Home Blog Page 1986

2025 წელს ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს

ეგვიპტეში, შარმ ელ-შეიხში გამართულ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) კონგრესზე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ თბილისი ფარიკაობაში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

თბილისს ხმა კენჭისყრაში მონაწილე FIE-ის 134 დელეგატიდან 120-მა მისცა.

ცნობისთვის, წინა მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობაში 2023 წელს მილანში ჩატარდა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, მისი მფლობელი სანდრო ბაზაძე გახდა.

,,ნაციონალურ მოძრაობაში“ დაშლის შეუქცევადი პროცესია დაწყებული”- ბექა ოდიშარია

ნაციონალურ მოძრაობაში“ დაშლის შეუქცევადი პროცესია დაწყებული, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ მარტივ მამრავლებად, ნაწილაკებად დაიშლება და ამას ვერ უშველის პატიმარ სააკაშვილის გზავნილები, წერილები და ეპისტოლეები. უკვე ჩანს, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი სძულთ“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

დიდი განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და დაშლისთვის შექმნილი ერთობის მანიფესტი. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის აღიარებამ ცხადი გახადა, რომ გაერთიანების მიზნით შექმნილი დოკუმენტი, პარტიიდან ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ნუგზარ წიკლაურის ჩამოსაშორებლად მომზადდა. დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნიკა მელიამ, თუმცა პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, პარტიის წევრად აღარავინ განიხილავს.

,,მზად ვარ ყველა კონსულტაციაში ჩავერთო”- ხათუნა სამნიძე

9 პუნქტის შესასრულებლად საჭიროა კონკრეტული ინიციატივები და რეფორმები, რომელსაც რა თქმა უნდა სჭირდება კონსულტაცია და მე მზად ვარ ყველა კონსულტაციაში ჩავერთო, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„აუცილებელია თანამშრომლობა და როგორც ჩანს ამ თანამშრომლობის შესაძლებლობები შესაძლოა გამოჩნდეს იქედან გამომდინარე, რომ 9 პუნქტის შესრულება არ ჩაითვლება და შეუძლებელი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ თავდასხმის რეჟიმში იქნება ოპოზიციის მიმართ“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

9 ევროპული დათქმის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა საბოლოო სახეს ორშაბათს მიიღებს. დოკუმენტის მიხედვით, შემუშავებული იქნება ის ფორმატები, რაც პოლიტიკურ პარტიებსა და არა სამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს ითვალისწინებს.

ვისაც შევიწყალებ ნახავთ, როცა იქნება შეწყალება – სალომე ზურაბიშვილი

ვისაც შევიწყალებ ნახავთ, როცა იქნება შეწყალება, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.

„მე აქ არ ვარ მოსული, რომ არც სტალინზე და არც სააკაშვილზე ვილაპარაკო. 7 ნოემბერს ვმონაწილეობდი და ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლა. ამაზე სხვა სათქმელი არ მაქვს. მე აქ არავის შეწყალებაზე არ ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვპასუხობ, ვისაც შევიწყალებ ნახავთ, როცა იქნება შეწყალება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“ნაციონალურ მოძრაობაში დაწყებულია დაშლის შეუქცევადი პროცესი, ამას ვერ უშველის სააკაშვილის გზავნილები, წერილები და ეპისტოლეები, ჩანს, რომ ამ ადამიანებს სძულთ ერთმანეთი”- ბექა ოდიშარია

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებულია დაშლის შეუქცევადი პროცესი და ის არამხოლოდ მარტივ მამრავლებად, ნაწილაკებად დაიშლება, ამას ვერ უშველის ვერც პატიმარი სააკაშვილის გზავნილები, წერილები და ეპისტოლეები, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე ჩანს, რომ ამ ადამიანებს სძულთ ერთმანეთი და არ აქვთ მხოლოდ ოპონირება.

„ისეთი ტიპის ეპითეტები, რასაც იყენებენ, სარკაზმი მათი ლექსიკიდან ცხადყოფს, რომ ეს ადამიანები ვერასდროს ვეღარ შედუღაბდებიან, რასაც ქართული საზოგადოება მიესალმება. კარგი იქნება, თუ ეს პროცესი გაგრძელდება და ბოლომდე ლუსტრირდებიან, რადგან ჩვენ როდესაც ვამბობდით, რომ კვიპროსიდან იმართება „ნაციონალური მოძრაობა“, მაშინ საზოგადოებაში იყო გარკვეული სკეპტიციზმი. ახლა, როდესაც ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ პროცესები დისტანციურად პირდაპირ კეზერაშვილის მიერ იმართება, ალბათ საზოგადოებას უფრო მეტი აქვს დამაჯერებლობის კოეფიციენტი. დაპირისპირების გაგრძელებით ჩვენ მეტს გავიგებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თაობის შესახებ, რომელიც არ არის – ყოველ შემთხვევაში, მორალურად და სულიერად – ნაკლებად დამნაშავე, ვიდრე ძველი თაობა, რომელიც მატერიალურად და ფიზიკურად იყო შეხებაში იმ ძალიან მძიმე დანაშაულებთან“, – განაცხადა ოდიშარიამ.

როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მიესალმება, რაც მეტს წამოაძახებენ ერთმანეთს, მით უფრო გაგვიადვილდება ამ თაობის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნიღბის ჩამოხსნა.

„წარმოიდგინეთ, ყოფილი თავმჯდომარე საკუთარ პარტიას თათხავს უკანასკნელი სიტყვებით და იმასაც ვერ ახერხებენ, რომ ცოტა ხანს, არჩევნებამდე მაინც დააჭირონ ენას კბილი, რომ არ დააზიანონ ერთმანეთი. „ქართული ოცნება“ მიესალმება, რაც მეტს წამოაძახებენ ერთმანეთს და მეტ სიმართლეს გავიგებთ, მით უფრო გაგვიადვილდება ამ თაობის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნიღბის ჩამოხსნაც, რომლის სიბოროტეში „ქართულ ოცნებას“ ეჭვი არ ეპარებოდა. საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ იყო ნათელი, რას წარმოადგენდა ეს ხალხი. ძალიან კარგი, მეტი უთხარით ერთმანეთს, პატივცემულებო, მეტი წამოაძახეთ და ჩვენც მეტი გაგვაგებინეთ. ისედაც ვიცით, რას წარმოადგენს თქვენი შინაგანი ბუნება, მაგრამ კარგი იქნება, მთელმა საქართველომ გაიგოს, ვინ საიდან ხართ მართული, ვინ საიდან დაყრილ საკენკს კენკავს. ძალიან კარგია, ეძახონ ერთმანეთს „კვიპროსის კლანი“, მეორე მხარესაც გამოუჩნდება სახელწოდება, ალბათ გზააბნეულების ან დაშლილების, არ ვიცი, რა იქნება. პროცესი არის გადასარევი, შეუქცევადია“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ჩვენ სრულად ვიცავთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას -ნიკოლ ფაშინიანი

ჩვენ სრულად ვიცავთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ფაშინიანს ჰკითხეს, მზად არის თუ არა სომხეთი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიაროს.

„ჩვენ სრულად და ცალსახად ვიცავთ საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას, დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას. გაერო-ში 2019 წლამდე და უკვე შემდეგ გამართულ კენჭისყრაზე დაფიქსირდა თვალსაჩინო და კონკრეტული განსხვავებები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი მოძმე სახელმწიფოს, საქართველოს წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ბ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან გოგონას აედევნა ქუჩაში და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება

საქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალადობის პრევენცია, ისევე როგორც მსხვერპლთა დაცვა, საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ამ მიმართულებით, რაც განპირობებულია მულტისექტორული, კოორდინირებული მიდგომითა და მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელებით.

ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის საბოლოო ანგარიშში დადებითად არის შეფასებული გენდერულ ძალადობაზე ინსტიტუციების მიერ რეაგირება და ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოს პასუხი ძალადობაზე არის ქმედითი და მკაფიოდ განსაზღვრული.

ზემოაღნიშნულ ანგარიშში ასევე ასახულია საქართველოს ხელისუფლების მიერ დამტკიცებული სტრატეგიული დოკუმენტები და კანონმდებლობა გენდერული თანასწორობის, გენდერული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მათ შორისაა „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების“ და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა“ 2022-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმები და გენდერული თანასწორობის კონცეფცია.

საქართველოს მთავრობა, პარტნიორებთან ერთად, კვლავ გააგრძელებს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5 000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ჯორჯ ბუშის ქუჩის V შესახვევში სკვერი მოეწყობა

ისნის რაიონის გამგეობა ჯორჯ ბუშის ქუჩის V შესახვევში, კორპ. N120-ის მიმდებარედ, 2900 კვ.მ. ფართობზე სკვერს მოაწყობს.

სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, რისი განხორციელების შედეგადაც , დასასვენებელი და გასართობი სივრცეები მოეწყობა.

ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ კახა კახიშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და დაგეგმილ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან  776 971  ლარით დაფინანსდება.

უკრაინის ხელმძღვანელობა ომის გაგრძელების მომხრეა, რუსეთთან მოლაპარაკებების დრო არ არის -დავით არახამია

უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია აცხადებს, რომ უკრაინის მთელი ხელმძღვანელობა ომის გაგრძელების მომხრეა.

როგორც დავით არახამია ამბობს, ახლა რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომის დრო არ არის, რადგანაც უკრაინა ძალიან ცუდ პოზიციაშია.

„რატომ უნდა დავსხდეთ ახლა მოლაპარაკებების მაგიდასთან? რა უნდა ვთქვათ, რომ იქ ვრჩებით, სადაც ახლა ვიმყოფებით, ფრონტის ხაზზე და, უბრალოდ, მოდით, ეს დავამთავროთ? თქვენ ფიქრობთ, რომ უკრაინის საზოგადოება ამას მიიღებს?“ – განაცხადა არახამიამ.

მისივე თქმით, რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმების გაფორმების საკითხი, გარდა უკრაინის სრული გამარჯვებისა, უნდა იყოს გატანილი რეფერენდუმზე.

„ვინმე თუ რამეს მოაწერს ხელს და ამის რატიფიცირება იქნება საჭირო პარლამენტში, მაშინ პარლამენტში, უბრალოდ, ერთმანეთს დახოცავენ. ძალიან პოლარიზებული შეხედულებები იქნება. ვფიქრობ, ასეთი რამ მხოლოდ რეფერენდუმის გზით უნდა გაკეთდეს. ხალხი როდესაც იტყვის, რომ ასეა საჭირო, მე ამას გავაკეთებ“, – განაცხადა არახამიამ.

ამასთან, დავით არახამია, რომელიც 2022 წელს ბელარუსსა და თურქეთში რუსეთის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების დროს უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ რუსეთი კიევს მშვიდობას ჰპირდებოდა, თუ უკრაინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარს იტყოდა.

„ისინი ბოლო მომენტამდე ფიქრობდნენ, რომ ზეწოლით მიგვიყვანდნენ ასეთი შეთანხმების ხელმოწერამდე, რათა ჩვენ ნეიტრალიტეტი აგვეღო. ეს იყო მათი ყველაზე დიდი საქმე. ისინი მზად იყვნენ, ომი დაესრულებინათ თუ ჩვენ, როგორც ოდესღაც ფინეთი, ავიღებდით ნეიტრალიტეტს და ვალდებულებას, რომ არ შევალთ ნატო-ში“, – განაცხადა არახამიამ. მან ასევე დასძინა, რომ კრემლის მიმართ ნდობა არ არსებობდა, ხოლო უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი.

არახამიამ ასევე თქვა, რომ უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა იცოდნენ მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ და მათ ხელი მიუწვდებოდათ დოკუმენტების სამუშაო ვერსიებზე, მაგრამ ისინი უკრაინის ნაცვლად გადაწყვეტილებას არ იღებდნენ და მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლებოდნენ.

„მათ, ფაქტობრივად, გვირჩიეს, არ დავთანხმებულიყავით ეფემერული უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთთან, რომელთა გაცემა მაშინ საერთოდ შეუძლებელი იყო“, – განაცხადა არახამიამ.

ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის ოთხი მოადგილე თანამდებობებიდან გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის ოთხი მოადგილე გადააყენა თანამდებობებიდან.

შესაბამისი ბრძანებები უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კერძოდ, გვარდიის მეთაურის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა ვლადიმირ კონდრატიუკმა, ხოლო მოადგილის თანამდებობები – ალექსანდრ ნაბოკმა, ოლეგ სახონმა და ნიკოლაი მიკოლენკომ.

ამასთან, კონდრატიუკის შემცვლელს, ზელენსკის გადაწყვეტილებით, გვარდიის მეთაურის პირველი მოადგილე ვადიმ გლადკოვი იქნება, მოადგილეების თანამდებობებს კი ალექსანდრ ბელოუსი და ალექსეი ოსიპენკო დაიკავებენ.

სკოლის კვებითი ობიექტებისთვის შესაბამისი მოთხოვნები დაწესდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, დარგობრივი სამინისტროების, დაინტერესებული ორგანიზებისა და მშობელთა აქტიური ჩართულობით, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“ დამტკიცდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დოკუმენტში ასახულია სკოლის კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების რეკომენდაციები – აკრძალული მზა კვების პროდუქტები და ინგრედიენტები, სკოლის კვების ობიექტის თანამშრომელთა პირადი ჰიგიენის მოთხოვნები და სხვა.

შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს, ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით, მასწავლებლებით (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთნით და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით.

სკოლა უფლებამოსილია მონიტორინგის ჯგუფში ჩართოს მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებიც.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებში ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, სკოლის კვების ბლოკში აკრძალულია შემდეგი პროდუქტების გამოყენება:

ა) საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგ.: ჩიფსები, ჟელიბონი და სხვა);

ბ) მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული;

გ) მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული პროდუქტები;

დ) დაკონსერვებული პროდუქტები;

ე) თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი;

ვ) სოკო ნებისმიერი ფორმით;

ზ) კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;

თ) ტკბილი გაზიანი სასმელები;

ი) ყავა.