Home Blog Page 1986

დღეის მდგომარეობით, 261 კმ მაგისტრალი არის გახსნილი, აქედან, 193 კმ მაგისტრალი ჩვენი მთავრობის დროს აშენდა და გაიხსნა -პრემიერი

2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, 261 კმ მაგისტრალური გზიდან, 193 კმ არის ჩვენ მიერ აშენებული და ჩვენი მთავრობის დროს გახსნილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ახალი გზის გახსნა გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, ტურისტებს, მგზავრებს, ყველას, ვინც სარგებლობს ამ გზით.

„მინდა, პირველ რიგში გითხრათ, ვარ ძალიან გახარებული და ბედნიერი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის გახსნის ცერემონიალში ვიღებ მონაწილეობას. ყველამ კარგად ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მაგისტრალების მშენებლობას, გზების მშენებლობას და განსაკუთრებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის მშენებლობას. დღეის მდგომარეობით, 261 კმ მაგისტრალი არის გახსნილი, აქედან 193 კმ მაგისტრალი ჩვენი მთავრობის დროს აშენდა და გაიხსნა. ყველაზე რთული, გამოწვევებით აღსავსე, იყო რიკოთის მონაკვეთი, რომელიც მიჩნეული იყო და არის ჯერ კიდევ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამომწვევი მონაკვეთი, მაგრამ თქვენ უყურებთ, რომ აშენდა ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი და გრძელდება ეს პროცესი.

ჩვენ დღეს საზეიმოდ გავხსენით 27 კმ. 27 კმ ოთხზოლიანი ახალი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 65 ხიდს და 38 გვირაბს. მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა ამ ახალი გზის გახსნა გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს, მგზავრებს, ყველას, ვინც სარგებლობს ამ გზით. ასევე, რა თქმა უნდა გადაზიდვები გაცილებით უფრო კომფორტული გახდება, გამტარუნარიანობას გაზრდის ამ მაგისტრალური გზის გახსნა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, რიკოთის მაგისტრალური გზაზე ჯამში იქნება 97 ხიდი და 51 გვირაბი.

„დღეის მდგომარეობით, 48 გვირაბი უკვე გაჭრილია და 83 ხიდი უკვე აშენებულია. ეს არის გრანდიოზული სამუშაოები. ყველაზე მასშტაბური პროექტი. თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ასეთი მასშტაბის, ასეთი სირთულის გადაწყვეტის თვალსაზრისით, არ განხორციელებულა ჩვენი ქვეყნის რეალობაში ასეთი ანალოგიური პროექტი. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მივესალმებით აი ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. მთლიანად სამუშაოები რიკოთის მონაკვეთზე დასრულდება 2024 წელს. დარჩენილი რამდენიმე კილომეტრზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გეგმის მიხედვით, როგორ უკვე აღვნიშნე, 2024 წლის ბოლოს მთლიანად გაიხსნება რიკოთის მონაკვეთი.

კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, 261 კმ მაგისტრალური გზიდან, 193 კმ არის ჩვენ მიერ აშენებული და ჩვენი მთავრობის დროს გახსნილი. ახლა მიმდინარეობს 81 კმ-ზე სამუშაოები, მინდა, შეგახსენოთ, რომ 2013 წლიდან მოყოლებული ჯამურად 16 000 კმ გზა აშენდა და რეაბილიტირდა. ეს არის ძალიან მასშტაბური სამუშაოები, აქედან მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტიდან 6 მლრდ ლარი არის ინვესტირებული, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მე მითქვამს და მინდა, გავიმეორო – გზების მშენებლობას, მაგისტრალების მშენებლობას მოქვს სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი და დიდი დანახარჯები აქვს აი ამ მასშტაბურ პროექტებს, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანა იცვლება. აი, ამ პერიოდში ქვეყანა ვითარდება, განვითარდა, გაძლიერდა, გამდიდრდა და ეს დოვლათი, რომელიც იქმნება ქვეყანაში, გადანაწილდება და გადანაწილდა რეგიონების მიხედვით.

მე არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ევროკავშირის ელჩს, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელს, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, ყველა დონორ ორგანიზაციას, ვინც ჩართული იყვნენ ამ გრანდიოზული, საუკუნის პროექტის განხორციელების, დაფინანსების პროცესში. მინდა, მადლობა ვუთხრა რა თქმა უნდა, ირაკლი ქარსელაძეს და მის გუნდს, გზების დეპარტამენტს, ყველა მშენებელს, ინჟინერს, ვინც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. მეგობრებო, გრძელდება მშენებლობა და მიმაჩნია, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვახარებს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს უხარია ამ განვითარების, პროგრესის ხილვა და ეს პროცესი გაგრძელდება, მივა ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩვენ დღეს საზეიმოდ გავხსენით 27 კმ, 4 ზოლიანი ახალი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 65 ხიდს და 38 გვირაბს -ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ დღეს საზეიმოდ გავხსენით 27 კმ, 4 ზოლიანი ახალი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 65 ხიდს და 38 გვირაბს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გახსნაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ ახალი გზის გახსნა გაუადვილებს გადაადგილებას ყველას, ვინც სარგებლობს ამ გზით.

„მინდა ისიც აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ამ ახალი გზის გახსნა გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, არა მხოლოდ ჩვენ მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს, მგზავრებს, ყველას, ვინც სარგებლობს ამ გზით. ასევე, რა თქმა უნდა, გადაზიდვები გაცილებით უფრო კომფორტული გახდება, გამტარუნარიანობას გაზრდის ამ მაგისტრალური გზის გახსნა. მე შეგახსენებთ, რომ რიკოთის მაგისტრალური გზა ჯამში იქნება 52 კმ, 97 ხიდი შენდება და 51 გვირაბი. დღეის მდგომარეობით, 48 გვირაბი უკვე გაჭრილია და 83 ხიდი უკვე აშენებულია. ეს არის გრანდიოზული სამუშაოები, ყველაზე მასშტაბური პროექტი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მასშტაბის, ასეთი სირთულის, გადაწყვეტის თვალსაზრისით, არ განხორციელებულა ჩვენი ქვეყნის რეალობაში ასეთი ანალოგიური პროექტი“, – განაცხადა პრემიერმა.

თბილისში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი გაიხსნა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, კაორი იშიკავამ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა თბილისში, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი გახსნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი“ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს. თავშესაფარი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და მოემსახურება ძალადობის მსხვერპლ ქალებს და მათზე დამოკიდებულ პირებს.

თავშესაფარში ძალადობის მსხვერპლები/დაზარალებულები უზრუნველყოფილი იქნებიან დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით, ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაციით, სამართლებრივი მომსახურებით და სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებით.

თავშესაფარი გაიხსნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.

სოფელ ალვანში გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი გაიხსნა

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი მის მშობლიურ სოფელ ალვანში ანწუხელიძის შვილებმა გახსნეს.

ბიუსტის გახსნა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, ეროვნული გმირის ხსოვნისადმი.მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მოხდა.

გიორგი ანწუხელიძისათვის ბიუსტის დადგმის ინიციატივა , თუშეთის განვითარების ფონდს ეკუთვნის, რომელმაც შესაბამისი თანხა სხვადასხვა გზებით, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობებით შეაგროვა.

„დღევანდელი დღის მთავარი მოვლენაა გიორგი ანწუხელიძის ბიუსტის გახსნა, იქნება თუშური, ცხენზე ამხედრებული მამაკაცების დალაობა, ანუ დატირება, რომელიც სწორედაც ასეთ ვაჟკაცებს ეძღვნება. ასევე დღის განმავლობაში კულტურის სახლის ეზოში, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები უნდა გაიმართოს, სპორტული, კულტურული, შემეცნებითი,აქ იქნებიან, მწერლები, სამხედრო პირები, ანწუხელიძის მეგობრები, რომლებიც მას გაიხსენებენ” – განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა რატი კოჭლამაზაშვილმა.

ფონდის გადაწყვეტილებით, ბიუსტისათვის შეგროვილი თანხიდან დარჩენილი ფინანსები, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სპორტული დარბაზისათვის ინვენტარის შეძენას მოხმარდება.

გიორგი ანწუხელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეული, სოფელ ქვემო ალვანში, ქ ყოველწლიურად, ოქტომბრის თვის ბოლო კვირას ტარდება

საქართველოს როლი დღითიდღე იზრდება რეგიონული უსაფრთხოების, მშვიდობის უზრუნველყოფის, ასევე ენერგეტიკული, ეკონომიკური თუ სხვა მიმართულებით -რატი იონათამიშვილი

დღითიდღე იზრდება საქართველოს მასშტაბური როლი, როგორც რეგიონული უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის, ასევე ენერგეტიკული, ეკონომიკური თუ სხვა მიმართულების საკითხებში, მათ შორის დასავლური ქვეყნებისა და აზიის ქვეყნების ჭრილში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია შუა დერეფნის პოტენციალის კიდევ უფრო გაღრმავება.

„ევროპიდან და აზიიდან მნიშვნელოვანი აქტორები „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მსჯელობდნენ სწორედ განვითარებაზე და ამ განვითარებაში არ იგულისხმება მხოლოდ ჩვენი რეგიონი, არამედ ყველა ის დამაკავშირებელი ქვეყანა, რომელიც ამ შუა დერეფნის პოტენციალისთვის იქნება ბენეფიციარი. შესაბამისად, ეს არის დამსახურება სწორედ იმ სწორი პოლიტიკის, ეკონომიკური პოლიტიკის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელი რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი 27 კმ-იანი, ოთხზოლიანი მონაკვეთი იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან. ხევი-შორაპნის მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს.

„ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით ამცირებს. ამასთან, სწორედ ხევი-შორაპნის მონაკვეთზეა საქართველოში ყველაზე გრძელი – 1362 მეტრის ხიდი, ხოლო ამავე მონაკვეთზე ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1 640 მერტია.

ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, გარე განათების სისტემასაც.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი, რომელიც მიმდინარეობს რთულ რელიეფზე მასშტაბური საინჟინრო გადაწყვეტებით, უპრეცედენტოა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში. რიკოთის პროექტის ფარგლებში, ჯამში შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი. ამ დროისათვის, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა ოთხ სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის, ხევი-უბისას, უბისა-შორაპნის და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთებად.

მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტების – ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკისა (WB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა, პროექტის დასრულება კი, 2024 წელს იგეგმება.

პროექტის ფარგლებში, სურამთან, შროშასთან და ზესტაფონთან  მოეწყობა სპეციალური სივრცეები, ე.წ. სავაჭრო მოედნები, სადაც მოსახლეობა საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას გამართული ინფრასტრუქტურისა და საგზაო უსაფრთხოების პირობებში შეძლებს.

რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტირებაზე იმუშავეს ცნობილმა ამერიკულმა, იტალიურმა, თურქულმა და ქართულმა კომპანიებმა. ჯამურად, რიკოთის პროექტირებაზე 140 სპეციალისტი მონაწილეობდა, საიდანაც 84 ადგილობრივი იყო. საპროექტო გუნდი მოიცავდა გვირაბების, ხიდების, საავტომობილო გზების ინჟინრებს, გეოლოგებს, გეოტექნიკოსებს, გარემოს დაცვისა და საგზაო უსაფრთხოების და სხვა დარგის სპეციალისტებს.

სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროცედურებით ჩატარებულ ღია ტენდერში გამარჯვებული ოთხ სხვადასხვა ჩინური კომპანია, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობენ, რამდენიმე ათეული წლის გამოცდილების მქონე, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიები საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ავსტრალიიდან და კორეიდან. რიკოთის მონაკვეთის ზედამხედველობაში ჩართულია 146 გამოცდილი სპეციალისტი, მათ შორის 99 ადგილობრივი და 47 საერთაშორისო ექსპერტი.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 10 000 ადამიანზე მეტი, საიდანაც 70%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60) განვითარება ხელს უწყობს საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა და სატრანზიტო ტვირთბრუნვა, გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხი და შემცირდება მგზავრობის დრო.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 60% (261 კმ) ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალური გზის 81 კმ-ზე“, – აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

“მაგრა მიჰქარავს ზელენსკი!” -ირაკლი მელაშვილი

 

“ახლა როცა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომენტია, ასეთი ტიპის განცხადებები უბრალოდ ძალიან არასწორია (რბილად რომ ვთქვათ). ომის პირობებში მყოფი ქვეყნის ლიდერი უნდა ცდილობდეს მოწინააღმდეგე თავის მხარეზე დაიყენოს და არა პირიქით, შენიანი ვინცაა ისიც მოწინააღმდეგედ აქციოს!წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკის ანალიტიკოსი, ირაკლი მელაშვილი.

“მაგრა მიჰქარავს ზელენსკი! საქართველოს დაწყვილება ბელარუსთან მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნის ძალიან არასწორი შეფასებაა!

უკრაინას ჰყავდა პრორუსი კუჩმა, პუტინის შნირი, იანუკოვიჩი და ამის გამო ქართველებს არასდროს გვითქვამს უარი უკრაინის მხარდაჭერაზე, არასდროს გვიკადრია ეს წამოგვეძახებინა მათთვის!

არ მახსოვს არც ერთი ქართველი თანამდებობის პირი, რომელსაც თუნდაც აღვირახსნილი კორუფციის გამო, რომელსაც ომის დროსაც კი ვერ მოერია უკრაინის მთავრობა უკრაინის წინააღმდეგ განცხადებები ეკეთებინა, ეს ქვეყანა ამ მიზეზით ევროინტეგრაციის ღირსი არ არისო!

ახლა როცა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომენტია, ასეთი ტიპის განცხადებები უბრალოდ ძალიან არასწორია (რბილად რომ ვთქვათ). ომის პირობებში მყოფი ქვეყნის ლიდერი უნდა ცდილობდეს მოწინააღმდეგე თავის მხარეზე დაიყენოს და არა პირიქით, შენიანი ვინცაა ისიც მოწინააღმდეგედ აქციოს!

არ გვაქვს ქართველებს ზელენსკის დასაყვედრებელი რუსებთან ბრძოლა ნამდვილად! არესტოვიჩის იდიოტური განცხადებები არ გვაკლდა, ახლა ეს ნუ დარდობთ ჩვენზე უკრაინელი პოლიტიკოსები, მივხედავთ როგორმე ჩვენს თავს და ნუ მოკლავთ ამ ხალხში უკრაინის მხარდაჭერის სურვილს თქვენი განცხადებებით!”- წერს ირაკლი მელაშვილი

https://www.facebook.com/irakli.melashvili.7/posts/pfbid02m2MgjsGpo6zg2sNUGFfnVCe3932zTADw4ABovtYhS76G6f44mtn4891dxxPvmdSfl

 

ჩვენ არ ვაწესებთ წითელ ხაზებს ისრაელისთვის -ჯონ კირბი

თეთრი სახლის სპიკერი ჯონ კირბი უარს აცხადებს კომენტარის გაკეთებაზე ისრაელის მიერ სახმელეთო იერიშების გაფართოებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ timesofisrael-ი ავრცელებს.

„ჩვენ არ ვაწესებთ წითელ ხაზებს ისრაელისთვის“, – ამბობს კირბი ჟურნალისტებთან საუბრისას.

თეთრი სახლის სპიკერი აცხადებს, რომ აშშ აგრძელებს ისრაელის მხარდაჭერას.

„ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, მაგრამ თავიდანვე ვამბობდით გვექნება საუბრები იმაზე, თუ როგორ აკეთებენ ისინი ამას“, – განაცხადა კირბიმ.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარები „ამაღამ ოპერაციებს აფართოებენ“. ამასთან, ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელები აცხადებენ, რომ ისრაელის სახმელეთო ძალები, მათ შორის ტანკები, მოქმედებენ ანკლავის შიგნით.

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის ძალებთან შეტაკება ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარეობს

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის ძალებთან შეტაკება ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარეობს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ჰამასის“ სამხედრო ფრთამ, ალ-ქასამის ბრიგადებმა განაცხადეს, რომ უპირისპირდებიან ისრაელის სამხედრო სახმელეთო შეჭრას ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში.

„ჰამასის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ძალადობრივი შეტაკებები“ მიმდინარეობს ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე ბეიტ ჰანუნთან და ცენტრში, ბურეიჯთან. დამატებითი დეტალები იმის შესახებ, თუ რა ფორმით მიმდინარეობს შეტაკებები, უცნობია.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარები „ამაღამ ოპერაციებს აფართოებენ“. ამასთან, ისრაელის ჯარის სპიკერმა, ნირ დინარმა განაცხადა, რომ „ისრაელის ჯარები და ტანკები ღაზის სექტორში არიან, ისინი ისვრიან და მოქმედებენ, მაგრამ ისინი გუშინაც იყვნენ ღაზაში“.

 

საქართველოსა და დომინიკის თანამეგობრობას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და დომინიკის თანამეგობრობას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნიუ იორკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის „დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“.

დომინიკის თანამეგობრობის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა გაერო-სთან დომინიკის თანამეგობრობის მუდმივმა წარმომადგენლმა, ფილბერტ აარონმა.

დოკუმენტი ძალაში შევა ორივე მხარის მიერ შიდა პროცედურების დასრულებიდან ერთ თვეში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ტურისტული, კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და განაპირობებს ორივე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას შესაბამის რეგიონებში.

“ისრაელის გაფართოებული ოპერაცია ღაზის სექტორში ოფიციალური სახმელეთო შეჭრა არ არის” – „ცაჰალის“ ოფიციალური წარმომადგენელი

„ცაჰალის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ ლერნერმა ტელეკომპანია ABC News-თან საუბარში უარყო, რომ ისრაელის გაფართოებული ოპერაცია ღაზის სექტორში ოფიციალური სახმელეთო შეჭრაა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური გამოცემა Arutz Sheva ავრცელებს.

მისი თქმით, ისრაელის ძალები იწყებენ უფრო შეზღუდულ შეჭრას.

მანამდე „ცაჰალის“ სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღამით ისრაელის სახმელეთო ჯარები ოპერაციებს გააფართოებენ.

მან ქალაქ ღაზის მოსახლეობას ღაზის სექტორის სამხრეთის მიმართულებით ევაკუაციისკენ მოუწოდა.

“160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას” – პრემიერი

სიტყვა „მასწავლებელი” გვეუბნება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელი, საპასუხისმგებლო და საპატიოა ეს სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე პედაგოგები დაჯილდოვდებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიით და გადაეცემათ ფულადი პრიზი − 10 000 ლარის ოდენობით.

„მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო, მივესალმები პატივცემულ სტუმრებს, ელჩებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს. ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა, ძვირფასო მასწავლებლებო. სიტყვა „მასწავლებელი” გვეუბნება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელია, ზოგადად, ეს სტატუსი − რაოდენ საპასუხისმგებლო და საპატიო. მე განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დაგიდასტუროთ, ვინაიდან თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები, ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები. ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების, მე ასე ვიტყოდი, ჩვენი შვილების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია სწორედ თქვენ, ჩვენს დამსახურებულ, ღვაწლმოსილ და გმირ პედაგოგებს გაკისრიათ.
მე ასე ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი გავლენა, ვინც შეიძლება მოახდინოს მოზარდის, მოსწავლის განვითარებაზე, აზროვნებაზე, მის ცნობიერებაზე, მისი მსოფლმხედველობის განსაზღვრა-ჩამოყალიბებაზე, ოჯახის ინსტიტუტთან ერთად ხართ თქვენ − სკოლა, მასწავლებლები და ეკლესია. საზოგადოებაში თქვენი განსაკუთრებული როლის ხაზგასმისა და დაფასებისთვის მთავრობის გადაწყვეტილებით პირველად ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში დაწესდა მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია. თანაც ჩვენი მინისტრის ინიციატივით, თარიღიც სიმბოლურად იქნა შერჩეული − 27 ოქტომბერი − ქართული პედაგოგიკის ფუძემდებლის, ჩვენთვის, ყველასთვის საყვარელი საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის − დიდი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე.
საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე პედაგოგები დაჯილდოვდებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიით და გადაეცემათ ფულადი პრიზი – 10 000 ლარის ოდენობით”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, მთავრობას კარგად აქვს გააზრებული ის დიდი ღვაწლი, რომელსაც მასწავლებლები ეწევიან.
„მასწავლებლობა, ჩემო ძვირფასო პედაგოგებო, კარგად ვიცით, რომ ოდითგანვე გამორჩეული, საპატიო და, როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა – ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ღირსეული, ჯანსაღი, განათლებული თაობა არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საწინდარი, მთავარი ფუნდამენტი, საძირკველი. ამ საძირკვლის სიმყარეში და სიმტკიცეში, რა თქმა უნდა, თქვენ განუზომლად დიდი როლი გაკისრიათ. მე კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდ შრომას ეწევით თქვენ, მასწავლებლები, ყოველდღიურად ზრუნავთ ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების განათლებაზე, მათ აღზრდაზე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის.
დარწმუნებული ვარ, ყველას გვყავს ჩვენი საყვარელი მასწავლებელი და მასწავლებლები, ანუ ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ცნობიერებაზე, მსოფლმხედველობაზე, აზროვნებაზე დიდი როლი იქონიეს და, რაც მთავარია, მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს − გვასწავლეს, ზოგადად, აზროვნება, გვასწავლეს ყველაფერი, ის, რაც მხოლოდ წიგნებით არ ისწავლება.

ამიტომ ჩვენ, მთავრობას, კარგად გვაქვს გააზრებული ეს დიდი ღვაწლი, რომელსაც თქვენ ეწევით. მიმაჩნია, რომ თქვენი პროფესიის პრესტიჟის ამაღლების კუთხით ჩვენ, მთავრობამ, მეტი უნდა გავაკეთოთ. ამ მიზნით ჩვენი მინისტრი და მთლიანად მთავრობა ვმუშაობთ. ახლა კიდევ უფრო მეტად, ინტენსიურად, დავიწყეთ მუშაობა. გავაგრძელებთ ზრუნვას პედაგოგებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად და მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, აქედან 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, რომელიც სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ბატონი მინისტრი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ძალიან მალე წარმოგიდგენთ კონკრეტულ ხედვას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მასწავლებლის სტატუსი და პროფესია კიდევ უფრო მეტად დაფასებული უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში.
„იცით, რომ ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთეთ, ზოგადად, განათლების სისტემაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ, მშობლები, ჩვენი მოქალაქეები განდობთ ჩვენთვის საუკეთესოს − ჩვენს შვილებს, ამიტომ თქვენ იმსახურებთ ყველაფერს საუკეთესოს. მე მინდა შეგახსენოთ კიდევ ერთხელ, რომ წინა წელს ჩემი გადაწყვეტილებით დავიწყეთ მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც გულისხმობს 1000-მდე სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას, რომელშიც ერთი მილიარდი ლარი დაიხარჯება. ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს, დაახლოებით 400 სკოლა უკვე არის შერჩეული, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები. ასევე დაწყებულია 1000 საბავშვო ბაღის რემონტი, რეაბილიტაცია. ამ პროექტშიც 1 მილიარდი ლარი დაიხარჯება. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, ზოგადად, განათლების ხარისხის მნიშვნელობის გაზრდა. ასევე მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე თუ სხვა, უფრო ეფექტური, სისტემის შემუშავებაზე. მე არაერთხელ განმიხილავს და მისაუბრია განათლების მინისტრთან და ვიცი, რომ იგი ინტენსიურ შეხვედრებს მართავს მასწავლებლებთან, ისმენს თქვენს რეკომენდაციებს, ხედვებს, რჩევებს. მერწმუნეთ, რომ ჩვენ ამ თქვენს ხედვას აუცილებლად გავითვალისწინებთ, რომ კიდევ უფრო მეტად ეფექტური სისტემა შევიმუშაოთ ერთად, სამინისტროსთან, მინისტრთან ერთად. ასევე მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ გპირდებით კვლავაც გვერდში დგომას. იცოდეთ, რომ მთავრობა, პირადად მე, მინისტრი, ყველანი მზად ვართ, რომ მოგისმინოთ, მივიღოთ თქვენი რჩევები, რეკომენდაციები და შესაბამისად მოვაწყოთ, გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო, დღევანდელ დღეს! ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მასწავლებლის სტატუსი და პროფესია კიდევ უფრო მეტად დაფასებული უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში და ამ მიზნით მთავრობის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები, ვფიქრობ, კონკრეტულ შედეგს გამოიღებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! მე გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენს ოჯახებს სიძლიერეს და კეთილდღეობას”,- განაცხადა პრემიერმა.
საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზები 11 ღვაწლმოსილ პედაგოგს გადაეცა. ესენი არიან: პეტრე ბიბლუა – ევროპული სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ნუნუ ანდღულაძე – ზურაბ კიკვაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელი, ნაზიბროლა მიქელაძე – აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მედეა ბორჩაშვილი – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მარინე ბერიანიძე – ქალაქ წალკის N1 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, კახაბერ ჩაკვეტაძე – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ვენერა აბუსელიძე – ქალაქ ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, ელმირა ქსპოიანი – ქ. ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლის სომხური ენის მასწავლებელი, მედეია ტრამაკიძე – ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ნინო ჯალაღონია – ქალაქ თბილისის N141 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სამირა ისმაილოვა – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის, როგორც პირველი უცხო ენის, მასწავლებელი.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეიკრიბა იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა თუ თემის განვითარებაში. ამის შემდეგ 11 გამარჯვებული გამოავლინა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებით.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა, რომელიც ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

ამ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.