ნულოვანი ღირებულება აქვს“, – განაცხადა ბრეგაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

“ვერც პრეზიდენტ სააკაშვილს მოკლავთ და ვერც საქართველოს ევროპულ მომავალს” – თინა ბოკუჩავა

ვერც პრეზიდენტ სააკაშვილს მოკლავთ და ვერც საქართველოს ევროპულ მომავალს, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ დროს.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, პრეზიდენტი სააკაშვილის სიკვდილამდე მიყვანის მცდელობა „ოცნების“ მხრიდან ქვეყნის ევროპეიზაციის მკვლელობის მცდელობაა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი უნდა აცნობიერებდეს რამხელა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია და რამხელა შესაძლებლობა გააჩნია, რომ ქვეყნისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას და შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი.

„თქვენი დღევანდელი მოხსენება სწორედ რუსი ოლიგარქის, მორიგი ჩინოვნიკის, მორიგი არაფრისმთქმელი მოხსენება იქნებოდა, რომელიც სახელმწიფოს მთავარ მიღწევად 12 წლის წინ ჩვენი ხელისუფლების მიერ გახსნილ იუსტიციის სახლს ასახელებს. რუსი ოლიგარქის, მორიგი ჩინოვნიკის, მორიგი მოხსენება, რომელსაც გულწრფელად გეუბნებით არც კი გამოვეხმაურებოდი, რომ არა ერთი გარემოება – თქვენ, როგორც ივანიშვილის იუსტიციის მინისტრი პირადად პასუხისმგებელი ხართ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სააკაშვილის უკანონო ტყვეობაზე, რომელიც რეგიონში პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტიპუტინისტია და ის თქვენმა რუსულმა რეჟიმმა, რომელიც რუს „ეფესბეს“ აგენტებზე დგას, სწორედ პუტინის საამებლად დაატყვევეთ. თქვენი მთავრობის მეხოტბის გზავნილებს ყურადღებით ეცნობით ალბათ, მაგრამ ფაქტია, რომ უგულებელვყოფთ იმ გზავნილებს, რასაც დასავლეთიდან ვისმენთ პრეზიდენტი სააკაშვილის უკანონო ტყვეობაზე, ამიტომ მე მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და საზოგადოების წინაშე წაგიკითხოთ, რას ამბობს ცივილიზებული სამყარო და რას ამბობენ საქართველოს დასავლელი მეგობრები და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ქომაგები პრეზიდენტი სააკაშვილის ტყვეობაზე. პირველი მე მინდა წაგიკითხოთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტის ხუთმა ყველაზე მსხვილმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დააინიცირა, ინიციატორებში არიან ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი, ლიტვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი რასა იუკნევიჩიანე, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრები რადისლავ სიკორსკი და ანა ფოტიგა, ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა ევროპარლამენტარები სხვადასხვა ქვეყნიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან და სხვა. ეს რეზოლუცია, რომელიც კონკრეტულად პრეზიდენტ სააკაშვილს ეხება, ევროპარლამენტმა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო 2023 წლის მარტში, რომელსაც 577-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. გასაგებია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების სიტყვა თქვენთვის, როგორც რუსული რეჟიმის წარმომადგენლებისთვის ღირებული არ არის, პუტინის პროპაგანდისტების და თავად პუტინის სიტყვებისგან განსხვავებით, რომლებიც „რუსული ოცნების“ ქებას არ იშურებენ, მაგრამ მე საზოგადოებისთვის მაინც კიდევ ერთხელ წავიკითხავ რა წერია ევროპარლამენტის ამ რეზოლუციაში – „ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლონ პრეზიდენტი სააკაშვილი, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას.“ – ეს წერია სიტყვა სიტყვით ევროპარლამენტის იმ რეზოლუციაში, რომელსაც 577-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. როგორ წარმოგიდგენიათ, ბატონო რატი, თქვენ, თქვენი მთავრობის მეთაურ ღარიბაშვილთან და მის უფროს ოლიგარქთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად ქვეყანაში შესაძლებელია დეოლიგარქიზაცია, სანამ ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი და ქვეყანაში ყველაზე დიდი ელექტორალური მხარდაჭერის პოლიტიკოსი გამოკეტილი გყავთ სატუსაღოში, რომელსაც პოლიტიკურ პატიმრად აღიარებს მთელი ცივილიზებული სამყარო და რომლის გამოშვებისკენაც ღიად მოგიწოდებთ დასავლეთი. ამავე რეზოლუციაში ევროპარლამენტი სთავაზობს სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცნობიერებს რამხელა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია მას და რამხელა შესაძლებლობა გააჩნია, რომ ქვეყნისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას და შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი.

მესმის, რომ „რუსული ოცნების“ რეჟიმის პირობებში, რომელსაც რუსი ოლიგარქი მართავს, რასაც გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილიც ადასტურებს, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა დიდ პოლიტიკურ გამბედაობას მოითხოვს. ივანიშვილს არაერთხელ უჩვენებია, რომ ის არ ერიდება ბრძოლის ყველაზე ბინძური მეთოდების გამოყენებას, მათ შორის ქალი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ, ქალი ოპონენტების წინააღმდეგ, მათ შორის მისი გუნდის ყოფილი წევრი ქალების წინააღმდეგ, თუმცა დღეს, როგორც არასდროს, დროა პოლიტიკური გამბედაობის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის ნებისმიერ ფასად, რადგან თუ მომავალი რამდენიმე თვე საქართველომ არ გამოიყენა დეპოლარიზაციისთვის, საქართველომ შესაძლოა დაკარგოს ისტორიული შანსი, რომ ჩვენ დავეწიოთ უკრაინასა და მოლდოვას და ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ. ამავე რეზოლუციაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და ევროპეიზაციის მიზანს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის სიკვდილი – რაზედ თქვენი მთავრობის სამარცხვინო წევრები და პრემიერად წოდებული ღარიბაშვილი ხშირად ქილიკობთ – უდიდესი დარტყმა იქნება საქართველოსთვის. პრეზიდენტი სააკაშვილის სიკვდილამდე მიყვანის მცდელობა თქვენი მხრიდან ქვეყნის ევროპეიზაციის მკვლელობის მცდელობაცაა, მაგრამ – არა – როგორც მიშა იტყოდა – ნურას უკაცრავად, ვერ მოგართვით, ვერც პრეზიდენტ სააკაშვილს მოკლავთ და ვერც საქართველოს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“იუსტიციის მინისტრის ანგარიში ყველა შესაბამის საკითხთან მიმართებით მომავალზე იყო ორიენტირებული” – ანრი ოხანაშვილი

იუსტიციის მინისტრის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ყველა შესაბამის საკითხთან მიმართებაში ორიენტირებული იყო მომავალზე, ორიენტირებული იყო იმაზე, თუ რა ვითარდება სერვისების მიმართულებით ჩვენი მოქალაქეებისთვის და რა იცვლება უკეთესობისკენ მათი ინტერესების შესაბამისად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენის დროს განაცხადა.

ანრი ოხანაშვილმა ყურადღება გაამახვილა იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებზე.

„ბატონმა მინისტრმა ისაუბრა სერვისების ხელმისაწვდომობაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს უზოგავს დროს და ეფექტიანი ადმინისტრირების საშუალებას აძლევს, ისაუბრა მიწის სისტემურ რეგისტრაციაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისაუბრა არა ყველას დასჯაზე და ნულოვან ტოლერანტობაზე, არამედ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე, მედიაციაზე და იმ სერვისებზე, რომლებიც განვითარდა და კიდევ ვითარდება იუსტიციის სამინისტროში.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელობით მომზადებულია „პენიტენციური კოდექსი“, რომელიც ჩვენ უკვე ორი მოსმენით განვიხილეთ და ის მნიშვნელოვან უფლებრივ სტანდარტებს ითვალისწინებს ჩვენი მსჯავრდებულებისთვის“, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

“იუსტიციის სამინისტროსთან ჩემი დამოკიდებულება განსაკუთრებულია, ეს არის რეფორმების მთავარი სამჭედლო”

იუსტიციის სამინისტრო არის რეფორმების მთავარი სამჭედლო, მას აქვს მისია, რომელსაც დღეს წარმატებით უძღვება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.

„ეს ის სამინისტროა, რომელთანაც განსაკუთრებულია ჩემი დამოკიდებულება. უპირველესად მინდა, ჩემი პატივისცემა გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ, მინისტრის და ყველა მათგანის მიმართ ვინც აქ ბრძანდებით. განსაკუთრებული მადლიერება, მინდა, გამოვხატო იუსტიციის სამინისტროს ყველა თანამშრომლის წინაშე. ეს არის ხალხი, რომელიც რეალურად ქმნის ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს არის რეფორმების მთავარი სამჭედლო. იუსტიციის სამინისტროს აქვს მისია, რომელსაც წარმატებით უძღვება დღეს. წარმატებულად ოპერირებს ეს სამინისტრო და ვუსურვებ ამავე ტემპში, ამავე წარმატებით საქმიანობას მთლიანად იუსტიციის სამინისტროს, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ამჟამად პენიტენციურ სისტემაში არავინ თვლის საჭიროდ, მიმართოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წამების ან არაადამიანური მოპყრობის გარემოებებთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის წარმატებაა.

მისივე შეფასებით, გაწეული რეფორმების მიუხედავად, არის რიგი საკითხები, რომლებზეც მუშაობა კვლავაც გრძელდება.

„რიგი საკითხებია, რომელზეც გავაგრძელებთ მუშაობას. იქნება ეს საკუთრების უფლება, აღსრულების კოდექსი, პენიტენციური კოდექსი და მისი იმპლემენტაცია თუ დამისამართების და სისტემური რეგისტრაციის საკითხები. უკლებლივ ყველა საკითხზე არსებობს თანამშრომლობის ფორმატი. ოპოზიციას თუ სურვილი ექნება ქვეყნისთვის სასარგებლო რამ გააკეთოს, სწორედ ამ ფორმატებში ჩაერთვება და მცირეოდენ წვლილს მაინც შეიტანს ამ ყველაფერში“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

“ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს მოღალატედ, აგენტად აცხადებდა, დღეს მათი ლიდერია” – ანრი ოხანაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სალომე ზურაბიშვილს მოღალატედ, აგენტად აცხადებდნენ, დღეს არის მათი ლიდერი. არც ის გამოვრიცხოთ, რომ ერთ დღეს შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი მათი პარტიის ფორმალური თავმჯდომარეც გახდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” დაშლის პირას არის და „ქართული ოცნება“ იზრუნებს იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურად კიდევ უფრო გაკოტრდეს.

„რაც შეეხება რადიკალურ ჯგუფებს – არ გაგიკვირდეს მეგობრებო, ეს ადამიანები მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებიან. „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს ორი ფორმალური თავმჯდომარე ჰყავს და ვერ გაურკვევიათ, რომელი რას ხელმძღვანელობს. რეალური ბელადი არის საპატიმროში. მიშა მაგარი აღარ არის და შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლის პირას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიზრუნებთ იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად კიდევ უფრო გაკოტრდეს და კიდევ უფრო გამოაჩინოს სახე, თუმცა იმაზე მეტად სახეს ვეღარ გამოაჩენენ, რაც მათ გააკეთეს უკვე. თქვენ გახსოვთ, რომ ეს ადამიანები სალომე ზურაბიშვილს მოღალატედ, აგენტად აცხადებდნენ, დღეს არის მათი ლიდერი. არც ის გამოვრიცხოთ, რომ ერთ დღეს შეიძლება სალომე ზურაბიშვილი მათი პარტიის ფორმალური თავმჯდომარეც გახდეს. იქაც ფორმალური თავმჯდომარე,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, ანრი ოხანაშვილმა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ყველა შესაბამის საკითხთან მიმართებაში ორიენტირებული იყო მომავალზე.

„იუსტიციის მინისტრის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ყველა შესაბამის საკითხთან მიმართებაში ორიენტირებული იყო მომავალზე, ორიენტირებული იყო იმაზე, თუ რა ვითარდება სერვისების მიმართულებით ჩვენი მოქალაქეებისთვის და რა იცვლება უკეთესობისკენ მათი ინტერესების შესაბამისად.

ბატონმა მინისტრმა ისაუბრა სერვისების ხელმისაწვდომობაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს უზოგავს დროს და ეფექტიანი ადმინისტრირების საშუალებას აძლევს, ისაუბრა მიწის სისტემურ რეგისტრაციაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისაუბრა არა ყველას დასჯაზე და ნულოვან ტოლერანტობაზე, არამედ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია – რეაბილიტაციაზე, მედიაციაზე და იმ სერვისებზე, რომელიც განვითარდა და კიდევ ვითარდება იუსტიციის სამინისტროში.ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელობით მომზადებულია „პენიტენციური კოდექსი”, რომელიც ჩვენ უკვე ორი მოსმენით განვიხილეთ და ის მნიშვნელოვან უფლებრივ სტანდარტებს ითვალისწინებს ჩვენი მსჯავრდებულებისთვის”, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

“დღეს პარლამენტში მორიგი უმსგავსობა ვიხილეთ” – პრეზიდენტი

დღეს პარლამენტში მორიგი უმსგავსობა ვიხილეთ – კიდევ ერთხელ ვგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას – ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე. სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ – მორიგი უმსგავსობა.

კიდევ ერთხელ ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას – ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას „ნაბიჭვარი“ უწოდა. მგალობლიშვილის შეურაცხმყოფელ რეპლიკას, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის მხრიდან რეაქცია მოჰყვა. მან მმართველი პარტიის დეპუტატს ქაღალდები ესროლა.

ანა წითლიძის მიერ ლევან მგალობლიშვილის მისამართით ფურცლების სროლის შემდეგ, მგალობლიშვილმა მიკროფონი მოხსნა და ცდილობდა, ის ანა წითლიძისთვის ესროლა, თუმცა მანდატური ჩაერია. უმრავლესობის წევრებმა ლევან მგალობლიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

“გთავაზობთ, დავიწყოთ ფიქრი იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება შევამციროთ პატიმართა რაოდენობა” – იაგო ხვიჩია იუსტიციის მინისტრს

მინდა მადლობა გითხრათ იმის გამო, რომ თქვენც ემხრობით პატიმართა რაოდენობის შემცირებას. საქართველო ევროპაში საკმაოდ მაღალ ადგილს იკავებს პატიმრების რაოდენობით და თან იმ დროს, როდესაც ქვეყანა ევროინტეგრაციის დაჩქარების პროცესში იმყოფება, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის” თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის” ფორმატში იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.

ხვიჩიას შეფასებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე სასჯელის მოცულობა იზრდება და ამავდროულად, მცირდება მტკიცებულებათა სტანდარტი.

მისივე თქმით, 2012 წელს, „ქართულმა ოცნებამ” ამნისტიის გამოცხადებით გადადგა ყველაზე სწორი ნაბიჯი, რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო.

„2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შედეგად, თითქმის, 3-ჯერ შემცირდა პატიმართა რაოდენობა, თუმცა დღეს მაინც გვყავს იმაზე მეტი პატიმარი, ვიდრე ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 100 ათას მოსახლეზე 190 პატიმარია, მაშინ როდესაც ჩვენთან იგივე მოსახლეზე 260 პატიმარია. იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ევროკავშირის მდგომარეობას, დაახლოებით ერთი მესამედით უნდა შევამციროთ პატიმართა რაოდენობა. გთავაზობთ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლება შევამციროთ მათი რაოდენობა. ჩვენ გვაქვს შანსი გადავიაზროთ ის სიტუაცია. ციხეში მყოფი ადამიანებისთვის ისეთივე მოლოდინს უნდა იწვევდეს მორიგი არჩევნები, რაც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლის დროს გააკეთა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური გვამის სუნი უდის”- ალუდა ღუდუშაური

კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, პოლიტიკური გვამის სუნი უდის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები „კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“ საზოგადოებას ატყუებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ეგზისტენციალური საფრთხეები ედგა.

„free misha-ო გაშალეს აქ დროშა. მიხეილ სააკაშვილი არის ნომერ პირველი მატყუარა, მაგრამ ამ ყველაფერს ეშველებოდა კიდევ, შეგუებულია საზოგადოება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანს ქვეყანასთან მიმართებით აქვს დამაზიანებელი ნაბიჯები გადადგმული. სად წავიდა ის ეგზისტენციალური საფრთხეები: დემენცია და სხვები? ჩვენს საზოგადოებას არ დავიწყებია და ბუნებრივია, არც ჩვენ დაგვიწყებია მისი ადვოკატების განცხადებები, ე.წ. ექსპერტების განცხადებები. ტელეეთერებიდან რომ ამბობდნენ საათებია დარჩენილი, გვამის სუნი უდის და ა.შ. ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, აი, ამ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, პოლიტიკური გვამის სუნი ნამდვილად უდის. დიახ, ეს ასეა და თუ არ სჯერათ, ქართველი ხალხის გამოცდას ნუ დაიწყებენ. კიდევ ერთხელ ნუ შეახსენებენ როგორი ბოროტი ძალა არიან“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

“პროაქტიულად ვახორციელებთ საარჩევნო სიების სრულყოფის პროექტს” – რატი ბრეგაძე

პროაქტიულად ვახორციელებთ საარჩევნო სიების სრულყოფის პროექტს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა.

„რაც შეეხება გარდაცვალების ასახვას ბაზებში, ეს ხდება ოჯახის ან შესაბამისი უწყების შეტყობინების საფუძველზე და აღნიშნული ბაზები ყოველდღიურად ახლდება. გარდა ამისა, ჩვენ პროაქტიულად ვახორციელებთ საარჩევნო სიების სრულყოფის პროექტს და 2013 წლიდან დღემდე საარჩევნო სიიდან ამოირიცხა 15 000 პირი და დღევანდელი სიები არის მაქსიმალურად ზუსტი”, – განაცხადა მინისტრმა.

ჩოხატაური-ბახმაროს და ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილების შეზღუდვები დაწესდა

დიდთოვლობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საავტომობილო გზის კმ1-კმ33 (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„ასევე, დიდთოვლობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.