Home Blog Page 1988

“არეულობის მოსაწყობი ბე უკვე აღებული ჰქონდა და უკან ხომ არ დააბრუნებდა?” – გია გაბრიჭიძე ელენე ხოშტარიაზე

ძალად პატრიოტო ოპოებო და მათთან გათანაბრებულო ტიპებო, ნუ იქნებით საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელზე მეტი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების წარმომადგენლები! – ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებასთან დაკავშირებით წერს.

გია გაბრიჭიძის თქმით, ბორელის განცხადება იმის შესახებ, რომ „თავად ევროკავშირის კომპანიები სანქციებს უვლიან გვერდს რუსეთიდან წარმოშობილი რაფინირებული ნავთობის შეძენით“, მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ ოპოზიციურ სპექტრს არ აინტერესებს ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებები. „ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და თავიდან აიცილოს დაპირისპირება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ექვემდებარებიან ევროპულ კანონმდებლობას. ჩვენ არ შეგვიძლია თვალის დახუჭვა იმაზე, თუ როგორ თავად ევროკავშირის კომპანიები სანქციებს, რუსეთიდან წარმოშობილი რაფინირებული ნავთობის შეძენით.

ძალად პატრიოტო ოპოებო და მათთან გათანაბრებულო ტიპებო, ნუ იქნებით საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელზე მეტი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების წარმომადგენლები! მაგრამ მაგათ ევროპაც, უსაფრთხოებაც და საერთოდ არაფერი არ აინტერესებთ. მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ფულია, რომელსაც ისეთი ბალაგანი მოწყობაში უხდიან, რაც ამ დღეებში ვნახეთ. ხოშტარიას სულ ცალ ფეხზე არ ჰკიდია ის ფაქტი, რომ „ყვარლის ტბასთან“ არცერთი მექორწილე აღარ იყო? პირადად უთხრა იმ სასტუმროს მფლობელმა, რომ სტუმრები უკვე წავიდნენო, მაგრამ არეულობის მოსაწყობი ბე უკვე აღებული ჰქონდა და უკან ხომ არ დააბრუნებდა?“ – წერს გაბრიჭიძე.

“რაც არ უნდა იყბედონ კიევში, ბელგოროდში მომხდარზე პასუხისმგებლობა კიევის რეჟიმსა და მის სპონსორებს ეკისრებათ”- მედვედევი

რაც არ უნდა იყბედონ კიევში იმის შესახებ, რომ ამ ტიპის დივერსიულ გამოხტომებს მათთან არაფერი აქვს საერთო, ეს ყველაფერი სიცრუეა, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სიცრუე, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა უკრაინა პასუხისმგებელი ბელგოროდის ოლქზე განხორციელებულ თავდასხმებზე.

„მათზე პასუხისმგებლობა ეკისრება კიევის რეჟიმს და, საბოლოო ჯამში, მის სპონსორებს, ანუ ვაშინგტონსა და ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა ბრიტანეთი და სხვები. ეს არის მათი პასუხისმგებლობა, პირდაპირი და უშუალო“, – განაცხადა მედვედევმა.

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინა ვერ მოიგებს ომს რუსეთის წინააღმდეგ – „ბლუმბერგი“

უკრაინა ვერ მოიგებს ომს რუსეთის წინააღმდეგ, – „ბლუმბერგის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„ჩემი პოზიცია, უნგრეთის პოზიცია თავიდანვე იყო, რომ ეს ომი არის დიპლომატიის მარცხი. ეს არასდროს არ უნდა მომხდარიყო. თუ გადავხედავთ, რა ხდება ფრონტის ხაზზე, ჩვენთვის ცხადია, რომ გადაწყვეტილებები, რომლებსაც იღებენ, არ მუშაობს“, – აღნიშნა ორბანმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომი ემოციურად „ტრაგიკულია“ და უნგრელების გული უკრაინელებთანაა. ორბანის თქმით, უნგრეთს ესმის, რამდენად იტანჯებიან უკრაინელები.

„მე ვლაპარაკობ, როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც უნდა გადაარჩინოს სიცოცხლე. ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არის სიცოცხლის გადარჩენა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დარწმუნებული ხარ, რომ ამ ომში მოგების შანსი არ არსებობს“, – განაცხადა ორბანმა.

ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანა უნდა შეეცადოს, მიაღწიოს ერთადერთ შესაძლო გამოსავალს, რაც მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტაა, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კი, მშვიდობიანი მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა უნგრეთის მეზობელი ქვეყანაა, ამიტომ უნგრეთში მთელ ამ სიტუაციას განსაკუთრებული კუთხით განიხილავენ.

დღეს, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, 23 მაისის 20:00 საათიდან 23:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება.

„მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე, კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან შოთა რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის გავლით.

შოთა რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ცენტრ „გალერიამდე“ და უკუმიმართულებით.

N350, N371 და N344 ავტობუსები და N547 მიკროავტობუსი კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად იმოძრავებენ გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნის მიმართულებით. შემდეგ, მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით, დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ის ნაწილი, რომელიც მელიქიშვილის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობს, გადაადგილებას შეძლებს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“, რის შემდეგ მობრუნდება სავაჭრო ცენტრ „გალერიასთან“ და ბარათაშვილის ქუჩას გიორგი ჭანტურიასა და სოლიკო ვირსალაძისა სახელობის ქუჩების და მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით დაუკავშირდება, შემდეგ კი გზას დადგენილი სქემის მიხედვით გააგრძელებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული გ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 მაისს, ბრალდებული და 2003 წელს დაბადებულ შ.ქ. სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოების გარკვევის მიზნით, ერთმანეთს შეხვდნენ.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ.ი.-მ, ცივი იარაღით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“არ მგონია, საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტი სწორი და მეგობრული ჟესტი იყოს” – სოზარ სუბარი

საქართველოს მთავრობას გაცხადებული აქვს ძალიან მკაფიოდ, რომ არცერთი სანქცირებული კომპანია, ბორტი საქართველოში არ იფრენს, სხვა მხრივ შეშფოთებას რა საფუძველი აქვს, მართლა ვერ ვხვდები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, თავისუფლად დაფრინავენ რუსული არასანქცირებული თვითმფრინავები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ისრაელი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ცენტრალური აზიის ქვეყნები.

„არავის შეშფოთება არ გამოუთქვამს, არავის უთქვამს, რომ ეს შეიძლება, სანქციას დაექვემდებაროს. საქართველოს მიმართ ასეთი ორმაგი და განსხვავებული სტანდარტი, არ მგონია, რომ სწორი და მეგობრული ჟესტი იყოს. საქართველო ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც ჩვენ აღებული გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. საქართველო არ არის გამოყენებული სანქციების გვერდის ავლის გზად და ის, რომ საქართველო არ დააწესებს ცალმხრივ სანქციებს, ამაზე მკაფიოდ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა. თუ მაინცდამაინც ლაპარაკია იმაზე, რომ ვიღაც არღვევს სანქციებს და ამაზე უნდათ აქცენტის გაკეთება, ძალიან ბევრი ინფორმაცია ქვეყნდება მსოფლიო პრესაში, როგორ შედის თუნდაც იმავე უკრაინაში რუსული საწვავი ბალტიისპირეთიდან პოლონეთის გავლით ან რუსული სანქცირებული ნავთობი როგორ გადამუშავდება ინდოეთსა და სხვადასხვა ქვეყანაში, როგორ მარაგდება ევროპის ქვეყნები და საქართველოს მიმართ ნუ ექნებათ რაღაც განსხვავებული სტანდარტი, როცა კარგად იციან, რეალურად ვინ არღვევს ამ სანქციებს“, – განაცხადა სუბარმა.

“რამდენიმე ქვეყანაში F-16-ებზე უკრაინელი პილოტების მომზადება დაიწყო” – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ F-16 ტიპის გამანადგურებლების მართვაზე უკრაინელი პილოტების წვრთნები პოლონეთში უკვე დაიწყო.

„F-16-ებზე პილოტების მომზადება რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ რაც მალე, მით უკეთესი“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

კითხვაზე, კონკრეტულად რომელ ქვეყნებში დაიწყო წვრთნები, ჯოზეფ ბორელმა უპასუხა: „მაგალითად, პოლონეთში“.

” ნაციონალური მოძრაობა” არის პოლიტიკურ თავდაღმართში” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე – სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ თავდაღმართშია.

მისივე თქმით, ის, რაც ამ პარტიაში ხდება, მიუთითებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” გაკოტრებულია.

„პარტია არის პოლიტიკურ თავდაღმართში. მან დაკარგა მთავარი ოპოზიციური ძალის ადგილი. ის, რაც შიგნით ხდება, პირდაპირ მიუთითებს, რომ პარტია არის გაკოტრებული, მათ არ აქვთ მომავლის გეგმა, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები და დაკავებული არიან დესტრუქციული პროცესებით, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია მოქალაქეების საჭიროებებს, ქვეყნის ინტერესებს. სწორედ ამიტომ, 2024 წელს ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ კარგი შესაძლებლობა გადახედონ პოლიტიკურ სპექტრს და მისცენ საშუალება ახალ პარტიებს, რომლებიც ბევრად მეტად არიან ორიენტირებული მათ საჭიროებებზე”,- განაცხადა თალაკვაძემ.

“რუსეთის დაშლის სავარაუდო სცენარიც ჩვენი თვალით ვიხილეთ” – გიორგი თავდგირიძე

ბელგოროდში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები და თანმდევი მოვლენები: უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის არის გენერალური შეტევის მაფორმირებელი ოპერაცია. უკრაინის პოლიტიკისთვის – ომისშემდგომი რუსეთის დემილიტარიზაციის ინსტრუმენტი; დასავლეთისთვის – რუსეთის მომავლისთვის ნაჩვენები ყვითელი ბარათი; რუსეთისთვის – ბუმერანგივით უკან დაბრუნებული სეპარატიზმის დამანგრეველი აჩრდილი;- ამის შესახებ სოციალურ ქსელში თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე წერს.

მისი თქმით, საქართველოს ყველაზე მზაკვარი და დაუძინებელი მტერი, რუსეთის იმპერია სულ უფრო უახლოვდება იმ ზღვარს, რომლის შემდგომ იმპერიის კი არა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაც კი შეუძლებელი გახდება.

მივყვეთ თანმიმდევრულად:

მაფორმირებელი ოპერაცია- დასავლურ სამხედრო ხელოვნებაში ძირითადი ოპერაციის წინმსწრები მოქმედებები, რომლებიც ხელს უწყობს ძირითადი ოპერაციის წარმატებას. ბელგოროდის რეიდმა სამხედრო თვალსაზრისით უკვე მიაღწია მიზანს და რუსეთი იძულებული იქნება რუსეთის ტერიტორიაზე, მნიშვნელოვან მიმართულებებზე,
გადმოისროლოს ქვედანაყოფები უკრაინიდან და დაასუსტოს და დაფანტოს თავისი ძალები. სხვა შემთხვევაში, ხვალ შეიძლება შეტევა რიაზანზე იყოს და არა 100 არამედ 500 კაცით, ზეგ 1000 როსტოვზე და ა.შ.

რუსეთის სამხედრო მარცხი გარდაუვალია, მაგრამ როგორ იქნება უზრუნველყოფილი ხანგრძლივი მშვიდობა? ერთ-ერთი ვარიანტი უკრაინასა და რუსეთს შორის ბუფერული ზონის არსებობაა, მოხალისეთა ლეგიონმაც ზუსტად ეგ განცხადება გააკეთა, რომ ერთ-ერთი მიზანი უკრაინისთვის უსაფრთხო ზონის შექმნაა რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებში. რატომაც არა, იარაღის და საბრძოლო მასალის სანაცვლოდ გარკვეული ვალდებულების აღება;

რაც შეეხება ყვითელ ბარათს, რუსეთის განმათავისუფლებელი მოძრაობა დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი იქნება დასავლეთისგან, თუ რუსეთი დროზე არ მოეგება გონს და არ გაითვითცნობიერებს, რაც უფრო მალე შეეგუება კაპიტულაციის გარდაუვალობას, მით უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნება მისთვის ომისშემდგომი მშვიდობა.

ბუმერანგი: აფხაზეთი, ცხინვალი, ლუგანსკი, დონეცკი – რუსეთის მიერ წახალისებული სეპარატიზმი და სისხლისღვრა უკან უბრუნდება, სავარაუდოდ უფრო დიდი მასშტაბებით და დამანგრეველი ძალით.

ბელგოროდის პრეცედენტი უკვე შედგა, რუსეთის დაშლის სავარაუდო სცენარიც ჩვენი თვალით ვიხილეთ. მნიშვნელობა აღარ აქვს დღესვე დაიხევს რუსეთის განთავისუფლების ლეგიონი უკან თუ გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს. რაც უფრო გაიზრდება უკრაინის არმიის ზეწოლა რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე, მით უფრო მეტი ცხელი კერა გაჩნდება რუსეთში, გაიზრდება გეოგრაფიული არეალიც და ბრუტალობაც.

საქართველოს ყველაზე მზაკვარი და დაუძინებელი მტერი, რუსეთის იმპერია სულ უფრო უახლოვდება იმ ზღვარს, რომლის შემდგომ იმპერიის კი არა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაც კი შეუძლებელი გახდება,”- წერს გიორგი თავდგირიძე.

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დოჰაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

მთავრობის მეთაური კატარის პრემიერ-მინისტრს შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანის შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები.

ხაზი გაესვა ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დიდი პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას.

აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე და ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა.

გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით მორიგი გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით მორიგი გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, დროებით შეჩერდება სპეციალური კომისიის საქმიანობა, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე დავიწყე პერმანენტული შეხვედრები მასწავლებლების ჯგუფებთან, რომელთაც მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე აქვთ მოსაზრებები და რეკომენდაციები სკოლებში სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით. მასწავლებლების მოსმენისა და მათი მოსაზრებების გაანალიზების შემდეგ დაუყოვნებლივ მივიღეთ გადაწყვეტილება, გახანგრძლივებულიყო მასწავლებელთა პორტფოლიოში დოკუმენტაციის ატვირთვის ვადები და პორტფოლიოს ატვირთვის პროცესში შემსუბუქებულიყო მტკიცებულებების ნუსხა. მასწავლებელთა პორტფოლიოების შეფასების ჯგუფი გამხდარიყო მეტად ინკლუზიური პროცესის გამჭვირვალობის, შეფასების ობიექტურობის მაღალი ხარისხისა და საზოგადოების მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად.

მასწავლებლებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მასწავლებელთათვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების გზებს შეეხება.

საქმიანობის დაწყების მომენტში, ერთი მხრივ, დამხვდა წლების განმავლობაში მოქმედი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის დადგენილ გზებს მოიცავს გამოცდის ჩაბარებისა და პრაქტიკული საქმიანობის შეფასების სახით, ხოლო მეორე მხრივ, პარალელურ რეჟიმში მოქმედი კომისია, რომელიც მასწავლებლებს, გამოცდის ჩაბარების გარეშე, სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია გაანალიზდეს ამ წლების გამოცდილება, მთლიანობაში დავინახოთ, რა გამოწვევები არსებობს მასწავლებელთა კარიერული წინსვლისა და პროფესიული ზრდის მიმართულებით; დავინახოთ სრული ციკლი, რაც ახლა მიმდინარეობს სისტემაში გამოცდებისა და პორტფოლიოების წარმოების თვალსაზრისით, შემდგომში სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ მასწავლებლები კარიერული განვითარების პროცესში.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, დროებით შეჩერდეს სპეციალური კომისიის საქმიანობა, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს.

გავაგრძელებ მასწავლებლებთან შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც მოგვცემს საშუალებას მივიღოთ სწორი, სამართლიანი და მასწავლებელთა ინტერესზე მორგებული სამომავლო გადაწყვეტილებები“,- აღნიშნა მინისტრმა.

თიბისის მხარდაჭერით, თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი 25-28 მაისს გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

თიბისი, თავისი არსებობის მეოთხე ათწლეულში, განსაკუთრებულ ფოკუსს აკეთებს ახალი თაობის მხარდაჭერაზე და მათი განათლების ხელშეწყობაზე.  თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული ფესტივალია, რომელიც წელს უკვე 25-ედ ტარდება.  ფესტივალი ტრადიციული მასშტაბითა და ფორმატით, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს მკითხველებს. მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართული ისე უცხოური გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მთავარი სტენდები,

ექსპო ჯორჯიას მე-6 და მე-5 პავილიონებში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები. მე-6 პავილიონში სტუმრებს დახვდებათ თიბისის საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვებს მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი აქტივობები დახვდებათ.

თიბისის მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათების მფლობელები, შერჩეულ გამომცემლობებთან გადახდისას, მომენტალურად დაიბრუნებენ გადახდილი თანხის 40%-ს.  ხოლო ექსპო ჯორჯიას მე-6 და მე-11 პავილიონებში, თიბისის დახლებთან, ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ მომენტალურად აიღონ მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათები, ადგილზე გაააქტიურონ და ისარგებლონ შეთავაზებით.

თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნის პროგრამა. წელს ფესტივალის ფოკუს ქვეყანა პოლონეთია. პოლონეთის პროგრამის ორგანიზატორია პოლონური ინსტიტუტი თბილისში. პოლონეთის, როგორც ფოკუს ქვეყნის, სტენდზე 10 პოლონური გამომცემლობა, ორგანიზაცია თუ კვლევითი ინსტიტუტი იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 20 პოლონელი ავტორი და მკვლევარი გამართავს შეხვედრას, ისინი ქართველ მთარგმნელებთან და ავტორებთან ერთად პოლონურ-ქართულ ურთიერთობებზე და ლიტერატურაზე ისაუბრებენ. ფესტივალს საპატიო სტუმარი, უკრაინის ინსტიტუტის დირექტორი, ვოლოდიმირ შეიკო ეწვევა.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სლოგანით #GeorgiaStandsWithUkraine (საქართველო მხარს უჭერს უკრაინას) უკვე მეორე წელია სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.