Home Blog Page 1982

“ჩემი პარტია, როგორც ყველაზე დიდი პროდასავლური პარტია, არის მთავარი ლობისტი საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს”

„საქართველოს ისტორიული არჩევანი არის ევროპა და ჩვენი ისტორიული თვითმიზანი არის გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რომელიც იქნება გარანტი საქართველოს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის თავისუფლების და საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის“, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

„კანდიდატის სტატუსის მიღება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს ამ ქვეყანას, როგორიც არ უნდა იყოს რუსული ოცნების მცდელობა, რომ ეს გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, რომელიც უკრაინელების თავგანწირულმა ბრძოლამ მოიტანა, ქვეყანამ და საქართველოს მოქალაქეებმა ეს შესაძლებლობა არ უნდა დაკარგონ. ჩემი პარტია, როგორც ყველაზე დიდი პროდასავლური პარტია, არის მთავარი ლობისტი საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპულ ოჯახში წევრობა არის რეგიონში უსაფრთხოების გარანტი.

„ევროპას და აშშ-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სჭირდებათ ძლიერი საქართველო, თავისუფალი, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, რომელიც იქნება მისი თანაბარი და სრულფასოვანი პარტნიორი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

თიბისიმ საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის Global Finance-სგან ჯილდო მიიღო

მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance-ი, თიბისი  საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.

ეს ჯილდო თიბისის პერსონალურმა საბანკო მომსახურებამ უკვე მეოთხედ მიიღო, პერსონალურ საბანკო მომსახურებაში წამყვანი პოზიციისა და მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის.

„თიბისიმ პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რითაც ძალიან ვამაყობთ.  ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ცხოვრების წესზე მორგებული მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზებაა. სწორედ ამ ღირებულებისა და გამოცდილების შექმნისთვის მივიღეთ აღნიშნული ჯილდო, რომელიც დაგროვილი კაპიტალის მართვისა და პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულებით ჩვენი მოწინავე პოზიციების აღიარებაა,“ –  ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„პერსონალური საბანკო მომსახურება არის ხელოვნება და ასევე მეცნიერება, რომელშიც ეკონომიკური და ფინანსური ტენდენციების ცოდნა  შერწყმულია მომხმარებლის საჭიროებებზე დეტალურ და მუდმივ დაკვირვებასთან“, – ჯოზეფ ჯარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და რედაქტორი.

გამარჯვებულები მსოფლიოს მასშტაბით ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულმა სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ შეარჩია. მათი ყურადღების ქვეშ ის ორგანიზაციები მოხვდნენ, რომლებიც საუკეთესოდ პასუხობენ მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს და მათ საკუთარი მიზნების მიღწევაში ეხმარებიან.

Global Finance-ის სარედაქციო საბჭომ შედეგები  ბანკების მიერ წარდგენილი ჩანაწერების, ინდუსტრიის ინსაიდერებისგან მოპოვებული ინფორმაციის  და დამოუკიდებელი კვლევის ჩატარების შედეგად გამოავლინა.

Global Finance-ის 2024 წლის საბანკო რეიტინგები 2022 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 30 პერიოდის შესრულებას ეფუძნება.

(R)

“მსოფლიოში ალბათ რთულად თუ მოიძებნება პატიმარი, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული, როგორც სააკაშვილის”

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, პატიმრობის პერიოდში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა დაახლოებით 2 700-მდე ვიზიტორმა.

ამასთან, ბრაგაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომ წელიწადზე მეტია, დეპუტატებს არ ეძლევათ სააკაშვილის მონახულების უფლება და არის თუ არა ეს კანონდარღვევა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, ალბათ მსოფლიოში რთულად თუ მოიძებნება პატიმარი, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული, როგორც მიხეილ სააკაშვილის.

„სამართლებრივად, ნებისმიერ დავაში – სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, გამართლდა საქართველო. მე თქვენგან პირადადაც, ასევე თქვენი ტელევიზიისა და სხვა ტელევიზიის წარმომადგენლებისგანაც, ოპოზიციის წარმომადგენლებისგანაც ბევრჯერ გამიგია, რომ ირღვეოდა მსჯავრდებულ სააკაშვილის უფლებები, ხდებოდა კანონდარღვევა, მაგრამ ეს არასოდეს დასტურდება. ეს არის სუბიექტური აღქმები, სამართალი კი ამ შემთხვევაში საუბრობს აბსოლუტურად სხვა რამეზე და სააკაშვილის უფლება რომ არის დაცული. ალბათ, რთულად თუ მოიძებნება პატიმარი ნებისმიერ ქვეყანაში, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან ერთად უკვე აქვს ახალი შესაძლებლობა, რომ შეასრულოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქცია -არჩილ თალაკვაძე

საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან ერთად უკვე აქვს ახალი შესაძლებლობა, რომ შეასრულოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქცია. ეს არის რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობა და განმტკიცება და უდავოდ, ეს ახალი გეოპოლიტიკური ფუნქცია, როლი და ინიციატივა, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის სახელით პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაახმოვანა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებისთვის, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა კიდევ ერთხელ ცხადად დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა და სწორედ ხელისუფლებამ, საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერით, შეძლო თერთმეტწლიანი უწყვეტი მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკის გაორმაგება და ევროინტეგრაციის გზაზე არსებითი პროგრესის მიღწევა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ამან კიდევ უფრო დაგვაახლოვა უმთავრეს ეროვნულ მიზანს – მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

„საქართველო დღეს მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან სტაბილური რეგიონი მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ახალი ტრანსნაციონალური ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის. ამისათვის საქართველო, ცხადია, გახდა საიმედო და თანასწორი პარტნიორი ჩვენი რეგიონის ორი მნიშვნელოვანი წევრის – სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თაოსნობით, საქართველომ აშშ-თან ერთად უკვე აჩვენა მსოფლიოს წარმატებული მედიაციის მაგალითი 2022 წელს, როცა ჩვენი მედიაციით მიღწეული შეთანხმებით, შესაძლებელი გახდა პატიმრების გადაცემა და დანაღმული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის გაცვლა. წელს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კვლავ აიღო ჩვენი ხელისუფლების სახელით პოლიტიკური ინიციატივა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შესთავაზა მოლაპარაკებების საქართველოში გამართვა. პროცესი დაიწყო და იმედი გვაქვს, წარმატებით დასრულდება. სტაბილური რეგიონი მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ახალი ტრანსნაციონალური ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის. ის ფაქტი, რომ საქართველო იძენს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ფუნქციას – რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისა და განმტკიცების ფუნქციას, ჩვენს პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო აძლიერებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“აშშ-ის ახალი ელჩით უკვე უკმაყოფილო „ნაცმოძრაობის“ მარიონეტი არასამთავრობოები პარაზიტულად ეცდებიან მის დამუნათებას”

რობინ დანიგანი და სხვა ამერიკელი დიპლომატები იმ კალიბრის არ არიან, რომ „ნაცების“ ვასალების „საბულინგო“ იყვნენ,“ – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

გია აბაშიძე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ მდიდარი „ენჯეობის“ მიზანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არასასურველი გაუგებრობის შენარჩუნებაა. აბაშიძემ აღნიშნა, რომ “ნაცმოძრაობის” მარიონეტი არასამთავრობოები პარაზიტულად ეცდებიან აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის დამუნათებას.

„აშშ-ის ახალი ელჩით უკვე უკმაყოფილო „ნაცმოძრაობის” მარიონეტი არასამთავრობოები პარაზიტულად ეცდებიან მის დამუნათებას. თუმცა, რობინ დანიგანი და არც სხვა ამერიკელი დიპლომატები იმ კალიბრის არ არიან, რომ “ნაცების” ვასალების „საბულინგო“ იყვნენ,“ – წერს გია აბაშიძე.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თენგიზ არჩვაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს წუთიერი დუმილით თენგიზ არჩვაძის ხსოვნის პატივისცემისკენ მოუწოდა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, თენგიზ არჩვაძე იყო დიდი მსახიობი, რომელიც ქმნიდა ქართველობის მაგალითს.

,,დღეს, ჩვენ, ბოლო გზაზე ვაცილებთ გამოჩენილ ქართველ მსახიობს და გამორჩეულ ადამიანს – თენგიზ არჩვაძეს. ეს იყოს ადამიანი, იმ თაობის წარმომადგენელი, რომლის მაგალითზეც იზრდებოდა ჩვენი თაობა. ადამიანი, რომელიც ქმნიდა წარმოდგენას, თუ რას ნიშნავს ქართველობა, რას ნიშნავს კაცობა, რას ნიშნავს ვაჟკაცობა და მინდა, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ბატონი თენგიზის ხსოვნას,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

DATA BOOTCAMP-ი ბათუმის ტექნოპარკში

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და ბათუმის ტექნოპარკის ორგანიზებით Data Bootcamp-ი ჩატარდა.

მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7 დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგები და მენტორშიფ სესიები ხელოვნური ინტელექტის (AI), მანქანური სწავლების (ML) და კომპიუტერული ხედვის (CV) მიმართულებით. ფინალურ დღეს კი შექმნილი პროექტები, წარუდგინეს ჟიურის წევრებს, რჩეული გუნდები და მონაწილეები სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდნენ.

Data Bootcamp-ის პარტნიორია თიბისი. გურჯაანის და ზუგდიდის Bootcamp-ის მსგავსად, ბათუმის ბანაკის რჩეულ მონაწილეებსაც, თიბისი აძლევს შესაძლებლობას Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარონ და თიბისის პროფესიონალ ჯგუფთან ერთად იმუშაონ მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

ბათუმის Data Bootcamp-ში მონაწილეობდნენ სტუდენტები, პროგრამირებაში გამოცდილი და Data Science-ით დაინტერესებული პირები, რომელთა ასაკიც 15 წელს აღემატება.

ბათუმის, ზუგდიდისა და გურჯაანის შემდეგ, Data Bootcamp-ის დასკვნითი ეტაპი, ნოემბერში, თბილისში გაიმართება.

R

„ქართული ოცნება“ არასწორ ცხენზე კი არ დებს ფსონს, თავად არის არასწორი ცხენი” – პაატა მანჯგალაძე

„ქართული ოცნება“ არასწორ ცხენზე კი არ დებს ფსონს, თავად არის არასწორი ცხენი, რომელმაც აიწყვიტა და მოსკოვისკენ გარბის, – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან დენიელ ფრიდის განცხადებას.

მისი თქმით, არ შეიძლება რუსეთის და საქართველოს ინტერესი ერთმანეთს ემთხვეოდეს.

„ქართული ოცნება” არასწორ ცხენზე კი არ დებს ფსონს, თავად არის არასწორი ცხენი, რომელიც მოსკოვისკენ გარბის, ამაშია საქმე. ეს ცხენი არ მირბის ბრიუსელში, მოსკოვში გარბის. ძალიან ცუდი ცხენია, აიწყვიტა და მოსკოვისკენ გარბის.

ისტორიაში არასდროს მომხდარა, რომ საქართველოს და რუსეთის ინტერესი დამთხვეოდა ერთმანეთს. რუსეთის ინტერესი არის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი წყაროს – საქართველოს მოქალაქის განადგურება და რაში ვემთხვევით ერთმანეთს?”- განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსმა მკვლევარმა დენიელ ფრიდმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა „ფსონს არასწორ ცხენზე დებს“ და იმის ნაცვლად, რომ მეგობრებსა და დემოკრატებს ესაუბროს, პარტნიორებთან უცხოვდება და მათ შორდება.

„ევროკავშირს არ სჭირდება მეორე ორბანი და მეორე უნგრეთი“, – განაცხადა ფრიდმა.

“ვივამედიდან” ვისმენთ სააკაშვილის დადგმულ შოუს და ხალხიც ერთობა, უბრალოდ არ ვიცი, ამას რა ჰქვია”- კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საქმეებზეა ბრალდებული და მისი განცხადებები იმ შოუს ნაწილია, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში კლინიკიდან დგამს.

როგორც მან სააკაშვილის მიერ მომავალ არჩევნებში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის ეს განცხადება მისთვის საინტერესო არაა.

„სასაცილოა უბრალოდ. სააკაშვილი ჩვეულებრივი ბრალდებულია კონკრეტულ საქმეებზე. ასევე არის პროკურატურის მხრიდან გაცხადებული, რომ გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. გულწრფელად ვიტყვი, პირადად ჩემთვის საინტერესო არაა სააკაშვილის განცხადება. ეს უბრალოდ იმ შოუს ნაწილია, რომელსაც ეს ადამიანი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებდა. ჯერ იყო და დღეში ათჯერ კვდებოდა, შემდეგ სუსტდებოდა და თუ რაიმე დაავადება არსებობს, ყველაფერი სჭირდა. შემდეგ უცებ აღდგა და ერთ დღეში განიკურნა. არ ვიცი, საოცრებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ დადგმული შოუს სერიოზულად აღქმა შეუძლებელია.

„ყველა ხვდება არსებულ რეალობას და საზოგადოება ამით ერთობა. არსებობს შოუ „პრაიმ ჰაუსი“ – იგივეა ესეც, სააკაშვილის მონაწილეობით. ოღონდ არ ვიცი, რა ჰქვია. კლინიკა „ვივამედიდან“ ვისმენთ და ხალხიც ერთობა. რამდენად სერიოზულად უნდა აღიქვას ეს ადამიანმა, ვერ წარმომიდგენია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

“ეტყობა, ლევან ხაბეიშვილს თავი მართლა როკი ბალბოა ჰგონია” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილს ურჩევს, რომ ისაუბროს ისე, როგორც შეეფერება პოლიტიკოსს.

რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „რამდენჯერმე მაქვს მიწერილი პაპუაშვილისთვის და სააკაშვილთან შესვლაზე დადებითი პასუხი არ ყოფილა. ვაფრთხილებ, რომ მოუწევს ძალიან ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა პარლამენტის მისსავე ოთახში.“

„ეტყობა, ამ იმიტირებულ როკი ბალბოას თავი მართლა როკი ბალბოა ჰგონია და ვეღარ ერკვევა, თუ სად არის, სავარჯიშო მოწყობილობასთან თუ პოლიტიკაში. მე მას ნამდვილად ვურჩევდი, რომ ისაუბროს ისე, როგორც შეეფერება პოლიტიკოსს, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და თავი შეიკავოს არაფრისმომცემი, საბრალო მუქარებისგან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

“სიცრუეა, რომ ჩინეთში დავითაშვილსა და პუტინს შორის პირადი კომუნიკაცია შედგა” – კახა კალაძე

საქართველო იქნება იქ, სადაც ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სადაც დაცული იქნება აქ მცხოვრებთა ინტერესები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ჩინეთში გამართული ფორუმის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ შესახებ ისაუბრა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც ესწრებოდა.

კითხვაზე, შედგა თუ არა აღნიშნულ ფორუმზე დავითაშვილსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირადი კომუნიკაცია, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს არის სიცრუე.

„სიცრუეა, რომ მათ შორის პირადი კომუნიკაცია შედგა. ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას? ავრცელებთ თქვენ. საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში და დაანებეთ ტყუილებზე საუბარს თავი.

ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია. პროექტი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი უდგას სათავეში, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვისაც საინტერესოა. შესაბამისად, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობაც აუცილებელია. რადგან ამ ღონისძიებაზე მოწვეული იყო რუსეთის პრეზიდენტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ პროექტზე უარი ვთქვათ. აქ საუბარია ქვეყნის მომავალზე და იმაზე, რომ ჩვენმა ეკონომიკამ მეტი ბენეფიტი მიიღოს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მსგავს ფორმატებში შეხვედრები ალბათ მომავალშიც იქნება. საქართველო იქნება იქ, სადაც ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სადაც დაცული იქნება აქ მცხოვრებთა ინტერესები“, – განაცხადა თბილისის მერმა.

9 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა

2023 წლის I-III კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,251,651,900 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს +25.9% ით აღემატება (+668,812,328 აშშ დოლარი). 2022 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +734,468,385 (+29.2%) აშშ დოლარით.

2023 წლის III კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 1,447,121,966 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +28.4% ზრდაა, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +72,468,664 (+5.3%) აშშ დოლარით.