Home Blog Page 1988

,,ნუ დაუწყებ სხვას ორმოს გათხრას თორემ თავად აღმოჩნდები შიგო”- ედიშერ გვეტაძე კილაძეს

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ვანში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ელისო კილაძის გამოხმაურებაზე წერს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ელისო კილაძემ ეს ყველაფერი საზოგადოების ყურადღების გადასატანად დაიწყო.

ექსპერტის თქმით, მისი სათავისო უკუღმა დატრიალებით ცდილობს მის მიტანას ზოგიერთ კოკინაშვილ პელაგიამდე! ეტყობა ჟურნალისტ ასინეთა-ელისტრახოს ვერ გაუგია, რომ ქოლცენტრებით სავსე კოკა გაუტყდა!

„ევროპელ პენსიონერთა სავარაუდო მძარცველი ე.წ. ჟურნალისტი ელისტრახო, იგივე ასინეთა წაასწრეს მთხლეზე და ისიც შეუდგა მისი მომძღვნელი პურისა და სარჩოსი კეზერა-სეთურ-აბელის გათეთრება-გალამაზებას! საზოგადოების ყურადღების გადასატანად დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო! გაახსენდა, რომ ერთ დროს ჟურნალისტი იყო და მოძებნა ვანში, რაღაც მართლაც სამარცხვინო და საშინელი ამბავი და მისი სათავისო უკუღმა დატრიალებით ცდილობს მის მიტანას ზოგიერთ კოკინაშვილ პელაგიამდე! ეტყობა ჟურნალისტ ასინეთა-ელისტრახოს ვერ გაუგია, რომ ქოლცენტრებით სავსე კოკა გაუტყდა! იცნეს, დასტებად იღვრება ბრონირებული ჯიბიდან ევროები და პელაგიებსაც ვეღარ ატყუებს, მანამდე ათასჯერ ნაცადი, აწ უკვე გაცვეთილი ოინებით! ეჰ ასე იცის ასე! „ნუ დაუწყებ სხვას ორმოს გათხრას თორემ თავად აღმოჩნდები შიგო“ – ღაღადებს ძველი „ჰინდური“ ანდაზა!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ზუგდიდში ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ბიუსტი გაიხსნა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 6 მაისს, ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ბიუსტი გაიხსნა. დღეს, მამია ალასანიას, 80 წელი შეუსრულდებოდა. ღონისძიებას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, მამია ალასანიას ვაჟი, ირაკლი ალასანია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, დავით კუხალეიშვილი და დავით ვერავა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელოს სამმართველოს წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები.

აღსანიშნავია, რომ მამია ალასანიას ბიუსტი დაიდგა იმ პარკში, სადაც განთავსებულია საქართველოს ეროვნული გმირების მერაბ კოსტავასა და გენო ადამიას ბიუსტები და 1924 წლის აჯანყებულთა ხსოვნის მემორიალი.

მამია ალასანია 1943 წლის 6 მაისს, სოფელ ანაკლიაში დაიბადა. იმავე წელს ალასანიების ოჯახი ზუგდიდში გადასახლდა. მამია ალასანიამ 1961 წელს ზუგდიდის №1 საშუალო სკოლა დაამთავრა. იგი უშიშროების პოლკოვნიკი გახლდათ. 1974 წლიდან სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა. მოგვიანებით კი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის უშიშროების კომიტეტის განყოფილების უფროსი იყო. 1992-93 წლებში, სპეციალური დავალებით იგი სამეგრელოში იქნა მივლინებული.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, იგი, სოხუმში, ჟიული შარტავასთან, სოხუმის მერთან, გურამ გაბესკირიასა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს შენობაში იმყოფებოდა. სეპარატისტებმა, ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია და ორმოცდაათი წლის მამია ალასანია, თანმხლებ პირებთან ერთად მოკლეს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და საქართველოს მთავრობის ძალისხმევითა, 2017 წლის ოქტომბერში, მამია ალასანიას ნეშტი, გურამ გაბესკირიას ნეშტთან ერთად, იდენტიფიცირებულ იქნა და მასთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაიკრძალა.

მამია ალასანიას, 2018 წელს, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა.

ქედაში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 143-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ).

საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 150 -ზე მეტმა, ბენეფიციარმა, განხორციელდა 270 სამედიცინო ვიზიტი.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, ქედის მუნიციპალიტეტის მერი, რონალდ ბერიძე, პარლამენტის წევრი, ანზორ ბოლქვაძე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, პირველი მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა; ხუთწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდეგ კი, 2022 წლის 16 აპრილს, მემორანდუმი, კვლავ 5 წლით გაგრძელდა.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 142 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 12 776 ბენეფიციარს.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს შეთავაზება შინაური ცხოველების მეპატრონეებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეებს სთავაზობს, რომ დაარეგისტრირონ ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში, რის შემდეგაც ცხოველის უფასოდ სტერილიზაცია – კასტრაციას შეძლებენ.

როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი განმარტავს, რეგისტრაციის საფასური 19 ლარს შეადგენს.

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოსახლეობას სიახლეს ვთავაზობთ: თუ მოქალაქე მოვა მუნიციპალურ თავშესაფარში და აქ დაარეგისტრირებს ცხოველს, მუნიციპალური თავშესაფარი უფასოდ მოახდენს ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაციას, რაც საკმაოდ კარგია. იცით, რომ გარკვეულ საფასურს იხდიან ადამიანები როგორც კერძო ვეტკლინიკაში, ასევე მუნიციპალურ თავშესაფარში, ასეთი მომსახურება ფასიანია.

ამ კამპანიით გვინდა წავახალისოთ ცხოველთა რეგისტრაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, გვინდა ხაზი გაესვას სტერილიზაცია-კასტრაციის მნიშვნელობას.

ადამიანებს შეუძლიათ ცხოველთან ერთად მობრძანდნენ მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც რეგისტრაციის საფასურია გადასახდელი 19 ლარის ოდენობით, სპეციალური ჩიპით ხდება ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიცირება, რის შემდეგაც შეუძლიათ ცხოველი სრულიად უფასოდ გაასტერილონ ცხოველი მუნიციპალურ თავშესაფარში.

ამ კამპანიას სატესტო სახე აქვს, 1 თვე იქნება გათვალისწინებული. შედეგებიდან გამომდინარე, თუ როგორ გაამართლებს ეს კამპანია, ვიფიქრებთ, გავაგრძელოთ თუ არა ასეთი აქცია. ის მეპატრონე, რომელსაც ცხოველი არ ჰყავს რეგისტრირებული ჯარიმას ექვემდებარება. 2015 წელს საკრებულომ გამოსცა დებულება, რომლის მიხედვითაც აუცილებელია მოსახლეობამ დაარეგისტრიროს პატრონობაში მყოფი ცხოველი“,- აღნიშნა გიორგი კობიაშვილმა

ევროპის დღეები გრძელდება

მთავრობის მიერ ორგანიზებული ევროპის დღეები გრძელდება. დღეს ორბელიანის მოედანზე შვედური კულტურა იქნება წარმოდგენილი. დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

„ევროპის დღეების“ ფარგლებში, დღეს, ორბელიანის მოედანი, შვედურ კულტურას უმასპინძლებს.

„მეტი რა უნდა გააკეთოს ამ მორალისგან და სინდისისგან დაცლილმა ქალმა”- ნინო ფოჩხუა ელისო კილაძეზე

„მეტი რა უნდა გააკეთოს ამ მორალისგან და სინდისისგან დაცლილმა ქალმა, რომ განიკვეთოს საზოგადოებისგან. თურმე შოკშია და გული ხელით უჭირავს, ისეთი მძიმე დანაშაული ამხილა, პედოფილიის შემთხვევა ვანის ერთ-ერთ სოფელში, არა და მისი მოწინააღმდეგეების ბავშვების ბულინგი ხომ მისი მოგონილია.”- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ელისო კილაძის შესახებ.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ელისო კილაძეს და მის პატრონებს ვანში მომხდარი შემზარავი ფაქტით სურთ გადაფარონ ქოლცენტრების საქმე.

„მეტი რა უნდა გააკეთოს ამ მორალისგან და სინდისისგან დაცლილმა ქალმა, რომ განიკვეთოს საზოგადოებისგან. მის ლაივ-ჩართვასაც ვუსმინე, ამდენი ფარსი და მანიპულაცია თუ შეეძლო ადამიანს ვერ წარმოვიდგენდი, თურმე შოკშია და გული ხელით უჭირავს, ისეთი მძიმე დანაშაული ამხილა, პედოფილიის შემთხვევა ვანის ერთ-ერთ სოფელში, არა და მისი მოწინააღმდეგების ბავშვების ბულინგი ხომ მისი მოგონილია. ამჟამად რას ემსახურება მისი ასეთი აღშფოთება, აქ მარტივად არის საქმე, მას და მის პარტნიორებს იმ თემის გადაფარვა უნდათ, რასაც მათ მმართველობაში არსებული, უბინძურესი ფულის შოვნის ბიზნესი ქოლ-ცენტრი ჰქვია. პედოფილია ისეთი თემაა ყვავი-ჩხიკვის მამიდა კი არა, საკუთარმა შვილმაც რომ ჩაიდინოს მსგავსი დანაშაული ვერავინ ააცილებს უმკაცრეს დასჯას. ასე რომ ეს გალიაში გამომწყვდეული, ადამიანად წოდებული უკვე ყოველდღე ხვრეტს ფსკერს და ეს უნდა დამთავრდეს!“- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – არის მსხვერპლი

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.  შემთხვევა გვიან ღამით, აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, მალტისა და იტალიის რესპუბლიკებს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 7-12 მაისს, ვიზიტით მალტისა და იტალიის რესპუბლიკებს ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს მალტის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან და მალტის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გამართავს.

შეხვედრა გაიმართება მალტის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ვატიკანის სამოციქულო სასახლეში აღმოსავლეთ ეკლესიების დიკასტერის პრეფექტთან, და წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან.

პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე ლორენცო ფონტანას და სენატის ვიცე-პრეზიდენტ ჯან მარკო ჩენტინაიოს შეხვდებიან.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით , იტალიის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა მინისტრს, რაფაელე ფიტოს და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს, ედმონდო ჩირიელის შეხვდება.

შეხვედრები გაიმართება იტალია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, გივი მიქანაძე, ქეთევან თურაზაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

,,კონტრშეტევამ შესაძლოა, პარტნიორების მოლოდინი არ გაამართლოს” – WP

The Washington Post პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან და თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან ინტერვიუებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები ცდილობენ შეამცირონ მოლოდინები კონტრშეტევებთან დაკავშირებით.

გამოცემის ცნობით, უკრაინის ხელმძღვანელობა ამას აკეთებს იმის შიშით, რომ კონტრშეტევის შედეგმა შეიძლება, არ დააკმაყოფილოს მათი მოკავშირეების მოლოდინი.

გასულ კვირას ვაშინგტონ პოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში ოლექსი რეზნიკოვმა თქვა, რომ “ჩვენი კონტრშეტევასთან დაკავშირებით მოლოდინი მსოფლიოში გადაჭარბებულია”.

რეზნიკოვმა თქვა, რომ ”ადამიანების უმეტესობა რაღაც დიდს ელოდება”. მისი აზრით, ამან შეიძლება გამოიწვიოს “ემოციური იმედგაცრუება”.

“მე მჯერა, რომ რაც უფრო მეტი გამარჯვება გვექნება ბრძოლის ველზე, გულწრფელად რომ ვთქვათ, მით უფრო მეტი ხალხი დაგვიჯერებს, რაც ნიშნავს, რომ მეტ დახმარებას მივიღებთ,- თქვა ზელენსკიმ. 

WP წერს, რომ კონტრშეტევის დეტალები კვლავ გასაიდუმლოებული რჩება. უკრაინელი ოფიციალური პირები ფიქრობენ იმაზეც: რა შედეგი იქნება საკმარისი დასავლეთზე, განსაკუთრებით ვაშინგტონზე შთაბეჭდილების მოხდენისთვის?

სტატიაში აღნიშნულია – უკრაინაში ზოგიერთი ლიდერი შიშობს, რომ კიევმა შეიძლება, დაკარგოს საერთაშორისო სამხედრო დახმარება ან მოხდეს ახალი ზეწოლა მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებლად. და იქვე აღნიშნულია, რომ ასეთი მოლაპარაკებები, დიდი ალბათობით, მოიცავს რუსეთის მოთხოვნას სუვერენული ტერიტორიის მოლაპარაკების გზით დათმობაზე, რასაც უკრაინა მიუღებლად მიიჩნევს.

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას სერვანტესის სახელი ეწოდება

საქართველო უკვე ტრადიციად ქცეულ ევროპის დღეებს მასპინძლობს. წელს პირველად შვედეთისა და ესპანეთის დღეები ორბელიანის მოედანზე აღინიშნება.

6 მაისს ესპანეთის დღის აღსანიშნავად გაიმართა კულინარიული მასტერკლასი, ესპანური ტრადიციული სამოსის გამოფენა, ანტონიო გადესის ანსამბლისა და სუხიშვილების დასის კონცერტი.

სტუმრებს ღონისძიების გახსნამდე სიტყვით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თორთლაძემ, და ესპანეთის საქმეთა რწმუნებულმა მარკოს გრანადოსმა მიმართეს.

ღონისძიების დასაწყისში მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.

მან შეკრებილ საზოგადოებას მიულოცა ეს დღე და საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი ტყემალაძემ დააანონსა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების სიმბოლოდ თბილისში დიდი ესპანელი კლასიკოსის, მიგელ დე სერვანტესის, სახელობის, ქუჩა გაიხსნება.

„ევროპის დღეებს ჩვენი ქვეყანა წლებია მასპინძლობს, თუმცა წელს პირველად საქართველოს მთავრობის ორგანიზებით პერსონალურად შვედეთის და ესპანეთის დღეები იმართება. ეს ორი ქვეყანა შემთხვევით არ შერჩეულა. საქართველო და თბილისი შვედეთს, როგორც ევროკავშირის მოქმედ, ხოლო ესპანეთს, როგორც მომავალ თავმჯდომარე ქვეყანას, მასპინძლობს.

ესპანეთთან ჩვენს თანამშრომლობას – პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ურთიერთობას – ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა ამ ქვეყნის, ერისა და მისი დიდებული წარმომადგენლების მიმართ დედაქალაქის საკრებულო გამოდის ინიციატივით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს ესპანელი კლასიკოსის, მიგელ დე სერვანტესის სახელი. მჯერა, რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის კავშირების გაღრმავებასა და განმტკიცებას“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

კანადაში ტყის ხანძრს ებრძვიან

დასავლეთ კანადის პროვინცია ალბერტაში, ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ დროისთვის, საცხოვრებელი სახლის დატოვება 25 ათას ადამიანს მოუწია.

ხანძრას ასზე მეტი კერა აქვს და ალბერტას პრემიერ-მინისტრმა დანიელ სმიტმა სიტუაციას „უპრეცედენტო“ უწოდა. მისი თქმით ამდენი კერა ცხელი და მშრალი გაზაფხულის გამო გაჩნდა. ამ დროისთვის დაახლოებით 122 000 ჰექტარია დამწვარი. ცეცხლის გაძლიერებას ძლიერი ქარიც უწყობს ხელს.

ყველაზე მეტად დაზარალდა დრეიტონის ველი, პროვინციის დედაქალაქ ედმონტონიდან დასავლეთით დაახლოებით 140 კილომეტრში და ფოქსის ტბა, ქალაქიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 550 კილომეტრში, სადაც 20 სახლი დაიწვა.

მობილიზებულია სახანძრო ვერტმფრენები და საჰაერო ტექნიკა.

ქალაქ ედმონტონის ერთ-ერთ საგამოფენო ცენტრ ში 1000-ზე მეტი ევაკუირებულია განთავსებული, ასევე დროებით თავშესაფრად გადაკეთდა მოედანიც.

ალბერტა ნავთობის მწარმოებელი მთავარი რეგიონია. ჯერჯერობით ნავთობის ობიექტებს საფრთხე არ ემუქრება.

ავიაკომპანიები პილოტების ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლებაზე ფიქრობენ

ავიაკომპანიები პილოტების ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლებაზე ფიქრობენ . ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„ხელოვნურ ინტელექტს დიდი გავლენა ექნება საავიაციო ინდუსტრიაზე და ამან შეიძლება მოიცვას პილოტების ჩანაცვლებაც”, – განაცხადაEmirates-ის პრეზიდენტმა ტიმ კლარკმა.

ეს შეიძლება შემაშფოთებელი იყოს მათთვის ვინც კაბინაში პილოტების ყოფნას მიეჩვია და სხვანაირად ვეღარ წარმოუდგენია. თუმცა, ავიაკომპანიებისთვის ეს ასე აღარაა და ისინი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, პილოტების ჩანაცვლებაზე აქტიურად ფიქრობენ.

გასათვალისწინებელია, რომ ჯერ კიდევ 1950-იან წლებში, კაბინაში ხუთკაციანი ეკიპაჟი იყო: ნავიგატორი, ფრენის ინჟინერი და რადიოოპერატორი ახლა პილოტებს აღარ სჭირდებათ. ტექნოლოგიის გაუმჯობესების პარალელურად, ეკიპაჟის სამმა წევრმა დაკარგა ადგილები და როგორც ჩანს, ახლა კიდევ ერთი პილოტის ჯერია.

თვითმფრინავი პილოტის გარეშე?

ფრენისას ორი პილოტის ფაქტორი მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდება. თუმცა, ტექნოლოგიის განვითარების პარალელურად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შესაძლებელი იქნება თვითმფრინავის აეროპორტში დასასმელადაც.

თვითმფრინავები უკვე იყენებენ კომპიუტერებს ამოცანების ავტომატიზაციისთვის. ავტოპილოტები აკონტროლებენ თვითმფრინავს ფრენების გარკვეულ ხანგრძლივობას. და აი ახლა, თვითმფრინავების მწარმოებლები იკვლევენ, შეუძლია თუ არა AI-ის უფრო მეტი როლი შეასრულოს. ასეთ შემთხვევაში, თვითმფრინავის კაბინაში მხოლოდ ერთი ადამიანი იქნება საჭირო.

ამ მხრივ, საინტერესოა ავტონომიური საჰაერო ტაქსები. ამ ტექნოლოგიის გამოჩენას საზოგადოებაში ავტოპილოტირებადი ტექნოლოგიის მიმართ ნდობის დათესვა შეუძლია. თუმცა, ამას შეიძლება დრო დასჭირდეს და მოიცდიან თუ არა ამდენს ავიაკომპანიები, ეს არ ვიცით.

მიუხედავად ამისა, სავარაუდოა, რომ თვითმფრინავში ერთი პილოტი მიანც დარჩება. მაგრამ აქ შეკითხვა შემდეგია: რამდენი ხანი შემორჩება ეს ერთი პილოტი კაბინაში?