დღეის მდგომარეობით, 261 კმ მაგისტრალი არის გახსნილი, აქედან, 193 კმ მაგისტრალი ჩვენი მთავრობის დროს აშენდა და გაიხსნა -პრემიერი

128
spot_img

2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, 261 კმ მაგისტრალური გზიდან, 193 კმ არის ჩვენ მიერ აშენებული და ჩვენი მთავრობის დროს გახსნილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ახალი გზის გახსნა გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, ტურისტებს, მგზავრებს, ყველას, ვინც სარგებლობს ამ გზით.

„მინდა, პირველ რიგში გითხრათ, ვარ ძალიან გახარებული და ბედნიერი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის გახსნის ცერემონიალში ვიღებ მონაწილეობას. ყველამ კარგად ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მაგისტრალების მშენებლობას, გზების მშენებლობას და განსაკუთრებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის მშენებლობას. დღეის მდგომარეობით, 261 კმ მაგისტრალი არის გახსნილი, აქედან 193 კმ მაგისტრალი ჩვენი მთავრობის დროს აშენდა და გაიხსნა. ყველაზე რთული, გამოწვევებით აღსავსე, იყო რიკოთის მონაკვეთი, რომელიც მიჩნეული იყო და არის ჯერ კიდევ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამომწვევი მონაკვეთი, მაგრამ თქვენ უყურებთ, რომ აშენდა ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი და გრძელდება ეს პროცესი.

ჩვენ დღეს საზეიმოდ გავხსენით 27 კმ. 27 კმ ოთხზოლიანი ახალი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 65 ხიდს და 38 გვირაბს. მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა ამ ახალი გზის გახსნა გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს, მგზავრებს, ყველას, ვინც სარგებლობს ამ გზით. ასევე, რა თქმა უნდა გადაზიდვები გაცილებით უფრო კომფორტული გახდება, გამტარუნარიანობას გაზრდის ამ მაგისტრალური გზის გახსნა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, რიკოთის მაგისტრალური გზაზე ჯამში იქნება 97 ხიდი და 51 გვირაბი.

„დღეის მდგომარეობით, 48 გვირაბი უკვე გაჭრილია და 83 ხიდი უკვე აშენებულია. ეს არის გრანდიოზული სამუშაოები. ყველაზე მასშტაბური პროექტი. თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ასეთი მასშტაბის, ასეთი სირთულის გადაწყვეტის თვალსაზრისით, არ განხორციელებულა ჩვენი ქვეყნის რეალობაში ასეთი ანალოგიური პროექტი. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მივესალმებით აი ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. მთლიანად სამუშაოები რიკოთის მონაკვეთზე დასრულდება 2024 წელს. დარჩენილი რამდენიმე კილომეტრზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გეგმის მიხედვით, როგორ უკვე აღვნიშნე, 2024 წლის ბოლოს მთლიანად გაიხსნება რიკოთის მონაკვეთი.

კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, 261 კმ მაგისტრალური გზიდან, 193 კმ არის ჩვენ მიერ აშენებული და ჩვენი მთავრობის დროს გახსნილი. ახლა მიმდინარეობს 81 კმ-ზე სამუშაოები, მინდა, შეგახსენოთ, რომ 2013 წლიდან მოყოლებული ჯამურად 16 000 კმ გზა აშენდა და რეაბილიტირდა. ეს არის ძალიან მასშტაბური სამუშაოები, აქედან მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტიდან 6 მლრდ ლარი არის ინვესტირებული, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მე მითქვამს და მინდა, გავიმეორო – გზების მშენებლობას, მაგისტრალების მშენებლობას მოქვს სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი და დიდი დანახარჯები აქვს აი ამ მასშტაბურ პროექტებს, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანა იცვლება. აი, ამ პერიოდში ქვეყანა ვითარდება, განვითარდა, გაძლიერდა, გამდიდრდა და ეს დოვლათი, რომელიც იქმნება ქვეყანაში, გადანაწილდება და გადანაწილდა რეგიონების მიხედვით.

მე არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ევროკავშირის ელჩს, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელს, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, ყველა დონორ ორგანიზაციას, ვინც ჩართული იყვნენ ამ გრანდიოზული, საუკუნის პროექტის განხორციელების, დაფინანსების პროცესში. მინდა, მადლობა ვუთხრა რა თქმა უნდა, ირაკლი ქარსელაძეს და მის გუნდს, გზების დეპარტამენტს, ყველა მშენებელს, ინჟინერს, ვინც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. მეგობრებო, გრძელდება მშენებლობა და მიმაჩნია, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვახარებს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს უხარია ამ განვითარების, პროგრესის ხილვა და ეს პროცესი გაგრძელდება, მივა ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.